მრისხანება დაცემულის ერთ-ერთი მთავარი გრძნობაა, რომლის მკვებავი და გამომზრდელი ამპარტავნებაა და მასთან დაკავშირებული ცოდვები: პატივმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა, ქედმაღლობა, შური, ვერცხლისმოყვარეობა და უამრავი სხვა. მრისხანება თუ ამით იკვებება, მისი შედეგები, თავისი სიმძიმით და მასშტაბებით, ცას შეჰღაღადებს. შედეგები კი არის აგრესია, სისასტიკე, მკვლელობა, გაუპატიურება, ყაჩაღობა და ა.შ.
პირველი შურით გამოზრდილი მრისხანების მაგალითი, რომელიც მკვლელობით დამთავრდა, გვხვდება პირველ ადამიანებში - კაენი კლავს თავის ძმას, აბელს. იმ დროიდან კაცობრიობა მრისხანების და კაცისკვლის ცოდვაშია გახვეული და ნუ იტყვით, რომ დღეს უფრო ცივილიზებულები ვართ, ვიდრე გასულ საუკუნეებში ვიყავით - ისტორია და ფაქტები სხვა რამეს მეტყველებენ: XX საუკუნეში გადახდილი ომები კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი და სასტიკი იყო, შესაბამისად, არნახული იყო მრისხანების კოეფიციენტი.
დავუბრუნდეთ ჩვენს ქვეყანას და ვნახოთ, რამდენად მრისხანენი ვართ. შავით მოსილი დედები, აგრესიული სახეები, მოზარდთა მკვლელობები, დაჭრა, უცნაური მკვლელობები... ამას დაუმატეთ მედიასაშუალებებით ამ ფაქტების მოწოდების ისტერიული ინტენსივობა და შეიძლება ადამიანი სასოწარკვეთილებაში ჩავარდეს - რა ხდება ჩვენს თავსო! და თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ყველაფერს ყოველდღე უყურებთ ტელეეკრანზე, ამგვარი ემოცია მართლაც დამღუპველად იმოქმედებს ადამიანზე.
შეიძლება იკითხოთ - ამგვარ საშინელებათა ბუმი მხოლოდ დღეს აღინიშნება თუ სხვა დროსაც იყოო. ერთის თქმა დანამდვილებით შეიძლება: დღევანდელი მედიასაშუალებები სანთლით დაეძებენ ამგვარ მასალებს. იპოვიან და "ყოველმხრივ" აშუქებენ - ყველა შემზარავი თუ პიკანტური დეტალებით, ნათესავების, მეზობლების გამოკითხვაც არ ავიწყდებათ, თამამ ვერსიებსაც გვთავაზობენ (განსხვავებით სამართალდამცავი ორგანოებისაგან). მოკლედ, ისე მუშაობენ, როგორც დასავლეთის მედიაში. მუშაობენ იმიტომ, რომ მაყურებლისთვის ამგვარი ინფორმაცია მისაღებია! ნეგატიურ ინფორმაციაზეა აგებული სატელევიზიო სივრცის საინფორმაციო გამოშვებები, რაც საზოგადოებაში ნეგატიურ ფონს ქმნის და, შესაბამისად, ვიღებთ აგრესიულ, მრისხანე მოქალაქეს. მეორე მხრივ, კრიმინალური ფონი საქართველოში მეტად მძიმეა და, რაც ყველაზე შემაშფოთებელია, დანაშაული გაახალგაზრდავდა, მაგრამ ვერ დავეთანხმები მედიას, რომ დღეს უფრო მეტი მრისხანება და კაცისკვლაა, ვიდრე თუნდაც 10-15 წლის წინ ხდებოდა ჩვენში. როგორც ჩანს, მასმედია მართლაც ფლობს ადამიანთა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების საოცარ საშუალებებს, თორემ როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს ქართველთა ქართველებზე მრისხანების, ძმათამკვლელობის წლები, რაც ჩვენმა საზოგადოებამ გამოიარა? ნუთუ აღარ გვახსოვს, როგორ ებრძოდა უბანი უბანს, საძმო - საძმოს, სადარბაზო - სადარბაზოს, ქუჩა - ქუჩას, სკოლა - სკოლას?.. მანქანაში ხოცავდნენ ხალხს, იყო აფეთქებები თუ სხვა ცოდვის ტრიალი. ამ ტრაგედიამ იმხელა მასშტაბები მიიღო, რომ საპატრიარქომ ეკლესიური სასჯელების უკიდურეს ფორმას მიმართა და ანათემით (თუ არ შეინანებდა ადამიანი, სამუდამო წარწყმედით) დაემუქრა ძმათა მკვლელთ, მაგრამ არათუ ანათემა, ეკლესია, პატრიარქი, არამედ თვით ღმერთიც აღარ ახსოვდათ "თავისუფლებამოწყურებულ" ახალგაზრდებს. სამწუხაროდ, წარსულის გაკვეთილებს არათუ არ ვითვალისწინებთ, არამედ არც გვინდა, რომ გავიხსენოთ.
