მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი თომა მოციქულს ურწმუნოებაში არ ტოვებს, რადგან ხედავს მის გულს, განმზადებულს უფლის მისაღებად, და სასწაულით აღმოფხვრის მის მცირედმორწმუნეობას.
მოციქულებს იესო ქრისტე აღდგომის დღეს გამოეცხადა და სულიწმინდის მოვლინება აღუთქვა, რომელიც მათ მთელ დედამიწაზე წარგზავნიდა სახარების საქადაგებლად. ამ დროს თომა მოციქული მათთან არ იყო. ხოლო როცა უფლის მოწაფეებმა ქრისტეს აღდგომა ახარეს, მან არ ირწმუნა: სანამ ლურსმნებით დახვრეტილ მის ხელებს არ ვიხილავ და ლახვრით განგმირულ გვერდს ხელს არ შევახებ, არ ვირწმუნებ, რომ იესო აღსდგაო.
მერვე დღეს კვლავ მოდის უფალი თავის მოწაფეებთან. ამჯერად მათთან ერთად იმყოფება თომა მოციქულიც, რომელსაც უბრძანა მაცხოვარმა, ხელით შეხებოდა ლახვრით განგმირულ გვერდს და ერწმუნა ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა. თომა მოციქულისთვის საკმარისი აღმოჩნდა მხოლოდ უფლის ხილვა, რომ აღდგომის სიხარულს მისი გულიდან ეჭვი აღმოეფხვრა და უფლის რწმენა სრულყოფილი გამხდარიყო.
წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე აღნიშნავს, რომ არსებობს ორგვარი სარწმუნოება: ერთს "თავისუფალ, გულითად" სარწმუნოებას უწოდებს, ხოლო მეორეს - "იძულებითს, უნებრივს".
წმინდა მამის განმარტებით, იესო ქრისტეს თანამედროვეებს "იძულებითი, უნებრივი" სარწმუნოება ჰქონდათ. პირისპირ უჭვრეტდნენ უფალს, ისმენდნენ მის სიტყვას და, რაც მთავარია, ხედავდნენ იმ სასწაულებს, რომელთაც მაცხოვარი მათ თვალწინ აღასრულებდა: მკვდრებს აღადგენდა, ბრმებს თვალს უხელდა, ყოველგვარი სენით დაავადებულებს, ეშმაკეულებს კურნავდა, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე საფლავიდან აღადგინა... "შეუძლებელი იყო, უნებრივ არ გასჩენოდათ სარწმუნოება მათ, ვისი გულიც თვითონ არ იყო მიდრეკილი სარწმუნოებისაკენო", - აღნიშნავს წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი.
"უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს", - თქვა იესო ქრისტემ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც გულის კარი კი ღია ჰქონდათ უფლისთვის, მაგრამ რწმენის მისაღებად სასწაული ესაჭიროებოდათ. ასეთი იყო, მაგალითად, იესოსთან კაპერნაუმიდან გალილეაში ჩასული მთავარი, რომლის ძეც მხურვალებას შეეპყრო. "ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი", - უფლის ეს სიტყვები რწმენით დაიმარხა გულში მთავარმა და დარწმუნებული, რომ ძე განკურნებული დახვდებოდა, გაუდგა გზას შინისაკენ. კაპერნაუმში შესულს მსახურები მიეგებნენ და ძის განკურნება ახარეს. მთავარმა გამოიკითხა დრო, როდესაც მისი ძე დაუტევა მხურვალებამ, და აღმოჩნდა, რომ ქრისტეს წარმოთქმულ სიტყვებზე მეყსეულად განიკურნა ყრმა. მაშინ მთელმა ოჯახმა ირწმუნა იესო ქრისტე.
თუმცა იმჟამად მრავლად იყვნენ ისეთნი, რომელნიც, მიუხედავად იმისა, რომ ხედავდნენ იესოს მიერ აღსრულებულ სასწაულებს, მას ძე ღვთისად არ აღიარებდნენ. მათი გული იმდენა ჩაფლულიყო ამაოებაში, რომ იმასაც ამბობდნენ, ეშმაკებს ეშმაკის ძალით განდევნისო.
გულთამხილველმა უფალმა უწყოდა, რაოდენ დაბინძურებული იყო მათი შინაგანი სამყარო, რაოდენ დახშული იყო მათი გული უფლისთვის, ამიტომ არ აღასრულა სასწაული მათ თვალწინ, მიუხედავად იმისა, რომ დაბეჯითებით ითხოვდნენ ამას. საგულისხმოა, რომ ისინი სასწაულს იმ განზრახვით კი არ ითხოვდნენ, რომ სარწმუნოება მიეღოთ; მათთვის სასწაულს ერთგვარი სანახაობრივი დატვირთვა შეეძინა. უფლის მგმობელები ჯვარცმულ მაცხოვარზე დაცინვით ამბობდნენ: "სხუანი აცხოვნა, თავი თვისი ვერ ძალუძს ცხოვნებად. უკუეთუ მეუფე ისრაელისაი არს, გარდამოხედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი". მათ გულში დაბუდებული ეშმაკი უკანასკნელ ძალებს იკრებდა, რომ ადამიანები ღვთისგან დაეშორებინა. თუკი ჯვარცმული მაცხოვარი ჯვრიდან ჩამოვიდოდა, რომ, მათი ნათქვამისაებრ, იესო ძე ღვთისად ერწმუნათ, დაირღვეოდა ყოველი ადამიანის ხსნის აღთქმა: ჯვარცმულ ძე ღვთისას სიკვდილითა და ჯოჯოხეთში ჩასვლით უნდა ეხსნა ადამის მოდგმა მარადიული სიკვდილის მეუფებისგან; მეორე მხრივ, ჯვარცმულ ძე კაცისას რომ ხედავდნენ, რომელზეც თითქოსდა გაიმარჯვა სიკვდილმა, ადამიანები რწმენას კარგავდნენ, ვიდრე არ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.
"მიხილე და გრწამს, ნატარ-არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე", - ამ სიტყვებით მაცხოვარმა თომა მოციქულს მიმართა. ისეთ აღმსარებლებს, რომელთაც არ უხილავთ იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობა, წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელის განმარტებით, "გულითადი, თავისუფალი" სარწმუნოება აქვთ. ამგვარი რწმენა გულში იბადება, შემდეგ სიტყვების მეშვეობით გულიდან გარეთ გამოდის და საქმით აღესრულება. ამიტომ უფალი აღმატებულს უწოდებს მათ რწმენას, ვისაც პირისპირ არ უხილავს ძე კაცისა, რადგან ჭეშმარიტი და ცხოველი სარწმუნოება დიდ გულმოდგინებასა და მხნეობას მოითხოვს.
თუმცა სასწაულებს უფალი ჩვენშიც ხშირად აღასრულებს, რწმენაში რომ განგვამტკიცოს. წმინდა მამები დღე-ღამის კანონზომიერ მონაცვლეობას ღვთის უდიდეს სასწაულს უწოდებენ, მაგრამ ყველას როდი ხელეწიფება ამ სასწაულის დანახვა, რომელიც თითოეული ჩვენგანის თვალწინ ყოველდღე აღესრულება. ღვთიური სასწაულის ხილვისთვის უფალი მაშინ აგვიხელს თვალს, როცა განმზადებული გვექნება გული მის მისაღებად.