ღმერთია ჩვენი მსესხებელი, ხოლო ჩვენ, ყველანი, მისი მოვალეები ვართ. ზეციურმა მამამ სესხად მოგვცა ათასობით ტალანტზე მეტი - სიცოცხლე და არსებობა მოგვმადლა, სხეული და სული მოგვანიჭა, გონიერება, გული და გრძნობები გვიბოძა; მოგვცა ქვეყანა ფერხთა ქვეშ, გვიწყალობა ზეცის მშვენიერი კარავი თავთა ზედა; მოგვცა მზე ხედვისა და სიცოცხლისთვის, ჰაერი - სუნთქვისთვის; პირუტყვნი და მიწის აღმონაცენნი საჭიროებათა და მოთხოვნილებათათვის, საზრდოდ, შესამოსად, სამკვიდრებლად, საცხოვრებლად, ჩვენი ქმედების საწურთნად, სასარგებლო და საამო საქმეთა აღსასრულებლად. და რაღა უნდა ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანსა და ფასდაუდებელზე, რაც ღმერთმა სესხად მოგვცა: თავისი საღმრთო მადლის საუნჯეზე?! ჩვენ, ცოდვილებს, დაბნელებულთ, წარწყმედილთ მოგვანიჭა ნათელი სარწმუნოებისა, იმედი, სასოება ხსნისა; თავისი მხოლოდშობილი ძე გაიღო საუკუნო სიკვდილისაგან ჩვენს გამოსასყიდად; როგორც წინდი, როგორც დასაბამი, როგორც საგზალი საუკუნო და ნეტარი ცხოვრებისა, მოგვანიჭა თავისი სული წმინდა, ნათლისღება აღორძინებისა და მეორედ შობისა, ქრისტეს სხეულისა და სისხლის უხრწნელი საზრდო.
როცა პეტრე მოციქულმა ჰკითხა ქრისტეს, შეენდო თუ არა ძმისთვის შვიდჯერ, იგი უკვე გრძნობდა სიყვარულის ახალ კანონს, რომელიც უფალმა მოიტანა ზეციდან - ყოველივეს მპატიებელ და დამფარველ სიყვარულს; მაგრამ ჯერ ცხადად ვერ ხვდებოდა, რომ სიყვარულის ძალას ვერ მოერევა სიძულვილი. როცა ღმერთი ავალებს კაცს, აპატიოს ძმას, მას არა აქვს ნება თავის უფლებებზე მსჯელობისა; უნდა აპატიოს უბრალოდ და უპირობოდ, რადგან ადამიანი ღვთის წინაშე გადაუხდელი მოვალეა. წმინდა ოქროპირი ამბობს: "რათა უფლის მოთხოვნა მოყვასის სამოცდაათჯერ შვიდგზის პატიებისა ვინმეს არ მოეჩვენოს ძალზე დიდად და ძნელად, იესო ქრისტე იგავში, რომელშიც ანადგურებს იმას, ვისაც შეეძლო ეამაყა, აჩვენებს, რომ ასეთი ბრძანება არათუ ძნელი, არამედ ძალიან მსუბუქიც კია. მანამდე ამ იგავში გვიჩვენა თავისი კაცთმოყვარეობა, რათა შეიგნო, მოყვასს კიდეც რომ აპატიო სამოცდაათჯერ შვიდგზის, მაშინაც კი შენი კაცთმოყვარება იქნება შორს დაუსრულებელი ღვთიური სიკეთიდან, რომელიც შენთვის საჭიროა მომავალ სამსჯავროზე". პეტრეს რომ შეძლებოდა გაგება, რისთვის ბრძანა ღმერთმა უთვალავჯერ პატიება, უფალი ამბობს: "ემსგავსა სასუფეველი ცათაი კაცსა მეუფესა, რომელმან ინება სიტყვის განგებაი (ანგარიშის გასწორება) მონათა თვისთა თანა", რომელთაც მეფის კუთვნილი დიდი სიმდიდრე ჰქონდათ მიცემული.
