ღმერთი დაუსაბამოა, უხილავია, უკვდავია, უსაზღვრო და ყოველივეზე აღმატებული. ადამიანი თავისი მცირე გონებით ვერ შემოსაზღვრავს მას. ვინც ყოველივეს მოიცავს და "აღავსებს მადლითა თვისითა", როგორ შეიძლება, თავად იყოს ზღვარდადებული? ვინც მიუწვდომელია, როგორ შეიძლება გახდეს მისაწვდომი, ვინც უკვდავია, როგორ შეიძლება შეიმეცნოს მოკვდავმა? სხვაა ბუნება უფლისა და სხვა - ანგელოზისა და ადამიანისა.
იდუმალი, მიუწვდომელი ყოფიერება ღვთისა - წმინდა სამებისა ყველაზე ნათლად და გაცხადებულად თავად მხოლოდშობილმა ძემ, უფალმა იესო ქრისტემ იქადაგა ამ ცოდვილ მიწაზე; "რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქვა", ქრისტემ, რომელიც არის ბუნებითი ხატი, გამოცისკრება მამისა, ინება და აღიყვანა ჩვენი დაცემული გონება წმინდა სამების შემეცნებამდე, რამეთუ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით. უფალი თავის თავს გვიცხადებს არა გონებამახვილობისა და ნიჭიერების, არამედ გულის სიწმინდის, სიმდაბლისა და ჩვენი მონდომების მიხედვით, ამიტომ მხოლოდ გულით წმინდანი შეიმეცნებენ მას - ერთარსება სამპიროვან ღმერთს. არაფერია იმ გონებაზე ღატაკი, რომელიც უფლის შემწეობის გარეშე ცდილობს მის წვდომას და ბრძნადმეტყველებას. ღარიბი ის კი არ არის, ვისაც არაფერი აქვს, არამედ ის, ვისაც არ სწამს, არ სურს უფალში ყოფნა. ასევე, მდიდარი ის კი არ არის, ვისაც სხვაზე მეტი აქვს, არამედ ის, ვინც ქრისტეში ჰგიებს სამარადისოდ.
მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგიაა, რადგან იგი ერთარსება ღმერთის - მამის, ძის და სულიწმინდის, წმინდა სამების მადიდებელია. ჩვენ, ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისმცემლებსა და აღმსარებლებს, გვწამს ერთი ღმერთი - დაუსაბამო, უხილავი, შეუდგენელი, მარტივი, ყოვლად კეთილი, სახიერი, უცვლელი, გარდაუქმნელი, ყოვლის კეთილად წინაგანმგებელი და შემამტკიცებელი, სამ ღვთაებრივ პირში - მამაში, ძესა და სულიწმინდაში გაბრწყინებული, გამოცისკრებული, როგორც წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი აღმოიტყვის: "მარტივო, სრულო, სამმზეო, ერთცისკროვნებაო". თავად სიტყვა "მართლმადიდებლობა" სიმართლის დიდებას, მის აღსარებას ნიშნავს. ჭეშმარიტება არ შეიძლება იყოს მრავალი. როგორც ერთ ურდულს არ შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა გასაღები, ასევე ვერც სასუფევლის კარს მოვარგებთ "რწმენის სხვა გასაღებს", თუ არა მართლმადიდებლობას, რომელიც სამგვამოვანი ღმერთის, წმინდა სამების აღმსარებელი რელიგიაა.
დასაბამიდან კაცობრიობას განეცხადა მამა ღმერთი. სამება ჯერ კიდევ დაფარული იყო მისთვის, რამეთუ ადამიანთა მოდგმა მიდრეკილი იყო მრავალღმერთიანობისკენ. მამა ღმერთის დიდებით მათ ერთი ღმერთის, ერთი დასაბამის თაყვანისცემა ისწავლეს (რომლისგანაც შეიქმნა ყოველივე). ეს იყო მომზადება "სარწმუნოებრივად ჩვილი" კაცობრიობისა სამებისთვის, ქრისტესთვის, ახალი აღთქმისთვის. ხოლო მას შემდეგ, რაც ცოდვილ მიწას ჭეშმარიტი ღმერთი, ძე ღვთისა იესო ქრისტე მოევლინა, სამყარომ ახალი სიცოცხლე, ახალი ზეცა მიიღო. სწორედ სამგვამოვანი ერთი ღმერთის რწმენამ გახსნა ზეცა - სასუფევლის კარი, მოგვმადლა ცხონება, ახალმა ნათლობამ, მამის, ძისა და სულიწმინდის სახელით აღსრულებულმა, დაუმკვიდრა ადამიანს სიცოცხლე ღმერთში.
