თომას ჯეფერსონის სიტყვები დამოუკიდებლობის დეკლარაციაში ბრიტანეთისგან ამერიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების გასამართლებლადაა მოყვანილი:
"ჩვენ ვდგავართ უცხადეს ჭეშმარიტებებზე: ყველა ადამიანი თანასწორადაა შექმნილი; ისინი დაჯილდოებულნი არიან შემოქმედისაგან გარკვეული შეუვალი უფლებებით; ამ უფლებების დასაცავადაა დაფუძნებული მთავრობები ადამიანთა საზოგადოებაში. ისინი თავის სამართლიან ძალაუფლებას იღებენ ხალხის თანხმობით; ასე რომ, როდესაც მმართველობის რომელიმე ფორმა ხდება დესტრუქციული საზოგადოების მიმართ, ხალხმა უნდა შეცვალოს ანდა გააუქმოს ის და დაადგინოს ახალი მმართველობა...
მაგრამ როდესაც ბოროტმოქმედებათა და უზურპაციათა გრძელი ჯაჭვი მოუცილებლად თან სდევს ერთსა და იმავე ობიექტს, ადამიანები უფლებამოსილნი არიან, იბრძოლონ აბსოლუტური დესპოტიზმის წინააღმდეგ თავისი მიზნების მისაღწევად. მათი მოვალეობაა, შეცვალონ ასეთი მთავრობა და დააყენონ ახალი მცველები თავიანთი მომავალი უსაფრთხოებისა. ასეთი იყო მდუმარე მოთმინება კოლონიებისა; ასეთივეა ახლა საჭიროება, შეიცვალოს მმართველობის ყოფილი სისტემები".
ეს დეკლარაცია ხმამაღლა აცხადებს სამართლიანი რევოლუციების რწმენას უსამართლო მთავრობების წინააღმდეგ. ასეთი რევოლუციები დაფუძნებულია ღვთისგან მოცემულ მორალურ უფლებებზე, როგორებიცაა "სიცოცხლე", "თავისუფლება" და "ბედნიერება". როდესაც მთავრობა ხდება დესტრუქციული ამ მიზნებთან მიმართებით, მაშინ ხალხის უფლებაა, შეცვალოს ანდა გააუქმოს ის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ "აბსოლუტურ დესპოტიზმს". ამგვარად ჯეფერსონი საუკუნო მტრობას უცხადებს ტირანიის ყოველგვარ ფორმას კაცთა გონებაზე და ვინაიდან ჯეფერსონს აგრეთვე სწამდა, რომ "გადასახადების აკრეფა წარმომადგენლობის გარეშე ასევე ტირანიაა", ამერიკული რევოლუციაც დაიბადა, მაგრამ იყო ეს ბიბლიური? სანამ ამას ვუპასუხებდეთ, ჯერ შევხედოთ რევოლუციის სხვა გამართლებასაც.
ფრანციზ შეაფერს სჯეროდა, რომ "როცა რომელიმე სამსახური ბრძანებს ღვთის საწინააღმდეგო სიტყვას, მოსამსახურენი აუქმებენ თავის ძალაუფლებას და მას აღარ უნდა დაემორჩილონ, და ეს სახელმწიფოსაც ეხება"; და "თუ სახელმწიფო განზრახულად ცდილობს დაანგრიოს თავისი ეთიკური ვალდებულებები ღვთის წინაშე, მაშინ წინააღმდეგობა შესაფერისია", ვინაიდან "მოქალაქეებს აქვთ მორალური ვალდებულება - შეეწინააღმდეგონ უსამართლო და ტირანულ მთავრობას". "როდესაც თანამდებობის პირის საქციელი ანგრევს ქვეყნის სამართავ სტრუქტურას... მას უნდა ჩამოართვა ძალა და ხელისუფლება" "ძალით", რაც ნიშნავს "იძულებით ანდა დაპატიმრებით" და "როდესაც სახელმწიფო სჩადის უკანონო ქმედებებს გაერთიანებული სხეულის წინააღმდეგ - როგორიცაა კონსტიტუციური სახელმწიფო ანდა ლოკალური ორგანიზაცია, ანდა თუნდაც ეკლესია... არსებობს წინააღმდეგობის ორი დონე: პროტესტი და შემდეგ, თუ საჭიროა, ძალა თავდაცვის მიზნით".
