ახალშობილი დაბადების შემდეგაც თითქმის ისეთივეა, როგორიც დაბადებამდე, - ვერც გარემომცველ სამყაროს ცნობს და ვერც საკუთარ არსებას აცნობიერებს. მას მხოლოდ სითბოსა და საკვების დადებითი ზემოქმედების შეგრძნება შეუძლია და ვერც კი ასხვავებს ამ გამღიზიანებლებს მათი წყაროსგან - დედისგან.
დედა არის სითბო და საკვები, კმაყოფილებისა და უსაფრთხოების ეიფორიული მდგომარეობა.
ზრდისა და განვითარების პროცესში ჩვილი საგნების ახლებურად აღქმის უნარს იძენს და თანდათან განასხვავებს დანაყრებით გამოწვეული კმაყოფილების განცდას და დედას... სწავლობს ადამიანებთან ურთიერთობას, მაგალითად, იცის, როდესაც ჭამს, დედა უღიმის, როდესაც ტირის - ხელში აჰყავს და ა.შ.
მთელი ეს გამოცდილება კი ბოლოს ერთ განცდად კრისტალდება: დედას ვუყვარვარ!
დედას ვუყვარვარ, რადგან მისი შვილი ვარ, რადგან უსუსური ვარ, რადგან მომხიბლავი და არაჩვეულებრივი ვარ, რადგან ვჭირდები...
თუ განვაზოგადებთ, დედას იმიტომ ვუყვარვარ, რომ ასეთი ვარ. უფრო ზუსტად, იმიტომ ვუყვარვარ, რომ ვარსებობ.
დედის სიყვარულის ამგვარი განცდა პასიურია: მე არაფრის გაკეთება არ მჭირდება, რომ დედას ვუყვარდე - დედის სიყვარული უპირობოა. მე მხოლოდ არსებობა მომეთხოვება.
დედის სიყვარული ნეტარება და სიმშვიდეა, რომელსაც დამსახურება არ სჭირდება.
დედის სიყვარული ნეტარების ტოლფასია, მაგრამ თუ იგი არ არსებობს, მის შესაქმნელად არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია და ცხოვრებაც ყოველგვარ ხიბლს კარგავს...
არსებობის პირველ თვეებსა და წლებში ბავშვი ყველაზე მეტად დედაზეა მიჯაჭვული. ამგვარი დამოკიდებულება მის დაბადებამდე ყალიბდება, როდესაც დედაც და ბავშვიც ერთნი არიან, მაგრამ უკვე ორ ორგანიზმს წარმოადგენენ.
დაბადების შემდგომ ეს მდგომარეობა გარკვეულწილად იცვლება, თუმცა არც იმდენად, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ბავშვი, მართალია, აღარ ცხოვრობს დედის წიაღში, მაგრამ მთლიანად დედაზეა დამოკიდებული...
და მაინც, დღითიდღე დამოუკიდებელი ხდება: სწავლობს სიარულს, ლაპარაკს და თავისებურად შეიმეცნებს სამყაროს. დედასთან ურთიერთობა ერთგვარად სასიცოცხლო მნიშვნელობას კარგავს, სანაცვლოდ კი მზარდ მნიშვნელობას იძენს მამასთან კონტაქტი.
დედიდან მამისკენ შემობრუნების პროცესის არსს რომ ჩავწვდეთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ დედობრივ და მამობრივ სიყვარულს შორის არსებული განსხვავება.
დედობრივ, უპირობო სიყვარულზე უკვე ვისაუბრეთ და აღვნიშნეთ, რომ მას მხოლოდ იმიტომ უყვარს ახალშობილი, რომ ეს უკანასკნელი მისი პირმშოა და არა იმიტომ, რომ შვილის დაბადებამ მის ცხოვრებაში განსაკუთრებული პრობლემები გადაჭრა ან განსაკუთრებული მოლოდინი გაუმართლა.
მამასთან ურთიერთობა სრულიად სხვანაირია.
დედა ის სახლია, რომელშიც ვიბადებით, დედა - ბუნებაა, მიწის წიაღია, ოკეანეა...
