როდესაც თავი ყველაზე მეტად დაუცველი გვგონია, სწორედ მაშინაა აღმატებულად დიდი მფარველობა
09.08.2007
უსარკმლო სახლში მზის სინათლე ვერ შეაღწევს, ზეციური ნათელიც დაფარულია ადამიანისთვის, სულში ცოდვის კედელი რომ აღუმართავს.
გონება სარკმელია სულისა, რომელიც უპირველესი მიმღები და გამტარია ღვთისგან წამოსული ნათლისა, სიბრძნისა და სილამაზისა. რაც უფრო სუფთა და გამჭვირვალეა იგი, მით უფრო მდიდარი და ამაღლებულია ჩვენი ყოფიერების შინაგანი, სულიერი მხარე. როგორც მადლი, სათნოება ჰფენს ნათელს ჩვენს სიცოცხლეს, ასევე ყოველი ცოდვა, ბოროტება უკუნით მოსავს ადამიანის ამაო ყოფას, ფუჭ არსებობას. ცოდვილი, მერყევი რწმენის კაცი ცვალებად ამინდს ჰგავს. ღვთის მადლი ზოგჯერ მზისებრ ანათებს და ათბობს მის სულს, ზოგჯერ კი ათასგვარი ვნებისა და უძლურების ღრუბელი ჩრდილავს და აუდაბურებს მის გონებას; ხან წვიმის წვეთების მსგავსად წამოსული ზრახვები, ეშმაკის მახენი, ისრებივით ესობა გულს და აწყლულებს. ხშირად კი ცივ, მკაცრ ზამთარს ემსგავსება ჩვენი ცხოვრება, ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს შემოგვეძარცვაო სიკეთის, სათნოების სამოსელი და უფლისმიერი შეწევნის გარეშე შიშველნი დავრჩით. მაგრამ როდესაც ასე ვფიქრობთ და თავი ყველაზე მეტად დაუცველი გვგონია, სწორედ მაშინაა აღმატებულად დიდი მფარველობა, შემწეობა და მოწყალება ყოვლადძლიერი შემოქმედისა.
ადამიანი, რომელმაც წრფელი გონებით, უანგარო გულით მიიღო ქრისტეს რწმენა, დღითიდღე იზრდება უფალში. სულიერი ფერისცვალება აქ, მიწაზევე იწყება. გზა სრულყოფისა დაუსრულებელია, ცვალებადია, შეუმეცნებელია. მთელი ძალისხმევითა და არსებით უნდა შევეცადოთ, არ ჩავიძიროთ ამა სოფლის ცხოვრებისეულ ზღვაში, არ მივყვეთ მის დინებას, რადგან ქრისტიანობა დინების საწინააღმდეგოდ, მიწიერ საცთურთა და სიბილწეთა საპირისპიროდ ცურვაა. დიდი ჯაფა ადგება მას, ვინც დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს და მცირე მოდუნებაც საკმარისია, წყალმა რომ წაიღოს. ასეთივეა ქვეყნიურ განსაცდელთა ტალღებში მოცურავე, ღვთისაკენ მავალი ადამიანის ცხოვრება, რამეთუ მრავალი ვნების, ტანჯვისა და უსამართლობის გადასალახავად, დასაძლევად იბრძვის იგი. მცირედი დაუდევრობა და სიფხიზლის მოდუნებაც კმარა, წლების მანძილზე მოპოვებული სულიერი საგანძური რომ წამიერად გაფანტოს.
ეს ქვეყანა სიცრუეზე, მზაკვრობასა და ძალადობაზე დგას, მაგრამ უნდა გვძულდეს არა მიწაზე, არამედ მიწისთვის ცხოვრება, რადგან აქ, ჩვენს დროებით სამყოფელში, იწყება მარადიულობა, ღმერთთან მყოფობა, სულიერი ფერისცვალება. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქვენისათა, რათა გამოსცადოთ რა-იგი არს ნება ღმრთისა, კეთილი, სათნო და სრული" (რომ. 12,2).
რამდენადაც ამაღლდა კაცი ცოდვაზე, საცთურსა და ბოროტებაზე, იმდენად იცვალა ფერი სიკეთისაკენ. როდესაც ჩვენში ქრისტეს მადლი შემოდის, მისი დიდება მკვიდრდება, გონება იწმინდება, გული უბრალო, სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე ხდება, დამძიმებული სული კი მსუბუქდება, თავისუფლდება მავნე სურვილებისაგან, ხორციელი ბორკილებისაგან და მასში კეთილსურნელოვანი, სიხარულით სავსე გაზაფხული დგება. ქრისტიანი მუდამ უნდა წარემატებოდეს სულიერად და ზნეობრივად, სათნოებაში დაუსრულებლივ უნდა იზრდებოდეს. ნათლობით ჩვენ ქრისტეში, წმინდა სამების მადლში ვიშვებით, ხელმეორედ ვიბადებით სულიერად, სრულიად განწმენდილნი ყოველგვარი ცოდვისაგან, ბილწებისაგან, ზეციური ქორწილის სპეტაკი სამოსით ვიმოსებით, რომლის წმინდად შენახვასა და მოფრთხილებას მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნათ.
უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თაბორის მთაზე ფერი იცვალა, რითაც თავისი ღვთაებრივი ბრწყინვალება და მომავალი საუკუნო სიცოცხლის საიდუმლო წარმოაჩინა. რატომ იცვალა უფალმა ფერი მთაზე და არა სხვაგან? იმიტომ, რომ მთა სიმბოლოა, მომასწავებელია წუთისოფელზე ამაღლებისა, ზეცისაკენ სწრაფვისა, უფალთან სიახლოვისა. ადამიანი მაშინ გაბრწყინდება და იცვლის ფერს, როდესაც საკუთარ თავზე გაიმარჯვებს, ამაღლდება. ოდენ სულიწმინდის მადლს ხელეწიფება მისი მთელი არსებით გარდაქმნა. მორწმუნეს ეცვლება გარეგნობა, ხმა, მეტყველება, ხედვა, გემოვნება, რადგან მასში უმთავრეს ადგილს ჭეშმარიტი ფასეულობანი იკავებს და ისიც თავისუფლდება ყოფითი, წარმავალი და თვალისამხვევი საცთურისაგან. ცოდვის საბურველით დაბნელებულ სულს ენაცვლება ნათელი ღვთისა, ნუგეში ქრისტესი, რომელიც ფანტავს და განდევნის ყოველგვარ შიშს, უიმედობასა და სასოწარკვეთას. მართალია, არ არის იოლი ჩვენში თუნდაც უმცირესი უმსგავსობის, ვნების აღმოფხვრა, - შესაძლოა, ამას მთელი ცხოვრებაც მოვანდომოთ, - მაგრამ მიუხედავად ამისა, უფლის ძალითა და შემწეობით აუცილებლად დავძლევთ ყოველგვარ ბოროტებას. ადამიანი მხოლოდ სწორ არჩევანს აკეთებს, დანარჩენს კი უფალი თავად იქმს მასში.
ყოველი მართლის, წმინდანის ცხოვრება სახეა ფერისცვალებისა, გაბრწყინებისა, სასწაულისა, მათი რიცხვი ხომ ცოდვილთაგან შეივსო. უდიდესი შრომის, ტკივილის, მოთმინებისა და შემართების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. ამ ცხოვრებაში განვისწავლებით, ვიწრთობით, იმქვეყნად კი გამოცდას ჩავაბარებთ პირუთვნელ მსაჯულს. ჯერ კიდევ გვაქვს დრო შემეცნებისა, სწავლისა, დაკვირვებისა, რამეთუ "რაც შეიძინა აქ კაცის სულმა, იმას გადაიტანს იმ სოფელში" (წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე).
უგუნურია სიკვდილმისჯილი, განაჩენის აღსრულების წინ კვლავ ოქრო-ვერცხლსა და სიმდიდრეს რომ ითხოვს; უგუნურია ისიც, ვინც სულის ამოსვლამდე ხორციელ სიმდიდრეს ეძიებს.
თავმდაბალი ადამიანის სულიერი მზერა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისკენაა მიმართული, რამეთუ მან მოიპოვა მართებული აღქმა მოვლენებისა, ხედვა საკუთარი თავისა. იცის, რომ ყოველი, რაც საუკეთესოა მასში, უფლისაა და "თვინიერ მისა არა რაი ძალუძს ყოფად არცა რაი ერთი". როდესაც ახალი აღთქმისეული სწავლება გულში, გონებასა და სულში შემოდის, იმ წუთიდანვე იწყება ფერისცვალება, გარდაქმნა სიყვარულში, სიწმინდეში. კაცობრივ, ამქვეყნიურ ცრუ სიბრძნეს რომ განვაგდებთ, ახალი, ღვთაებრივი სწავლებით - უკვდავი, უცვალებელი საუნჯით შევიმოსებით. ძნელზე ძნელია საკუთარ თავზე, მეორე ბუნებად ქცეულ ჩვევებზე, უზნეობაზე უარის თქმა, მტკივნეულია მათი მოკვეთა, როგორც სხეულის ნაწილისა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაცხოვრის ჭრილობებით, ჯვარცმით, სიკვდილითა და აღდგომით აღსრულებულია გამარჯვება ბოროტის ყოველგვარ მანქანებაზე, ჯოჯოხეთის მეუფებაზე, თვით სიკვდილზეც. რამდენადაც ძლიერია მადლი ცოდვაზე, ნათელი - ბნელზე, იმდენად აღმატებულნი უნდა ვიყოთ საკუთარ უძლურებაზე.
თითოეულ ადამიანს შინაგანი, მადლისმიერი ფერისცვალება მცნებათა აღსრულების კვალდაკვალ მიენიჭება. იმდენად ვიცვლებით, რამდენადაც დავუთმობთ ჩვენში ადგილს უფლის რწმენას, სწავლებას, მისი ნების აღსრულებას. ნეტარია ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება წმინდა თაბორის მთად აქცია, უდიდესი შემართებისა და ძალისხმევის ფასად მიიწევს მისი მწვერვალისაკენ, ითმენს ყოველგვარ ტკივილს, განსაცდელს, ხიფათს და წამითაც არ კარგავს იმედს, რწმენას ღვთის შემწეობისას, რამეთუ ნათქვამია: "ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა" (ფს. 90,11). იცის და გრძნობს, რომ თითოეული ნაბიჯი სანატრელ მწვერვალს აახლოებს, საიდანაც მოციქულების მსგავსად იხილავს დიდებას უფლისას, რომლის სუფევასაც არა აქვს დასასრული, და მასთან ერთად მარად იხარებს სასუფეველში. ამინ!