სამართლიანი რევოლუციის ეს ფორმა არ არის დაფუძნებული იმ "მოუცილებელ უფლებებზე" შემოქმედისა, რომლებიც ცნობილია, როგორც "ბუნებრივი კანონები", როგორც ჯეფერსონს სწამდა. მეტიც, ეს დაფუძნებულია "მმართველობის მთავრობისეულ პრაქტიკაზე ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ". მაგრამ შედეგი იგივეა - რევოლუცია იმ მთავრობის წინააღმდეგ, რომელსაც პიროვნება ტირანულად თვლის. ვნახოთ, რას ამბობს ბიბლია რევოლუციებზე:
ღმერთმა მახვილი მთავრობას გადასცა სამართავად და არა მოქალაქეებს - რევოლუციებისთვის. მახვილი მიეცა ნოეს უწესრიგო მოქალაქეების მოსათოკად (დაბ. 9:6; 6-11). მსგავსადვე, პავლემ უთხრა რომაელებს - დამორჩილებოდნენ ნერონს, რადგანაც "ის ღვთის მსახურია... ტყუილად როდი ატარებს მახვილს" (რომ. 13:4). აქ კვლავ მთავრობაა ის ობიექტი, რომელმაც უნდა გამოიყენოს მახვილი ქვეშევრდომებზე და არა მოქალაქეები, რომლებმაც მახვილი სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა აღიღონ.
ღმერთი გვაფრთხილებს, არ შევუერთდეთ რევოლუციონერებს. წმინდა წერილი გარკვევით აცხადებს: "შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები" (იგავ. 24:21). ვინაიდან ეს გაფრთხილება მოგვიწოდებს, გვეშინოდეს ღვთისა და მისგან დადგენილი მეფისა, ეს არის ბრძანება აშკარა, არ შევუერთდეთ ამბოხს მთავრობის წინააღმდეგ. ღმერთი მკვეთრად კიცხავს რევოლუციებს. ბიბლიაში რევოლუციის მრავალი მაგალითია, თუმცა ისინი დაგმობილია ღვთისგან. კორახმა ამბოხი მოაწყო მოსეს წინააღმდეგ და მიწამ უყო პირი კორახსა და მის მომხრეებს (რიცხვ. 16). მსგავსადვე დამარცხდა აბესალომის ჯანყი დავითის წინააღმდეგ. აბესალომი მოკლეს (2 მეფე. 15). იერობოამმაც აუმხედრა ჩრდილოეთის ათი შტო სამხრეთელი იუდას შტოს, რაც ღმერთმა მკაცრად დაგმო (3 მეფ. 12).
ერთადერთი ღვთისაგან მოწონებული რევოლუცია იყო თეოკრატიული რევოლუცია ბოროტი დედოფლის ღოთოლიას წინააღმდეგ და რადგანაც ეს საჭირო იყო ქრისტეს ხაზის შესანარჩუნებლად, გახლდათ ღვთაებრივად სანქცირებული სპეციალური თეოკრატიული შემთხვევა, ზუსტად ისეთი, როგორ ომებსაც აწარმოებდა იესო ნავეს ძე ქანაანელებთან (იეს. ნავ. 10). მიაქციეთ ყურადღება, რომ მისი (ღოთოლიას) მოკვლის ბრძანება გაიცა ღვთის მსახურის მიერ (2 ნეშტ. 23:14) და ნაკურთხი იქნა ღვთის სიტყვით (მუხ. 21). მიუხედავად ამისა, ეს ღვთაებრივად განსაზღვრული თეოკრატიული რევოლუცია, რომელიც მესიის ხაზის შესანარჩუნებლად იყო გამიზნული, არ შეგვიძლია კანონიერად გამოვიყენოთ დღევანდელი რევოლუციის გასამართლებლად, ზუსტად ისევე, როგორც ღვთის ბრძანებანი, გაცემული ყველა ქანაანელის დასარისხებლად, არ შეგვიძლია გამოვიყენოთ დღევანდელ სამართლიან ომებში ქალებისა და ბავშვების კვლის გასამართლებელ საფუძვლად.
