უფლის ყოვლისმხედველი თვალის წინაშე თითოეული ადამიანის გულის ფეთქვაა დათვლილი
15.06.2007
სულიერი ცხოვრება უდიდეს სიმტკიცეს, შემართებას, მოთმინებასა და გარჯას მოითხოვს. შეუძლებელია მცირეოდენი წარმატების მიღწევაც კი, თუ მთელი არსებით მასში არ ჰგიებ, თუ მთელ შენს ცხოვრებას მას არ მიუძღვნი.
ცხონება - თავგანწირვაა, სიყვარულია, ერთგულებაა ღვთისა, ბრძოლის გამოცხადებაა საკუთარ თავთან, მასში გაკერპებულ ბოროტ მიდრეკილებებთან, ამაო სულთან, გულში დამკვიდრებულ ცოდვილ ზრახვებთან, ბილწ გულისთქმებთან და საერთოდ ყველა იმ უზნეო ჩვევასთან, რომლებიც მეორე ბუნებად ექცა ჩვენს დაცემულ "მეს". ჩვილი ვერ ისწავლის სიარულს დაცემის გარეშე, ასევე ვერც სარწმუნოებაში ახალშემდგარი წარემატება სულიერებაში თვინიერ ტკივილისა, ცრემლისა, განსაცდელისა, საკუთარი უძლურების შეგრძნებისა და გათავისებისა.
ჩვენი რწმენა განისაზღვრება იმით, თუ რამდენად გვეყვარება ღმერთი, როგორ შესაწირს გავიღებთ მისთვის. უფალი გულთამხილავია, გულის შინაგანი სიწმინდის მეთვალყურეა, რომლის ყოვლისმხედველი თვალის წინაშე თითოეული ადამიანის გულის ფეთქვაა დათვლილი. "თუალნი უფლისანი მართალთა ზედა და ყურნი მისნი ლოცვასა მათსა ზედა" (ფს. 33.16). ვის უწოდებს წმინდა სულით მეტყველი დავითი მართლებს ყოვლადსახიერი ღმერთის წინაშე? მართლებში მოიაზრებიან ის ადამიანები, რომლებიც თავიანთი ჭეშმარიტი სარწმუნოებით, საქმისმიერი რწმენით, უფალზე სასოებით განმართლდებიან შემოქმედის წინაშე. ისინი, რომლებიც უფალთან ერთობის უდიდესი სურვილით მარადის მისკენ მიისწრაფვიან და მხოლოდ მასში, ერთადერთში ჭვრეტენ სიცოცხლესა და უკვდავებას.
მადლი ღვთისგან მოგვენიჭება სულის სიწრფელის, წყალობის, სუფთა სინდისის, გულისა და გონების განწმენდის, თავდაუზოგავი ძალისხმევისა და შრომის ფასად. ცოდვის გარეშე შეუძლებელია ჩვენი მიწიერი ცხოვრება, მაგრამ განმართლება, განწმენდა იწყება მაშინ, როდესაც სიცოცხლის მართებული არჩევანი, საუფლო გზა იმარჯვებს ჩვენში. თავისუფლება სულისა მხოლოდ ქრისტეთი და ქრისტეშია შესაძლებელი, რადგან იგია ერთადერთი (მამა, ძე და სულიწმინდა), რომელიც ათავისუფლებს ადამიანს ყოველგვარი წარმავალი და ნივთიერი მიჯაჭვულობისაგან, ცრუ და დამღუპველი განდიდებისაგან.
თავისუფალი ნების საკუთარი არჩევანისამებრ წარმართვა ჰყოფს კაცობრიობას ორ განსხვავებულ ნაწილად: მართლებად და ცოდვილებად. მართლებში იგულისხმებიან არა უცოდველნი, არამედ ერთგულნი ღვთისა, სარწმუნოებით განმართლებულნი, რომელთაც სიცოცხლე უფალს მიუძღვნეს, მის მაცხოვნებელ ნებას დაუმორჩილეს, რათა კვლავ მასთან ერთად ჰგიებდნენ სამარადისოდ. სულში მანამდე არსებობს ცოდვა, სანამ თავად არ მოიძულებ მას, არ უარყოფ შენს სურვილებში, განზრახვებში, გონებასა და გულში. ნუ გაგაკვირვებს შენში იმ ცოდვის არსებობა, რომელიც სასტიკად გძულს და არ გინდა, "რადგან მართალია, შენ გძაგს სიბილწე - შედეგი, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზები კვლავ ძალიან გიყვარს" (წმინდა მარკოზ განშორებული).
