მას შემდეგ, რაც ქართველები დედაეკლესიის წიაღში დაბრუნდნენ და მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით დაიწყეს ცხოვრება, ამ წეს-ჩვეულებას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ხშირად გაიგონებთ: "უფალს ჩვენგან მირთმეული საკლავი არაფრად უნდა, მთელი სამყარო ხომ ისედაც მისიაო". შესაძლოა, ეს სიტყვები ბევრმა 49-ე ფსალმუნის ერთგვარ ინტერპრეტაციად მიიჩნიოს: "არა შევიწირავ მე სახლისა შენისაგან ზუარაკთა, არცა არვისა შენისაგან ვაცთა; რამეთუ ჩემი არს ყოველი მხეცი ველისაი, ნადირი მთათაი და ყოველი პირუტყუი; ვიცნი მე ყოველნი მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაი ველთაი ჩემ თანა არს. შე-თუ-მემშიოს, არავე შენ გეტყოდი, რამეთუ ჩემი არს სოფელი და სავსებაი მისი. ნუ ვჭამოა ხორცი ზუარაკთაი ანუ სისხლი ვაცთაი ვსუაა?" მაგრამ შემდგომ ამისა მეფსალმუნე ამბობს: "შეწირე ღმრთისა მსხვერპლი ქებისაი და მიუსრულენ მაღალსა აღნათქუამნი შენნი". ეს კი ნათლად მიგვითითებს, რომ უფალი შესაწირს ელის. მეტიც, გვავალდებულებს კიდეც, აღვასრულოთ ყოველი აღთქმა, რომელსაც ღვთის წინაშე დავდებთ.
წმინდა წერილში, როგორც ძველ, ისე ახალ აღთქმაში, მრავლად არის მაგალითი ძღვნის შეწირვისა. ღვთისთვის მსხვერპლის შეწირვის წესი უძველესი დროიდან არსებობდა. პირველი მსხვერპლი უფალს სამოთხიდან გამოდევნილი ადამის ძეებმა კაენმა და აბელმა შესწირეს: "გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი" (დაბად. 4,3-4). ღმერთმა აბელის შესაწირი შეიწირა, კაენისა კი არა. არა იმიტომ, რომ აბელის მსხვერპლი სისხლიანი იყო, ხოლო კაენის - უსისხლო; უფალმა აბელის საქციელი მოიწონა: მან თავისი ფარიდან საუკეთესო ცხვარი მიუძღვნა შემოქმედს, კაენმა კი მოვალეობის მოხდის მიზნით მიიტანა შესაწირი. ამგვარად, უფალს სათნოეყო აბელის დამოკიდებულება შესაწირის მიმართ, მისი განწყობა.
"გამოსვლათაში" უფალი უბრძანებს ძველი აღთქმის რჩეულ ერს, ისრაელს, დაიცვას უფუარობის დღესასწაული, შვიდი დღე ჭამონ ხმიადი აბიბის თვეში (მარტი-აპრილი), რათა მუდამ ახსოვდეთ, რომ ამ დღეს გამოიყვანა ღმერთმა ეგვიპტელთა მონობიდან. "ხელცარიელი არავინ მეჩვენოსო", - ბრძანებს უფალი, რომელმაც ებრაელებს დაუწესა, უფუარობის ანუ პასექის დღესასწაულზე მსხვერპლი შეეწირათ იერუსალიმის წმინდა ტაძარში. ამდენად, შესაწირის მიძღვნა მოსაწონია ღვთისთვის. ბიბლიის იმავე წიგნში ვკითხულობთ: "შენი მიწის პირველი მოწეული ნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში".
უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს, რომელიც დედამიწაზე ძველაღთქმისეული რჯულის აღსასრულებლად მოვიდა, ცხადია, არც ძღვნის შეწირვა გაუუქმებია.
ხორცშესხმულმა ღმერთმა, რომელმაც შობის შემდეგ პირველი ძღვენი მოგვებისგან მიიღო, - ოქრო, მური და გუნდრუკი, - თავად აღასრულა მოსეს რჯულით დადგენილი წესი, რომლის თანახმად, პირმშო იერუსალიმის ტაძარში უფლის წინაშე უნდა წარედგინათ და მსხვერპლიც შეეწირათ - ორი გვრიტი.