დღევანდელი სიტუაციის და მით უფრო მაშინდელის მიზეზი საკმაოდ ტრივიალურია - ქართველების მორიგი დაშორება ღმრთისგან, ჩვენს ურწმუნოებაშია ჩვენი ტრაგედიის სათავე. დიახ, ურწმუნოებაში! გარეგნულად რაც არ უნდა ვაღიარებდეთ ღმერთს, რაც არ უნდა დიდი ჯვრებით დავდიოდეთ - პირიქით, ეს ჩვენი სამხილებელია. ამას დაუმატეთ ჩვენი უზომო პატივმოყვარეობა, ამპარტავნება და მივიღებთ დღევანდელი ყოფის ტრაგიკომედიას. როდესაც დედას ეუბნება შეწუხებული, გულშემატკივარი მეზობელი - მიხედე შენს შვილს, ცუდად გამოიყურება, შეამოწმე, ნარკოტიკებს ხომ არ იღებსო, მადლობის მაგიერ მეზობელს ლანძღვა-გინებით იკლებს - როგორ გაგვიბედე ამის თქმა, არ იცი, ჩემი შვილი როგორი ოჯახიშვილიაო! ამგვარ დედას აღარ უნდა გაუკვირდეს, ცოტა ხანში შვილს შინ თუ მიუსვენებენ. დაფიქრდით, რამდენ ასეთ დედას იცნობთ...
გავიხსენოთ, უდანაშაულო ბავშვთა ტანჯვის საკითხს როგორ აყენებდა ივანე კარამაზოვი. ახლაც გვიხდება უამრავ ადამიანთან ურთიერთობა, რომლებიც თავიანთ თავს ქრისტიანს უწოდებენ, თუმცა ივანეს აზრს იზიარებენ - ბავშვთა უდანაშაულო ტანჯვაში თვით ღმერთს ადანაშაულებენ. ბევრი მზადაა თვით შვილმკვლელობის ფაქტშიც იდრტვინოს ღმერთისადმი: "სად არის უფალი, როგორ დაუშვა უდანაშაულო ბავშვის ასეთი ტანჯვა?" ასეთი აზროვნება და ლაპარაკი როგორი დაბნელებაა გონებისა და გულისა! როგორ შეიძლება ვიწუწუნოთ ღმერთზე, რომელმაც ადამიანი თავისუფალი ნებელობით საუკუნო ნეტარებისთვის შექმნა, ხოლო ცოდვით დაცემის შემდეგ (რომლის შედეგია ბოროტება, ტანჯვა, სიკვდილი) გამოისყიდა ცოდვილი თავისი უდანაშაულო ვნებით, თავისი წმინდა სისხლით?! თქვენ ვიღაც აბსტრაქტულ ღმერთს კი არ საყვედურობთ, არამედ ქრისტე ღმერთს, ჩვენი ცოდვებისთვის ჯვარცმულს, სამუდამო სიკვდილისგან გამომხსნელს თავისი უდანაშაულო ტკივილებით... აბა, შეეცადეთ, წითელ პარასკევს გარდამოხსნასთან მიიტანოთ თქვენი საყვედურები და იგრძნობთ, მიხვდებით საკუთარ შეცდომას... უფლის საფლავთან დადუმდებიან ბაგენი და ენა ყელს მიეკვრება. ღმერთს კი არა, საკუთარ თავს უნდა ვუსაყვედუროთ თითოეული ბოროტებისთვის, რომელსაც ვხედავთ (აღარ ვამბობ, რასაც ვჩადით). ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვის არის დამნაშავე - აი, ეს არის ქრისტიანული სოციალური ეთიკის არსი.
ერთ საშინელ თემაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას. მართალია, ის ირიბად ეხება ჩვენს დღევანდელ თემატიკას, მაგრამ არსობრივი კავშირი აშკარაა. ესაა დედათა მრისხანება და მკვლელობები, უდანაშაულო ბავშვების მკვლელობები.
