პილატეს სასახლე. თითქოსდა ჩამქრალი ვულკანის ფერფლზე მივაბიჯებთ, მაგრამ ვნებათა ალი და უსჯულოების სიმყრალე კვლავ იგრძნობა. აქ გაასამართლეს და სიკვდილი მიუსაჯეს ჭეშმარიტების მასწავლებელს. აქ უბრალო და უდანაშაულო იესო უსჯულოთაგან გაიშოლტა. მისი სხეული იარებით დაიფარა, გასულ ღამეს ურიებმა საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. რომაელმა ჯარისკაცებმა კი შოლტებით იარები გაუღრმავეს. რომაული სამართლისა და კანონმდებლობის შემსწავლელნი აქ უნდა მოვიდნენ და საუკუნოდ შეიზიზღებენ მათ გაუგონარი მოღალატეობის გამო.
ადგილი, სადაც უფალი ჯვრის სიმძიმის გამო დაეცა. როგორ არ დაეცემოდა? ძნელი იყო მისთვის მდუმარედ დაეთმინა ეს ღამე, აღსავსე ცრუ ბრალდებებით, ცილისწამებით, ცრუმოწმეობით, მით უმეტეს, ფურთხის სიმყრალით და მრავალი წყლულით - მრავალ კეთილ საქმეთა წილ რომ მიაგეს. ჰოი, უფალო, მაშინ აქ რომ ვყოფილიყავით! ხელთ ვიპყრობდით შენს ჯვარს და თვით შენც, უფალო! ვფიქრობდით და ცრემლებს ვღვრიდით ვნების გზაზე მიმავალნი. ჩვენს ცრემლთა რუებს ყველა ქრისტიანის დაღვრილი ცრემლი რომ შეერთებოდა, ალბათ ტანჯვის მდინარედ გადაიქცეოდა. ნეტარია სვიმონ კვირინელი, რომელმაც ქრისტეს ჯვარი იტვირთა და ამით ტანჯვა შეუმსუბუქა მას, რომელიც ყველა კაცისთვის ეწამა!
წმინდა ვერონიკას სახლში ვართ. ამ სახლის ფანჯრიდან უცქერდა წმინდა ვერონიკა საშინელ პროცესიას. ქრისტეს დასახიჩრებული სახე ჰგავდა სისხლით, ფურთხით და მტვრით გაჟღენთილ ტილოს ნაჭერს. ამის ხილვამ თანაგრძნობით აღძრა ქალწულის გული, გამოვარდა დამნაშავესთან და სუფთა ტილოთი მოსწმინდა სახე. მდუმარე წამებულს მადლიერების სიტყვების წარმოთქმა აღარ შეეძლო და იმითღა გამოხატა მადლობა, რომ ტილოზე თავისი სახის გამოსახულება დატოვა.
მივედით იმ ადგილას, სადაც ღვთისმშობელი თავის ვაჟს შეხვდა. იერუსალიმის ქუჩებში მას დაეძებდა და უეცრად პირისპირ შეეჩეხა. დედამ ძლივსღა იცნო შვილი. ნუთუ ეს მისი ვაჟია, ეს ხომ ადამიანის ზომის უზარმაზარი იარაა? მაგრამ ამ წყლულით განიკურნა ცოდვით მოწამლული კაცთა მოდგმა. არაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. სულებით მიხვდნენ ყველაფერს. "ჩემო შვილო, - მოთქვამდა დედა, - ერთიანად გაწითლებულხარ, სად გაქრა შენი მშვენიერება!"
მივაღწიეთ სისხლიან კლდეს. გოლგოთის წინ ვდგავართ. შუადღეა. იესო სწორედ ამ დროს აცვეს ჯვარს. ჩაქუჩის კაკუნი გადაეცემოდა ჩვენს გულებს. მესამე ჟამამდე ვიდექით, ჩვენი სულები კი ჯვრის კვარცხლბეკის წინ იყო წარმდგარი. დაე, განბანოს ისინი იესოს სისხლმა!
სამ საათში განუტევა მან სული. სწორედ ამ წამს ბუნება წინ აღუდგა ადამიანთა უსჯულოებას: "ქვეყანაი შეიძრა და კლდენი განსქდეს, მზემ შავი პირბადით დაიფარა სახე".
