გონიერი ადამიანი ყოველივე ამის მიღმა სულ სხვა დინებებს დაინახავს და ერთ კარგ შეკითხვას დასვამს: "შეიძლება კი ითქვას, რომ თანამედროვე ცივილიზაციის ტექნიკური მიღწევების წყალობით ადამიანი უფრო დაცული გახდა, უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, უფრო ბედნიერია და ჭკვიანი, ვიდრე აქამდე იყო?" ცხადია, არა! მაშ, რატომ მოგვაქვს ამით თავი? უდიდესი პრობლემა კი ისაა, რომ ადამიანი ადამიანობას კარგავს და სულიერი აშლილობებიც არნახულად მომრავლდა თანამედროვე სამყაროში. მიზეზი ამისა ცხოვრების არსის არცოდნაა. თანამედროვე ადამიანი უფალს არ იცნობს!
ყოველი ადამიანი ცხოვრების რომელიმე საფეხურზე არსებობის აზრის ძიებას იწყებს. მათაც კი, ვინც მთელი ცხოვრება მხოლოდ მატერიალური სიკეთეებისკენ ისწრაფოდა, ადრე თუ გვიან უჩნდება კითხვა: "კი მაგრამ, რაში მჭირდება ეს სიმდიდრე?"
ბევრისთვის ცხოვრების აზრზე ფიქრი ღრუბელს ჰგავს მოწმენდილ ცაზე - გამოჩნდება და მყისვე გაქრება... და ადამიანიც აგრძელებს შრომას, განუწყვეტლივ რაღაცას ეძებს, ბოლოს აღწევს კიდეც... ზოგისთვის კი ეს საკითხი უმთავრესია და მასზე პასუხის გაუცემლად ცხოვრება არ შეუძლია. მაგრამ რატომ უჭირთ ხოლმე მისი პასუხის პოვნა და შედეგად სულიერ კრიზისს განიცდიან?
მაგალითად, ლევ ტოლსტოიმ ცხოვრების აზრი სწორედ მაშინ დაკარგა, როცა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. რამ გამოიწვია კრიზისი, რომელმაც კინაღამ თვითმკვლელობამდე მიიყვანა?
თვითონ ტოლსტოი მიზეზად იმას ასახელებდა, რომ ის, მწერალი, ჩამოშორდა შრომას, რომელიც სიცოცხლეს აღმოაცენებს. ცხოვრების არსს ვერ მიაგნო, რადგან მას თვით ცხოვრებისგან მოწყვეტილად განიხილავდა. ტოლსტოი თვლიდა, რომ ცხოვრებაში, არსობის პურის მოპოვების პროცესში მონაწილეობა თავისთავად აღსავსეა შინაგანი აზრით, რაც ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნებას ბადებს და მის გააზრებაში გვეხმარება.
იგი ასევე მიიჩნევდა, რომ ერთობლივი შრომა ადამიანის სიყვარულსაც გვასწავლის.
თავისი დასკვნები მწერალმა გლეხების საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად ჩამოაყალიბა, თანაც მათი ყოფა ნიჰილისტური იდეებით მოცული ინტელიგენციის ცხოვრებას შეადარა (შეგახსენებთ, რომ სიტყვა ნიჰილიზმი წარმოიშვა ლათინური სიტყვიდან ნიჰილ - არაფერი. ნიჰილიზმი საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობათა: იდეალების, მორალური ნორმების, კულტურის, საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმათა... უარყოფაა).
ტოლსტოის მოსაზრებებს რეალობასთან არაფერი ჰქონდა საერთო. მწერალს მხედველობიდან გამორჩა ერთი რამ: იმ დროის გლეხობას გააჩნდა უმაღლესი იდეალი - ღვთის რწმენა.
არსებობა იდეალებისა, რომლებიც ადამიანისთვის საკუთარ მოთხოვნილებებზე ძვირფასია, აუცილებელი პირობაა, ჯერ ერთი, პიროვნების ზნეობრივი ცხოვრებისა და მეორეც, ყოფიერების საზრისის წვდომისა და გააზრებისთვის. ყოველ ადამიანს სულში უნდა ჰქონდეს ნათელი წერტილი, რომელიც ცხოვრებისეულ ამაოებას გაუნათებს და მის აზრს დაანახვებს.
ერთი ცნობილი საბჭოთა მწერალი ამბობდა:L"ჩვენს დროშას ნამგალი და ურო რომ მოვაშოროთ, სანაცვლოდ რა უნდა გამოვსახოთ? ოქროს ხარი? ჩვენ ყველანი მიზნის არარსებობის ტყვეები ვართ, ადრე კი ცრუ მიზნის ტყვეობაში ვიყავით".
უმიზნო კაცი, ცხადია, სულ ადვილად შეიძლება ნიჰილისტად იქცეს. დღეს სწორედ ამ მოვლენას ვხედავთ. ნიჰილიზმის ელემენტები ყველგანაა ჩვენს ირგვლივ: სკოლაშიც, ოჯახშიც, ტრანსპორტშიც... ერთ მაგალითს მოვიყვანთ: მოზარდი (ახლებურად თინეიჯერი) დემონსტრაციულად აგდებს ბანანის ნაფცქვენს, სიგარეტის ნამწვს თუ ნაყინის ქაღალდს საკუთარი სახლის სადარბაზოში ან ლიფტში. თითქოს დედამიწა მის გარშემო ბრუნავს, სხვა ყველაფერი კი არარაობაა. არადა, ხომ შეიძლება, ლიფტში, სადარბაზოში მისი დედ-მამა შევიდეს, თანაც დღეს ლიფტებსა და სადარბაზოებს თვითონ მაცხოვრებლები ალაგებენ. ამ ახალგაზრდამ, რა თქმა უნდა, იცის, რა არის კარგი და რა - ცუდი, მაგრამ საყოველთაოდ მიღებულ მორალურ ნორმებსა და საზოგადოებრივი ცხოვრების წესებს, უბრალოდ, არ აღიარებს. ტრანსპორტში კიდევ უფრო რთული სიტუაციაა: ახალგაზრდები ხმამაღლა ლაპარაკობენ, იცინიან, უცენზურო სიტყვებით ამკობენ ერთმანეთს... და სულაც არ ფიქრობენ, რამხელა ძალა აქვს სიტყვას.