ჩვენდა საუბედუროდ, ლაპარაკი აბორტზეა, მაგრამ იმ სახით, იმ მიზანმიმართულებით და იმ ბიზნესგეგმით მიმდინარე ქმედებებზე, რაც საქართველოში ხდება, ჯერ არავის უსაუბრია. ეს, მართლაც შეიძლება ითქვას, ექსკლუზიურია. მასალები ამის შესახებ მსოფლიო პრესისთვის დიდი ხანია ცნობილია. კომპეტენტურობისთვის დავეყრდნობი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გაზეთის "დეილი მეილის" სტატიას "ბარბაროსული სილამაზე". სამწუხაროდ, მასში საქართველო საკმაოდ არასახარბიელოდ არის წარმოდგენილი და გვიჩენს დიდ საფიქრალს ქვეყნის სულიერი თუ ფიზიკური გადარჩენისთვის. სტატიაში ლაპარაკია თანამედროვე მსოფლიო კოსმეტოლოგიური მოდის ტენდენციებზე.
რესპექტაბელური ბრიტანული კლინიკების რჩევით, თურმე ბრიტანელი ქალები გასაახალგაზრდავებლად სულ უფრო ხშირად მიმართავენ არაქირურგიულ, არაპოპულარულ, საკმაოდ ძვირ და ეფექტიან მეთოდს - ღეროვანი უჯრედებით თერაპიას - ახალდაბადებული ბავშვის ჭიპლარის ქსოვილების ინექციას.
ეს ყველაფერი კი ხდება არა ინგლისში, არამედ როტერდამში (ჰოლანდია), სადაც ღეროვანი უჯრედებით თერაპიასთან დაკავშირებული შეზღუდვები თითქმის არ არსებობს.
სილამაზის ექიმებისთვის ღეროვანი თერაპია დიდ ბიზნესად იქცა. ამასთან, ღეროვან უჯრედებს გასაოცარი დადებითი პოტენციალი გააჩნიათ ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალოდ.
ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ღეროვან თერაპიას "უღმრთო" უწოდა და აკრძალა მისი სახელმწიფოებრივი დაფინანსება. თუმცა, კალიფორნიის შტატის გუბერნატორის, არნოლდ შვარცენეგერის წყალობით, ეს მის შტატში აკრძალული არ არის. მეტიც - ცდების დასაფინანსებლად 80 მილიონი დოლარი გამოიყო.
რა არის ღეროვანი უჯრედები, რატომ კამათობენ ასე ცხარედ მათზე? ეს გახლავთ ადამიანის სხეულის ერთგვარი სამშენებლო მასალა. ის უფრო მეტია ემბრიონებში, ადამიანის ჩანასახოვან ნაყოფებში და ახალშობილებში.
ასეთი უჯრედები მოუმწიფებელია (ახალია) და ამოღების შემთხვევაში ლაბორატორიულ პირობებში შესაძლებელი ხდება მათი სტიმულაცია სხეულის სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ძვლის, კუნთისა თუ ქსოვილის შესაქმნელად.
სხეულში ასეთი უჯრედების ინექციის შემთხვევაში უჯრედები ზემოქმედებენ იმ ორგანოებზე, რომლებიც აღარ ფუნქციონირებენ ოპტიმალურ დონეზე და ახალი ქსოვილების შესაქმნელად მათ სტიმულს აძლევენ.
მეცნიერთა მტკიცებით, საჭიროა დამატებითი კვლევები იმის დასამტკიცებლად, უჯრედების ინექციით ხდება თუ არა ჭორფლის შემცირება და სიბერის შეჩერება.
ბრიტანეთში ღეროვანი უჯრედების კვლევა მკაცრად ლიმიტირებულია ეთიკის ნორმებით. აქ ნებადართულია მხოლოდ ზრდასრული ნაყოფის მშობიარობისას ჭიპლარიდან (მომყოლიდან) მიღებულ ღეროვან უჯრედებზე ექსპერიმენტების ჩატარება.
მომყოლი ანუ პლაცენტა ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ უწინ იჭრებოდა და აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყო. თუმცა რაც ღეროვანი უჯრედების ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები აღმოაჩინეს, მასში შემავალ ქსოვილებს აკონსერვებენ და სამედიცინო მიზნებისთვის იყენებენ. ამაში თითქოს ცუდი არაფერია, რადგან გაჩნდა დღემდე უკურნებელი ბევრი დაავადების მკურნალობის პერსპექტივა. მაგრამ მეცნიერთა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღეროვან უჯრედებს მეტი რაოდენობით შეიცავს 2-12 კვირის ემბრიონი (ნაყოფი). უმეცარმა ადამიანებმა დაიწყეს ნაყოფთა განადგურება ვითომდა კეთილი მიზნებისთვის.
