დედა, გთხოვ, შენს თავს მოუარო, ჩემი ხათრით მაინც ისმინე ეს ჩემი თხოვნა. ჩათვალე, რომ ასეთი მორჩილება დაგეკისრა, სინანულის გრძობა და თვინიერება კარგია, მაგრამ ადამიანმა ზომიერება და საღი აზრი არ უნდა დაკარგოს, თუ თავს არ მიხედე, თუ ჯანმრთელობას არ გაუფრთხილდი, არც სულიერი გაჯანსაღების საქმეში გამოგივა რაიმე, ყოველი ღვაწლი ღვთის ნებით გვეკისრება და არა საკუთარი სურვილით და გადაწყვეტილებით, ღვთის ნებას კი ჩვენი მოძღვარი გვამცნობს, ამიტომ მხოლოდ მოძღვრის ლოცვა-კურთხევით ვიღებთ ამა თუ იმ ღვაწლს, თვითგვემა, თვითდამცირება თუ დუმილი იქნება თუ სხვა. სანამ ასეთი კურთხევა არა გვაქვს, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც საჭიროა ჩვენი სხეულის და სულის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეშმაკი დაგვცინებს. კიდევ ერთხელ გთხოვ, თავს მოუარე და ჯანმრთელობას მიხედე!
შენ იცი, რომ მე არავის ვწერ წერილებს, არა ამპარტავნობის და სიზარმაცის გამო. ამის ორი მიზეზი მაქვს: პირველი - არ მაქვს მიმოწერის კურთხევა. ეს სასჯელი არ არის, არამედ ჩემი სულიერი გაჯანსაღების აუცილებელი პირობა (ასე თვლის ჩემი მოძღვარი და მეც სრულად ვეთანხმები მას). მეორე - მე არ ვარ სულიერების იმ დონეზე, რომ ადამიანებს სულიერების სფეროში რაიმე დახმარება გავუწიო ან რჩევა მივცე. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი წერს, რომ ადამიანს არა აქვს უფლება დაიწყოს ზრუნვა სულიერ ფარაზე სანამ "თვით არ იქცევა ცოცხალი ღმერთის ტაძრად, ქრისტეს ცოცხალ სავანედ სულში", სანამ "ცდისეულად და გონების ჭვრეტით არ გამოიკვლევს ქრისტეს მიერი ყველა დასახელებანი და ძალნი", სანამ არ შეისწავლის "სიბრძნესა ღმრთისასა საიდუმლოდ დაფარულსა მას", სანამ ის ჯერ კიდევ ჩვილია და იკვებება რძით. ასე რომ, ჩემო დედი, მე ჯერ ვერავის გამოვადგები სულიერ მოძღვრად და დამრიგებლად, ჯერ უნდა გავიზარდო.
მე ძველებურად, ღვთის მადლით, კარგად ვარ, ფიზიკურად ჯანმრთელი ვარ და სულიერი გაჯანსაღების საქმეშიც ვცდილობ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ წავიწიო, უფალი იესო ქრისტე მოწყალეა ჩემდამი, ყველანაირად ხელს მიწყობს რომ განვიწმინდო, მხოლოდ მე დავაღალატებ ხოლმე ხანდახან, მაგრამ ძირითადად ვცდილობ, მივყვე მის მაცოცხლებელ ნათელს. შენ გახსოვს, პატარა რომ ვიყავი და ბაღში მიგყავდი ლალისთან ერთად, ჩვენი ორივეს ტარება არ შეგეძლო და მე, როგორც უფროსს, დამსვამდი მიწაზე და ხელიხელჩაკიდებული მატარებდი, მე კი ვწუწუნებდი, "ამიტატე დედი". ახლა პირიქით არის: ქვეყნიერების შემოქმედი ღმერთი, მთელი თავისი ღვთიური გულმოწყალებით მეუბნება, იყავი ჩემთან, "აგიტატებ" და განიწმინდებიო, მე, უმადური და უღირსი ადამიანი კი ვახერხებ, ხანდახან მას დავუსხლტე და მარტო სიარული გავბედო, ო, უგუნურო პეტრევ! ილოცე დედა, ჩემთვის, ილოცე, რომ ღვთის მადლი არ წამერთვას! რომ არ მომაშოროს უფალმა თავისი მზრუნველი და მაცოცხლებელი მზერა! უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისავ, შემიწყალე მე ცოდვილი. შეიწყალე ჩემი გულმოკლული დედა! შეისმინე მისი მხურვალე ლოცვანი და ნუ მოგვაკლებ შენს წყალობას და მადლს! დიდება შენდა, შემოქმედო ჩვენო!