ებრაელებს, მუსულმანებს, მართალია, სწამთ ერთი ღმერთი, მაგრამ არ სწამთ სამება, ამიტომაც არ არის ჭეშმარიტება მათში, წარმართები მრავალღმერთიანობას ქადაგებენ და აქ ედება ზღვარი მათ სიმართლეს, ხოლო ქრისტიანობა - მართლმადიდებლობა, როგორც ბეწვის ხიდი, ოქროს შუალედი, ისე გადის მათ შორის, რადგან იგი ერთი ღმერთის - წმინდა სამების, მამის, ძის და სულიწმინდის დიდებაა, მისი თაყვანისცემაა. სამკუთხედი ერთი ფიგურაა, მაგრამ თუ მას რომელიმე გვერდს მოაკლებ, სამკუთხედი აღარ იქნება. ასევე ერთია ღმერთი სამ ღვთაებრივ პირში იდუმალად, ჩვენგან მუწვდომლად გაბრწყინებული, ერთია ბუნება ღვთისა - მამისა, ძისა და სულიწმინდისა, თანადიდებადნი, ყოვლითურთ თანასწორნი, ერთი ღმრთეებაა, ერთი ძალა, ერთი სიბრძნე და ერთი დიდება. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ღმერთი ერთია, რადგან ერთია მამა", რომლისგანაც არის ყოველივე, მისგან და მასში იღებს სათავეს და არსებობას თითოეული სულდგმული, ქმნილება, იგი არის წყარო და მიზეზი ძისა და სულიწმინდის მარადიული ყოფიერებისა, რადგან არც ერთი მათგანი არ ყოფილა თითოეულის გარეშე - მამა ძეში და ძე მამაში, სულიწმინდა მამაში და მამა სულიწმინდაში, სულიწმინდა ძეში და ძე სულიწმინდაში, ერთმანეთში მყოფნი, ურთიერთდამტევნი. არც ერთ ღვთაებრივ პირს არა აქვს დიდება რომელიმე მათგანის დაკნინებით, რადგან თუმცა ვამბობთ სამ ღვთაებრივ პირს, არ ვამბობთ სამ ღმერთს, არამედ - ერთს, სრულსა და მიუწვდომელს.
ჭეშმარიტი მამა არ შეიძლება ყოფილიყო ჭეშმარიტი სიტყვის - ძის გარეშე, ღმერთი, რომელმაც შექმნა გონიერი არსებანი და რომელიც დამბადებელია ყოველივესი, არ შეიძლება მოჰკლებოდა ბუნებით შობას, ამიტომაც თავის წიაღში, არსებაში, ჩვენგან მიუწვდომლად, დაუსაბამოდ, უჟამოდ შვა ძე ღმერთი - იესო ქრისტე, "ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ღმრთისაგან, უკვდავება უკვდავებისაგან", ძე, რომელიც არის ხატი, ძალა და დიდება მამისა; "თვინიერ მისა არცა ერთი რაი იქმნა, რაოდენი-რაი იქმნა" (იოანე 1:3); ნათელი სოფლისა, რომელიც ცოდვით დაცემული, დაღუპული კაცობრიობის გადასარჩენად ხორციელად, ჩვენივე ბუნებით მოვიდა მიწაზე, განკაცდა, რათა ადამიანი განღმრთობილიყო. მარადიულობა მოვიდა დროში, რათა ჩვენ შეგვემოსა უკვდავება, სიცოცხლემ იგემა გემო სიკვდილისა, რათა ჩვენ გვეცოცხლა მასში, ჯვარზე გაეკრა ჩვენთვის, რათა ჩვენ გამოვეხსენით, ცოდვის სარეცელზე მიკრულნი ეშმაკის ხაფანგისაგან. რომ არა იესო, ვინ მოგვცემდა მაგალითს ღმერთთან მიახლებისა, როგორ შევძლებდით უფლის მიბაძვას? რომ არა ქრისტე, ვინ გამოუცხადებდა ადამიანებს სამების, ჭეშმარიტების შესახებ?
