ერთი ქრისტიანი რუსი მეომარი, სახელად ევგენი, ათიოდე წლის წინ ჩეჩნებმა ტყვედ ჩაიგდეს. სამი თვის მანძილზე გამუდმებით სთავაზობდნენ, - ქრისტე უარყავი და ისლამი მიიღეო...
რუს ტუსაღთაგან ევგენი ერთადერთი იყო, რომელიც ჯვარს არასოდეს განიშორებდა, რაც უსჯულოთა განსაკუთრებულ გააფთრებას იწვევდა. როდესაც ჯვრის მოხსნა ვერაფრით აიძულეს, საკუთარ დაბადების დღეს, ამაღლების დღესასწაულზე, სიცოცხლეს წამებით გამოასალმეს, - თავი მოჰკვეთეს...
მასთან ერთად აწამეს კიდევ სამი ქრისტიანი... ევგენის დედამ დიდი ძალისხევის შედეგად ძლივს მოიძია შვილისა და იმ სამი ჯარისკაცის საფლავი და მელიტელ მოწამეთა ხსენების დღეს (შემთხვევითი როდია, რომ ისინიც ქრისტესთვის მომკვდარი მეომრები იყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთს სწორედ ევგენი ერქვა), 1996 წლის 20 ნოემბერს სამშობლომდე ჩამოასვენა.
დედის მოგონებიდან ცხადი ხდება, რომ ევგენი ყრმობიდანვე მორწმუნე იყო. ჯარში წასვლის წინ საკუთარი სურვილით თქვა აღსარება და ეზიარა.
მართლაც, რომ არა უფლის დიდი სიყვარული, როგორ არჩევდა უსახელო და მტანჯველ სიკვდილს ასე ახალგაზრდა კაცი სიცოცხლეს? მათ ხომ არწმუნებდნენ, რომ როგორც დეზერტირებს, თავისიანებმა ზურგი აქციეს და ვეღარავინ იპოვიდათ?! საოცარია და შეუცნობელი უფლის გზები...
როგორც ჩანს, უფალმა ამ ახალგაზრდა ადამიანებს გაუცხადა ჯვრის ნიშანში დაფარული ძალა და სიწმინდე...
ევგენის ჯვარი მის საფლავში, თავმოჭრილ სხეულთან ერთად იპოვეს...
ერთი შეხედვით, იგი თანატოლთაგან თითქოს არაფრით გამოირჩეოდა, დედამისი იგონებდა: - "თერთმეტიოდე წლის იქნებოდა, საზაფხულო არდადეგებიდან ყელზე ჯვრით რომ დაბრუნდა... როდესაც ვკითხე, - ეს რა არის მეთქი, მიპასუხა, - ეს ჯვარია, ბებიასთან ერთად ეკლესიაში ვიყავი, აღსარება ვთქვი, ვეზიარე და ჯვარიც მომცესო.
მკაცრად მოვთხოვე, - ახლავე მოიხსენი-მეთქი, მაგრამ დადუმდა და არც ჯვარი მოუხსნია... ამ დღიდან მას აღარასოდეს განშორებია, - არც ბანაობისას, არც სპორტულ სექციაში ვარჯისისას... ეს ჯვარი და მისი საკიდი სქელი ბაწარი მის თითქმის ყველა ფოტოზე ჩანს...
ლენინის ბავშვობიდან ცნობილია შემთხვევა, როდესაც ტაძარში შესვლას დაჟინებით სთხოვდნენ. სახლიდან გამძვინვარებული გამოვარდა, მკერდიდან ჯვარი მოიგლიჯა და ფეხით გათელა...
გასული საუკუნის სამოციან წლებში ახალგაზრდა ქალი ნათლისღების შემდეგ ეშმაკის ძლიერ თავდასხმებს განიცდიდა, - ღამით, ძილში მას ისეთი სიმძიმე დააწვა, რომ ხელის აწევა და პირჯვრის გამოსახვაც კი არ შეეძლო... ალერსიანმა და მომნუსხველმა ხმამ უბრძანა, რომ მკერდიდან ჯვარი მოეხსნა...
მოსახსნელად ხელი ჯვრისკენ წაიღო, მაგრამ როგორც კი შეეხო, გონს მოეგო, "მამაო ჩვენო" წაიკითხა და აშკარად გაიგონა, თუ რა მძიმე ამოოხვრით განეშორა მას ბოროტი...
ერთ ახალგაზრდა კაცს იმავე წლებში ეშმაკი შთააგონებდა, - რა საჭიროა სხვათა საჩვენებლად ჯვრის ტარება, მთავარია, გულში გქონდეს რწმენაო... და როდესაც ჯვრის მოხსნა დააპირა, უფალმა მას ძილში აუწყა: - "ჯვარი - ცხვრის კისერზე დაკიდული ზარია, რომ განსაცდელისას მწყემსმა მისი ხმა უმალ გაიგოს და დაიფაროსო..." თუმცა, არც ამ ამბის შემდეგ მიჰკედლებია დედაეკლესიას...
ერთ საღამოს, როდესაც მივლინებიდან შინ მობრუნებულმა სააღდგომო მსახურებაზე წასვლაც კი დაიზარა და თავი ძილს მისცა, მოულოდნელად მკერდზე მწველმა ცეცხლმა გამოაღვიძა...
როდესაც იმ ადგილს შეეხო, საიდანაც ეს სიმხურვალე გადმოდიოდა, ხელში საკუთარი გულსაკიდი ჯვარი შერჩა, რომელიც მთელ სხეულს სიხარულისმომგვრელი ცეცხლით ანათებდა...
საათს რომ დახედა, თორმეტი სრულდებოდა, ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია იწყებოდა... სასწრაფოდ შეიმოსა და უახლოესი ტაძრისაკენ გაიქცა...
ამ დღემ მისი ცხოვრება სრულებით შეცვალა...