24.01.2008
მიწაში ჩავარდნილი თესლი იხრწნება და მცენარის სახით აღმოცენდება, თესლში ჩანასახი და წყაროა როგორც მცენარისა, ასევე ნაყოფისა. თესლი სიტყვაა ღვთისა, რომელიც ნოყიერ ნიადაგში ჩავარდა და მრავალი სიცოცხლე აღმოაცენა.
ნიადაგი კი წმინდა წერილია, რომელშიც ერთიანდება როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმა. მცენარის ღერო შეიძლება შევადაროთ ძველ აღთქმას, ნაყოფი კი ქრისტეს, რომლითაც გამოხსნილნი ვართ ყველანი დანაშაულისა და სიკვდილისგან. როგორც მშობიარობის ტკივილი წინ უსწრებს შობასა და მისგან მიღებულ სიხარულს, ასევე ძველი აღთქმაც ტკივილია, ცოდვისმიერი წუხილია კაცობრიობისა, რომელსაც ჭეშმარიტი შობა, დაუსაბამო სიხარული და უფლისმიერი ნუგეში მოჰყვა.
მაცხოვრის შობით გაცოცხლდა ადამი და განახლდა მისი მოდგმა. უფლის შობა მშობელია მშვენიერებისა, სიხარულისა, სამოთხისეული ნეტარებისა. იგია აღმოფხვრა უსამართლობის, სიძულვილის, შურის და ყოველგვარი არაბუნებისეულის, რომელიც ცოდვის მიერ გარედან შემოიჭრა ჩვენში. ძველი აღთქმა პური და ღვინოა, ახალი კი - ღმერთკაცის ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი, რომლის მჭამელსაც არასდროს მოშივდება და მის მსმელს არასდროს მოსწყურდება. ადამის სამართლიანი დასჯითა და ტანჯვა-წამებით გაიხარა ბოროტმა, მაგრამ ქრისტეს უსამართლო ტკივილით, წამებითა და სიკვდილით გოდებს ჯოჯოხეთი. ეშმაკმა დასცინა ადამიანებს სიტყვებით: "იქნებით ვითარცა ღმერთნი", მაგრამ ამ სიტყვებით მან დასცინა თავის თავს, რაჟამს "იქმნა ღმერთი ვითარცა კაცი", როდესაც უფალი განკაცდა.
ქრისტე ნათელია კაცობრიობისა, რომელმაც მოიტანა სიცოცხლე და მადლი დედამიწაზე. ცოდვის გზით ადამიანი სამოთხეში დაემალა უფალს, თვალი მოარიდა მის მზერას. "ადამ, სად ხარ?" - მოიკითხა უფალმა. ამ სიტყვებით შემოქმედმა წარმოაჩინა განშორება და ზღვარი, რომელიც ცოდვის კედლის აღმართვის შემდეგ გაჩნდა ღმერთსა და ადამიანებს შორის.
ახალი აღთქმა - ეს არის ახალ ტიკებში ჩასხმული ახალი ღვინო. ნათლობის მადლითა და სიწმინდით გაცოცხლებული, განახლებული, განმტკიცებული ახალი ჭურჭელია - ადამიანი, რომელშიც "ჩაისხა" მაცოცხლებელი სწავლება, ახალი რჯული და მასზე გაცილებით აღმატებული სიყვარული, სათნოება დ მადლი, რომელიც ჭეშმარიტი გზაა ცხონებისა. ახალმა აღთქმამ სრულყო რჯული, მართლად აღასრულა მისი სწავლება, რადგან "რჯული თვინიერ სიყვარულისა მკვდარ არს". რჯული თესვაა, სიყვარული კი მკა. რჯული ღეროა მცენარისა, სიყვარული კი ნაყოფი მისი. როგორც საძირკვლის გამოცლისას ინგრევა ყოველი მასზე დაშენებული, ასევე სიყვარული და სიმდაბლე საძირკველია თითოეული საუფლო მცნებისა, რომელთა უქონლობისას ყოველი კეთილი და სათნო საქმე უარსო და დღემოკლეა.
ახალი აღთქმა სიმდაბლითა და სიმდაბლეში გამოვლენილი, აღსრულებული სიყვარულია. ძველ აღთქმაში ღმერთი ეცხადება ადამიანებს და განსწავლის მათ, ახალში კი თავად ღმერთი გახდა ადამიანი.