მოსე გაასამართლეს ძალადობისთვის ეგვიპტეში. გამოსვლათა წიგნი გვიყვება: მოსემ დაინახა ეგვიპტელი, რომელიც სცემდა ებრაელს. "მიიხედ-მოიხედა - ირგვლივ არავინ იყო. მოკლა ეგვიპტელი და ქვიშაში ჩაფლა" (გამოს. 2:12). შედეგად ამ ძალადობისა, მოსე იძულებული გახდა, გაქცეულიყო ეგვიპტიდან და 40 წელი უდაბნოში გაეტარებინა. ამის შემდეგ ღმერთმა გამოიყენა მოსე ისრაელის გამოსაყვანად ეგვიპტიდან რევოლუციის გარეშე (გამოს. 12).
ისრაელი არ ებრძოდა ფარაონს, გაექცა მას. თუკი როდესმე ყოფილა სიტუაცია რევოლუციის გასამართლებლად, ეს იყო ისრაელის მდგომარეობა ფარაონის უღელქვეშ. მიუხედავად ამისა, ეს ღმერთს არც მოუწონებია და არც შემოუთავაზებია. მართალია, ღმერთი სასწაულებრივად ჩაერია და გამოიხსნა ისინი, მაგრამ გაკვეთილი იგივეა: მიანდე ღმერთს ტირანების მოვლა და არ აუჯანყდე მათ. ღმერთმა სუვერენულად დაადგინა ისინი, და ის ასევე სუვერენულად დაამხობს მათ (დან. 4:17).
იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები მახვილის აგრესიული გამოყენების წინააღმდეგ, როდესაც თქვა, "თავის ადგილას ჩააბრუნე ეგ მახვილი, ვინაიდან ყველა მახვილის ამღები მახვილითვე დაიღუპება" (მათ. 26:52). ის არ იყო წინააღმდეგი მახვილის თავდასაცავად გამოყენებისა (გამოსვ. 22:2), მაგრამ არსებული ხელისუფლების მსახურის ხელყოფა სხვა საქმე იყო (მათ. 26:51).
იესო ლაპარაკობდა შურისძიების წინააღმდეგ. "თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: თვალი თვალისა წინ და კბილი კბილისა წილ. მე კი გეუბნებით თქვენ: წინ ნუ აღუდგებით ბოროტს" (მათ. 5:38-39). მიუხედავად იმისა, რომ ეს ქადაგება მხარს არ უჭერს ტოტალურ პაციფიზმს, აშკარად კიცხავს რევოლუციურ სულს, რომელიც ისწრაფვის შური იძიოს ტირანულ მთავრობაზე. "ჩემია შურისგება და მე მივაგებ, - ამბობს უფალი" (რომ. 12:19).
მაშინ, აბა, რა ვქნათ, როგორ ვუპასუხოთ ჩაგვრას? ბიბლია იძლევა ამის გზას.
ქრისტიანებისთვის პირველი და მთავარი - პასუხისმგებლობაა; სულ ერთია, სამართლიანი მთავრობა ჰყავს მას თუ უსამართლო, დემოკრატიული თუ მონარქისტული - დაემორჩილოს მის კანონებს (რომ. 13:1; ტიტ. 3:1). პეტრე წერდა: "დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ დადგენილებას უფლის გულისთვის" (1 პეტ. 2:13). ვინაიდან "ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება" (მუხ. 15). სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ცუდი მოწმობაა ქრისტეს მიმდევრისთვის. ქრისტიანები უნდა გამოჩნდნენ როგორც კანონქვემდებარე მოქალაქეები და არა მეამბოხეები. უსამართლო მთავრობაზე გავლენის საუკეთესო გზა - სულიერი მაგალითის ჩვენებაა და არა რევოლუცია. მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იკავებს ღვთის ადგილს, შეგვიძლია უარი ვთქვათ მორჩილებაზე და მაშინაც კი არ უნდა ავუჯანყდეთ.
პავლე სთხოვდა ქრისტიანებს: "შეგაგონებთ, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანებისთვის, მეფეებისა და ყველა მბრძანებლისთვის, რათა მშვიდად და წყნარად ვიცხოვროთ სრული ღვთისმოსაობით და პატიოსნებით" (1 ტიმ. 2:1-2). ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა, შევცვალოთ უსამართლო მთავრობა, არის ლოცვა მისთვის. ლოცვაა ის შემართული ნერვი, რომლის მეშვეობითაც უკან იხევს ძალა. ღმერთმა შეისმინა თავისი დაჩაგრული ხალხის ღაღადი წინა დროებაში (გამოსვ. 2:23), და ის მოისმენს და უპასუხებს დღესაც.
