იღვაწე და გაიძლიერე რწმენა. დროთა განმავლობაში ლოცვის მოთხოვნილებასაც იგრძნობ. ჯერ სუსტია შენი რწმენა და ლოცვას არ გაიძულებს. გვინახავს, წყლის სუსტი ნაკადი როგორ ეცემოდა წყლის წისქვილის ბორბალს და ის უძრავი რჩებოდა, ხოლო როცა წყალმა მოიმატა, ბორბალი დაიძრა.
რწმენა - ძალაა სულიერი. მცირე რწმენა ვერ ამოძრავებს გონებას ღმერთზე ფიქრისთვის და ვერც გულს უფლისადმი სალოცავად. ძლიერი რწმენა კი დაძრავს გონებასაც, გულსაც და სულსაც. სანამ სულში ძლიერი რწმენა სახლობს, ის თავისი ძალით ამავე სულს ღვთისკენ მიმართავს.
შენ ამბობ, რომ წაიკითხე მაცხოვრის სიტყვები: "იცის მამამან თქვენმან რაი-იგი გიხმს თქვენ ვიდრე თხოვადმდე თქვენდა მისგან" (მათე, 6,8) და აქედან დაასკვენი, ლოცვა საჭირო აღარ არისო. რა თქმა უნდა, უფალმა იცის, რაც გვჭირდება, მაგრამ სურს, ვევედრებოდეთ. ამიტომაც გვამცნო მაცხოვარმა, "მოუკლებლად ილოცევდითო" და ლოცვა გვასწავლა.
ეს ადვილად შეიძლება ავუხსნათ მშობლებს, ვიდრე შენისთანა უცოლშვილოს. მშობლებმა ხომ იციან, რა სჭირდებათ მათ შვილებს, მაგრამ ელიან, სანამ ბავშვი მოსთხოვს. იციან მშობლებმა, რომ ეს თხოვნა მოალბობს და გააკეთილშობილებს მის ბალღურ გულს, გახდის მდაბალს, მშვიდს, მორჩილს, მოწყალესა და მადლიერს. ხედავთ, ლოცვისას რამდენი ზეციური ნაპერწკალი გამოიფრქვევა ადამიანის გულიდან!
წამიკითხავს ერთი მწირის ამბავი, რომელიც გზის პირას მდგარ სახლთან შეჩერდა. სახლში მუშები შეკრებილიყვნენ. უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა. მუშებმა მუხლი მოიდრიკეს და ლოცვა დაიწყეს. ერთი მათგანი გამოვიდა და სახლის გარშემო დაიწყო სიარული. მწირმა ჰკითხა:
- სახლში რა ხდება?
- ღმერთს ევედრებიან, შემრცხვა და გარეთ გამოვედი.
მწირი გაჩუმდა და ლოდინი განაგრძო.
- ვის ელოდები? - ჰკითხა მუშამ.
- ვუცდი, იქნებ ვინმე გამოვიდეს და გზა ვკითხო.
- მე რატომ არ მკითხე? მოდი, გზას გაჩვენებ.
მწირმა უარის ნიშნად თავი გადააქნია:
- შენ როგორ მაჩვენებ სწორ გზას, როცა ღვთისა და შენი ძმებისა გრცხვენია?
ვფიქრობ, ლოცვის არ გრცხვენია, მაგრამ შენი რწმენა ჯერ არ მოძლიერებულა. გაუფრთხილდი და განაძლიერე შენში ეს ყრმა. როცა გაიზრდება და დავაჟკაცდება, ასგზის მოგაგებს ამ შრომისთვის.
მტკიცე სარწმუნოება შენი ბუნების შინაგან ბორბალს დაატრიალებს და ახალ ცხოვრებას შეიძენ.
მშვიდობა და ღვთის კურთხევა შენდა.
