პიროვნების სულიერი და ინტელექტუალური ჩამოყალიბება მძიმე ტვირთია, მას მხოლოდ სიყვარული ამსუბუქებს
26.06.2008
"ვინც ერთ ამ მცირედთაგანს აცდუნებს, - ბრძანებს უფალი იესო ქრისტე ბავშვების შესახებ, - მისთვის უმჯობესი იქნებოდა, წისქვილის ქვა ჩამოეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ".
მაცხოვრის ეს სიტყვები განსაკუთრებით იმ ადამიანს დააფიქრებს, ვისაც ბავშვის აღზრდა ევალება. უფალი ნათლად წარმოგვიჩენს ამ დიდი პასუხისმგებლობის სიმძიმეს. უფალი იესო ქრისტე თავის მოწაფეებს ბავშვებზე მიუთითებდა და ასწავლიდა, მიმსგავსებოდნენ ყრმებს, "რამეთუ ეგევითართა არს სასუფეველი ცათა". და რაოდენ ღრმად გვმართებს დაფიქრება, როცა ბავშვის აღსაზრდელად მის უმწიკვლო სულსა და გონებას ვეხებით, რომ უფლის საწინააღმდეგოდ არ წარვმართოთ მისი პიროვნება.
აღზრდა ოჯახში იწყება. შვილისთვის ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი მშობლების პირადი მაგალითია. იმ ოჯახში, სადაც უფლის მადლი ტრიალებს, სადაც ყოველდღიურად აღევლინება ლოცვა, მშობლები ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით მიმართავენ, კეთილსინდისიერად შრომობენ, არავინ არავის ატყუებს და უყვირის, - ზნეკეთილი პიროვნებები იზრდებიან. ოჯახზე უფლის ლოცვა-კურთხევა მხოლოდ მაშინ გადმოდის, როცა ცოლ-ქმარი ჯვარდაწერილია, ჯვარდაუწერელთა ურთიერთობაც და შვილებიც ღვთის კურთხევის მადლს მოკლებულია. ამიტომ ზრუნვა შვილების სწორად აღზრდაზე ჯვრისწერით იწყება. გავიხსენოთ უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სიტყვები: "უნდა ვიცოდეთ და მუდამ გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობაშია ჩვენი ძალა, რომ მხოლოდ მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა ის რწმენა, წესები და ტრადიციები, რომლებიც უფალმა მოციქულებს დაუტოვა". ამ ტრადიციებზე აღზრდილი ბავშვი სწორად ყალიბდება.
პიროვნების სულიერი და ინტელექტუალური ჩამოყალიბებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სკოლას, სადაც ბავშვი ზოგჯერ დღის უდიდეს ნაწილს ატარებს. მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა. პედაგოგი მხოლოდ ცოდნით არ უნდა გამოირჩეოდეს, არამედ უწინარესად - ღრმა რწმენით, კეთილი თვისებებით, მოთმინების უნარით, რათა ყველაზე ურჩი მოსწავლეც კი შეიყვაროს.
დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი, მაგრამ მისი უმთავრესი მოვალეობაა, გააკეთოს ყველაფერი, თვით შეუძლებელიც კი, რათა მოსწავლეებმა ნამდვილი სიყვარულით შეიყვარონ. ყველას გვახსოვს, სკოლაში საუკეთესოდ მხოლოდ იმ საგანს ვსწავლობდით, რომლის პედაგოგიც გვიყვარდა. საკუთარი გამოცდილებით ვასკვნით, რომ მხოლოდ საგნის კარგად ფლობა თუ ნიჭიერება არ არის საკმარისი, რომ დააინტერესო მოსწავლე, აღძრა მასში სწავლის სურვილი.
რაც არ უნდა გაგვიკვირდეს, გაკვეთილზე ბავშვის ინტელექტუალური ჩამოყალიბების პარალელურად მისი სულიერი აღზრდა მიმდინარეობს. მოზარდზე დიდ გავლენას ახდენს გარემო. ამიტომ მასწავლებელს გაკვეთილზე დადებითი აურის შექმნაზე უწევს ზრუნვა. ბავშვს, რომელსაც ყოველ გაკვეთილზე ღიმილით ეგებება პედაგოგი, საკლასო ოთახში შესვლა უხარია, რადგან იქ მშვიდი და სასიამოვნო გარემო ეგულება. პედაგოგის ასეთი ქცევა მოსწავლეზეც აისახება და მას შინაგანი კულტურა უყალიბდება.