ისწავლო რაიმე, ნიშნავს შეგეძლოს მისი გადმოცემა. ქრისტიანობა სწავლაა და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვისაც თავისი ცხოვრებით შეუძლია გადმოსცეს იგი. უფლის გზაზე, მისი ჯვრის ქვეშ შემდგარი ადამიანის ცხოვრება სულიერი ომია. მხოლოდ ერთგული, ღმერთს მინდობილი იმარჯვებს ამ ომში, მხოლოდ დაუღალავ, მტკიცე სულს შეუძლია ამაღლდეს უხილავ მტრებზე. მორწმუნე ეცემა ცხონების მძიმე სავალზე, რადგან ხანდახან მეტად მძიმდება მისი განგებისეული ჯვარი, მაგრამ ეცემა საკუთარი ჯვრის ქვეშ, როგორც უფალი სისხლიანი გოლგოთის გზაზე ღვთისმკვლელ მტანჯველთა შორის, განმაღმრთობელი უღლის ქვეშ, რომელიც ასე ტკბილია მისთვის. ამიტომაც კვლავ აღდგება იგი უფლის ყოვლადძლიერი მარჯვენის ძალით, რამეთუ ნათქვამია: "ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა; ხელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერხი შენი" (ფს. 90,11-12).
მოციქულთა თავმა პეტრემ, მართალია, უარყო მაცხოვარი ბაგეებით, მაგრამ მისი გული მარადის მასთან იყო, მისი სიყვარულით ძგერდა, ამიტომაც განიკურნა იგი ცოდვისმიერი წყლულისაგან, კიდევ მეტად წარმოჩნდა სარწმუნოება, ცეცხლოვანება და სიდიდე მისი მოციქულებრივი ღვაწლისა, რამეთუ შეინანა და სიკვდილამდე უერთგულა ზეციერ მოძღვარს. განსხვავებით პეტრე მოციქულისაგან, იუდა ეამბორა უფალს, გარეგნულად, მოსაჩვენებლად თითქოს პატივი მიაგო მას, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ამბორი ღალატისა, გაცემისა, უარყოფისა, მკვლელობისა. იუდასთვის მარადიული სიკვდილის მომასწავებელი აღმოჩნდა ეს საქციელი, არ გამოიღო მის გულში სინანულის ნაყოფი, რადგან არ იყო მასში ერთგულება, სიყვარული, მადლიერება ღვთისა, ყოვლადსახიერი მწყემსისა, ამიტომ მოკვდა იგი საშინელი სიკვდილით "და მარადიული კუბო განიმზადა ჯოჯოხეთში, რომელიც კუბოა როგორც სხეულისთვის, ასევე სულისთვისაც" (წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი).
გულწრფელი, სინდისსუფთა ადამიანი გამუდმებით ცდილობს, მთელი არსებით უფალთან იყოს. ღვთისმოყვარე სულიც ხშირად შორდება შემოქმედს თავისი დაცემული ბუნების მიერ აღსრულებული უზნეობით, მანკიერებით, ცოდვიანობით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მასში არ ნელდება სურვილი, შემართება მადლის ძიებისა, უფალთან ერთობისა, მისი შემწეობისა; პირიქით, კიდევ უფრო მეტად ძლიერდება, იზრდება წყურვილი ღმერთთან მყოფობისა, მასთან სიახლოვისა, რადგან მის წიაღში წარმოშობილი დაცემა უდიდესი განსწავლაა, გაცნობიერებაა საკუთარი სიღატაკისა, უსუსურობისა, სულიერი სიშიშვლისა, უფლისგან სიშორისა, რასაც გაცილებით აღმატებული აღდგინება და სიხარული მოჰყვება. ვისაც მეტს პატიობენ, მას მეტად უყვარს და სადაც სიყვარულია, იქ ცოდვათა სიმრავლე იფარება.
ხშირად დავაკვირდეთ საკუთარ თავს, ვიკითხოთ, სად ვართ, რას ვაკეთებთ, საიდან მოვედით და საით უნდა წავიდეთ. ვისთვის და რისთვის ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე, რა არის ჩვენი არსებობის მთავარი მიზანი და საზრუნავი. რა დაგვრჩება მიწაზე და რას წავიღებთ აქედან. ვიცით, რომ სიკვდილი გარდაუვალია და ვერ შევაჩერებთ მას, რადგან დაუპატიჟებელი სტუმრის მსგავსად უცნობია მისი მოსვლის ჟამი, ამავე დროს ვგრძნობთ და ვიცით, რომ უკვდავნიც ვართ, რამეთუ უკვდავია ჩვენში არსებული სული, ხატება ღვთისა. სიცოცხლის სურვილი არასდროს ბერდება ადამიანში, რამეთუ მარადიულობისთვისაა იგი შექმნილი. რაც უფრო გვემატება წლები, მით უფრო ძლიერდება წყურვილი მარადიული ყოფისა. შენ მართლაც უკვდავი ხარ, ადამიანო, მაგრამ არა შენით, არამედ დაუსაბამო და სრული ღმერთის ძალითა და მადლით. ვუერთგულოთ უფალს ჩვენი ცხოვრებით, ნუ განვეშორებით მას გაჭირვების, ტკივილის, მწუხარებისა და განსაცდელის ჟამს, რადგან ყოველივე ამის უკან მაცხოვარი ჩვენი უფალი იესო ქრისტე დგას, მისი წმინდა სამართალი მეფობს და მაცხოვნებელი სიყვარული აღესრულება, რომელიც საოცარ სიხარულს აღუთქვამს თითოეულ მორწმუნეს:
"ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა". ამინ!