ეს არის პირველი იგავი, რომელშიც უფალი წარმოდგენილია მეფედ, რომელსაც ყოველი ხელმწიფება მიეცა "ცათა შინა და ქუეყანასა ზედა". "და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი თანამდები ბევრისა ტალანტისაი" - მოვალე, რომლის ვალის გადახდა შეუძლებელი იყო. იქნებ ის იყო სამეფო საგანძურის გამგებელი, ანდა მეფისკაცი, რომელსაც ევალებოდა, შეეკრიბა და მიერთმია მეფისთვის შესაწირი, მაგრამ შემოეხარჯა მეფის კუთვნილი. იგი მიიყვანეს მეფესთან, რადგან თავისით ალბათ არც მივიდოდა მასთან. "უბედურება მარტო ის კი არ იყო, რომ ძალიან დიდი ვალი ჰქონდა, - ამბობს წმინდა ოქროპირი, - არამედ კიდევ ის, რომ იგი პირველი მიიყვანეს მეფესთან. სხვა მრავალი გამოსწორებული მოვალის შემდეგ რომ მიეყვანათ, ისე ძალიან არ იქნებოდა გასაკვირი ბატონის განურისხებლობა: ადრე შესულთა გამოსწორებას შეეძლო, გაეხადა იგი უფრო შემწყნარებელი გამოუსწორებლებისადმი. მაგრამ მიუხედავად ამისა, იპოვა ბატონი კაცთმოყვარე, აი, ეს არის განსაკუთრებით გასაკვირი და არაჩვეულებრივი".
და ყოველი ჩვენგანი, ცოდვილი, ღვთის სიმართლის სამსჯავროს წინაშე არის ისეთივე ვერგადამხდელი მოვალე. ათი ათასი ტალანტი - ჩვენი ცოდვებია ღვთის ათი მცნების წინააღმდეგი, ჩვენი უმადურობის ვალი ღვთისგან ჩვენზე გაღებული ურიცხვი მოწყალებისა. მან მოგვცა ჩვენ არსებობა და სიცოცხლე...
რაღა უნდა ვთქვათ მისი მადლის საგანძურზე: უფალმა გვიბოძა რწმენის ნათელი, გადარჩენის იმედი, თავისი მხოლოდშობილი ძის სიკვდილით გადაიხადა ჩვენი მარადიული ვალი სიკვდილისგან გამოსახსნელად... ღვთის წინაშე ვალები ავადმყოფურად გვამძიმებს - ეს ჩვენი ცოდვებია. "ჩვენ ანგარიში უნდა მივცეთ უფალს ჩვენთვის დადგენილ მცნებათა შესრულებისთვის, მაგრამ რაც არ უნდა ვეცადოთ, არ შეგვიძლია ყველაფრის შესრულება", - ამბობს წმინდა ოქროპირი. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ იმაზე მეტის გაკეთებას, რისი გაკეთებაც გვევალება ღვთის სჯულის მიხედვით, ხოლო ცოდვა მაინც ცოდვად რჩება; ვალი - ვალად და აღარ გვაქვს მისი გადახდის არც თავი, არც სახსრები. ჩვენ ვცხოვრობთ ცოდვებში და ყოველ დღეს ვუმატებთ ჩვენს ვალს ღვთის სამართლიანობის ზეციურ წიგნში.
კეთილმა მეფემ კარგად იცოდა, რომ მოვალეს არაფერი გააჩნდა გადასახდელად, ამიტომ გადავადების ნაცვლად ყველაფერი აპატია. რა მშვენიერი მაგალითია ღვთის მოწყალებისა ცოდვილი ხალხის მიმართ! მევალეს არა აქვს საშუალება გასამართლებლად, - მეფეს აქვს ყველა უფლება, შეასრულოს განაჩენი, დამნაშავე არ თვლის შესაძლებლად პატიების თხოვნას, არამედ უნდა, მისცენ დრო გადასახდელად. და უცებ ყველაფერი ეპატია. ღვთის სამსჯავროს სიმკაცრე შერბილდა, როცა ცოდვილმა გულწრფელად აღიარა დანაშაული. ამ მოჩვენებითი სიმკაცრით მხოლოდ შეინიღბა ღვთის უსაზღვრო სახიერება, საკუთარი დანაშაულის შეგნებამდე ადამიანის მიყვანა ხელახალი სიკეთეა ღვთისა; თვით ეს ანგარიშგება, რომელიც თავდაპირველად სიკვდილით იმუქრებოდა, ხდება უკვე უდიდესი მოწყალება. ცოდვილმა თავიდანვე უნდა შეიგნოს სიმრავლე ცოდვებისა, იქამდე, ვიდრე ეს უმძიმესი ტვირთი ჩაიძირება ღვთის მოწყალების სიღრმეში. იმ წუთში მონა იყო კეთილი და მგრძნობიარე - ფეხებში ჩაუვარდა ხელმწიფეს, ვინაიდან შეაწუხა ცოდვებმა და შეიცნო სიდიდე თავისი ვალისა. ეს ისე მშვენიერია, რომ უფალს რომ ეთქვა, - წადი და შენც ასე მოიქეციო, გაუქვავებელ გულს უნდა ეპასუხა, - წავიდეთ, შევასრულოთო, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება.