ბრიტანეთში უკვე რამდენიმე სპეციალურად რეგისტრირებული ინსტიტუტი იყენებს მეცნიერებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარებული აბორტირებული ემბრიონის (არა უმეტეს 14 დღის) უჯრედებს.
პლანეტის სხვადასხვა კუთხეში იხსნება ახალ-ახალი კლინიკები. ასეთი კლინიკები, ძირითადად, ტურიზმით განთქმულ ქვეყნებშია. ოპერაციის საშუალო ფასი 15000-დან 20000 გირვანქა სტერლინგამდე (45000-60000 ლარი) მერყეობს, თუმცა ბევრ ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა, თუ რამდენი წარუმატებელი გაახალგაზრდავების ოპერაცია ჩატარდა.
მაგალითად, კარიბის ზღვაში მდებარე ბარბადოსი მსოფლიოს ღეროვანუჯრედული თერაპიის ერთგვარ ცენტრად იქცა. იქაურ რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტში უკრაინელი მეცნიერები ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანს უკეთებენ ინექციას. კლინიკას ამერიკელი ინვესტორები აფინანსებენ. კლინიკის მენეჯერის განცხადებით, შერჩევითი აბორტების შედეგად 12-კვირიანი ნაყოფის ღვიძლს გააჩნია მდიდარი რეგენერაციული ღეროვანი უჯრედები, რომლებიც პაციენტს ინექციის სახით ხელში უკეთდება. 1 თვის შემდეგ გასაოცარ შედეგებს იღებენ - ხდება პაციენტის სწრაფი გაახალგაზრდავება. პროცესი რამდენჯერმე უნდა განმეორდეს წლის განმავლობაში.
ადგილობრივი საეკლესიო ლიდერების პროტესტის მიუხედავად, კლინიკა განაგრძობს ფუნქციონირებას. იგი მასალებს იღებს ძირითადად უკრაინისა და რუსეთის ღარიბი რეგიონებიდან.
მოსკოვშიც არსებობს მსგავსი კლინიკა, ე.წ. ცელულიტის კლინიკა. ექვსკურსიანი მკურნალობის ღირებულება 10000-15000 გირვანქა სტერლინგია (30000-45000 ლარი). ადგილობრივი კანონმდებლობის სისუსტემ ხელი შეუწყო 50-მდე ასეთივე კლინიკის გახსნას მოსკოვში, სადაც მდიდარ ადამიანებს აახალგაზრდავებენ.
მკურნალობა ხდება როგორც აბორტირებული ნაყოფის ჭიპლარის ქსოვილების, ასევე ღორის, ძროხისა და სხვა ცხოველების ქსოვილების ინექციით.
რეალობა ცხადყოფს, რომ რუსეთი და უკრაინა აბორტებით მსოფლიოში ლიდერობენ. რუსეთის მილიციის განცხადებით, ადგილობრივი აბორტირებული ნაყოფის შავ ბაზარს კონტრაბანდული გზით ე.წ. მასალას აწვდიან უკრაინა და საქართველო.
ამ ქვეყნებში ახალგაზრდა ღარიბ დედებს 200 დოლარს უხდიან 8-12 კვირის ნაყოფის აბორტის გზით მოცილებასა და კოსმეტიკურ კლინიკაში ჩაბარებაში.
დომინიკის რესპუბლიკაში, მედრას კლინიკაში ლა რომანას ეგზოტიკურ კურორტზე ჩამოსულ პაციენტს მკურნალობა 15000 სტერლინგი (45000 ლარი) უჯდება.
კლინიკის დირექტორის, დებრა ჰაფ რეიდერის თქმით, აბორტირებული ნაყოფი ძირითადად შემოაქვთ ყოფილი საბჭოთა საქართველოდან.
ნუ გაგიკვირდებათ, რატომ არის ამდენი აგრესია ჩვენში, რატომ უკლავენ დედებს მოზარდ შვილებს (დედებმა ჩაიხედონ გულში, თვითონაც ხომ არ გაიმეტეს უსუსური ბავშვი!), რატომ ვცხოვრობთ ცუდად, რატომ არის დანაწევრებული საქართველო, რატომ არ არის ჩვენში მშვიდობა. ჩვენ ჯერ უშობელ შვილებს კოსმეტიკად ვაქცევთ, ხოლო დაბადებულებს სანაგვეზე ვყრით, შესაბამისად, ვმრუშობთ, ვხოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მომავალს მრისხანენი და გულარძნილნი შევყურებთ. მომავალი აუცილებლად დადგება, მაგრამ მე ამგვარი მომავლისა ძალიან მეშინია!
ლევან მათეშვილმა