შენ, გეტყობა, რომ მაინცდამაინც არა ხარ კმაყოფილი ჩემი მოკლე წერილებით, მაპატიე და გამიგე დედა. მწერ, იოანე კიბისაღმწერელის თხზულება წავიკითხეო, მაშინ შენთვის გასაგებია, თუ რატომ უჭირს მონაზონს წერა. ეს არ არის სიზარმაცე, არა და არა. რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით ნაკლები სურვილი (უფრო სწორად, შესაძლებლობა) აქვს, სიტყვით გამოხატოს თავისი შინაგანი მდგომარეობა, მით უმეტეს, რომ მისთვის თანდათან თვალნათელი ხდება, თუ რაოდენ უბადრუკია სიტყვა ღვთის სიდიადის გამოსახატავად. ამიტომ სრულყოფილებაში შესული ბერები უმეტესად დუმან. მე მათ მდუმარე გენიოსებს ვუწოდებ. უფალო, მე, შენს უღირს მონასაც, მომანიჭე მაცოცხლებელი დუმილის მადლი! დედა, თუ შესაძლებლობა გექნება, წაიკითხე არსენი დიდის ცხოვრება, მე ამ წმინდა მამას უდიდეს პატივს მივაგებ და თავს ვუხრი, იქნებ, ოდესმე ღვთის ნებით, მეც დამედოს მისდამი ოდნავ მიმსგავსებული ღვაწლის ტვირთის პატივი. უფალო, იესო ქრისტევ, ძეო ღვთისავ, იყავნ ნება შენი!
მოწყალება, სხვა სათნოებებთან შედარებით, უფრო ადვილია, მაგრამ საფასურად მას ცხონება და შეწყალება აქვს. მე მოწყალების ერთ შინაგან თვისებაზე მიგანიშნებდი: მოწყალებას აქვს მექანიკური და ღვთიური გადაცემის უნარი. რას ნიშნავს ეს! მექანიკური გადაცემა ნიშნავს, როცა გულმოწყალე აძლევს მოწყალებას, მოწყალების მიმღებიც ინსპირირებული ხდება, სხვას მისცეს მოწყალება და ასე დომინოს პრინციპით ვრცელდება და მოწყალება ხშირად ისევ პირველ გამცემს უბრუნდება, ამიტომაა ნათქვამი: "კარგი ჰქენი, ქვას დადევი, გაივლი და წინ დაგხვდებაო". ეს უკეთ გასაგები გახდება, თუ გავაანალიზებთ, რას ნიშნავს ღვთიური გადაცემის უნარი: მოწყალება ღვთის ნებაა და მისი მექანიკურად გადაცემა სინამდვილეში გამიზნული პროცესია, ამიტომ შემთხვევით არაფერია და უმიზნოდ არაფერი იკარგება. მე, მაგალითად, როცა მინდა ჩემს შვილებს რაიმე ვაჩუქო, ამ საჩუქარს პირველსავე შემხვედრს ვჩუქნი, ღრმად მწამს, ღვთის ნებით, ის ჩემს შვილებს მიუვათ, ეს გულმოწყალების ეგოისტურად შეფერილი უმდაბლესი ფორმაა, მაგრამ აქედან იწყება გულმოწყალების სწავლა. შენც, დედა, როცა გინდოდეს ჩემთვის რაიმეს გადმოცემა, მიეცი პირველასვე შემხვედრს და გწამდეს, უფალი მე მას გადმომცემს.
