ძველი ქრისტიანობა ძალიან აფასებდა ქორწინებას. მხოლოდ ერეტიკული სექტები მიიჩნევდნენ ქორწინებას დაუშვებლად. მაგრამ მამები და ყველა საეკლესიო კრებები ერთსულოვნად იმაღლებდნენ ხმას ასეთი უკიდურესობების წინააღმდეგ. ღანგრის კრება (მე-9 მუხლი) ადგენს: "თუ ვინმე ცხოვრობს უქორწინებლობაში არა თავშეკავებისა და სიქალწულის სიწმინდისთვის, არამედ ქორწინების სიძულვილით, გადაეცეს ანათემას". ეკლესიის მასწავლებელი კლიმენტი უპირატესობას ქორწინებას აძლევს. "სრულყოფილი ქრისტიანი, - ფიქრობს იგი, - რომელიც უფლის სიტყვის ნებით ქორწინდება, მაგალითად, ჰყავს მოციქულები (რომლებსაც, მისი აზრით, ჰყავდათ მეუღლეები), ასეთი ადამიანი სხვებზე მაღლა დგას. დაქორწინებული კაცი და ოჯახის პატრონი ცხოვრობს მრავალი საცდურის გარემოში, რომლებსაც იგი ხვდება მეუღლესა და შვილებზე, ჯანმრთელობასა და ქონებაზე ზრუნვისას, თანაც რჩება ურყევი ღვთაებრივ სიყვარულში. ქრისტიანული სული უპირველესად დიდ ზეგავლენას ახდენს ქორწინების პირობებზე. ეკლესიისგან ქორწინების კურთხევის პირველ ნაკვალევს ვხვდებით ეგნატე ანტიოქიელის მიერ პოლიკარპე სმირნელისადმი მიწერილ წერილში. "ისინი, ვისაც მოჰყავთ ცოლი ან თხოვდებიან, უნდა შეკავშირდნენ ეპისკოპოსის თანხმობით, რომ ქორწინება იყოს კურთხეული უფლისგან და არა ავხორცობით". ქორწინება უკვე აღარ არის სამოქალაქო საქმე, როგორც ეს კერპთაყვანისმცემლობისას იყო, იგი ეკლესიის საქმეც გახდა. ტერტულიანე წერს: "როგორ შეიძლება აღწერო ქორწინების ბედნიერება, ეკლესიისგან ნაკარნახევისა, ლოცვით განათლებულისა, ანგელოზებისგან ცაში ატანილისა, მამაღმერთის კურთხეულისა?" სხვა შემთხვევაში იგივე მწერალი ამბობს: "საიდუმლო საქორწინო კავშირები, ანუ ისინი, რომლებიც ეკლესიის წინაშე აღიარებული არ არის, დიდი საშიშროების მომასწავებელია, რადგან ისინი შეიძლება შევადაროთ უძღებობასა და სიმრუშეს". მოგვიანებითი ცნობები ეკლესიის მიერ ქორწინების კურთხევაზე მრავლადაა.
ძველი ეკლესიის სწავლებებში მრავალი დამრიგებლური საუბარია ქორწინების მიზანზე, მეუღლეების ურთიერთდამოკიდებულებაზე... ვინაიდან ქორწინება მსგავსია ქრისტესა და ეკლესიის კავშირისა და არის საიდუმლო, ძველი აღმწერლები ყოველთვის მოითხოვდნენ ქორწინებისგან განსაკუთრებულ სიწმინდეს - ხარისხს, რომელსაც არ ცნობდნენ კერპთთაყვანისმცემელები. იუსტინე ამბობს: "ქრისტიანები ქორწინდებიან არა ხორციელი სიამოვნებისთვის, არამედ შვილების გასაჩენად". კლიმენტი ალექსანდრიელი აღნიშნავს: "ქორწინების