მაცხოვარი ჩვენი მუდამ სიყვარულით იღებდა მოწაფეების მიერ მისთვის გაწეულ სამსახურს. ლუკას სახარებაში ამოვიკითხავთ: "იოანა, ჰეროდეს მნე ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით". ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემდეგ მაცხოვარი მის დებს - მართასა და მარიამს ესტუმრა. მარიამმა აიღო ძვირფასი ნელსაცხებელი, იესოს ფეხებზე სცხო და საკუთარი თმით შეუმშრალა.
იესოს არ აუკრძალავს მორწმუნეთათვის ეკლესიაში შეწირულობის მიტანა. განკურნებულ კეთროვანს შეახსენებს, ღმერთს მოსეს რჯულით განკუთვნილი ძღვენი შესწირეო: "წარვედ და უჩვენე თავი შენი მღდელსა და შეწირე შესაწირავი შენი, რომელი ბრძანა მოსე საწამებელად მათა" (მათე 8,4). იერუსალიმის ტაძარში მაცხოვრის ერთ-ერთი ქადაგების დროს მოდიოდნენ მდიდრები და "დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას" (ლუკა 21,1). მათ შორის ერთი ქვრივიც იყო, რომელმაც ორი მწვლილი (ფულის ერთეული) შესწირა. იესომ კი ყველას გასაგონად თქვა, ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ძღვენი მიართვა უფალს, რადგან სხვებმა ის გაიღეს, რაც ზედმეტი ჰქონდათ, მან კი, რაც გააჩნდა, ყოველივე წრფელი გულით უძღვნა ღმერთსო. უფალი ჩვენს გულს ხედავს და აბელისა და ქვრივის მსგავსად მირთმეულ შესაწირს იღებს.
ეკლესია მატერიალური შეწირულობით არსებობს. ეკლესიისგან სულიერ საზრდოს ვიღებთ, თავად კი ტაძრისთვის ნივთიერ შესაწირს გავცემთ. იგი მრავალგვარია: ეს შეიძლება იყოს გარკვეული თანხა, ღვთისმსახურებისთვის საჭირო ნივთები და პროდუქტები (ხატი, შანდალი, საკმეველი, სანთელი, ღვინო, ზეთი...), ფიზიკური შრომა თუ საზრდელი. ცხოველისა თუ ფრინველის ხორციც ჩვეულებრივი საზრდოა და მათი ეკლესიისთვის შეწირვით, რათა მან საჭიროებისამებრ მოიხმაროს, ხორციელი სიკეთის გაკეთების საშუალება გვეძლევა. ქრისტიანული ცხოვრებაც ხომ ამას მოითხოვს: ვქმნათ როგორც სულიერი, ისე ხორციელი სიკეთე. ასე რომ, ცხოველისა თუ ფრინველის ეკლესიისთვის შეწირვა მხოლოდ მოწყალების გაღებაა. მას სხვა მისტიკური დატვირთვა არ გააჩნია.
იესომ სისხლიანი მსხვერპლშეწირვა გააუქმა. კაცთა ცოდვებისგან გამოხსნისა და სამოთხეში დაბრუნებისთვის ადამიანად მოსული ღმერთი თავად შეიწირა, თავისი ნებით ეცვა ჯვარს, საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა ცოდვის მონობისგან. თუმცა ჩვენში დღემდე მრავლად კლავენ საკლავს სალოცავებში. ლომისობას რამდენიმე ასეული პირუტყვი იკვლება - არა მხოლოდ სოფელ მლეთაში, სადაც ლომისის წმინდა გიორგის მთავარი სალოცავია, არამედ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ყველა ტაძარში. "შენ შეიწირე, დიდო ლომისავ, მორთმეული ცხვარი და ქადა შენი მახვეწარისა", - ილოცებიან საკლავის დაკვლის წინ ხევისბერები. ეს ტრადიცია ერთგვარად ეხმიანება ებრაული სისხლიანი მსხვერპლშეწირვის წეს-ჩვეულებას. უნდა გვახსოვდეს: იუდაური ანუ ძველი აღთქმისეული სისხლიანი მსხვერპლი იყო სიმბოლო, წინასახე ზვარაკად შეწირული მაცხოვრისა. მას შემდეგ, რაც აღსრულდა ძველი აღთქმა, განხორციელდა უფალი და მარადიული სიკვდილისგან გვიხსნა - სიმბოლოების ეპოქა დასრულდა, ყოველივე განცხადდა და უფალიც ელის, როდის მივართმევთ საკუთარ თავს - ღვთის მცნებებით ვიცხოვრებთ, განვიწმენდთ გულს, რათა მარადის შემოქმედთან ყოფნის ღირსნი გავხდეთ.