უფლის მცნების დარღვევის გამო შერცხვა ადამს. ეგონა, სხეულის დაფარვით, სიშიშვლის გრძნობის განდევნით დაფარავდა ცოდვით დაცემას და სხეული ლეღვის ფოთლებით შეიმოსა. უკვდავ ადამს ხელთუქმნელი ღვთიური დიდების სამოსელი ემოსა, ცოდვით დაცემის შემდეგ კი მასში ხრწნილება და სიკვდილი შევიდა და იგი ხრწნადი სამოსით შეიმოსა.
ედემის ბაღიდან გამოდევნილი ადამიანის მიზანი სამოსელი პირველის მოპოვებაა, რადგან უფლის წიაღში მხოლოდ უხრწნელი სამოსით შემოსილნი დაბრუნდებიან. ეს დიდების სამოსი კი ნათლისღების საიდუმლოთი მოგვენიჭება თითოეულს. მისი შენახვა წმინდად და შეურყვნელად ჩვენზეა დამოკიდებული. უფლის მიერ მონიჭებული სამოსის სისპეტაკე უფლის მცნებების აღსრულებითა და ეკლესიური ცხოვრებით უნდა შევინარჩუნოთ.
იესო ქრისტე ცათა სასუფეველს ქორწილს ამსგავსებს. როცა სუფრასთან მსხდომი სტუმრების სანახავად მისული სიძის მამა შეამჩნევს, რომ ერთ-ერთ მათგანს საქორწილო შესამოსელი არ აცვია, ჰკითხავს, როგორ შეაღწია ქორწილში, და მსახურებს უბრძანებს, ხელ-ფეხი შეუკრან და გააგდონ "ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაი კბილთაი".
წმინდა იოანე ოქროპირი განმარტავს, რომ ამ იგავში სამოსელში ცხოვრებისეული საქმენი იგულისხმება, მაგრამ ის, რომ მოწოდებულებმა და სუფთა სამოსით შემოსილებმა იგი მუდამ ასეთად შეინარჩუნონ, თავად მოწოდებულთა მცდელობაზეა დამოკიდებული. მოწოდება არა დამსახურებით, არამედ მადლით ხდება. ამიტომ საჭიროა, შეესაბამებოდეს მადლს მორჩილებაც, დაუდევართ კი დიდი სასჯელი ელით, რადგან ბიწიერი ცხოვრებისკენ მიდრეკით ღმერთს ისევე შეურაცხვყოფთ, როგორც შეურაცხყო მან, ვინც ქორწილში შესაფერი სამოსით არ მივიდა. ქორწილში უსუფთაო სამოსით შესვლა არაწმინდა ცხოვრებას და მადლის დაკარგვას ნიშნავს. წმინდა იოანე ოქროპირი ყურადღებას აქცევს, რომ ქორწილის მეუფე მხოლოდ მაშინ გამოარჩევს შეუსაბამოდ შემოსილ კაცს, როცა სტუმრები სუფრასთან სხედან, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანისთვის თანასწორად არის ღია უფლის წიაღი, იქ შესვლა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია. უფლის თანამეინახე ცათა სასუფეველში კი მხოლოდ ის გახდება, ვინც ღვთის მადლის მოხვეჭით სპეტაკი სამოსით შემოსილი მიუჯდება სუფრას.
დაკარგული დიდების სამოსით შემოსვა ყოველგვარი ხრწნადის დათრგუნვით მიიღწევა. უფლის მადლი მხოლოდ მაშინ შემოდის ადამიანში, როცა იქიდან დაცემული ანგელოზი სრულიად განიდევნება. იესო ქრისტემ ბოროტ ძალთა ლეგიონი რომ განდევნა ღადარინელი ეშმაკეულისგან, რომლის დაბმას ჯაჭვითაც ვეღარ ახერხებდნენ, "იხილეს ეშმაკეული იგი მჯდომარე, შემოსილი და გონიერი". უფლის მადლით შემოსილს არ უნდა იესოსთან განშორება და თან წაყვანას სთხოვს.
მარად ღვთისკენ მიილტვის ის, ვინც უფლის მადლის მოქმედებას განიცდის. ასეთი ადამიანი ყველაფერში შემოქმედს ხედავს. ტანსაცმელიც კი ყოველწამიერად ახსენებს დაკარგულ სამოსელ პირველს და ისიც დაუცხრომლად იღვწის, რათა კვლავ შეიმოსოს ღვთიური ხელთუქმნელი სამოსით.