არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)
(წერილები)
ამას რას მწერთ, რომელ საღმრთო მადლზე შეიძლება საუბარი, როცა სასიკვდილო ცოდვაში ხართ?! გულისთქმა უკვე ცოდვაა, თქვენ კი საქმით განუდექით ღმერთს და სარწმუნოებას. ეპიტიმიაზე მევაჭრებით ისე, თითქოს ბაზარში ვიყოთ. ეპიტიმია მოქმედებს მაშინ, როცა ცოდვას უდებს საზღვარს და ის კვლავ არ აღესრულება. ცოდვის განმეორებით საკუთარი ანათემის ქვეშ დგებით და სხვა შესაწირავი აღარ გრჩებათ ცოდვისთვის, თუ არა მხოლოდ ის, რომ ღმრთის სამართლიან რისხვას ელოდეთ ახლავე, მიწაზე.
საუკუნო ცხოვრებაზე არაფერს ვამბობ. საიდუმლო ქორწინება სხვის ქმართან! თუ გწამთ ღმერთი? განა მორწმუნემ შეიძლება ასე იფიქროს და ილაპარაკოს.
ა.ა.!
რომელ უსიამოვნო ამბებზე მწერ?! ყველაზე დიდი საწყენი ხომ შენი დამოკიდებულებაა ცხოვრების მიმართ. ანდა უსიამოვნებები როგორ არ იქნება, როცა სასიკვდილო ცოდვამ დაიმონა შენი ახალგაზრდობა? იმაზე ფიქრობ, რას იტყვის შენზე ხალხი, მაგრამ ღმერთი როგორ შეხედავს შენს უგვანობას, ამას არ უფიქრდები. იცოდე, ჩემო გოგონა, როცა ცხოვრებას სხვის ცრემლებზე აგებ, ბედნიერებაზე აღარ უნდა იფიქრო. ნუთუ არ გეშინია, რომ ახლა გაგიყვანონ ამ ქვეყნიდან? ღვთის სამსჯავროზე ხომ წარდგები, როგორც მრუში და სხვისი ოჯახის დამანგრეველი?! აი, ამაზე იფიქრე. ეს არის მთავარი. შეგიძლია თუ არა შეინანო, შეცვალო ცხოვრება და მასზე შეხედულებანი? შენ ხომ ღმერთისა და საღმრთო სჯულის გარეშე ცხოვრობ.
იფიქრე, სანამ დროა...
ძვირფასო ა.!
თუ ცხოვრების საძირკველში ცოდვა იდება, საეჭვოა კეთილი ნაყოფის გამოღება. იფიქრე ამაზე სერიოზულად. ცხოვრება ხანმოკლეა, მარადისობა კი დაუსრულებელია. განა როგორი იქნება ჩვენთვის ეს მარადისობა, როცა მის ქვაკუთხედად არა საღმრთო სჯულს, არამედ ცხოვრებისეულ სიკეთეს ვდებთ? ადვილია და პასუხი არ მოგეთხოვება, როცა მეგობარი გოგონა გყავს, მაგრამ საპასუხისმგებლოა და ძნელად ჯვარსატვირთავი მეუღლეობა. ხოლო ის, რომ მეგობარი გოგონას ყოლა სასიკვდილო ცოდვაა, არ გვაწუხებს.
დროა, დაღვინდე და საკუთარ ქმედებას პასუხისმგებლობით მიუდგე. შეგეწიოს უფალი სწავლაში და განგაბრძნოს, რომ გონივრულად იცხოვრო.
ტ., ღმერთმა მაშინ კი არ მიგატოვათ, როცა თქვენგან სხვისი ქმარი წავიდა, არამედ მაშინ, როცა ეს კაცი მიიღეთ. წაიკითხეთ წმინდა წერილი, მეძავები და მრუშები ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. თქვენ კი თქვენს "მეგობართან" ერთად ერთიცა ხართ და მეორეც. უნდა შეიგრძნოთ საკუთარი დაცემა და ისიც, რომ ეს სასიკვდილო ცოდვა კედლად აღიმართა ღმერთსა და თქვენს შორის. უნდა შეინანოთ, აღსარება თქვათ, ეზიაროთ და სულის განსაწმენდად ღვთისგან დადებული ეპიტიმია იტვირთოთ. სულისა, რომელიც ბნელში იმყოფება და მიათრევს ეშმაკი განუსჯელი სურვილით, შეირთოთ სხვისი ქმარი.