სასწაულია ღმერთი და სასწაული იყო მისი მიწიერი შობა - სულიწმინდისა და წმინდა ქალწულის მარიამის მიერ უთესლოდ მოევლინა ქვეყნიერებას. მაცხოვართან მიმართებით ჩვენ ვამბობთ ორ შობას: ერთს - დაუსაბამოს, მარადიულს მამისაგან და მეორეს - დასაბამიერს, ხორციელს მარიამისაგან, ერთს - ღვთაებრივს, მეორეს კი კაცობრივს, თუმცა ღვთაებრიობით მოქმედებულსა და აღსრულებულს სულიწმინდის მიერ, მისი ძალითა და ზემოქმედებით, რადგან იშვა არა მხოლოდ ღმერთი, არამედ ადამიანიც, რამეთუ ჭეშმარიტად ღმერთკაცია იგი. უფალს შეეძლო, ერთადერთი სიტყვით, ყოველგვარი ჯვარცმისა და სისხლის დათხევის, სიკვდილის გარეშე გამოეხსნა ადამიანთა მოდგმა სასჯელისაგან. განა მისი ერთი სიტყვით არ შეიქმნა სამყარო? არარსებობიდან არსებობაში, ყოფიერებაში შემოვიდა ყოველი ხილული და არახილული. და თუკი გაჩენა ასე იოლია მისთვის, შექმნილის აღდგენა, განახლება გაუჭირდებოდა (იგულისხმება ცოდვით დაცემული ადამიანი და მასთან ერთად - ყოველი ქმნილი)? მაგრამ მაცხოვარმა მოისურვა, თითოეულისთვის დაენახვებინა თავისი უსაზღვრო სიყვარული, საკუთარ თავსაც არ დაერიდა და ნებით, თავისივე სურვილით ჯვარს აცვა. მოკვდა ის, რომელშიც არ იყო სიკვდილი, დაგლახაკდა ჩვენთვის, რომელიც თავად არის სიმდიდრე. მიიღო, იკუთვნა ყოველივე ჩვენეული, გარდა ცოდვისა და მოგვცა თავისი - წმინდა, ღვთაებრივი, სუფთა. მან ჯვარს აცვა ჩვენი ცოდვილი ხორცი და შეგვმოსა ახალი, ზეციური სამოსით.
"იესომ აღიღო სხეული და წინაშე ღმრთისა მამისა წარსდგა; აღიღო მიწა და შერთო ზეცა, აღიღო იგი, რაიცა ეხილვა და რაიცა არა ეხილვა, ის განიცადა" (წმინდა იოანე ოქროპირი).
ადამიანებში დაზიანებული იყო ხატება ღვთისა და ძე ღვთისა - უფალ იესო ქრისტესი. ჩვენ შექმნილნი ვართ, როგორც მადლით ქმნილნი ძენი ღვთისანი, ამიტომაც ჭეშმარიტი მამა ღმერთის ბუნებითმა ძემ (და არა ქმნილმა) იესო ქრისტემ იტვირთა უმძიმესი ჯვარი კაცობრიობისა და აღადგინა მისი ხატება ჩვენში. წმინდა იოანე დამასკელი ამბობს: ადამიანი სამოთხეში ბოროტის მიერ შეტყუებულ (მოტყუებულ) იქნა ღმერთობით, რადგან სხვას არაფერს ნიშნავს მისი სიტყვები: "იქნებით ყოვლისმცოდნენი, როგორც ღმერთი", ასევე ბოროტიც შეტყუებულ იქნა ადამიანობით ღმერთის მიერ, რადგან უფალი განკაცდა და ადამიანს ცოდვასა და სიკვდილზე გაამარჯვებინა". სუსტს მასზე ძლიერი რომ დაჩაგრავს და ისიც, ატირებული, უფროს ძმას მოუხმობს საშველად, ის კი ხელ-ფეხს შეუკრავს მისი ძმის დამჩაგვრელს და არა თვითონ, არამედ დამცირებულ და ნაცემ უმცროს ძმას გაალახვინებს მას, სწორედ ამგვარად შეკრა ქრისტემ ჩვენში არსებული სნეულება, ცოდვა, სიკვდილი. თავისი წმინდა ხორცით გამარჯვება მოგვაპოვებინა ჩვენს დაწყლულებულ ხორცზე, არ დაერიდა ცემას, ფურთხებას, გაშოლტვას, სამარცხვინო სიკვდილს (რადგან სასიკვდილო სასჯელთა შორის ჯვარცმა ყველაზე დამამცირებელი და დამამდაბლებელი იყო), მოკვდა ჯვარზე და საფლავად დაიდო, წყარომ სიცოცხლისამ სიკვდილი განიცადა, მაგრამ ამ სიკვდილით გავცოცხლდით ყველა, მისით აღვდექით და გამოხსნილნი ვართ ჯოჯოხეთისგან. მესამე დღეს მკვდრეთით აღდგა უფალი, "ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა", ჩვენეული, მაგრამ განახლებული ხორცით, ჯვარზე ნატანჯით, ნალუსმევით, თუმცა აღდგომის შემდეგ გაბრწყინებულით; გარდაქმნილი, ტკივილგანუცდელი, უხრწნელი, უკვდავი ხორცით ამაღლდა ზეცად "და კუალად მომავალ არს განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ". მაცხოვრის ხორციელი აღდგომა და ამაღლება წინასახეა კაცობრიობის საყოველთაო აღდგომისა. თუ ძე ღმერთის პირველი მოსვლით აღდგა და განახლდა ჩვენში არსებული ხატება ღვთისა (სული, გონება, თავისუფალი ნება) და ხორცი კვლავ საფლავად დევს, მაშინ მისი მეორედ მოსვლისას, როდესაც მოვა სიმართლით, დიდებით, როგორც ჭეშმარიტი მსაჯული და სულთა მპყრობელი, როცა "მიაგებს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ", - ხორციელად აღდგება ყოველი ადამიანი, თავისი სულისა და საქმეების შესაფერისი ხორცით შეიმოსება და დაიმკვიდრებს მისთვის განმზადებულ საუკუნო სამყოფელს - ან მარადიულ სიცოცხლესა და ნეტარებას, ან სამარადისო ცეცხლსა და ტანჯვას.
ამაღლებიდან ორმოცდამეათე დღეს გარდამოევლინა სულიწმინდის მადლი მთელ ქვეყნიერებას, სული სიცოცხლისა, რომელიც თავისი მადლითა და ძალით აღავსებს მთელ სამყაროს გაჩენის დღიდან დღემდე და არ ექნება დასასრული მის სუფევას. მისი სიბრძნითა და შემწეობით მოინადირეს მოციქულებმა ყოველი კუთხე მიწისა, სწორედ მისი გარდამოვლინება ითვლება ეკლესიის დაბადების დღედ. "რომელი მამისაგან გამოვალს და ჩემ მიერ მოგევლინებათ თქვენ", - ამბობს უფალი. არა როგორც რაიმე მონაბერი, ჰაერში გაბნეული ან კიდევ მამა ღმერთის ენერგია, არამედ ჭეშმარიტი, პიროვნული ღმერთი, როგორც მამა და ძე, თანაარსი, თანადიდებაი მამისა და ძისა. სულიწმინდის მადლით არის გაჟღენთილი ყოველი ხილული თუ უხილავი. იგი არის მაცოცხლებელი ძალა თითოეული ქმნილებისა, ამიტომაც არის მართლმადიდებლური ეკლესია კათოლიკე - საყოველთაო, სამოციქულო, რადგან სულიწმინდის ჭურჭელია იგი. საყოველთაოა ასევე ნათლისღება სამოციქულო ეკლესიისა, რადგან ემბაზი, რომელშიც ნათლობა აღესრულება, "სულიერი საშოა" - მასში უნდა იშვას და განახლდეს სულიერად თითოეული ადამიანი. ერთია ჭეშმარიტი ნათლისღება, რადგან ერთია მამა, ძე და სულიწმინდა. წყალში სამჯერ შთაფლვით (მამის, ძის და სულიწმინდის სახელით), ზეთის, მირონის ცხებითა და თმის შეკვეცით აღესრულება მისი ხილული სახე, ხოლო უხილავად ადამიანის სული იშვება, იბადება ქრისტეში, ივსება, იმოსება სულიწმინდის მადლით და იკურთხება მამა ღმერთის მიერ საოცარი კეთილსურნელებით, მაცოცხლებელი ძალით, ნათელი გონებით მდიდრდება ახალმონათლულის სული, რომელიც სამარადისო აღდგომის, ხორციელი განახლებისა და მისით ამაღლებისთვის კარს უხსნის, ამზადებს მას. ამინ!