შენ შვილის საფლავს ყველა სამხედრო სასაფლაოზე ეძებდი. მოიარე ყოველი ზლატიბორიდან კორფუმდე და სალონიკამდე, ახვედი კაიმაკჩალანზე, კატის ქვაზე, იყავი განსვენებულთა ველზეც. თუ ყურს მოჰკრავდი, აქა და აქ სამხედრო სასაფლაოაო, იქითკენ მიიჩქაროდი, დაღუპულთა სიებს დაეძებდი. თვითონვე კითხულობდი საფლავებზე წარწერებს. არ იყო და არა მათ შორის შენი შვილის საფლავი. ნუ მწუხარებ, ძვირფასო დედავ. ცოდვა არის დიდი მწუხარება. უფლისა არს ქვეყანა და სავსება მისი, სადაც არ უნდა იყოს შენი ვაჟის საფლავი, ის ღვთის მიწაზეა. შეეხე მიწას შენი ზღურბლისას და მიემთხვევი შენი ძის განსასვენებლის კიდეს. ღვთის ყოვლისმხედველი თვალის წინაშე, მიწას რომ დასცქერს, მიცვალებული არავინაა. თუ შენი ვაჟი შენგან დაფარულია, ღვთის წინაშე არ არის დამალული. უფალმა ის თვითონ დაგიმალა, რომ მწუხარებით განგიწმინდოს გული და მოამზადოს იგი უეცარი სიხარულისთვის, ოდეს შეხვდები ძეს შენსას ღვთის საუკუნო სასახლეში.
უცნობი არის მრავალ დიდებულ და წმინდა კაცთა საფლავები, უცნობია საფლავი მოსე წინასწარმეტყველისა, საფლავი მრავალი მოციქულისა და ქრისტეს მოწამისა, უცნობია საფლავი მეუდაბნოეთა და მმარხველთა (ვინ იცის, რამდენი დიდებული წინაპრის საფლავი გვაქვს დაკარგული ქართველებს, - კ.კ.)... მაგრამ მათი სახელები წითელი ასოებით არის შეტანილი კალენდარში. ჩვენ მათ ხსოვნას განვადიდებთ, ავაგებთ ტაძრებს პატივად მათდა, აღვავლენთ მათდამი ლოცვებს. ნუ წუხხარ, რომ შენი შვილის საფლავი მარტო უფლისთვის არის ცნობილი, ისევე როგორც საფლავები მისი ბევრი სხვა წმინდანისა.
დებარეში ერთი დედაა, რომლის ვაჟიც შორეულ ქვეყანაშია დაკარგული. უძლურების გამო მან ვერ შეძლო შვილის საფლავთან მისვლა და გადაწყვიტა, ყოველ შაბათს მისულიყო დებარეს სამხედრო სასაფლაოზე. იქ წვანან ჯარისკაცები, რომელთა დედები მათ საფლავებზე მისვლას ვერ ახერხებენ. ქალი ამ საფლავებზე სანთლებს ანთებს, ლოცულობს და მღვდელს სთხოვს, მივიდეს საფლავებთან, ნაკურთხი წყალი ასხუროს მათ და მოიხსენიოს ჯვრებზე ამოკვეთილი სახელები და მათთან ერთად მისი ვაჟი ათანასე.
შენც შეგიძლია ასე მოიქცე და ტკივილი დაგიამდება. მთავარია, შვილის საფლავზე კი არა, მის სულზე იფიქრო. გაიგე, რომ დედამიწის არც ერთ საფლავში მისი სული არ არის. სული მისი შენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე საფლავთან.
იყო კიდევ ერთი დედა, რომელსაც სურდა მოეძებნა თავისი ვაჟის საფლავი, მაგრამ საფლავი ბრძოლის ველზე იყო და არ უშვებდნენ. უნუგეშოდ დაბრუნდა შინ, მაგრამ ერთხელ, ღვთის განგებულებით, შვილი გამოეცხადა. ქალი წამოხტა და შესძახა, - სადა ხარ, ჩემო ბიჭოო. გვერდით დაგყვებოდი, დედაჩემო, და ახლა დავბრუნდიო, - მიუგო. თან სთხოვა, - ტირილი შეწყვიტე, რადგან მე კარგად ვარო.
შენც ნუ იტირებ, მოწყალების გაცემა დაიწყე შენი ვაჟის სულის საოხად. ცრემლებით საკმაოდ დაალტე მიწა შენი გულისა, დროა მასზე ჯეჯილი ამოიზარდოს. ყველაზე ძვირფასი ცრემლიდან ამონაზარდი - ლოცვა, მოწყალება და თავდამბლობაა ღვთის ნების წინაშე. დაე, ლოცვა გახდეს შენთვის ჯვრის ერთი ფირფიტა, მოწყალება კი მეორე, რომლებითაც შენი ვაჟის ჯვარს გააკეთებ. ლოცვა ცად აიჭრება, მოწყალება კი განზე გავრცელდება (ანუ შეიქმნება ჯვარი, - კ.კ.). ღვთის ნების წინაშე შენი თავმდაბლობა, დაე, იყოს იმ ლურსმნად, რომლითაც ჯვარი შეიკვრება. თუ არ დააცილებ ლოცვას მოწყალებისგან, მადლმოსილი ნუგეშისცემა გარდამოვა ზეციდან შენს გულზე, როგორც ნამი დაგვალულ მიწაზე.