უახლოესი დანიშნულება შვილების გაჩენაა, უმაღლესი კი მათი კეთილად აღზრდა". იგივე კლიმენტი ძალიან კარგად აღნიშნავს სხვა შემთხვევასაც: "კეთილი ქორწინება ეფუძნება არა ოქროსა და სილამაზეს, არამედ კეთილისყოფას". კლიმენტი ბევრ წესს აწესებს ქრისტიანი მეუღლეების ხორციელი თანაცხოვრებისთვის. კრძალავს ხორციელ ურთიერთობას დედათა წესის და ქალის ფეხმძიმობისას. ამ უკანასკნელის დროს ხორციელ ურთიერთობას მიიჩნევს არაბუნებრივად და ცოდვად. დანარჩენი წესები ასეთია: "ადამიანი უნდა იყოს თავშეკავებული ტკბილი ვნებებისგან და მბრძანებელი თავისი მუცლისა და რაც მის ქვევით არის. არ მიეკარო არავის ცოლს, გარდა საკუთარისა. და ამაშიც უნდა იყოს დაცული ზომა და საზღვარი. ხორცის გადამეტებული სიამოვნება ადუნებს ნერვებს, აბნელებს გრძნობებს და ასუსტებს ძალებს. უფალს სურს, რომ ადამის მოდგმა გაგრძელდეს, მაგრამ იგი არ იძახის: იყავით ავხორცები. თანაცხოვრების პერიოდს გონების უქონელი ცხოველებიც კი იცავენ. ადამიანი კი, რომელიც გონებით გამოირჩევა ცხოველებისაგან, მათზე უკან უნდა იდგეს? საჭიროა გონიერების ხელმძღვანელობით დაიცვან ცოლქმრული თანაცხოვრების წესები მათ, ვისაც ნებადართული აქვთ ეს. პირველ ქრისტიანულ ქორწინებებს ახასიათებდათ მოწიწება, რაც ისმის თვით სახელწოდებებში, რომლებითაც ერთმანეთს მეუღლეები მიმართავდნენ. ცოლები ძალიან ხშირად იწოდებოდნენ "დებად" თავიანთი ქმრებისთვის, და მართლაც ზოგიერთი მეუღლეები ერთმანეთთან გარკვეული პერიოდი და-ძმასავით ცხოვრობდნენ, ან საერთოდ უარს ამბობდნენ ცოლქმრული მოვალეობების შესრულებაზე. რაც შეეხება თავშეკავებას, იგი მხოლოდ ორმხრივი თანხმობის შემდეგ არის შესაძლებელი. მამები და კრებები დაქორწინებულთაგან ითხოვდნენ თავშეკავებას ყველა კვირა დღეს, დღესასწაულებზე, ზიარების დღეს და მარხვისას; რაზეც იმოწმებენ გამოსვლათა წიგნის მე-19 თავის მე-15 მუხლს, სადაც ისრაელიანებისთვის ნაბრძანები იყო კანონის მიღებამდე სამი დღით ადრე ცოლებთან ურთირეთობა არ ჰქონოდათ. ქორწინების დღეს ახალდაქორწინებულებს უფლება არ ეძლეოდათ ხორციელი ურთიერთობისთვის, ეს კართაგენის კრების ერთი წესიდან ჩანს: "მეფე-დედოფალი კურთხევის მიღების შემდეგ ღამეს უნდა ატარებდნენ ქალწულებაში, მიღებული კურთხევისადმი მოწიწების გამო". დაწესებული თავშეკავების პერიოდებზე კირილე იერუსალიმელი ლაპარაკობს, მაგრამ არ ჩამოთვლის. ზიარების დღეს თავშეკავებაზე ნეტარი იერონიმე ლაპარაკობს. ლაოდიკიის კრებამ კი ორმოცდღიან მარხვებში ქორწინება აკრძალა.