პოლიტიკურად არცთუ ისე ბევრ ქრისტიანს შეეძლო შეეცვალა რომის მთავრობა ახალი აღთქმის დროს, დღეს კი დასავლეთში ქრისტიანთა უმეტესობისთვის ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ ლოცვა კეისრისთვის, არამედ მისი არჩევაც. ჩვენ არა მხოლოდ შეგვიძლია შევეწინააღმდეგოთ პოლიტიკურ ბოროტებას, არამედ თავისუფალნი ვართ პოლიტიკური სიკეთის კეთებაში. და როგორც იაკობმა თქვა: "ამიტომ, ვინც სიკეთის კეთება იცის და არ აკეთებს, ეს ცოდვად ეთვლება" (იაკ. 4:17). პავლემაც აღნიშნა, "ვიდრე დრო გვაქვს, სიკეთე მოვიმოქმედოთ ყველასთვის და უფრო მეტად მათთვის, ვინც ჩვენიანია რწმენით" (გალ. 6:10). უნდა ვებრძოლოთ ტირანიას მთავრობაში საარჩევნო ბიულეტენებით და არა ტყვიებით. მას წინ სიკეთით უნდა აღვუდგეთ და არა ზარბაზნებით.
ქრისტიანებს შეუძლიათ ტირანულ ბრძანებებს ეურჩონ. ვერავინ გვაიძულებს, არ დავერმორჩილოთ ღმერთს. ის არის უმაღლესი ავტორიტეტი და მხოლოდ მისი სიტყვა კრავს ჩვენს სინდისს აბსოლუტურად. ამგვარ ბიბლიურ და გაბედულ უარს ბოროტების კეთებაზე თავისთავად კეთილი ზემოქმედება ექნება უკეთურ მთავრობაზე. ბაბილონის მეფეებმაც ასეთი მნიშვნელოვანი ზემოქმედება განიცადეს დანიელისა და სამი ებრაელი ყმაწვილკაცის გაბედული უარით (დან. 3,6).
ქრისტიანებს არ სჭირდებათ, ტირანიის პასიური სამიზნეები იყვნენ. როდესაც წნეხის ქვეშ ვექცევით, თავისუფლებისკენ უნდა ვისწრაფოთ. წინასწარმეტყველები გაურბოდნენ იეზაბელს (1 მეფ. 18), ისრაელი გაექცა ეგვიპტეს (გამოსვ. 12), თვით იესოს ოჯახიც გაექცა ჰეროდეს (მათ. 2). ე.ი. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიყენებთ ძალას უსამართლო მთავრობების წინააღმდეგ, საბოლოოდ, თავს ვიხსნით ჩვენი მოწინააღმდეგე ძალისგან.
ცნობილია, რომ გაქცევა ყოველთვის არ არის შესაძლებელი ანდა წარმატებული. ხანდახან ქრისტიანებმა უნდა აიტანონ ტანჯვა ქრისტეს გულისთვის. პეტრე წერდა, "საყვარელნო, ნუ გაგაოცებთ თქვენზე მოვლენილი ცეცხლოვანი განსაცდელი... გიხაროდეთ, როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა თქვენც იხაროთ და იმხიარულოთ მისი დიდების გამოცხადებისას" (1 პეტ. 4:12-13). იოანემ თქვა: "ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა... ამაშია წმინდათა მოთმინება და რწმენა" (გამოცხ. 13:10).
როგორც ვთქვით, ღვთისგან მოწონებული ერთადერთი რევოლუცია ღოთოლიას საწინააღმდეგო ამბოხია (2 ნეშტ. 23), რომელიც შეუძლებელია გამოვიყენოთ საერთოდ რევოლუციების მხარდასაჭერად. ეს არ ყოფილა ღვთაებრივად მოწონებული ადამიანური რევოლუცია; ეს იყო ღვთაებრივად განსაზღვრული რევოლუცია (მუხ. 14), საგანგებო შემთხვევა ისრაელისთვის, მესიანური ერისთვის, და შეუძლებელია მისი მისადაგება სხვა ერებისთვის. თუ ღოთოლიას მმართველობას არ ჩამოაგდებდნენ, ის მოკლავდა იოაშს, ღვთის შთამომავალთა უკანასკნელ მემკვიდრეს, რომელიც ქრისტესკენ მიდიოდა.
