ღმერთს მამა რომ უწოდო, თავად უნდა იყო შესაფერი შვილობისა
06.03.2008
ადამიანის სულიერი გარდაქმნა, განახლება, ცოდვით დაბინძურებული ბუნების განწმენდა გამუდმებულ შრომას, საკუთარ თავზე დაკვირვებასა და უდიდეს შემართებას მოითხოვს.
ღვთისშვილობა - ეს საიდუმლო პატივი განსაკუთრებულ გააზრებასა და პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ღმერთს მამა რომ უწოდო, თავად უნდა იყო შესაფერი შვილობისა. შვილი სახეა მშობლებისა, ოჯახში იზრდება და მის გარემოში ყალიბდება. შვილის კეთილი და სათნო ქცევით მისი მშობლები, კერა და ახლობლები იდიდება. ღვთის ტაძარი, ეკლესია ქრისტეს სახელისა და რწმენის ქვეშ გაერთიანებულ მორწმუნეთა წმინდა ოჯახია, რომლის წიაღშიც იშვება, იზრდება და სრულ იქმნება ჩვენი სულიერი ყოფიერება.
ეკლესია გვირჩევს, გვასწავლის და ძალას გვაძლევს, ყოველივე ამის აღსრულება კი ჩვენს თავისუფალ ნებაზე, არჩევანსა და მონდომებაზეა დამოკიდებული. ეკლესიურობა არ ნიშნავს მხოლოდ ტაძრებში სიარულს, წირვა-ლოცვაზე დგომასა და საიდუმლოებებში მონაწილეობას; ეკლესიურობა ყოველივე ამის აღბეჭდვაა, გაცოცხლება და გამოვლინებაა ჩვენს ქცევასა და არსებობაში, როდესაც ტაძარი, როგორც საკუთარი თავი სარკეში, ისე აისახება ჩვენში, როდესაც ყველგან და ყველაფერში გამოვავლენთ მის მადლს, სიწმინდეს, ქადაგებასა და სწავლულებას. ეკლესიური ადამიანი მოძრავი, ცოცხალი ტაძარია უფლისა, რომელშიც წარუშლელადაა ამოტვიფრული, გაცოცხლებული მცნებები ღვთისა. იგი, როგორც ძველი აღთქმის მოძრავი კარავი, ისე დაატარებს ახალი აღთქმის სიწმინდესა და მადლს. კარგი შვილით მშობლები იდიდება, ჭეშმარიტი მორწმუნით კი ღმერთი მაღალი. შეუძლებელია, ადამიანი, რომელმაც გულამდე მიუშვა რწმენა, მთელი არსებით მიიღო საღვთო სწავლება, გულგრილი დარჩეს მის საქმით აღსრულებაში.
ეკლესია სულიერი სასწავლებელია, სულის აღსაზრდელი სკოლაა, რომელიც გვასწავლის, როგორები უნდა ვიყოთ და თავადვე გვაძლევს მაგალითსა და ძალას ყოველივე ამის განსახორციელებლად, ცხოვრებაში დასანერგად. სწავლა და შრომა ჩვენს სურვილზე, შემართებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული, რადგან მოუწყინებელი ძალისხმევისა და მცდელობის გარეშე შეუძლებელია მცირე წარმატების მიღწევაც კი. საღვთო სწავლების სიდიადესა და სიტკბოს მაშინ შეიგრძნობ, როცა საკუთარ თავზე გამოცდი და აღასრულებ მის სწავლებას. როგორი ადვილიც არის მოწამეთა და წმინდა გამოცდილ მამათა შრომის, ღვაწლის, ტანჯვისა და წამების კითხვა, მოსმენა მათ აღსრულებასთან შედარებით, ასევე უცნობია საუფლო მცნებების ძალა და მადლი იმ ადამიანისთვის, რომელიც მხოლოდ კითხულობს და ისმენს მათ შესახებ, თავად კი არ ცდილობს შესრულებასა და საკუთარ თავზე გამოცდას. იმას კი ნუ ითვლი, რამდენი წელი იარე ეკლესიაში, დაითვალე, რა შეიძინე, გამოასწორე და შეცვალე შენში ამ დროის განმავლობაში, რათა წლების სიმრავლე სამხილებლად და შესარცხვენად არ გექცეს, რამეთუ თუკი ზრდასრული ადამიანი კვლავ მცირეწლოვანი ბავშვის გონებითა და ენით საუბრობს და მსჯელობს, ჯანსაღ შეფასებასა და აზრს არ წარმოშობს მსმენელში. მსგავსად ამისა, შენც უქმად დაგიკარგავს ოქროს წუთები, რადგან ეკლესიის კარს გამუდმებით აღებდი, შენი გულის კარი კი მარად დახურული გქონდა. ღვთის სახლი სიყვარულით გეგებებოდა და გმასპინძლობდა მუდამ, შენ კი არ იღებდი მას შენს წიაღში, მან ოჯახის წევრად შეგრაცხა და შვილად გაღიარა, შენ კი უკუაგდე მისი ამაგი, მის დაუძინებელ მტრებს უწოდე მშობლები და მათ "მიჰყიდე" წმინდა სიყვარული.