მამები და ეკლესიის მასწავლებლები მეუღლეებს ჩააგონებდნენ თავდაჭერილობას ერთმანეთთან ურთიერთობაში, ისე, რომ მათი ურთიერთ საუბარი არ ყოფილიყო საცდური შვილებისა და მსახურთათვის. ტერტულიანე ჩააგონებს: "წარმოადგინეთ თქვენი სილამაზე წინასწარმეტყველებივით და მოციქულებივით: უბრალოება და უმანკოება იყოს თქვენი ერთადერთი მოკაზმულობა. მიიბით ყურებზე უფლის სიტყვები, - ეუბნება ქალებს, - და კისერზე უღელი ქრისტესი. დაემორჩილეთ ქმრებს, ეს საკმარისია თქვენი მორთულობისთვის. ჩაიცვით აბრეშუმის სამართლიანობა, ბისონის სიწმინდე, მეწამული უბიწოება. აღივსეთ სიბრძნით, სიწმინდით და სისუფთავით. და მაშინ თვით უფალი იქნება თქვენი ერთგული და მუდმივად სიყვარულის მომცემი". პირველი ქრისტიანი მწერლები მომხიბლავად აღწერენ ქრისტიანთა ქორწინებებს, როგორც ორი პირის მთლიან შინაგან ერთობას, როგორც ერთი ცხოვრების შემადგენლებს. ტერტულიანე წერს: "რა სასიამოვნო უნდა იყოს ორი გულის კავშირი, რომლებიც შეერთებულია ერთი იმედით, ერთი რწმენით, ერთი კანონით! ისინი არიან როგორც ერთი მამის შვილები. არ არის მათ შორის არავითარი გაყოფა და განხეთქილება, არც სულში და არც სხეულში. ისინი ორი ერთხორც არიან: სადაც ერთი სხეულია, იქ სულიც საერთოა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იყრიან მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ და ხელმძღვანელობენ. ისინი ერთნი არიან ეკლესიაში და უფლისადმი მიმართვისას, ერთად ინაწილებენ სიღარიბესა და სიმდიდრეს, არაფერი არა აქვთ ერთიმეორისაგან დაფარული, თითოეულ მათგანს შეუძლია ავადმყოფების მონახულება და უპოვართა დახმარება. ისინი ერთად გალობენ ფსალმუნებს და საგალობლებს, ცდილობენ, ერთმანეთზე უკეთ ადიდონ უფალი. იესო ქრისტე ხარობს ასეთი ოჯახობისთვის, უგზავნის მათ თავის მშვიდობას და სუფევს მათთან ერთად, ხოლო სადაც უფალია, იქ ბოროტი სული ვერ შევა". მეუღლეების ასეთი ურთიერთობით ვლინდებოდა ზრუნვა სულის გადარჩენისთვის. ძალიან ხშირად ქრისტიან ქალებს მეუღლეები მოუქცევიათ უფლის რწმენაზე. ზუსტად ამის გამო აქებს გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის დედას, ნონას. თუ იოანე ოქროპირი ამბობს: "არავინაა კეთილსინდისიერ ცოლზე ძლიერი, რომელიც ასწავლის და არიგებს თავის ქმარს". ქრისტიანული ქორწინების სიწმინდის გაგებაში შედიოდა ბიწიერ მეუღლესთან ურთიერთობის შეწყვეტა. ერმის წიგნში "მწყემსი" ამის თაობაზე შემდეგი დარიგებებია მოყვანილი: "თუ ვინმეს ჰყავს ქრისტიანი ცოლი და წაასწრებს მას მრუშობისას, მაშინ ქმარი სცოდავს თუ აგრძელებს მასთან ცხოვრებას. თუ ქმარი გაიგებს ცოლის ცოდვის შესახებ, ამ ცოდვას არ ინანიებს და რჩება მრუშობის ცოდვაში, მაშინ ქმარიც მისი ცოდვის მონაწილეა. თუ ცოლი ჯიუტად რჩება თავის ცოდვაში, მაშინ ქმარმა უნდა მიატოვოს იგი და თვითონ დარჩეს მარტო. იმ შემთხვევაში თუ ცოლთან დაშორების შემდეგ თვითონ სხვას შეირთავს, მაშინ იგიც მრუშობის ცოდვაში იქნება. თუ გაშვებული ცოლი შეინანებს და სურვილი ექნება დაუბრუნდეს ქმარს, უნდა მიიღოს იგი; თუ არ დაიბრუნებს ცოლს, დიდ ცოდვაში ჩავარდება; საჭიროა მონანული ცოდვილის მიღება, მაგრამ არა მრავალჯერ". ის, რაც ნათქვამია ქმარზე, წიგნში "მწყემსი", იგივე ძალა აქვს ცოლთან მიმართებაშიც. ამასვე მოითხოვს ბასილი დიდი. შემდგომში ხდებოდა ისე, რომ მხოლოდ ქმრები შორდებოდნენ ცოლებს მრუშობის მიზეზით, რაც იწვევდა გარკვეულ წინააღმდეგობას იმისას, რომ ცოლებს არ ჰქონდათ იგივე მიზეზით ქმართან დაშორების უფლება. ეკლესიის წარმომადგენლები ცდილობდნენ, აეხსნათ ასეთი ცალმხრივი შეხედულების უსაფუძვლობა.
ლევან მათეშვილმა