დავემორჩილოთ უფალს მთელი გულით და ვმონოთ მას წრფელი შემართებით, რადგან იგია მომცემი და აღმსრულებელი თითოეული ჩვენი სათხოვარისა. ვთესოთ სულით, რათა მოვიმკათ საუკუნო ცხოვრება, რადგან ნათქვამია: "რომელი სთესვიდეს ხორცთა შინა, ხორცთაგანცა მოიმკას ხრწნილებაი" (გალ. 6,7). ნუ ვიქნებით სულმოკლენი შრომაში, რომლითაც ვიმედოვნებთ სასყიდლის მიღებას, რადგან სადაც ბრძოლაა, იქვეა პატივიც და სადაც ღვაწლია, ახლოსვეა გვირგვინი. თუ ყოველივე ეს შეგიცნია, მაშინ დააჯერე და შეაყვარე შენს სულს ღვაწლი მოთმინებისა. აქციე სული შენი ნაყოფის გამომღებელ, კეთილ ვენახად. გონებაში მარადიულად აღბეჭდე შიში ღვთისა. ნუ იქნები ზარმაცი, მოწყენილი, უიმედო, ადრეულად ნუ ესწრაფვი ჯილდოსა და გვირგვინს, რამეთუ ამქვეყნიური ღვაწლი ხანმოკლე და მცირეა, ხოლო მოსაგებელი - საუკუნო და მარადიული.
რაჟამს ბოროტი გულსსიტყვები გარს შემოგვერტყმება და ძლიერ შეგვაწუხებს, შევეწინააღმდეგოთ და წინ აღვუდგეთ მათ შემდეგი სიტყვებით: "მხნე იყავნ და განძლიერდინ, გულო ჩემო, დაუთმე უფალსა". მივემსგავსოთ წინასწარმეტყველ დავითს, რომელმაც ერთი ქვის ტყორცნით გოლიათი დასცა ძირს, რადგან ანგელოზები დგანან ჩვენ გვერდით და მარად თვალს ადევნებენ ჩვენს ცხოვრებას, როგორც დაწერილია: "სახილველ იქმენით სოფლისა ანგელოზთა და კაცთა და უკუეთუ გიხილონ შენ მძლედ ჭაშმარიტად, განიხარონ; ხოლო უკუეთუ გიხილონ შენ ძლეულად, წარვიდენ იგინი შენგან თავ-მოდრეკილნი, რამეთუ ვერ თავს იდებენ".
ნუ დავიზარებთ სულიწმინდის მადლით გაჯერებული, მაცხოვნებელი მოძღვრების მომნიჭებელი წიგნების კითხვას, რადგან ნათქვამია: "მოიცალეთ და გულისხმა-ყავით, რამეთუ მე ვარ ღმერთი". ყოველი ადამიანი, რომელიც სუფთა გულით კითხულობს საღვთო წიგნებს, უდიდეს შემეცნებას მიიღებს უფლის შესახებ. ამიტომაც მთელი ძალით ვეცადოთ, არ დავიზაროთ ეს სათნო და კეთილი საქმე, განუშორებლად დავუმეგობრდეთ ლოცვასა და წიგნს, რათა საღვთო ნათლით განათდეს ჩვენი გონება და ყოვლად სრული და უნაკლო იყოს იგი. შეისისხლხორცე ლოცვა და წიგნის კითხვა მარადის, რადგან რამდენადაც შეიყვარებ ღმერთს კითხვითა და ლოცვით, იმდენად იკურთხება შენი სხეული, სული და სამშვინველი. რაკი უწყი ამხელა მადლის შესახებ, ნუ დაიზარებ ამ სათნო საქმის აღსრულებას, მოუწყინებლად ითხვდი ღვთისგან, მოგცეს ძალა და შეგეწიოს ამ კეთილ საქმეში. თუ ფიქრობ, რომ მოუმზადებელი და უმეცარი ხარ გონებით ზეციური სიტყვის შემეცნებისთვის, გახსოვდეს, რომ ყოველი სიბრძნე და მეცნიერება ღვთის ხელსა და მის განგებულებაშია, მთხოვნელსა და მვედრებელს არ გააწბილებს იგი, რამეთუ ნათქვამია: "თვალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა" (ფს. 33,16).