არათუ ადამიანის განღმრთობა, არამედ უფლის, ქვეყნიერების შემოქმედის განკაცება. აღარ არსებობს ჰურიაობა, წარმართობა, კერპთმსახურება, არამედ ყველანი ერთნი ვართ ქრისტეში. რჯულით ვერ განმართლდნენ და სასჯელს ვერ ასცდნენ ძველი აღთქმის მართლები, ქრისტეში კი თვით მეძავიც წმინდა და მართალია. მოჩვენებითი რჯულის მიმდევრებმა, გულით გაბოროტებულმა ადამიანებმა მაცხოვართან მიიყვანეს უზნეობაში მხილებული მეძავი, რათა ჩაექოლათ იგი ამგვარი საქციელისთვის, ქრისტემ კი ჩაქოლა მათი შურითა და ულმობლობით ნასაზრდოები ბოროტი გულისზრახვანი სიტყვებით: "ვინც უცოდველია, მან ესროლოს პირველმა ქვა". ეს არის ღმერთის პასუხი ყველა განმკითხველზე, უღმერთოდ განაჩენის გამომტანზე, ამპარტავანზე, შურიანსა და შეუბრალებელზე. უფლის წინაშე თავმდაბალი, მონანული მეძავი უფრო საყვარელია, ვიდრე ამპარტავანი, მედიდური, მცნებების აღმასრულებელი ვითომ მართალი. არ არსებობს იმაზე დიდი საშინელება, რომელსაც მოჩვენებითი, ცრუ, არსგამოცლილი რწმენა და მისდამი მსახურება ჰქვია. სწორედ რწმენისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ აქცია ებრაელები ღმერთკაცის მკვლელებად. ისე არაფერი სძაგს ღვთიურ სამართალს, როგორც ფარისევლობა. ფარისეველი იუდაზე უარესია, რადგან იუდამ შეინანა თავისი ცოდვა, რაჟამს თქვა: "მართალი სისხლი მივეცი", ცოდვით დაბრმავებულს აეხილა თვალი და შეხედა საკუთარ არარაობას, დანაშაულსა და უსამართლობას. მართლად აღიარა უფალი (რაც არასდროს ამოსვლიათ პირიდან ფარისევლებს) და მათ თვალწინ განაბნია ოცდაათი ვერცხლი - საფასური ღალატისა და სიკვდილისა. იუდა მსხვერპლი გახდა საკუთარი ცოდვისა, ურწმუნოებისა, რადგან ბოლომდე არ მიიყვანა თავისი სინანული, წუხილი, შინაგანი განცდა, კეთილად არ აღასრულა იგი, რადგან არ აღიარა ყოველთა მწყალობლის ქრისტეს წინაშე. თუკი იუდა ფარისეველთა წინაშე უსაშინლესი ცოდვის აღმასრულებელ იარაღად წარმოჩნდა (თუმცა კი საკუთარი ნებით), მაშინ რაღა უნდა ვთქვათ თავად ფარისევლობასა და ფარისევლებზე?
სახარება არის წიგნი უკვდავებისა, სიხარული ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანისა, იგი არის მახარებელი სატანჯველისგან გამოხსნისა, ცოდვების მიტევებისა, ღმერთის შვილობისა და ცათა სასუფევლის დამკვიდრებისა, წიგნი, რომლითაც თავად უფალი გვესაუბრება საკუთარ შვილებს, უფალი ადამიანთა შორის და ანგელოზნი კაცთა თანა ხარობენ. სახარება არის ზეციური სინათლე ცოდვით დაბნელებულ მიწაზე, შემარცხვენელი ეშმაკთა ბნელეთისა და დამამარცხებელი სიკვდილისა, ადამიანთა ანგელოზებად გარდამქცეველი და სიკვდილის ძილად შეცვლის გამომაჩინებელი.
ოთხია სახარება, სამყაროს ოთხი სვეტის შესაბამისად. ოთხია იგი ოთხი ძირითადი სათნოების: სარწმუნოების, სასოების, სიყვარულისა და სიმდაბლის დარად. ოთხნი არიან დამწერნი მისნი: მათე, მარკოზ, ლუკა და იოანე. ეს დიდებული წიგნი შეიცავს საიდუმლოთა საიდუმლოს. ბედნიერნი არიან ის მოკვდავნი, რომლებსაც ღვთისგან მიეცათ მადლი, წაიკითხონ, შეიმეცნონ, მოწიწებითა და ლოცვით წარმოთქვან ამ წიგნის თითოეული სიტყვა. ბედნიერნი არიან ისინი, რომელნიც ცდილობენ, შეაღონ ამ ზეციური სიბრძნის კარი და შევიდნენ მასში, მაგრამ უმჯობესია, არ შობილიყვნენ ისინი, რომლებიც იმისთვის კითხულობენ მას, რომ ეჭვი შეეპაროთ მასში და შეიძულონ იგი.
სახარება ანუ ღმერთი მიწაზე და ადამიანი ზეცაში, წიგნი, რომლის თითოეული ასო მაცხოვრის წმინდა სისხლის ფასია, სიხარული, რომელსაც მრავალი თაობა ელოდა. ნეტარნი არიან თვალები, რომლებიც ხედავენ მას, ნეტარნი არიან სასმენელნი, რომლებიც ისმენენ მას, ნეტარია გონება, რომელიც შეიმეცნებს მას და ნეტარნი არიან ისინი, რომლებიც აღასრულებენ მას, რამეთუ არ ექნება დასასრული მათ სიხარულს როგორც აქ, ისე მომავალ საუკუნო ცხოვრებაში. ამინ!