დედის მოსიყვარულე შვილს, რომც ვერ ასრულებდეს მშობლის თხოვნას, რჩევასა და დარიგებას, მცდელობა, მონდომება და სინანული მაინც აღეძვრება ჩადენილი უმსგავსო საქციელის გამო. უამისოდ არ არსებობს დედაშვილური გრძნობა, სიცრუე და მოჩვენებითია ყოველი სიყვარული და არც შეიძლება იწოდებოდეს ამად.
ტაძარში სიარულის სიხშირე შენი სათნო ცხოვრების დინებას უნდა შეეფერებოდეს, რადგან ოქროს ფასია მასში გატარებული თითოეული წუთი. ოქრო სიდიდით არ ფასდება, არამედ ხარისხითა და წონით. ჩვენი ეკლესიურობაც სულიერი ხარისხითა და რწმენის სიმტკიცით განისაზღვრება. აუცილებელია, მთელი ძალისხმევითა და მონდომებით ეცადო, რაც შეიძლება წმინდად დაიცვა თავი დღიდან დღემდე, ზიარებიდან ზიარებამდე. თუ აშენებ და იმავდროულად ანგრევ, ვერასდროს ააშენებ - თუ დადებულ აგურს არ გაუფრთხილდები, ახალს როგორღა დაადებ? სულიერ ცხოვრებაშიც მიღებულ მადლსა და სიკეთეს განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება, რადგან ხვალ იგი საძირკველი გახდება მეორისა, და ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი სულის ტაძარი გუმბათით არ გადაიხურება. რამდენადაც აშენებ შენი სულის სახლს, იმდენად იწოდები ეკლესიის შვილად და აღზრდილად. ეკლესიურობა ნიშნავს - ყველგან და ყველაფერში დაატარებდე მასში მიღებულ მადლს, გამუდმებით ცდილობდე, შეინარჩუნო სიწმინდე, ყოველივე, რაც ტაძარში - ღვთის სახლში მიიღე და მოიპოვე. შვილობა მშობლის მსგავსებას გულისხმობს, შობას დედის წიაღიდან. შობილი მსგავსი უნდა იყოს მშობლისა, უნდა ცდილობდეს მაინც ამას.
ადამიანი ყველაზე აღმატებული ტაძარია ღვთისა, რადგან უფლის ხელით გამოძერწილი, საუფლო სულით აღვსილი და გაცოცხლებულია. ტაძარი ღუმელია, რომელშიც სულიწმინდის მადლითა და ცეცხლით მრავალი ოქროს სული იწრთობა, ოქრომჭედელი და სულთა განმგებელი კი მამა, ძე და სულიწმინდაა. შესაძლოა, მრავალი ქვის ტაძარი ააგო, მაგრამ გულითა და სულით არ მონაწილეობდე მშენებლობაში, რამეთუ შენი ცხოვრების წესით დღენიადაგ ანგრევდე მას. ააგე შენი სულის ტაძარი და ღვთის წინაშე თვით იერუსალიმის აღმაშენებლად შეირაცხები. რამდენადაც აღემატება სული ხორცს, იმდენად დიდია ჩვენი შინაგანი, სულიერი სიწმინდე მხოლოდ გარეგნულად, ხორციელად, ხელებით აშენებულ ტაძართან შედარებით. უფალი ჩვენი სულების განახლებასა და განწმენდას ითხოვს და ელის, რადგან ტაძრის აუშენებლად ცხონება შესაძლებელია, სულის უარყოფისა და მოძულებისას კი - შეუძლებელი. შესაძლოა, ტაძრის ასაგებად მრავალი აგური დადო, საკუთარი სულისთვის კი - არც ერთი, ან ყოველწლიურად ანგრევდე იმ მცირედსაც, ღვთის წყალობითა და შემწეობით რომ აგიგია.