მამა არ წარმოადგენს ამგვარ ბუნებრივ სახლს, ბავშვის ცხოვრების პირველ წლებში მას გაცილებით ნაკლები ურთიერთობა აქვს შვილთან და, ცხადია, ამ პერიოდში მამის მნიშვნელობა გაცილებით მცირეა, სამაგიეროდ, მამა ადამიანის არსებობის მეორე პოლუსს განასახიერებს, კერძოდ, აზროვნების, ადამიანის მიერ შექმნილი ნივთების, კანონების, წესებისა და წესრიგის, დისციპლინის, მოგზაურობისა და თავგადასავლების სამყაროს. მამა ის ადამიანია, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ ვიაროთ დიდი და უცნობი სამყაროსკენ მიმავალ გზებზე.
მამობრივი სიყვარული - განპირობებული სიყვარულია და მისი პრინციპია: - "იმიტომ მიყვარხარ, რომ ჩემს მოლოდინს ამართლებ, შენს მოვალეობას ასრულებ და მე მგავხარ!"
განპირობებულ მამობრივ სიყვარულს, უპირობო დედობრივი სიყვარულის მსგავსად, თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები აქვს. უარყოფითი მხარეა, მაგალითად, ის, რომ მამობრივი სიყვარული დამსახურებას საჭიროებს და ადამიანმა, შესაძლოა, დაკარგოს იგი, თუ იმას არ გააკეთებს, რასაც მისგან ელიან. მამობრივი სიყვარულის ბუნება თავისთავად გულისხმობს, რომ მორჩილება - მთავარი ღირსებაა, ურჩობა კი უდიდესი ცოდვა, რომლის გამოც შვილი მამობრივი სიყვარულის დაკარგვით ისჯება.
მნიშვნელოვანია ამ სიყვარულის დადებითი მხარეც: - რამდენადაც ხსენებული სიყვარული განპირობებულია, მისი მოპოვებაც შესაძლებელია.
მამობრივი სიყვარული ლმობიერი და შემწყნარებლური უნდა იყოს და არა მუქარის შემცველი და ავტორიტარული.
რაც შეეხება დედობრივ სიყვარულს, მასზე საუბრისას მეტად მნიშვნელოვანი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ბავშვის სიცოცხლის უზრუნველყოფას ორი ასპექტი აქვს, რომელთაგან ერთი ბავშვის სიცოცხლესა და ზრდაზე ზრუნვა და პასუხისმგებლობაა, მეორე კი - სიცოცხლის შენარჩუნებაზე მეტს გულისხმობს: ეს გახლავთ ორიენტაცია, რომელიც ბავშვს ცხოვრების სიყვარულს უნერგავს.
ბიბლიური აღთქმული მიწა (რომელიც ყოველთვის დედის სიმბოლოა) აღწერილია, როგორც ქვეყანა, სადაც "თაფლისა და რძის ნაკადულები" მიედინება.
რძე სიყვარულის პირველი ასპექტის - მზრუნველობისა და არსებობის განმტკიცების სიმბოლოა, თაფლი - სიცოცხლის სიტკბოს, მისი სიყვარულისა და ცოცხლად ყოფნის ბედნიერებისა.
დედათა უმეტესობას შესწევს უნარი, შვილს "რძე" მისცეს, მაგრამ მათგან ცოტას თუ შეუძლია, "რძესთან" ერთად "თაფლიც" გაიღოს. საამისოდ იგი არა მხოლოდ "კარგი დედა", ბედნიერი ადამიანიც უნდა იყოს, რასაც ყველა ვერ ახერხებს. დედის სიყვარული სიცოცხლისადმი ისევე "გადამდებია", როგორც მისი შფოთვა. ამ დამოკიდებულებათაგან ორივე ღრმად აღიბეჭდება ბავშვის პიროვნებაზე: ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ჩანს ხოლმე, ვინ მიიღო მხოლოდ "რძე" და ვინ - "რძეც" და "თაფლიც".