ნორმალური ადამიანი მუდმივ ძიებაში უნდა იყოს. თვითკმაყოფილი კაცი კი სულელია. თვლის, რომ უკვე ბევრს მიაღწია, აქედან გამომდინარე, მისი განვითარებაც შეჩერდა. ზუსტად იგივე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც, ოღონდ ამ შემთხვევაში თვითკმაყოფილების ცოდვას ხიბლი ჰქვია.
უიღბლობას, ხელის მოცარვას ხშირად ცხოვრების უაზრობის შეგრძნებამდე, უიმედობამდე მივყავართ, უმიზნოდ, მისწრაფებების გარეშე კი ძალზე მტკივნეულია არსებობა.
როცა ადამიანს ვერაფრით გადაულახავს მუდმივი მოწყენილობა, ეჭვი და სევდა, სულიერი ტკივილის ჩახშობის გზების ძიებას იწყებს. ზოგისთვის ასეთი საშუალება ალკოჰოლია, სხვებისთვის - ნარკოტიკი და ა.შ.
გაბრუებულობის მდგომარეობაში ადამიანი ოცნებების სამყაროში გადასახლდება. ფანტაზიები მძიმე რეალობას უცვლის, რომელშიც მისი ადგილი არ არის, რომლის აზრის შეცნობაც არ ძალუძს.
რა მოსდევს ასეთ მდგომარეობას, ყველასთვის ცნობილია. პიროვნება, რომელიც თავის თავში განუმეორებელ ინდივიდუალობასა და უამრავ გაუხსნელ შესაძლებლობას მოიცავს, თავისი უნარების რეალიზებას ვეღარ ახდენს და ბოლოს და ბოლოს დეგრადირებას იწყებს.
ადამიანის ენერგია და ჯანმრთელობა ნებისმიერი მილიონერის ქონებაზე ბევრად ძვირფასია. მაგრამ გოგო-ბიჭებს ხშირად ეს არ ესმით. რომ დაბერდებიან, იქნებ მაშინ მაინც შეიგნონ.
მაგალითად, როგორ ავხსნათ ის ფაქტი, რომ დღეს ასე ბევრია მწეველი სკოლის მოსწავლეთა შორის (როგორც ვაჟი, ასევე გოგონა)?
ზოგი, აპათიისა და უიმედობის მდგომარეობაში მყოფი, პრობლემის "გადაჭრის" კიდევ უფრო არაბუნებრივ საშუალებას მიმართავს. ეს თვითმკვლელობა გახლავთ, რაც ასე ხშირია ჩვენს "ცივილიზებულ" სამყაროში. თურმე ტექნიკური პროგრესი, რითაც ასე ამაყობს თანამედროვე კაცობრიობა, არ ყოფილა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარანტი. შესაძლოა, ელვის უსწრაფესად გადავცეთ ინფორმაცია, სინათლის სიჩქარით გადავაადგილდეთ, მაგრამ ამით სულიერ პრობლემებს ვერ გადავჭრით, რადგან "პროგრესით" შეიარაღებულნი მხოლოდ მატერიალურ სამყაროს შევცქერით და სინამდვილეში რეგრესისკენ მივდივართ, ფუჭად ვიხარჯებით. არადა, ყოველივეს შემოქმედი უფალი კვლავ მოგვიწოდებს, იგია ჩვენი იმედების, ოცნებების, ბედნიერების, ნუგეშის, უსაფრთხოების და სიყვარულის გარანტი და არა სოლიდურთანხიანი ვიზაბარათები, პალმა დე მაიორკაზე დასვენება, საკუთარი ჰარამხანა, მზრუნველი პატრული და პროსტიტუციის ლეგალიზაცია.
დაფიქრდით - უფალმა აღგვითქვა, რომ ქრისტეს ეკლესიას "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან" (მთ. 16,18), რომ თავის რჩეულთათვის შეამოკლებს ამ უკანასკნელი, საძაგელი მოოხრების დღეებს (მთ. 24,22). და მართლაც, "თუკი ღმერთი ჩვენთან არის, ვისი უნდა გვეშინოდეს?" უმძიმეს განსაცელთა ჟამსაც კი უნდა გვახსოვდეს უფლის ბრძანება: "ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა" (ინ. 16,33). ამიტომ ნიჰილიზმი გვერდით გადავდოთ და ისე ვიცხოვროთ, როგორც მორწმუნე ქრისტიანები ცხოვრობდნენ ყველა დროში - მოველოდეთ ამ სოფლის აღსასრულს და მაცხოვრის მოსვლას. ვიყოთ კარგი ქრისტიანები ამ სიტყვის სრული და მრავლისმომცველი მნიშვნელობით!
ლევან მათეშვილმა