იცხოვნე სული და შენს ირგვლივ ათასობით ცხონდება; გაამდიდრე, გააცოცხლე საკუთარ თავში რწმენა უფლისა და მისი მაცხოვნებელი ძალითა და მადლით მრავალ მიძინებულ სულს გამოაფხიზლებ და აღაშენებ უფლის სადიდებლად.
ეკლესიური ცხოვრება განმსაზღვრელია ჩვენი ყოფიერების წესისა, რომელიც თითოეული ჩვენგანის არსებობაში, მოქმედებასა და მეტყველებაში აისახება. ეკლესია ჩვენი სულიერი შობის, განახლების ადგილია, იგია ჩვენი წმინდა ემბაზი, რომელშიც ხელახლა ვიბადებით ქრისტეში, წმინდა სამებაში, მაცხოვნებელ მადლში. ამიტომაც გაცილებით მეტად უნდა გვიყვარდეს იგი, ვიდრე ჩვენი საკუთარი სახლი - ხორციელი სამყოფელი. ვინც ჯერ კიდევ სტუმარია ეკლესიისა, იგი არ არის მისი შვილი, სტუმრობა კი გულისხმობს ადამიანის მხოლოდ ფიზიკურ, გარეგნულ მყოფობას მის წიაღში და არა ჭეშმარიტ შესისხლხორცებასა და გათავისებას ეკლესიის მაცოცხლებელი მოძღვრებისას. თუკი ასე ძლიერ გვიყვარს საკუთარი სახლი, რომელსაც სიხარულით მივაშურებთ ყოველი დღის ბოლოს და მასში საზრდოს, ხორციელ შვებასა და განსვენებას ვპოვებთ, რათა ფიზიკური ძალები აღვიდგინოთ და ახალი დღისთვის მოვემზადოთ, როგორ არ უნდა გვიყვარდეს ღვთის სახლი, ქრისტიანთა დიდი ოჯახი, რომელშიც სულიერად ვისვენებთ, ნათლობითა და ზეთის ცხებით განვიწმინდებით და წმინდა, მაცხოვნებელი ზიარებით ვიკვებებით, რომლითაც ახალ დღეს, ახალ სიცოცხლეს, ზეციურ სასუფეველს მივეახლებით?
სტუმარს გული შინისკენ მიუწევს, რადგან უცხოა მისთვის გარემო, რომელშიც იმყოფება. ასევეა ეკლესიის წიაღში ჯერ კიდევ დაუმკვიდრებელი, მიუჩვეველი სული - მისთვის "სახლი" კვლავ ცოდვილი გარემოა, ლიტონი თავისუფლებაა, ამიტომ ძველებურად მისკენ მიიწევს.
ეკლესია შემზღუდველია ასეთი კაცისთვის, რადგან ფიქრობს, რომ თავს ახვევს მისთვის მიუღებელ წესებსა და კანონებს, ბოჭავს მის ცოდვილ ყოფასა და ფუჭ არსებობას, ამიტომაც ხშირად გაურბის მას. გაუხედნავი ცხენივით არც მას მოსწონს, როცა მხრებზე ტვირთს გრძნობს და აღვირით მართავენ. მაგრამ თუ ხორციელი სნეულების მოკვეთა ძლიერ მტკივნეულია, როგორღა გინდა, უმტკივნეულოდ აღმოფხვრა სულის სნეულებანი, რომლებიც მთელი ცხოვრება მეორე ბუნებასავით სდევდა შენს არსებობას? ვინც დღენიადაგ ქრისტეს მასპინძლობს საკუთარ სულში, იგი ბოროტებისა და ცოდვისთვის მიუღებელი, არასასურველი სტუმარი იქნება.
ეკლესიის შვილობა, უპირველეს ყოვლისა, მის მშობლად აღიარებას ნიშნავს, მშობლად კი ის მიიჩნევს ეკლესიას, ვინც თავის თავში ქმნის და ძერწავს მის ხატებას. სულის ტაძრის მშენებლობა ხანგრძლივი, დაუსრულებელი პროცესია. ის ტანჯვით, მწუხარებით, ტკივილითა და ცრემლით იწყება, მაგრამ უკვდავებად და სიხარულად გარდაიქმნება, რადგან თავად ქრისტე შეიწირავს ჩვენს ნაშრომს, უფალი განადიდებს ჩვენს ღვაწლს, ოქროს გუმბათითა და ჯვრით განამშვენებს ჩვენი სულის ტაძარს, რათა მასთან ერთად - წმინდა სამებასთან ერთად მარადიულად ვიდიდოთ ზეციურ სასუფეველში. ამინ!