მშვიდობა შენდა და კურთხევა ღვთისა!
მეც ამას გეტყვი: მთავარია იყო პატიოსანი სერბი და მიჰყვე მაგალითს საუკეთესო და სახელოვან სერბთა, რომლებიც ბოლო ათასწლეულის მსოფლიოს გამოჩენილ კაცთა შორის დგანან. მაგრამ შენსავით ვერ გავბედავ იმის თქმას, რწმენა მეორეხარისხოვანიაო, რამეთუ მაშინ ყველა სერბი მატყუარად ჩამთვლის. შენ კარგი სერბი ხარ, თუ გაქვს მოწყალე სული მეფე ვლადიმირისა, სიმტკიცე ნემანების, ქრისტეს სიყვარული წმინდა საბასი, მოშურნეობა მეფე მილუტინისა, სიმშვიდე მეფე დეჩანისა, სიმდაბლე მეფე უროშისა, მსხვერპლშეწირვა მეფე ლაზარესი, სიმამაცე ბანა სტრახინისა, სიმართლის სიყვარული მარკო კრალევიჩისა, გული ძმებ იუგოვიჩების დედისა, ერთგულება და სიკეთე ქალბატონ მილიცასი, თანაგრძნობა კოსოვოელი ქალწულებისა, მოთმინება ტყვეობის ჟამის მონისა, დაფარულთმცოდნეობა ბრმა მეგუსლეებისა, სიბრძნე სერბ ბერთა და მღვდელთა, მოკრძალება უბრალო ქალწულთა, ასე რომ აღაფრთოვანებდა სახალხო მთქმელებს, ნიჭიერება სერბ ხელოსანთა, სინატიფე და მოთმინება ფეიქრისა და მემაქმანისა, სიმართლე სახალხო მთქმელისა, ზომიერება და თავშეკავება სერბი გლეხისა, ბრწყინვალება და სინათლე სერბთა ჯვრიანი დიდებისა.
მაგრამ ეს ყველაფერი განა რწმენისგან არ არის? ამ სათნოებათა ძირი და საფუძველი ქრისტეს რწმენაა. თუ სახელოვანი წინაპრების სათნოებათაგან ერთი მაინც არ გაქვს და სერბი გქვია, მაშინ ჰგავხარ ცნობილი ფირმის ფირნიშაკრულ ცარიელ ვიტრინას. ეს კი, ვფიქრობ, არც შენ გინდა და არც მე.
უთხრა ვინმეს, რომ: "მთავარია, კარგი სერბი იყო და რწმენას რა მნიშვნელობა აქვსო", იგივეა, ცხვრებს უთხრა, - მთავარია ჭამოთ, საძოვარს რა მნიშვნელობა აქვსო!
ვერვინ იქნება კარგი სერბი, თუ მანამდე კარგი ადამიანი არ იქნა. ქრისტეს სარწმუნოების გარდა სამყაროში არ ყოფილა და არ არის სხვა ძალა, რომელიც ადამიანს სრულყოფილად აქცევს. ამიტომაც ნუ ისურვებ სერბებს სულიერების გარეშე, დაე ნუ გეყოლება დამრიგებლად კაცი უგუნური, და ურწმუნო სერბი - თანაშემწედ.
ამას გისურვებ და მოგესალმები.
კარგი შეკითხვაა. ინგლისელები ხშირად კითხულობენ, რას უნდა უმადლოდნენ ქრისტეს. პასუხად კი გრძელი ნუსხა აქვთ ქრისტესგან მიღებული სიკეთეებისა. შენ ახლა შენი ხალხის სახელით მეკითხები: სერბები ქრისტეს რას უნდა უმადლოდნენო. გიპასუხებ: ჭეშმარიტად ბევრ რამეს, ვიდრე ინგლისელები, რამეთუ ისინი რაღაცით მოვალენი არიან ძველი რომისაც, მაშინ როცა სერბები თავიანთი უგამოჩენილესი ადამიანების ყოლას მხოლოდ ქრისტეს უმადლიან. მხოლოდ წმინდა სერბები ავიდნენ იმ სიმაღლეზე, რომელსაც ხედავენ ყველა დროის ყველა თაობაში. წმინდანობა კი ჩვენი უფლის, იესო ქრისტესგან და მისი წმინდა სარწმუნოებისგან აქვთ. სერბებისთვის ქრისტეს მხოლოდ ერთი, წმინდა საბა, სერბთა სულიერი მეთაური და გამომზრდელი რომ ეჩუქებინა, ვალი მაშინაც აუნაზღაურებელი ექნებოდათ. მაგრამ წმინდა საბა ერთადერთი ვარსკვლავი არ არის სერბეთის სულიერი ცის კაბადონზე, რომელსაც განანათებს მზეი - ქრისტე. მის გარშემო ბრწყინავს მთელი თანავარსკვლავედი მნათობთა, თანავარსკვლავედი წმინდა სერბთა.
სერბები ქრისტეს კიდევ უნდა უმადლოდნენ ცხოვრებისა და ზნეობის ძირითად პრინციპებს. უნდა უმადლოდნენ მას რწმენას ერთი ღმერთისა, ღვთის სამსჯავროსი და განგებულებისა ღვთის სიმართლისა და მოწყალებისა, ზეცათა შინა უკვდავ ცხოვრებას. უნდა უმადლოდნენ უფლის მიერ შეცნობას ბუნებისა და მისი მოვლენებისა, ადამიანთა ბედის ახსნას არა მატერიალურით, არამედ ზნეობრიობით და სულიერებით. ერთი სიტყვით, სერბები უნდა უმადლოდნენ ქრისტეს მიწიერ და სულიერ სამყაროში ჭეშმარიტებათა ცოდნას. ყველაფერი, რაც ხალხის ზნეობრივ ცხოვრებას ეხება, სერბები ქრისტეს მცნებებს უნდა უმადლოდნენ. თავშეკავება, უმანკოება, პატიოსნება, სიმდაბლე, მოწყალება, მშვიდობისმყოფობა, შრომისმოყვარეობა, ალერსიანობა, სიმამაცე და სიმართლის დაცვა, მსხვერპლად შეწირვა და ყველა სხვა სათნოებები - სერბებს ქრისტეს სარწმუნოებისგან ერგუნათ.
სერბები კიდევ უმადლიან ქრისტეს თავიანთ მადლმოსილ და მშვენიერ წეს-ჩვეულებებს. ყველა ისინი სიმბოლურად და არსებითადაც - სახარებისეულია, რამეთუ ტრადიციები მარტოოდენ ცხოვრების სამკაული კი არ არის, არამედ მთავარი ზნეობრივი წესია, რომელიც იცავს სერბი ხალხის ცხოვრებას დაყოფის, შფოთისა და ცოდვისაგან.
სერბები კიდევ უმადლიან ქრისტეს თავიანთი იდეალებით შთაგონებულ გამოთქმას სიმღერებსა და ანდაზებში, თავიანთი გონებისა და ხელთა ნამუშაკევში.
სერბები კიდევ უმადლიან ქრისტეს თავიანთ პირველ სამეფოს, თავიანთ მონობას, თავიანთ განთავისუფლებას. ანუ უმადლიან თავიანთ პირველსა და უკანასკნელ სახელმწიფოებს, სიბრძნეს მათი აშენებისას, გმირულ მოთმინებას და იმედს მონობის ჟამს, თავდაჭერასა და მსხვერპლშეწირვას განთავისუფლების პერიოდში.
ყველაფერი ჩამოვთვალე? სულაც არა. მე მხოლოდ დავიწყე იმისი ჩამოთვლა, რისთვისაც სერბნი ქრისტეს მოვალენი არიან. მაგრამ, ვფიქრობ, მიგითითე გზა, რომელსაც თუ გაჰყვები, თვითონვე ძალგიძს ჩამოთვალო შენი ხალხის ცოდვები მაცხოვრისა და ღვთისმშობლის მიმართ. როცა ჩამოთვლი უფლის წინაშე სერბთა ვალებს, გადააბრუნე ფურცელი და ახლა სერბების მიმართ ქრისტეს მოთხოვნები წაიკითხე. იფიქრე და შეეკითხე საკუთარ თავს: რას ითხოვს ის სერბებისგან?
მშვიდობა შენდა და სიხარული უფლისმიერი.