ჩემო ახლობლებო, ჩემო კეთილო მეგობრებო: ყველანი უსაზღვროდ მიყვარხართ, განუწყვეტლივ ვლოცულობ თქვენთვის. თუ უფლის რწმენაში არ შევირყევით, თუ ყოველდღიური განსაცდელი არ გაგვაბოროტებს, ჩვენ მარადისობაში განუყრელნი ვიქნებით, იქ, სადაც ჭეშმარიტი სიცოცხლე და თავად ჭეშმარიტება - ღმერთია. გწამდეთ და გჯეროდეთ, ნებისმიერი განშორება დროებითია, ადრე თუ გვიან ყველა დრო მთავრდება, როგორც ერთი დღე, ისე ასი წელი, არ მთავრდება მხოლოდ მარადიულობა, რომელსაც ჩვენი რწმენისა და სიყვარულისთვის გვაჩუქებს უფალი, და მაშინ ამ დროებითი განშორების ნაღველი უბადრუკ და უმნიშვნელო ფაქტადღა მოგვეჩვენება. ამიტომ გამხიარულდით, გული გაიმაგრეთ, ცრემლები შეიმშრალეთ და იმედით სავსე გულებით შეხედეთ მომავალს, მხნედ ასწიეთ ყველამ თავი და შესძახეთ, დიდება ჩვენს ღმერთს - იესო ქრისტეს, ჩვენს გადამრჩენელს და მხსნელს!!! ღმერთო, დალოცე, შეიწყალე, დაიფარე ყოველი ადამიანი, გევედრები, გთხოვ, მოგვეცი ყოველს მშვიდობა გულში, დაგვილოცე გზა სავალი და განგვამტკიცე რწმენაში, რათა შენს სადიდებლად ვიცოცხლოთ, რათა სიყვარულმა აავსოს ჩვენი გულები და დაუშრეტელი იმედით მოველოდეთ შენი სუფევის მოსვლას. დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
დედა, ამ წერილს რომ მიიღებ, 15 თებერვალი, მირქმის დღესასწაული უკვე გასული იქნება, ამ დღეს შესრულდება ჩემი ათონზე მოსვლიდან სამი წელიწადი, უმშვენიერესი, უბედნიერესი სამი წელიწადი, უფლისთვის ცხოვრების, უფალთან ცხოვრების, უფალთან ურთიერთობის, უფლით განწმენდის სამი ულამაზესი წელიწადი, ო, მაღალო ღმერთო, ჩემს მადლიერებას არა აქვს საზღვარი, არ ვიცი, რა მოვიმოქმედო, რომ ჩემს გულში დაგუბებული მადლიერება გამოვხატო, რა შემიძლია მე, უბადრუკს, განა მხოლოდ უდიდესი კდემამოსილებით და სიყვარულით შეგძახო: "დიდება შენდა, უფალო იესო ქრისტე, დიდება შენდა!" დიახ, დედა, მე ქვეყნიერების სანაგვეზე მომძებნა კაცთმოყვარე ღმერთმა და მირქმის უმშვენიერეს დღეს დამდო დაუმსახურებელი პატივი დამებიჯებინა ათონის წმიდა მიწაზე. ძალიან მიყვარს ეს დღესასწაული, დედა ეკლესია მასში ხედავს ადამიანისა და ღმერთის შეხვედრის უთვალსაჩინოეს გამოვლინებას, იმ დღეს კაცობრიობისთვის საბოლოოდ ცნობილი გახდა, რომ მხსნელი-მესია ქვეყანას მოევლინა, რომ თავად განკაცებული უფალი - ღმერთი ამიერიდან ჩვენთან არს. დიდება შენს კაცთმოყვარე განზრახვას, ღმერთო - სიყვარულო, დიდება შენდა.