ბიბლია მტკიცედ ლაპარაკობს რევოლუციის წინააღმდეგ.
რევოლუციები არ არის ერთადერთი გზა ტირანიასთან საბრძოლველად, უსამართლო მთავრობას შესაძლებელია შეეწინააღმდეგო ლოცვით, მორალური მაგალითით, კანონიერი პოლიტიკური ქმედებით, გამართლებული დაუმორჩილებლობით, გაქცევით და ტანჯვის ატანითაც, როდესაც საჭიროა. ღმერთია მპყრობელი მთავრობის საქმეებისა და მოჰყავს და მიჰყავს, ვინც თავად სურს (დან. 4:17). მოკლედ, ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია ტირანიის საწინააღმდეგოდ, ღმერთს კი შეუდარებელად უფრო მეტის.
რევოლუციები მორჩილებაა დე იურე მთავრობებისადმი - ეს შეპასუხება მცდარად მიიჩნევს, რომ ჩვენს ღვთაებრივ მოვალეობად არ მივიჩნიოთ დე ფაქტო მთავრობისადმი მორჩილება. ეს მცდარია ორი მიზეზის გამო. პავლემ თქვა, "არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისგან. ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი" (რომ. 13:1). ეს ნიშნავს, რომ არსებული მთავრობები ღვთისგან არიან დადგენილნი. ეს ზუსტად ისაა, რაც იგულისხმება დე ფაქტო მთავრობაში. თუ დე ფაქტო მთავრობისადმი არ მოგვეთხოვება მორჩილება, მაშინ ვეღარ მოვნახავთ პრაქტიკულ გზას კანონიერებისა და წესრიგისთვის მსოფლიოს მრავალ კუთხეში, ვინაიდან აქ არ წყდება დავა იმაზე, თუ რომელი მთავრობაა კანონიერი. ერთ-ერთი პრაქტიკული გზა, თავიდან ავიცილოთ ანარქია, არის მოვითხოვოთ მორჩილება დე ფაქტო მთავრობისადმი, რადგანაც ყველას იოლად შეუძლია მისი აღქმა; ეს არის მთავრობა, რომელსაც ხელში უჭირავს ძალაუფლება ამ დროს.
არსებობს სამი ბაზისური თვალსაზრისი სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით. რადიკალური პატრიოტიზმი არასოდეს თვლის მოსაწონად მთავრობისადმი ურჩობას; ბიბლიური სუბმისიონიზმი კი თვლის, რომ ხანდახან სწორია ასე მოქცევა. და თუმცა ქრისტიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ ბიბლია მხარს უჭერს ამ უკანასკნელ თვალსაზრისს, არ არსებობს შეთანხმება, თუ როდის არის დაუმორჩილებლობა გამართლებული. ზოგნი ამტკიცებენ, რომ გამართლებულია, ეურჩო ყველა კანონს, რომელიც იძლევა ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო მოქმედების ნებას, სხვანი კი მიიჩნევენ, რომ ურჩობა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას აიძულებენ, ჩაიდინოს უკეთურება.
მათ შორისაც კი, ვინც მიიჩნევს, რომ მთავრობისადმი ურჩობა ხანდახან საჭიროა, არსებობს სხვადასხვა აზრი, თუ როგორ უნდა ეურჩოს პიროვნება სახელმწიფოს. ზოგიერთებს სჯერათ, რომ ეს შესაძლოა აჯანყების სახით მოხდეს უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა ბიბლიური თვალსაზრისი მოგვიწოდებს, შევეწინააღმდეგოთ მთავრობას აჯანყების გარეშე. ეს შეწინააღმდეგება არ არის უსამართლო მთავრობის პასიური მიღება, არამედ შეიცავს აქტიურ სულიერ, მორალურ და პოლიტიკურ კამპანიას მის წინააღმდეგ. მაგრამ იდეალური ვარიანტია, როცა ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანული მთავრობაა, ამ სიტყვის ადეკვატური მნიშვნელობით, რომელსაც გაცნობიერებული აქვს, რომ ღმერთმა ჩააბარა დიდი მისია, იზრუნოს და წარუძღვეს ხალხს. და თუკი ეს ასე არ არის, ყოველთვის იქნება საშიშროება, მთავრობის მახვილი ხალხმა აიღოს ხელში და შესცოდოს!
ლევან მათეშვილმა