მხოლოდ აღდგომა შეიძლებოდა ყოფილიყო ჯილდო ამ უსაზღვრო ტანჯვის მერე. მხოლოდ ქრისტეს აღდგომით მოიპოვებს სიმშვიდეს ბუნება და ჩვენი სულები.
ექვსი დღის განმავლობაში ჩვენ უფალთან ერთად განვიცდიდით მის ტანჯვას. თაყვანი ვეცით იმ ადგილებს, სადაც ის იტანჯებოდა და ცრემლები ვაწვიმეთ. დაფლეთილია ჩვენი სულები, მაგრამ ფიზიკურად თავს საოცრად კარგად ვგრძნობთ. ცოტა გვძინავს, მკაცრად ვმარხულობთ, საათობით ვდგავართ ღვთისმსახურებაზე, წმინდა ქალაქში ზემოთ და ქვემოთ დავდივართ. არავინ იღლება, არავინ ავადმყოფობს, არავინ წუწუნებს! სულები თითქოს საფლავების ქვის ფილებით გვაქვს დაფარული, ჩვენი წამებული უფლის აღდგომის გარდა სხვას არაფერს ძალუძს გადაწიოს ეს ფილები და მკვდრეთით აღადგინოს სულნი ჩვენნი. მოუთმენლად ველით ამ საშინელი შაბათის გასვლას, რომ დადგეს დიდებული ერთშაბათი (დიდებული აღდგომა).
სად არიან შაბათის თაყვანისმცემლები, რატომ არ მოვიდნენ იერუსალიმში, ექვსი დღე ჩვენთან ერთად რომ განეცადათ სულიერი სატანჯველი? მაშინ თავში აღარ მოუვიდოდათ შაბათის დღესასწაული და კვირის უარყოფა. ამ შაბათს მცირედითაც არ შეუმსუბუქებია ჩვენი მწუხარება. ამ შაბათს მთელი სისავსით შევიგრძენით ჩვენი უფლის ვნება, შევიკრიბეთ მთელი მისი ტკივილი და ველოდებით აღდგომას, როგორც ხსნას, განმსუბუქებას და განსვენებას.
- ამ დღეს რა დაემართა უფალს? - მკითხა მომლოცველმა ილიამ.
- ის ჩავიდა ჯოჯოხეთში, რომ გამოეცხადებინა თავი და თავისი სახარება მათთვის, ვინც მის მოსვლამდე გარდაიცვალა, რათა თავის საფარველქვეშ აეყვანა კაცობრიობის ყველა თაობა - წარსულნი, დღევანდელნი და მომავალნი, ყველასთვის მიეტანა ჭეშმარიტება, ყველასთვის მიეცა ცხონება. ნუთუ შაბათის თაყვანისმცემლები ჯოჯოხეთში შთასვლას აღიარებენ, კვირას კი პატივს არ მიაგებენ? დღეს ჩვენ რამდენჯერმე ვიყავით უფლის საფლავის ეკლესიაში, მაგრამ სულ იქ ყოფნა გვინდოდა, თითქოს ჩვენი უხილავი პატრონი თავისი გოლგოთისკენ მიგვიხმობდა, რომ თავისი ხორციელი წყლულებით განეკურნა ჩვენი სულიერი იარები. ამ ტაძარს ქრისტეს აღდგომის ტაძარსაც ეძახიან, ჭეშმარიტად, არაერთხელ აღმდგარა ნანგრევებიდან. წარმართმა მეფემ ანდრიანემ საძირკვლამდე დაანგრია და მის ადგილას რომაული სისაძაგლე, ვენერასა და იუპიტერის კერპები დააყენა. იულიანე განდგომილი, ომარ არაბი, ხოსრო სპარსი ძარცვავდნენ და შეურაცხყოფდნენ მას. მაგრამ ტაძარი, თავისი დამანგრევლების სიკვდილის შემდეგ, ახალი და უფრო მეტი დიდებით და მშვენებით აღდგებოდა. ნუთუ ეს არ არის აღდგომა? ნუთუ ქრისტეს ჯვარი მიწაში არ იყო დაფლული და არ აღდგა იგი?
ჰოი, დიდებულო უფალო იესო ქრისტე, ერთადერთო უძლეველო და ყოვლადძლიერო! ტაძარნი შენი სახელის მატარებელნი აღდგებიან, აბა, განა არ აღდგებიან კაცნი და ერნი? განა თვითონვე კი არ აღდგები მკვდრეთით, საუკუნო ჭეშმარიტებაო და ჭეშმარიტო სიცოცხლევ!
"აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი", - გალობს პატრიარქი. "ქრისტოს ანესტი" - გალობენ ბერძნები. საფლავი სამოთხედ გადაიქცა, ვნების ადგილი - სიხარულის წყაროდ. ყველას ხელთ სანთლები გვიჭირავს, მაგრამ ჩვენი სულები სანთლებზე ნათელია. "ხრისტოს ვოსკრეს", - გალობენ რუსები. საკვირველად და ალერსიანად, რბილად, როგორც მხოლოდ რუსებმა იციან.
ამ წამში, ამ ადგილზე, ყველაზე უხეირო გალობაც მშვენივრად მოგეჩვენება და ყველაზე ულამაზო სახე - ულამაზესად. აღდგომის ნათელი და სიხარული ყველაფერს ცვლის, გარდასახავს: ხმასაც, სახესაც, ნივთებსაც. გარშემო ყველაფერი მშვენიერია, ყველაფერი წმინდაა, ყველაფერი ბრწყინავს, თითქოს სამოთხეში ხარ.
"ქრისტე აღსდგა", - გალობენ არაბები და ტაშს უკრავენ. ცრემლები ჩამოსდით სახეზე და ათასობით სანთლისა და კანდელის შუქზე უბრწყინავთ. მწუხარების ცრემლები სიხარულის მსახურებად ქცეულან. რა დიდებულია ადამიანის სული! მასზე აღმატებული მხოლოდ უფალი და მისი ანგელოზებია!
"ქრისტე აღსდგა", - გალობენ სერბები, კოპტები, სომხები, ბულგარელები, აბისინიელები - ყველა თავის ენაზე, თავისებური წაგალობებით. მაგრამ ყველა მშვენივრად გალობს. გარშემო ყველანი ანგელოზებივით ლამაზები და კეთილები არიან. ეს ისეთი სასწაულია, რომელიც მხოლოდ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს შეეძლო მოეხდინა. ეს არის სწორედ ერთადერთი საფუძველი კაცთა შორის ძმობისა - ყველა ადამიანი კეთილი და მშვენიერი რომ დაინახო.
მას შემდეგ, რაც სააღდგომო ტროპარი იგალობეს, უფლის საფლავის გარშემო დაიწყო ლიტანია. ფესკიანი აზიელები, ჩალმიანი აფრიკელები რაღაც სხვა, თავიანთ სიმღერას მღეროდნენ და ტაქტებად ყოფდნენ ხელ-ფეხის მოძრაობით. "ერთი რწმენაა მხოლოდ ჭეშმარიტი, მართლმადიდებლობა!"
ამას მოჰყვა კანონი და ლიტურგია. მაგრამ ყველა საკითხავი და გალობა იხშობოდა იმავე ძლევაშემოსილი საგალობლით: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით!"
განთიადისას დასრულდა ტაძარში სააღდგომო მსახურება, მაგრამ გაგრძელდა ჩვენს სულებში. ახლა ყველაფერს ქრისტეს აღდგომის ნათელში ვუცქერთ, და ყველაფერი გუშინდელისგან განსხვავებით გამოიყურება: საზეიმო და მშვენიერია. მხოლოდ აღდგომის ამ ნათელში იძენს აზრს სიცოცხლე.
შუადღისას ანტიპასქა ვიმსახურეთ - ჯვრიანი მსვლელობა მოეწყო მთელ იერუსალიმში და სახარება იკითხებოდა მრავალ ენაზე. ამის მერე ვუცქერდით, არაბები როგორ თამაშობდნენ მახვილებით, მერე კი ხელში აყვანილი მოჰყავდათ პატრიარქი. გეთსიმანიაში წმინდა მაგდალინელის რუსულ ეკლესიაში მიგვიწვიეს საყვარელმა რუსმა დედებმა. კვლავ გავუყევით უფლის ვნების გზას (ვია დოლორესა). მაგრამ ვხედავთ, ახლა უკვე გარშემო ყველაფერი სხვანაირია - მშვენიერია და ბრწყინვალე! რა სიმსუბუქეა სულში! ქრისტემ სძლია სიკვდილს და მასთან ერთად ტანჯვას და მწუხარებას. აღდგომის ნათელში მათი კვალიც აღარ ჩანს.
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად აღსდგა ქრისტე!