"არ ვიცი, ამ წერტილიდან საით გაგრძელდება ჩემი გზა, დიდი იმედი მაქვს, ღვთისკენ, რადგან ამ გამოცდილების ადამიანს უფლება არ მაქვს, სხვა არჩევანი გავაკეთოო", - ასე თქვა რამდენიმეომგამოვლილმა ყოფილმა მეომარმა, რომელიც ახლა ერთ-ერთი ქართული მონასტრის მორჩილია... ისეთი უცნაური გარეგნობა აქვს, მაშინვე თვალში მოგხვდება - ჯერაც ახალგაზრდას თავის ასაკგასწრებულის გამომეტყველება შეუძენია, - გაუხეშებული კანი და გაღრმავებული ნაოჭები, გახშირებული ჭაღარა თმაშიც და წვერშიც. მაგრამ თვალები - ხელუხლებელი, დაწმენდილი და თითქმის ბავშვური... თითქოს წარმოუდგენელია ასეთი კონტრასტი.
შევხვდი თუ არა, მაშინვე გავიფიქრე, - არაფერს მეტყვის, დროს მასაც ამაოდ ვაკარგვინებ და საკუთარ თავსაც, თანაც ხელშეუხებელს ვეხები-მეთქი, მაგრამ, როგორც ჩანს, ხათრი ვერ გამიტეხა და თავადვე თქვა: - ვინ იცის, ჩემი ამბავი ვის სად წაადგეს, სხვისი მაგალითები ხომ მეც დამეხმარა, მაგრამ ნურც ჩემს ადგილსამყოფელს და ნურც ვინაობას ნუ გაამხელთ, ან რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერსო...
"ისე მოხდა, რომ ჩემმა გზამ ღვთისა და ეკლესიისკენ რამდენიმე ომზე გაიარა. ჯარიდან რომ გამოვბრუნდი, თავი ისევ ჩვეულ კალაპოტს მივეცი. თითქოს ყველაფერი მქონდა: სახლიც, ოჯახიც, მოგვიანებით - თანამდებობაც, - მაგრამ რაღაც უეჭველად მაკლდა...
ამ გამუდმებულმა, თითქოს უსახელო წუხილმა და "რაღაცის" დაუოკებელმა ძიებამ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ომებში ამომაყოფინა თავი. სამაჩაბლოში რომ დავაპირე წასვლა, ცოტა ხნით ადრე, ღვთის განგებით, ერთ-ერთ მონასტერში შევიარე, - იქ ერთი მეგობარი მოღვაწეობდა და მისთვის რაღაც უნდა გადამეცა.
მაშინ არ მჯეროდა, მაგრამ მერე დავრწმუნდი - შემთხვევით მართლაც არაფერი ხდება...
კარგად მახსოვს, ტაძრის კარიბჭეს რომ მივადექი, რა დამემართა - საკუთარი თავი შემებრალა... არ ვიცი, ასეთი ძალით საიდან ამოხეთქა ამ მოულოდნელმა და უღრმესმა გრძნობამ. მერე ტაძრის დიდებულებამ გამაოცა, დიდებულებამ კი არა, უფრო მეტმა... და იმ წმინდა ადგილმა თითქოს ახალი ძალით გამიცოცხლა გულში რწმენა...
ერთ-ერთი ბრძოლისას მე და ჩემი მეგობრები ტყვედ ჩავვარდით, სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ... სამწუხაროდ, ადამიანებს სწორედ ასეთ დროს ახსენდებათ ხოლმე ღმერთი, და მაშინ გულში ვთქვი: - უფალო, თუ გადამარჩენ და ტყვეობიდან დამიხსნი, ტაძარს აგიგებ ან სულაც მის წიაღში დავრჩები სამუდამოდ-მეთქი...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, უფალმა მომხედა - ჩემი ვედრება შეისმინა და იმავე ღამეს ხელჩართული ბრძოლით ყველა ტყვემ თითქმის სასწაულებრივ დავიხსენით თავი...
სიკვდილის კარიბჭეს რომ მიადგება კაცი, თავის განვლილ გზაზე იწყებს ფიქრს. მეც და ჩემს თანამებრძოლებსაც ასე დაგვემართა - ერთ ღამეში უამრავი მათგანი მოინათლა. ჯვრები აღარ გვეყო, თორემ მსურველი გაცილებით მეტი იყო...
გავიდა დრო და კონტუზიამიღებულმა ომში წასვლა კვლავ განვიზრახე, მაგრამ მანამდე ისევ იმ მონასტერში, ძველ მეგობართან შევიარე - გულმა მიხმო... პირველი აღსარებაც იქაურ მოძღვარს ჩავაბარე. მამაომ ერთი კი შემომხედა და ძალიან მტკიცედ აი ეს მითხრა: დამთავრდა შენი ომი, ახლა ადექი და აქ დარჩი, მონასტერშიო...
თავიდან შევწუხდი, - ნეტავი, ჯარისკაცისგან რა სასულიერო პირი უნდა დადგეს-მეთქი, მაგრამ მისმა სიტყვებმა ომის სიმძიმე და ღვთისთვის მიცემული აღთქმა გამახსენა...
მოკლედ, აქ დავრჩი, ახლაც აქა ვარ და ჩემი ძიება და აქეთ-იქით ხეტიალიც, მგონი, დასრულდა - ის ვიპოვე, რამაც
ომში წამიყვანა და რაც გამუდმებით მაკლდა - სიმშვიდე და სასოება.
რას გეტყვით, იცით?! ჯვრით ხელში ადამიანი გაცილებით მეტ სულს იხსნის, ვიდრე იარაღიანმა კაცმა შეიძლება შემუსროს..."