ძმური და ეროტიკული სიყვარულისგან განსხვავებით, როდესაც ეს გრძნობა თანასწორ ადამიანებს აკავშირებს, დედისა და შვილის ურთიერთობა თავისი ბუნებით უთანასწოროა, რადგან ერთი მხოლოდ დახმარებას საჭიროებს, მეორე - მუდმივად მზრუნველის როლშია.
სწორედ ამ ალტრუისტული და უანგარო ხასიათის გამოა მიჩნეული დედობრივი სიყვარული სიყვარულის უმაღლეს ფორმად და ემოციურ კავშირთა შორის წმიდათაწმიდად.
მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, დედობრივი სიყვარულის ჭეშმარიტი ღირებულება ჩვილისადმი დედის სიყვარულში კი არა, მოზარდისადმი მის სიყვარულშია.
სინამდვილეში დედათა უმეტესობა მანამდეა მოსიყვარულე მშობელი, ვიდრე ჩვილი პატარაა და მასზეა დამოკიდებული. ქალების უმეტესობას სურს შვილის ყოლა და ბედნიერებას ანიჭებს მასზე ზრუნვა, მიუხედავად იმისა, რომ შვილის ღიმილის და კმაყოფილი გამომეტყველების გარდა, სანაცვლოდ არაფერს იღებს.
როგორც ჩანს, ამგვარი სიყვარული მდედრობითი სქესის არსებებში (ადამიანებშიც და ცხოველებშიც), ნაწილობრივ, ინსტინქტურ ხასიათს ატარებს, მაგრამ არსებობს, რაღა თქმა უნდა, სპეციფიკურად ადამიანური, ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რომლებიც დედობრივი სიყვარულის ამ ტიპს განსაზღვრავენ.
ბავშვი იზრდება, იგი უნდა მოსწყდეს დედის ორგანიზმს, მის მკერდს და სრულიად დამოუკიდებელ პიროვნებად იქცეს. თვით დედობრივი სიყვარულის არსი, ანუ ზრუნვა ბავშვის განვითარებისთვის, გულისხმობს დედის სურვილს, საკუთარი არსებიდან გამოაცალკევოს შვილი. სწორედ ეს გახლავთ ეროტიკული სიყვარულისგან მისი განმასხვავებელი ძირითადი ნიშანი. ეროტიკული სიყვარულისას ორნი ერთნი ხდებიან, დედობრივი სიყვარულისას კი პირიქით ხდება.
დედა უნდა შეეგუოს ამ ფაქტს, თავად უნდა სურდეს შვილის დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბება.
სწორედ ამ დროს იქცევა ხოლმე დედობრივი სიყვარული ურთულეს მისიად და დედისგან სრულ უანგარობასა და თავგანწირვას ითხოვს. ბევრი დედა სწორედ აქ "ჩაიჭრება" ხოლმე. ნარცისული და მბრძანებლური ქალები, ვიდრე ბავშვი პატარაა, წარმატებით ასრულებენ "მოსიყვარულე დედის" როლს, მაგრამ როდესაც შვილის დამოუკიდებელ პიროვნებად ფორმირების პროცესი იწყება, მხოლოდ იმ ქალს შეუძლია იყოს ჭეშმარიტად მოსიყვარულე დედა, რომელსაც მოყვასის სიყვარული ძალუძს და გაცემისას მეტ სიხარულს განიცდის, ვიდრე მიღებისას.
დედის მოზარდი შვილისადმი სიყვარული (უანგარო სიყვარული) ალბათ სიყვარულის ერთ-ერთი ყველაზე ძნელად მისაღწევი ფორმაა.
ყოველ ქალს ძალუძს, თავის მცირეწლოვან პირმშოს ნაზი დედობა გაუწიოს, მაგრამ ვერასოდეს გახდება ჭეშმარიტად მოსიყვარულე დედა, თუ არა აქვს უნარი, ჭეშმარიტად უყვარდეს მეუღლე, ყველა ბავშვი, ყოველი ადამიანი და თუ მზად არ არის, საკუთარი ნებით "გამოეყოს" შვილს და წინანდებურად უყვარდეს იგი.
"სიყვარულის ხელოვნება"