ჩვენც ხომ ასე ვიყავით - გული არ მიგვიწევდა ისეთ გაკვეთილზე, სადაც მასწავლებელი მკაცრი გამომეტყველებით გვიღებდა და ამგვარად ცდილობდა ჩვენს დაშინებას. პედაგოგის უხეშად ნათქვამი შენიშვნა, თანაკლასელთა წინაშე დამცირება გვაძულებდა საგანს - როგორც კი ამ საგნის სახელმძღვანელოს ხელში ავიღებდით, მყისვე მასწავლებლის მკაცრი სახე დაგვიდგებოდა თვალწინ და მხოლოდ მოვალეობისა თუ შიშის გამო ვამზადებდით დავალებას, რათა მორიგი შეურაცხყოფა აგვეცილებინა თავიდან. საბოლოო შედეგი კი ყოველთვის უარყოფითი იყო, რადგან სწრაფადვე გვავიწყდებოდა ნასწავლი, ჩვენ ხომ სიყვარულით არ ვეკიდებოდით საგანს, უფალი კი ბრძანებს: ყოველი საქმე სიყვარულით უნდა აკეთოს კაცმა.
მასწავლებლის მიერ შეტანილი უარყოფითი მუხტი თანაკლასელების ერთმანეთთან ურთიერთობაზეც აისახება. ისინი ხშირად იმეორებენ პედაგოგის წარმოთქმულ სიტყვებს და იმავენაირად ცდილობენ თანატოლის დამცირებასა თუ აბუჩად აგდებას. ამიტომ პედაგოგს დიდი მოთმინება მართებს, რათა ყოველი სიტყვა აწონ-დაწონოს, რომ მის მიერ დაშვებულმა შეცდომამ ბავშვებში აგრესია არ გააღვივოს.
ყოველივე უნდა ვიღონოთ, რომ ხელი შევუწყოთ ბავშვების სულიერ ამაღლებას, მათი შეურყვნელი და ნორჩი გულის კულტურის სრულყოფას. წმინდა იოანე კრონშტადტელი ბრძანებს: "გული მეტად ფაქიზი, სულიერი და თავისი ბუნებით ზეციურია, გაუფრთხილდით მას... გული ტაძარია ღვთისა. ვინც დაანგრევს ღვთის ტაძარს, მას დასწყევლის უფალი". სხვაგან კი წმინდა მამა წერს: "გულის სიცოცხლე სიყვარულშია, ხოლო ღვარძლი და მტრობა მოყვასისა კლავს მას. უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამქვეყნად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა სრულიად მოიცვას ჩვენი გული. ამას ელის იგი ყველასგან. ეს არის მიზეზი და მიზანი ქვეყნიერების არსებობისა". ამრიგად, მასწავლებლის მთავარი საზრუნავი ბავშვების უმწიკვლო გულებში მოყვასის სიყვარულის დათესვა და გაღვივებაა. ამ მიზნის მიღწევა კი მხოლოდ პირადი მაგალითით არის შესაძლებელი. პედაგოგმა გულის სითბო უნდა აგრძნობინოს თითოეულ მოსწავლეს, რომ მიბაძოს და ჭეშმარიტი სიყვარულით შეიყვაროს ყოველი ადამიანი, მიუხედავად მათი ცუდი საქციელისა.
ჭეშმარიტი სიყვარული კი მაშინ მჟღავნდება, როცა მასწავლებელი თითოეული ბავშვის ნაკლს გულთან მიიტანს და მის გამოსასწორებლად ძალას არ დაზოგავს.
ვინ შეიძლება დავასახელოთ მისაბაძ აღმზრდელად, თუ არა საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელი ღირსი გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, რომელსაც ისტორიკოსი ასე ახასიათებს: "კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ხორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, გამჭრიახი, სვიანი და ფრთხილი". სხვაგან ამოვიკითხავთ: ჭყონდიდელი იყო დავით აღმაშენებლის "აღმზრდელი და თანაგამკაფველი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღვაწლთა მისთა, ვითარცა მამა მეფისა". ღირსი გიორგი ჭყონდიდელი სულიერ საზრდოს, მოწაფეს რომ გადასცემდა, სახარებისეული სწავლებიდან იღებდა. სიცოცხლის წიგნიდან ნასაზრდოები სიბრძნე უადვილებდა ამ მძიმე ტვირთის - მეფის აღზრდის - უდრტვინველად ზიდვას.
თუკი ქრისტეში ვიცხოვრებთ, უფალი შეგვეწევა, მოგვცემს ძალას, შევიყვაროთ ყოველი მოსწავლე, დამჯერი თუ ურჩი, უზრდელიც კი, და ვიზრუნოთ, რომ მათი გულები სიკეთისკენ მივმართოთ. თუ ბავშვის აღზრდას სიყვარულით მოეკიდები და არამხოლოდ მოვალეობით, გულთამხილავი უფალი მოთმინებით დაგაჯილდოებს, მოსწავლეს კი შინაგან თვალს აუხელს, დაანახვებს, როგორ თავდაუზოგავად ზრუნავს მასზე აღმზრდელი და შეიყვარებს მას.
ასე ერთდება მასწავლებლისა და მოსწავლის გულები და ურთიერთზრუნვით აღასრულებენ უფლის მცნებას: "ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული უფლისა".
სტატიის ავტორი:
თინათინ მაჭარაშვილი