თქვენი სურვილისამებრ ვილოცებ, თქვენ კი შეიწყალეთ საკუთარი სული, რადგან ცხოვრება ხანმოკლეა, მარადისობა კი უსასრულო.
ძვირფასო უფალში
თქვენი ოჯახის შექმნის სურვილი კურთხეულია, ხოლო კონკრეტულად ა-ზე დაქორწინებისთვის პირველი და აუცილებელია, მშობლისაგან აიღო კურთხევა და მოძღვრისაგან, რომელიც თქვენს აღსარებას ისმენს.
გახსოვდეთ ორივეს, რომ ოჯახის შექმნისას საფუძველში არ ჩადოთ ცოდვა ქორწინებამდელი ურთიერთობისა, თორემ ძნელი იქნება მასზე ააშენოთ ის, რასაც აპირებთ. ისიც გახსოვდეს, რომ ბედნიერება ორივე მხრიდან უნდა გამოზარდოთ მოთმინებით და დიდი შრომით. მხოლოდ მაშინ, როცა ღრმად იგრძნობთ პასუხისმგებლობას ღვთის წინაშე - შექმენით ოჯახი.
ძვირფასო ო.!
გაუფრთხილდით თქვენს ურთიერთობებს და ნუ დაარღვევთ მას ნურც განხეთქილებით, ნურც დაუშვებელი მოქმედებებით. თუ ოჯახის შექმნისას სათავეში ცოდვა ჩაიდება, მისგან კარგს არაფერს არ უნდა ველოდეთ. ქორწინებას ნუ იჩქარებთ. ორი წელი - გამოსაცდელი ვადაა, რომელიც თქვენს გრძნობებს უფრო გააღრმავებს და შეამოწმებს. განიბრძნეთ - ცხოვრებისეული გზის არჩევა და ოჯახის შექმნა სერიოზული ნაბიჯია.
ძვირფასო ო.!
რამდენი ცოლი ჰყავდა თქვენს მეგობარს? რატომ ფიქრობთ, თქვენ მათზე უკეთესი იქნებით? მღვდელმა ტყუილად კი არ შეგაჩერათ ამის განზრახვისას, ასე იმიტომ მოიქცა, რომ გარკვეულიყავით თქვენს ურთიერთობებში. და აი, გარშემო ბნელი გაიფანტა, მაგრამ არა თქვენს გრძნობებსა და შეგნებაში.
დაფიქრდით, ო! რა დროს ზღაპრებია სიყვარულზე? ერთი უყვარდა, მეორე ბავშვით გააბედნიერა, მესამე მიაძინა სიყვარულის პერსპექტივით, საბოლოოდ გამოდის, რომ სიყვარულზე თანამედროვე შეხედულება დიდად განსხვავდება სიყვარულის ღვაწლისაგან.
ძვირფასო უფალში ა.!
შეცდომები საკმარისზე მეტი ჩაიდინეთ, წინ კიდევ ერთი გელით: ვნება, რომელიც ამახინჯებს, შერყვნის ყველა ურთიერთობას, ეს თქვენშია. ამიტომ სულიერი ქორწინება - ეს ფანტაზიაა, რომელსაც ვნება ნამსხვრევებად აქცევს.
ახალი ცხოვრება სულის განწმენდით უნდა დაიწყოთ, საკუთარ თავზე მუშაობით, ლოცვით, გარეგნულად კი არ უნდა დაგეგმოთ, არამედ თქვენში ქრისტიანული სული უნდა ააღორძინოთ.
მოვა დრო, მოხედავს ღმერთი თქვენს ღვაწლს, თქვენს მწუხარებას და ნუგეშად ნორმალურ ქრისტიანულ ოჯახს მოგცემთ. ამას კი ახლა ვერ მიიღებთ.
ტ.!
