20.09.2007
ჯვარი ქრისტიანობის მთავარი სიმბოლოა. მას მრავალგვარი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ უმთავრესი ჯვარცმაა, რომლის შედეგად მაცხოვარი "სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი" გახდა.
ჯვარი იმედისა და ხსნის სიმბოლოა.Mმაცხოვარი ხომ თავისი სიკვდილით ადამისეული ცოდვისგან გამოგვიხსნის. ჯვარი უკიდურესი თავმდაბლობის, ღვთის ადამიანისადმი თავგანწირული სიყვარულის გამოვლინებაა. იგი იარაღია ბოროტებასა და უზნეობაზე გამარჯვებისა, მოწოდებაა თავგანწირული სიყვარულისა და ქრისტესთვის მოწამეობისკენ.
წმინდა წერილში უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვასწავლის: "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და არა შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს" (მთ. 10,38). პავლე მოციქული კი წერს: "ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომლისათვის სოფელი ჩემდამო ჯუარცმულ არს" (გალატ. 6,14). ჯვარია ქრისტიანთა საკურთხეველი, რომელიც სულიერ მსხვერპლშეწირვას ითხოვს. ჩვენც, ძალისაებრ, უნდა ვევნოთ პირჯვრის გარდასახვის დროს, რადგან მაცხოვარი ჯვარზე ხორციელად ევნო ჩვენთვის. ასე რომ, პირჯვრის წერა ჩართვაა ადამიანისა საღვთო ყოფიერებაში, ქრისტიანულ სულიერებაში.
არსებობს გარეგანი და შინაგანი ჯვარი. ქრისტიანს ორივე უნდა ახლდეს. გარეგანი ჯვარი ვნებაა და ტანჯვა, შინაგანი კი ხსნაა.
ჯვრის თაყვანისცემა, უეჭველია, მოციქულთა დროიდან მომდინარეობს. II-III საუკუნეთა მწერლები ერთხმად ამბობდნენ, რომ ქრისტიანებს ჯვრები ჰქონდათ და მასვე გამოსახავდნენ საიდუმლოების აღსრულების დროს.
ჩვენში წინაქრისტიანული ჯვრებიც ყოფილა ცნობილი. ამას არქეოლოგიური თუ ეთნოგრაფიული მონაცემები ადასტურებს. მათ სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა ჰქონდათ, რომელთაგან გამოსაყოფი მზის სიმბოლიკაა.
არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებს, რომ I-IV საუკუნეებში ჩვენში ჯვრის ნიშნები ჩნდება, საბოლოოდ კი იგი მეოთხე საუკუნიდან მკვიდრდება.
საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მონიჭებული ჯვარიც შემოდის. მისი სახე დედა ღვთისამ წმინდა ნინოს გადასცა. ქართველთა განმანათლებელი ვაზის საჯვრე ნასხლევით შემობრძანდება ქართლში. თვით სახარებაზე წინ მოდიოდა იგი საქართველოში და იმასაც მიანიშნებდა, რომ ჩვენი ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვდომილია. წმინდა ნინოც ხომ ღვთისმშობლის ნაცვლად და მისი შთაგონებით მოვიდა საქართველოში. ჯვარი ვაზისა ქრისტიანობის ეროვნულ ნიშნად იქცა, ის ქრისტიანული საქართველოს სიმბოლოცაა. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ მცხეთაში ახალმოსულმა წმინდა ნინომ მაყვლოვანში დაიდო ბინა და აქ აღმართა ჯვარი ვაზისა. მაყვლოვანი ღვთისმშობლის სიმბოლოა. ასე რომ, მაყვლოვანს შეფარებული ჯვარი ვაზისა - საქართველო თავად დედა ღვთისამ შეიფარა თავის კალთებქვეშ.
"იესო ქრისტეს ძლევაის" ჯვარი მაშინ დამკვიდრდა ჩვენში, როცა თხოთის მთაზე ხილული მზის დაბნელებისა და სულიერი მზის სასწაულებრივი გამობრწყინების ნიშნად მირიან მეფემ აქ პირველი ჯვარი აღმართა. სვეტიცხოვლის აგების შემდეგ ჯვრები აღამაღლეს, ნიშნად ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებისა. ეს ასე მომხდარა: საჯვრე ხე ხარება დღეს მოჭრეს. მეფემ მრწამსი წარმოთქვა. ვარსკვლავებმა აუწყეს, სად უნდა დაედგათ ჯვრები: ერთი მცხეთის გორაზე უნდა აღემართათ, მეორე - თხოთის მთაზე, მესამე - უჯარმაში, მეოთხე კი ბოდბეში.
თბილისში ერთ-ერთი უძველესი - "ხიდის ჯვარი" მეტეხის ხიდთან მდგარა. ასე ეწოდება მას "წმინდა აბო თბილელის წამებაში".
14 (27) სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულის დაწესება მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში შემდეგ ამბავს უკავშირდება: ერთ-ერთი ბრძოლის დასასრულს რომის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა და მისმა ჯარმა ცაზე გამოსახული ჯვარი იხილეს. ჯვარს ეწერა: "ამით სძლიე". მეორე ღამით იმპერატორს თვით იესო გამოეცხადა. ხელში ჯვარი ეპყრა. აუწყა: ამ ჯვრის ძალით სძლევ მტერსო. თან უბრძანა, ბრძოლაში ჯვარი ჯარს წინ წარუმძღვანეო. იმპერატორი ასეც მოიქცა და გაიმარჯვა კიდეც.
ამ ამბის შემდეგ კონსტანტინე სურვილით აღინთო - ეპოვა პატიოსანი ჯვარი, რომელზეც ევნო მაცხოვარი. ამ მიზნით იერუსალიმში დედამისი, წმინდა ელენე დედოფალი გაგზავნა. ელენე დედოფალმა ერთი იუდეველისგან შეიტყო, სად იყო დაფლული ჯვარი. დაანგრევინა კერპების ტაძარი, რომელიც ჩამარხულ ჯვრებზე აეგოთ და სამი ჯვარი იპოვეს. იქვე იყო ფიცარი, რომელზეც პილატემ სამენოვანი წარწერა გააკეთებინა. აღმოაჩინეს ის ოთხი სამსჭვალიც, მაცხოვარი ჯვარს რომ მიალურსმეს. რომ გაეგოთ, ჯვართაგან რომელი იყო უფლისა, პატრიარქმა მაკარიოსმა ისინი რიგრიგობით შეახო მიცვალებულს, რომელსაც დასაკრძალად მიასვენებდნენ. მესამე ჯვრის შეხებისთანავე მიცვალებული გაცოცხლდა და მიხვდნენ, რომ მაცხოვრის ჯვარი სწორედ ის იყო. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს მას. ხალხსაც სურდა ჯვართან მიახლება, მაგრამ უთვალავნი იყვნენ და ვერ ახერხებდნენ. მაშინ პატრიარქს სთხოვეს, აეწია იგი, რათა შორიდან მაინც მოეკრათ თვალი და თაყვანი ეცათ. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა.
ჯვართამაღლების ადგილზე დიდი ტაძარი აიგო, რომლის კედლები გოლგოთასაც მოიცავდა და უფლის საფლავსაც. ის 335 წლის 13 სექტემბერს აკურთხეს. კურთხევის მეორე დღეს უფლის პატიოსანი ჯვრის მსოფლიო ამაღლების დღესასწაული დააწესეს.