წერილები დედას
ერთ-ერთ წინა წერილში მწერდი, რომ "მართალია, შენს შვილებს დღეს მხარში ვერ უდგახარ, მაგრამ შენი ცხოვრებით უნდა ასახელო
ისინი, ისე რომ ისტორიაში შეხვიდეო". მე არ ვიცი, რას გულისხმობ "ისტორიაში შესვლის" საფუძვლად. მე კი ვფიქრობ, რომ ისტორიაში შედიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც შეძლეს საკუთარ ეგოისტურ მისწრაფებებზე ამაღლება და მსხვერპლი გაიღეს სხვა ადამიანების არსებობის ან კეთილდღეობისთვის. გიორგი სააკაძემ საკუთარი შვილის სიცოცხლე თავისი ქვეყნის კეთილდღეობას უყოყმანოდ შესწირა, თევდორე მღვდელმა თანამემამულეთა გადასარჩენად სიცოცხლე მიიტანა სამსხვერპლოზე და ა. შ. არ არის ისტორიული პირი (თუ ის ნეგატიური არ არის), რომელსაც ან სიცოცხლე, ან ჯანმრთელობა, ან საკუთარი კეთილდღეობა, ან პირადი გრძნობები საერთო საქმისთვის არ შეეწიროს. ზოგჯერ ასეთი მსხვერპლშეწირვა ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გაუგებარი სახით ვლინდება. მაგალითად, წმინდა ანტონი დიდმა საკუთარი დაობლებული, მცირეწლოვანი და უსახლკაროდ დატოვა სხვების ანაბარა, თავად კი უდაბნოში წავიდა განდეგილად. მასთან რა მოსატანია, მაგრამ ცნობილია ასევე, რომ ბალზაკმა, საფრანგეთის უდიდესმა მწერალმა, საკუთარი შვილები საბავშვო სახლს მიაბარა, რომ "ადამიანური კომედიის" დაწერაში ხელი არ შეშლოდა. ასეთი მაგალითები იმდენია, რამდენიც ისტორიული პირია. რაღა შორს მივდივარ, განა უფლის ჩვენის იესო ქრისტეს ჯვარცმა თვითშეწირვის უდიდესი გამოვლინება არ არის? როცა მან, ყოვლადწმიდამ და უცოდველმა, ადამიანთა ცოდვების გამოსასყიდად საკუთარი სიცოცხლე მიიტანა სამსხვერპლოზე და რომ შეყოყმანებულიყო, მერწმუნე, არაკაცი დაიჯერებდა მის ღვთიურობას, თუნდაც ანგელოზთა ასი ლეგიონი გამოეძახა მოძალადეთაგან საკუთარი სიცოცხლის დასაცავად. აქვე მინდა დავაზუსტო, რომ ისტორიაში შესვლის საფუძვლად მიმაჩნია არა თავად მსხვერპლი, როგორც ასეთი, არამედ ის სიყვარული, რომელიც ასეთი მსხვერპლის გაღების უნარს და შესაძლებლობას იძლევა. რომ არა უფლის უსაზღვრო სიყვარული ადამიანებისადმი, არც ჯვარზე ასვლის თვინიერი გადაწყვეტილება იქნებოდა. და მხოლოდ ასეთი, ღვთისმიერი სიყვარულია ყველა დიდი საქციელის ჩადენის საფუძველი და მხოლოდ ღვთისმიერი სიყვარულით ანთებულმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს "საქმენი საგმირონი" და "შევიდეს ისტორიაში", როგორც შენ ამბობ.
ალბათ მეტყვი, რაღა იმ დასაკარგავში და ჩემგან მოშორებით აპირებ საქმიანობასო? მე გიპასუხებ: ჯერ ერთი, უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ყველა ჩემი გადაწყვეტილება მხოლოდ უფლის ნება-სურვილზე დაყრდნობით არის მიღებული, მე მივანდე მას ჩემი სიცოცხლე და მჯერა, ის მატარებს სწორი გზით, "რადგან თქვენთვის მაქვს განკუთვნილი - გეგმები კეთილდღეობისა და არა წარწყმედისა, რადგან მე მინდა თქვენ მომავალი და იმედი მოგცეთ. თუ თქვენ მე დამიძახებთ, თუ თქვენ მომიახლოვდებით და ლოცვით მომმართავთ, მე მოგისმენთ, თუ მე მეძებთ, მაშინ მიპოვით. თუ თქვენ მთელი გულით მომიძიებთ, მაშინ დაგეხმარებით ჩემს პოვნაში" (იერემია 29, 11-12-13-14). და რომ უფალმა თავად მომიყვანა აქ, წმინდა ათონის მთაზე, ამის დამამტკიცებელი უამრავი ფაქტი იცი უკვე და მჯერა, რომ სწორედ აქ უნდა მოხდეს იმ სიყვარულის ფორმირება, რომელიც მომავალი "საქმენი საგმირონის" ჩადენის გამბედაობას მომცემს. და თუ რა უნდა ვაკეთო და როგორ, ამას უფალი თავად მიმითითებს. ვიმეორებ, მთავარია, არა თავად საქციელის ფორმაზე ფიქრი და გეგმების დაწყობა, არამედ ღვთიური სიყვარულის გულში მიღების ღირსად გახდომა, სხვა ყველაფერი ღვთის ნებით და დახმარებით აღსრულდება.