თითოეული ნიჭი, რომელიც უფლისგან გებოძა, მის სადიდებლად წარმართე, მას მიუძღვენი, რადგან ყოველგვარ მიწიერ სიმდიდრეს, ოქროსა და ვერცხლს აღემატება უფლისმიერი სიკეთენი. "ნეტარ არიან, რომელნი გამოიკულევენ წამებათა მისთა, ყოვლითა გულითა მათითა გამოიძიონ იგი" (ფსალ. 118,2). ნეტარ მდგომარეობას მიგაახლებს ის მარადიული ფასეულობანი, რომლებიც წარუშლელად ამოტვიფრულია შემოქმედის მიერ ადამიანის სულში. არ დაბრკოლდე ბოროტისმიერი ზრახვებითა და მზაკვრობით, ნუ შეიწყნარებ მის მომაკვდინებენ გესლს, არამედ იყავი, როგორც წყაროს დაწაფებული მოწყურებული ირემი, "რომელსა სურინ და მიისწრაფინ წყაროდ მიმართ წყალთასა, რათა სუას და განისუენის წყურილისაგან". შენც, სულიერად მოწყურებული, დაეწაფე საღვთო წიგნების კითხვას, რადგან მათში იპოვი განსასუენებელს სულისას, სწავლებას საუკუნო სიხარულში დასამკვიდრებლად. მარად გახსოვდეს სიტყვა უფლისა და "ხვიდოდი გზათა მისთა". სიტყვას, რომელიც თესლად იწოდება სახარებაში, ნუ დაუთმობ ფრინველებს, რომ მოგტაცონ იგი, არამედ დაფალი მიწის სიღრმეში - შენს გულსა და გონებაში და მრავალი ნაყოფით დაგასაჩუქრებს ღმერთი. გულმოდგინედ იკითხე და ჭეშმარიტად იღვაწე, რომ შეიმეცნო არსი და სიღრმე წაკითხულისა. არ იჩქარო გადაფურცვლა, არამედ ორჯერ, სამჯერ და მრავალჯერ დაუბრუნდი იმ ადგილს, რომლის აზრი და შინაარსიც გაუგებარი იყო შენთვის, რადგან, როგორც უფალი სახარებაში ამბობს: ვინც ირეკს, მრავალგზის აკაკუნებს რწმენისა და შემეცნების კარზე, მას აუცილებლად გაეღება იგი. გამუდმებით ევედრე იესო ქრისტეს: "ჰოი, უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, აღაღე პირი ჩემი და განახუენ თუალნი გონებისა ჩემისანი, რაითა ვისმინნე სიტყუანი შენნი და გულისხმა-ვყუნე მცნებანი შენნი, და ვყო ნებაი შენი. უფალო, მე უცხო და მწირ ვარი ქუეყანასა ზედა, ნუ დამირწყავ მე მცნებათა შენთა, არამედ აღმიხილენ თუალნი ჩემნი, რაითა ვიხილნე საკვირველებანი შენნი, მასწავე მე, უფალო, საიდუმლოი სიბრძნისა შენისაი, რამეთუ მე შენ გესავ, განაბრწყინვე გონებაი ჩემი". ყოველთვის შეაგონე საკუთარ თავს და თქვი: უფალო, მრწამს შენი სიბრძნისა და ჭეშმარიტი სიტყვების, გამოუძიებლად, ყოველგვარი ეჭვისა და დაბრკოლების გარეშე მივენდობი მათ: "აღდეგ, უფალო, მაცხოვნე მე", რათა მოვიპოვო მადლი შენ წინაშე, არარაობა ვარ, ღმერთო, მიხსენი, შემეწიე, გამაძლიერე, რათა მოვიმკა წყალობა შენი, რადგან შენ ერთადერთს გეკუთვნის ყოველი სუფევა, ძალი და დიდება უკუნითი უკუნისამდე.
აუცილებელია წარუშლელი ხსოვნა სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა და სასოებისა. შემოვკრიბოთ ღვთის შემწეობით თითოეული სანთნოება ჩვენს სულებში, ნუ დავიზარებთ სწავლას, სიბრძნისმოყვარეობას, ლოცვასა და კითხვას. მთავარია, საკუთარი ცხოვრებით დავამოწმოთ ჩვენი სიბეჯითე, ქრისტეს მოწაფეობა, უფლის ძალით დავტკეპნოთ მტრის ყოველი ძალა, ბოროტისეული მანქანება, რათა განვეშოროთ და გადავურჩეთ იმ რისხვას, რომელიც უფლისგან განდგომილ შვილებზე მოიწევა, მოვიპოვოთ მადლი და წყალობა სასჯელის დღეს სამართლიანი მსაჯულის წინაშე, რომელიც თავიანთი საქმეების შესაბამისად მიაგებს თითოეულს, რადგან მისია ყოველი დიდება, ძლიერება და სახიერება, მას ეკუთვნის სიმტკიცე და თაყვანისცემა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!