ღმერთის გაცემა არ შეიძლება, ჩვენ კი მას ყოველ ნაბიჯზე ვღალატობთ. ერთს ვამბობთ, მეორეს ვფიქრობთ და მესამეს ვაკეთებთ. ნეტავ იცოდეთ, რას ნიშნავს თქვენთვის ღმერთში ცხოვრება. მაგრამ თქვენ ამის გაგება არ გსურთ, ტყუილი ტყუილს ემატება და საბოლოოდ კი პირველ რიგში საკუთარ თავს ვატყუებთ.
ქმართან ერთად უნდა იცხოვროთ, თქვენ მის წინაშე დამნაშავე ხართ. ქორწინებისას ხომ აღუთქვით სიყვარული და ერთგულება. აღთქმა კი აიღეთ, მაგრამ საქმით არ შეასრულეთ, ამით კი ღმერთს ეცრუეთ.
სიცრუის მამა, ცნობილია, ვინც არის. თქვენი სიცრუით მიეცით მას თქვენს სულთან მოახლოების უფლება. სიცრუის ატმოსფეროში გაზრდილი ბავშვები კი უბედურები არიან. ისნ-ის (ინდივიდუალური საგადასახადო ნომერი) გეშინიათ, სიცრუისა და სასიკვდილო ცოდვისა კი არა. არადა სწორედ ჩვენი უსჯულოება გვაქცევს ანტიქრისტეს კუთვნილებად. თქვენ კი ისნ-ის გარეშეც გადადგით მისკენ ვეებერთელა ნაბიჯი - მაშინ, როცა მღვდლის "სიყვარული" მოისურვეთ.
მას ნუ ადანაშაულებთ - საკუთარ თავს შეხედეთ. სიცრუეში იღუპებით, ის თქვენს გულში ჩაბუდებულა. ვერას გეტყვით, კონკრეტულად როგორ მოიქცეთ. მხოლოდ ამას გირჩევთ: შეიცანით თავი, შეინანეთ, აღსარება თქვით, ეზიარეთ, აიღეთ თქვენი ჯვარი და მოთმინებით შეუდექით ქრისტეს.
ძვირფასო მორჩილო ა.ა.!
რაღაც საშინელი, მთელი თქვენი არსების დამაბნელებელი განსაცდელი დაგტაკებიათ. სიტყვებით და ცნებებით ნუ თამაშობთ - ღმერთი არავის გამოცდის, თქვენ კი სწორედ მას მიაწერთ გონების დაბნელებას, თქვენს ახლანდელ მდგომარეობას.
ჩემო ძვირფასო, თქვენ არა მარტო ეკლესიური ადამიანი ხართ - მიეკუთვნებით საეკლესიო დასს. ბერობის სურვილი მაშინ განაცხადეთ, ვიდრე ცოცხალი იყო თქვენი კანონიერი მეუღლე. ეს განაცხადი დაამტკიცეთ მისი სიკვდილის შემდეგაც და ბერად აღკვეცის თხოვნით მოხვედით ჩვენს მონასტერში.
ახლა კი ახალი განაცხადი - ქორწინებისა, რომლითაც ხაზს გადაუსვამთ თქვენს მრავალწლიან შინაგან, სულიერ ცხოვრებას.
იცით, ჩემო ძვირფასო სასიძო - ბაბუავ, რომ საეკლესიო კანონებით ე-სთან თქვენი ქორწინების კურთხევა არ შეიძლება? ის მღვდელი, რომელიც არად ჩააგდებს კანონს, მკრეხელობას ჩაიდენს. ვლოცულობ, რომ გონს მოხვიდეთ და დაემშვიდობოთ იმ აზრს, თითქოს შეიძლება შეირთოთ ქალი, რომელსაც მამად ეკუთვნით.
23 სექტემბერი, 2000 წელი
მ.!
რა ბედნიერებას ელით, როცა ურთიერთობის საფუძველში სასიკვდილო ცოდვა ჩადეთ? ახლა თქვენი, ორივეს, წმინდა ბარძიმთან მისვლა არ შეიძლება. მაშინ მაინც შემკითხვოდით, როცა გულისთქმა გაგიჩნდათ.