მონა ბატონის სასახლიდან გამოვიდა. ჯერ კიდევ ცხოვლად განიცდიდა მადლის მოქმედებას. "პოვა ერთი მისი თანამონაი, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი". აი, რა დიდია განსხვავება ღვთის საწინააღმდეგო ცოდვასა და ადამიანის წინაშე ჩადენილ ცოდვებს შორის! როგორც ათი ათასი დრაჰკანი ას დინართან შედარებით და უფრო მეტიც. კაცის თვალწინ თავს ვიკავებთ, ვერიდებით ცოდვის ჩადენას, ღვთის წინაშე კი, თუმცა იგი მუდამ გვიყურებს, არ გვრცხვენია. მონა გამოვიდა იმიტომ, რომ ბატონის თანდასწრებით ვერ გაბედავდა თავხედობას. შეიპყრო თავისი მოვალე, "შეაშთობდა მას და ეტყოდა: მომეც, რაიცა-იგი თანა-გაც". ვალი იმდენად მცირე იყო, რომ თვით მევალეს შერცხვა ეთქვა, მომეცი ჩემი ასი დინარიო. ეს შეუბრალებელი მასესხებელი იქცევა უფრო მკაცრად, ვიდრე სურდა მოქცეოდა მას მეფე. მას უნდოდა, რომ იგი განეკითხათ ერთი საზომით, თვითონ კი თავის მოვალეს სხვა საზომით განიკითხავს. მას სურს იყოს შენდობილი, ხოლო თავად არ უნდა აპატიოს სხვას დანაშაული. მას არ სურს იცოდეს, რომ, თვითონ იპოვა რა სიყვარული, უნდა უყვარდეს სხვებიც, რომ ისარგებლა რა მოწყალებით, უნდა დაივიწყოს თავისი უფლება მოვალეზე, ხოლო თუ უნდა ისარგებლოს მოყვასთან დამოკიდებულებაში მართლმსაჯულების კანონებით, მაშინ თავადაც უნდა დაელოდოს იმავე მართლმსაჯულებას და ასევე უნდა იცოდეს, როგორი საზომითაც ზომავს იგი, იმავეთი განიზომება თავადაც. "მაშინ შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა და ყოველივე მიგცე შენ". ამაოდ: მკაცრი ადამიანი ვერ შეძრა იმ სიტყვებმაც კი, რამაც ის-ის იყო, თავად იხსნა დაღუპვისგან, მოასწრო იმ მოწყალების დავიწყება, რომელიც მიიღო თავად.
ეს მაგალითი გვასწავლის, რომ ყოველთვის მოწყალენი და თანამლმობნი ვიყოთ მოყვასთა მიმართ. ათი ათასი ტალანტით ქრისტემ ჩვენი ცოდვები აღნიშნა ღმერთის წინაშე, ხოლო მოყვასის ცოდვათა პატიება - ასი დრაჰკანით.
აპატიე მოყვასს ეს ასი დრაკჰანი, მცირედი ვალი და ღმერთი შენ ათი ათას ტალანტს მოგიტევებს. ამისკენ მოგვიწოდებს ღვთის სიტყვა, როცა გვეუბნება: "არამედ ეკრძალენით თავთა თქვენთა; უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას. დაღათუ შვიდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შვიდ-გზის მოიქცეს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას" (ლუკა 17,3-4). და არა მხოლოდ მიუტევეთ ხოლმე თქვენს მოყვასთ შეცოდებანი და წყენანი, არამედ კეთილიც უყავით მათ. ხოლო თუკი ვინმე მოყვასისადმი მტრობით ცხოვრობს და არ პატიობს, უწყოდეს, ამით საკუთარ თავსვე აზიანებს და არა სხვას.
ლევან მათეშვილმა