დღეს ტოტალურად უტევენ მერვე ბიბლიურ მცნებას, ანტიკურ ხანაში არსებული ზღვარდაუდებელი გარყვნილება, რომელიც ქრისტიანულმა სარწმუნოებამ დააცხრო, XX საუკუნეში აღორძინდა და ახალი ძალით ეკვეთა კაცობრიობას. ჩვენს საუკუნეში განხორციელებულ სექსუალურ რევოლუციას ხელი შეუწყვეს რაციონალიზმმა და მატერიალიზმმა, მეცნიერულმა პროგრესმა (იგულისხმება ტექნოლოგიური პროგრესი), ურბანიზაციამ, ქრისტიანულ სამყაროში ანტიქრისტიანული რელიგიების გავრცელებამ, სექსისა და ძალადობის აპოლოგეტმა ფილოსოფოსებმა და მწერლებმა (ნიცშე, ფროიდი და სხვა) და ა.შ., რამაც გამოიწვია მსოფლიო საზოგადოების გლობალური სექსუალიზაცია. მის დამღუპველ გავლენას, სამწუხაროდ, ვერც ჩვენი ქვეყანა ასცდა და უმსგავსოებით ბევრ "გამოცდილ" ქვეყანას გაუსწრო; თანაც ყველაფერი ეს "მონათლულია" დასავლური და ევროპული ფასეულობების აღიარებად და ხშირ შემთხვევაში ევროპისა თუ ამერიკისკენ სწრაფვა სექსუალური "თავისუფლების" მრავალმხრივ ლეგალიზაციასთან ასოცირდება (მაგალითად, ახლახან სექსუალურ უმცირესობებს საქართველოში უნდოდათ გეიაღლუმის მოწყობა! ამჯერად არ გამოუვიდათ, მაგრამ მომავალში?).
ეს პროცესი განსაკუთრებული სიმძაფრით ვლინდება დღეს, XXI საუკუნის დასაწყისში, და მასში ლომის წილი მასმედიას უდევს. თითქმის ვერ ნახავთ ვერც ერთ პოპულარულ გაზეთს თუ ჟურნალს, რომელშიც სექსის კერპს თავისი ადგილი არ ეჭიროს. არაფერს ვამბობთ ადგილობრივ თუ უცხოურ პორნოგრაფიულ ჟურნალებზე, რომლითაც სავსეა საგაზეთო ჯიხურების დახლები. მათი გასაღება სრულიად შეუზღუდავია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ახალგაზრდობას თავს ახვევენ ჩვენი ტრადიციისათვის უცხო მსოფლმხედველობას, რომელიც პროგრესულობის იერითაა შენიღბული. ტელევიზია ადამიანზე ზემოქმედების ყველაზე მძლავრი საშუალებაა და ამიტომაც ეროტიკა ყველაზე მეტად საზოგადოებას სწორედ ტელეეკრანიდან უტევს. გარდა ტიპური ეროტიკული ფილმებისა, მრუშობის საცდური გარკვეულწილად (ხშირად შეფარულად) სხვა გადაცემებშიც არის. ამ მხრივ გამოირჩევა პოდიუმები, სარეკლამო კლიპები (უბრალო ტკბილეულის თუ მაცივრის რეკლამა ეროტიკის გარეშე დღეს უკვე წარმოუდგენელია), სერიალები და ა.შ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია "სპეციალური" გადაცემები, რადგან ჩვეულებრივი ეროტიკული ფილმი უკომენტაროდ გადის ეკრანზე და მთლიანად მაყურებლის სულიერ და ესთეტიკურ დონეზეა დამოკიდებული, მიიღებს მას თუ არა, ამგვარ გადაცემებში კი ნაჩვენები "რეალობა" შიშველ ცხოვრებას "ასახავს", თან მაინცდამაინც პორნოგრაფიულს (ვგულისხმობ "რეალითიშოუებს"); მათ ვრცელი "ანალიზიც" ახლავს, რომელიც ერთადერთ მიზანს ემსახურება: მაყურებელი დაარწმუნოს, რომ არა მარტო ზოგადად სიძვა-მრუშობა, არამედ მისი ყველაზე პათოლოგიური და ამაზრზენი ფორმები - ჰომოსექსუალიზმი, ინცესტი, სხვა სქესობრივი გაუკუღმართებანი სავსებით ნორმალური და კანონზომიერი მოვლენაა, უნდა აისახოს კიდეც ხელოვნების (ამ შემთხვევაში - გადაცემის, სხვა შემთხვევებში - კინოს, თეატრის და სხვა) ნაწარმოებში.
განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება ზიგმუნდ ფროიდის მოძღვრებისა და ფსიქოანალიზის პროპაგანდაზე. ფსიქოანალიზის სატანური არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ადამიანისთვის უცხო, ბოროტი ძალის მიერ თავსმოხვეულ ბიწიერ მდგომარეობას ნორმალურად აცხადებს, რითაც, ფაქტობრივად, უგულებელყოფს სიძვა-მრუშობას, როგორც ცოდვას. უფრო მეტიც, ფროიდს სექსუალური ლტოლვა არა მარტო ადამიანის ბიოლოგიური ცხოვრების საფუძვლად მიაჩნია, არამედ ხელოვნების, მეცნიერებისა და თვით რელიგიის სათავედაც, რადგანაც დაუკმაყოფილებელი სქესობრივი ლტოლვა (ლიბიდო) ზემოაღნიშნულ სფეროებში სუბლიმირდება (ანუ ეს ენერგია გადაინაცვლებს სხვა მიმართულებით). ცხადია, ამგვარი "თეორიით" უკვე ნებისმიერი, თვით ყველაზე გარყვნილი პორნოგრაფიის "გამართლება" შეიძლება, რაც "წარმატებით" გამოიყენება მრავალ ფილმსა თუ გადაცემაში. ფსიქოანალიზი გამართლებას უძებნის ჰომოსექსუალიზმსაც.
ფროიდმა შეურაცხყო ყველაზე წმინდა - ურთიერთობა მშობლებსა და შვილებს შორის. შეეცადა, ეს გრძნობა ჯოჯოხეთური შხამით მოეწამლა. ფსიქოანალიზის აზრით, ადამიანის ქვეცნობიერში დევს ყველაზე გაუკუღმართებული სქესობრივი მიდრეკილებები, რომლის შეკავება იწვევს სხვადასხვა სახის ნევროზსა და ფსიქიკურ აშლილობას, ამიტომ თავშეკავებას იგი თავსმოხვეულად, არაბუნებრივად და ცივილიზაციის კომპლექსად მიიჩნევს. თურმე კომპლექსია ქრისტიანული სარწმუნოება; რაც სათნოებაა - სიმორცხვე, უბიწოება, კდემამოსილება, პატიოსნება, ქალწულებრიობა - ეს ყველაფერი კომპლექსია! და, რაც მთავარია, საჭიროა მათი "დაძლევა", კომპლექსებისგან გათავისუფლება და სრული "თავისუფლება" - რა ნაცნობი სიტუაციაა, არა? ფაქტობრივად, ფროიდისეული ქვეცნობიერი ქვესკნელის ცნობიერებაა.
ფსიქოანალიზის დაგვიანებული ტალღა (მე ვიტყოდი - ცუნამი!), რომელმაც ამერიკასა და ევროპას რამდენიმე ათეული წლის წინ გადაუარა (სექსუალური რევოლუცია, ჰიპობა, პანკობა და ა.შ.), ახლა საქართველოს ნაპირებს ეხეთქება, საუკუნებრივი ზნეობის შერყევას ცდილობს, ჩვენც ხალისით და დიდი ენთუზიაზმით ვირყევით და ეს თავისუფლება და დასავლური ორიენტაცია გვგონია, არადა ჯოჯოხეთის ორიენტაციაა, რომლის ფერი წითელია, სადაცაა ტირილი და კბილთა ღრჭენა!
ამგვარი დამანგრეველი იდეოლოგიური ზეწოლის ფონზე არ არის გასაკვირი ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა პროსტიტუციის ლეგალიზაცია, "სექს-შოპების" გახსნა, კონტრაცეპტივების მოძალება, ქალწულობის ინსტიტუტის გაუქმების პროპაგანდა და ა.შ.
ეკლესია მარადიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული, რომლებიც დროთა ცვალებადობას არ ექვემდებარება. სიძვა და მრუშობა ისეთივე მომაკვდინებელი ცოდვაა დღეს, როგორიც იყო ოცი საუკუნის წინ. ეკლესია საეკლესიო სასჯელს ადებს ამ ცოდვის ჩამდენთ, რომლის გამოსყიდვას გულწრფელი სინანული და ღვთის სათნო საქმეები სჭირდება. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ცოდვა, რომლის მონანიებაც არ შეიძლება. ამიტომ ვისწრაფვით ტაძრისკენ, რომელიც არის ჩვენი ნავსაყუდელი ამ მღელვარე ცხოვრებაში და რომელიც მზადაა, თავის წიაღში სიყვარულით ჩაიკრას უძღები შვილი.
ლევან მათეშვილმა