ახლა კი ვინ იქნება თანამონაწილე თქვენი ცოდვისა? ყველა თავის თავზე ფიქრობს, ბავშვებზე კი, რომელთა გამოც პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე, არ ვფიქრობთ. განგაბრძნოთ ღმერთმა!
ძვირფასო უფალში ა.!
საშინელი რამ მომიყევით წერილში. ვინ შეძლებს თქვენი და თქვენი გოგონას დახმარებას? თქვენზე რაღაც იმედი მაინც არის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რწმენა გექნებათ. გოგონაზე კი გავჩუმდები, რადგან ის ახლა არავის მოუსმენს. ის თვლის, თითქოს მის ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული არ ხდება და სხვა ნორმალური ადამიანებივით ცხოვრობს.
ასეთია წესი ჩვენი დროისა. მაგრამ ეს რომ პირდაპირი გზაა საუკუნო დაღუპვისაკენ და ამ ცხოვრებაშივე საშინელი ავადმყოფობისაკენ, ამას ჯერჯერობით მისი გონება და გრძნობა ვერ აცნობიერებს. თქვენ გსურთ ჩემგან იმის შეტყობა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ქრისტიანულად. კი ბატონო, ოღონდ ეს თქვენს ქალიშვილს ახლა არ მოეწონება. ამისთვის უნდა ვიაზროვნოთ ქრისტიანულად.
1) შეწყვიტოს მრუშობა (გავიხსენოთ სახარებისეული ნათქვამი: "ხუთი ქმარი გყავდა, მაგრამ არც ერთი არ იყო შენი ქმარი"). 2) აუცილებლად თქვას აღსარება და ეზიაროს. 3) იცხოვროს სიწმინდით და ასე აღზარდოს ბავშვი. მაგრამ ის ამას არ შეასრულებს.
თქვენ კი სიტყვებით ნუ თამაშობთ: რაც საქმეები ამიწერეთ, არც ერთში ღვთის ნება არ არის, ეს არის ნება თავაშვებული კაცისა და ნება კაცთა მოდგმის მტრისა. ეს კარგად უნდა შეიგნოთ თვითონვე და შეინანოთ წარსული ცხოვრება. ქალიშვილზე მოგეკითხებათ, რადგან ის არ აღზარდეთ არც რწმენით და არც ჯანსაღი ზნეობრივი ნორმებით. ამიტომაც უნდა შეინანოთ, ილოცოთ, იტიროთ გულით ღვთის წინაშე საკუთარი ქალიშვილის გამო. სხვა რამის გაკეთებას დღეს ვერ შეძლებთ. რახან ბინა დააცალკევეთ, თქვენთვის ერთი ოთახი მაინც დაიტოვეთ, სადაც არაერთხელ პოვებს თავშესაფარს თქვენი შვილი. აბა, რანაირი ქრისტიანი ხართ, როცა აბორტზე მეკითხებით? ეს ხომ ბავშვისა და იმავდროულად დედის მკვლელობაცაა.
ამგვარად, ამ გრძნობით შეიცანით თქვენი საქმე. ვინც არის მონაწილე ამ ცოდვის - მკვლელია. ხოლო მეძავნი, მრუშნი და მკვლელები ღვთის სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ. ეს არის საქმე დემონისა, რომელიც თავიდანვე კაცისმკვლელია.
მხოლოდ ერთს გირჩევთ: მიხვდით, შეიგრძენით თქვენი სულის საცოდავი მდგომარეობა და უფრო უმძიმესი - თქვენი ქალიშვილის სულისა, შეიგრძენით და დაიწყეთ ლოცვა, თქვენი ცხოვრებიდან ნამცეც-ნამცეც განდევნეთ ყოველივე, რაც მას დაღუპვისაკენ უბიძგებს.
მე ამ წერილს აღდგომას არ უნდა ვწერდე, მაშინ როცა უფალი ყველას საუკუნო სიცოცხლის სიხარულს ჰპირდება და ყველას მოუწოდებს თავისკენ. ერთადერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ - უკომპრომისოდ შემობრუნდით ღმერთისკენ.