ყველაფერი, ზემოთ ხსენებული, იმიტომ კი არ დავწერე, რომ ჩემი თავი უკვე ისტორიულ პიროვნებად წარმომიდგენია, ასეთ კადნიერებას არ გავბედავ, არამედ იმიტომ, რომ შენ დაგანახო, უმსხვერპლოდ არაფერი ღირსშესანიშნავის გაკეთება არა კაცს ხელეწიფება და იმედი მაქვს, უფლის ნებით, რაიმე სახეიროს გავაკეთებ ჩემი ქვეყნისა და მართლმადიდებლური რწმენის სადარაჯოზე. მე უფლის - იესო ქრისტეს ჯარისკაცი ვარ, მის ბრძანებებს ვასრულებ და ჩემი მიზანი არის არა ისტორიულ წიგნებში მოხვედრა, არამედ ღვთის მარადიულ წიგნში (წიგნი ცხორებისა). უფალო, იესო ქრისტევ, ძეო ღვთისავ, შემიწყალე მე ცოდვილი. "რომელსა აქუს ტყუეობა, წარვალს ტყუეობად; რომელი მახვილითა ჯერ-არს მისი მოკლვაი, მახვილითა თვისითა მოიკლას. აქა, არს მოთმინებაი და სარწმუნოებაი წმინდათაი" (გამოცხ. 13, 10).
***
ახლა ისევ გადავიკითხე შენი წერილი, დედა, რომელიც 3 ივნისს დაგიწერია. ის მართლაც ბრწყინვალეა, რამდენი სითბო და გაგება გამოსჭვივის ყოველი სიტყვიდან. მე მართლაც ძალიან ბედნიერი კაცი ვარ, რომ ღვთის უდიდესი სიყვარულის გარდა, მშობლების უპირობო მხარდაჭერაც მხვდა ბედად. ღმერთმა გიშველოთ. განსაკუთრებით მიხარია, დედა, რომ შენ მართლმადიდებლური სარწმუნოების წმინდა სწავლებას დაეწაფე და ჭეშმარიტ რწმენას დაადექი. სულ მეშინოდა საქართველოში ფართოდ გავრცელებული სექტანტური მოძრაობის გამო, რომელიმე სექტაში არ მოხვდეს-მეთქი. ამის შესახებ განსაკუთრებული წერილის მოწერაც მინდოდა, მაგრამ მაშინ არ გამოვიდა და, საბედნიეროდ, ღმერთმა აგაცილა ეს გამოცდა და ჭეშმარიტ ეკლესიაში და მრევლში ჩაგრიცხა. იცი, ადრე, როცა ურწმუნოების წყვდიადში ვიყავი გახვეული, მეგონა, რომ მართლმადიდებლობა ძალიან კონსერვატიულია-მეთქი, რომ საზოგადოების განვითარების პროცესს არ ითვალისწინებს და ამით თავის მრევლს სულ უფრო შორდება და მისთვის გაუგებარი და უცხო ხდება-მეთქი. ახლა ვიცი, რომ ძირფესვიანად ვცდებოდი, რადგან დღეს ჩემთვის გასაგებია, რომ სწორედ კონსერვატიულობა და პირველწყაროს (ღმერთის) ერთგულება არის რელიგიური მიმდინარეობის ყველაზე დიდი ღირსება. მართლმადიდებლობამ, როგორც ქალწულმა, ისე შეინარჩუნა თავისი უბიწოება და მაცხოვრისა და მოციქულების, წმინდა მამათა პირევლწყარო-სწავლების ერთგული დარჩა. ორი ათასი წლის მანძილზე მართლმადიდებლურ ეკლესიაში თითქმის უცვლელი დარჩა ეკლესიის აგებულების პრინციპი, რომელსაც უფლის წმინდა მოძღვრების საფუძველი, ფუნდამენტი შეუქმნეს მოციქულებმა და განამტკიცეს ეკლესიის წმინდა მამებმა, რის გამოც მართლმადიდებელი ქრისტიანი, თავისი ღვთის მსახურების ფორმით, ყველაზე ახლოს დგას ქრისტეს სწავლებასთან, როცა სხვა ქრისტიანულმა მიმდინარეობებმა შეუსაბამეს რა დროის მოთხოვნილებას თავისი დოგმები და ღვთისმსახურების პრინციპები, უღალატეს ქრისტეს და მოციქულთა მოძღვრებას და თავიანთი რელიგია ადამიანური, დემოკრატიული გახადეს, რითაც ეს მიმდინარეობები იმ მეძავს დაემსგავსნენ, რომელიც თავისი სიამოვნებისა და არსებობისათვის ნებისმიერს მიჰყიდის სხეულს. განსაკუთრებით უბადრუკია ბოლო საუკუნეებში ჩამოყალიბებული რელიგიური სექტების მოღვაწეობა, მე მათ უფრო პოლიტიკურ ორგანიზაციებს დავარქმევდი, რადგან თუ ღრმად ჩაუკვირდება კაცი მათ სწავლებებს, მიხვდება, რომ ამ ორგანიზაციების მიზანი პოლიტიკური სარჩულის მქონეა. მაგ, ბაპტისტები, ადვენტისტები, იეღოვას მოწმეები და სხვა. მათი ეგრეთ წოდებული მოძღვრება ბიბლიიდან ამოკრებილი რამდენიმე ციტატით არის განსაზღვრული და მათი აპრიორი აღებული პოლიტიკური ორიენტაციის რელიგიური შეფერადებაა. მაგალითისთვის მოკლედ განვიხილავ იეღოვას მოწმეთა რამდენიმე "რელიგიურ პრინციპს". ისინი არ ცნობენ იესო ქრისტეს, როგორც ღმერთს და მას უწოდებენ "ყველაზე დიდ ადამიანს", რომელიც ოდესმე ცხოვრობდა, ეს მაშინ, როცა მთელი წმინდა წიგნი - ბიბლია, იესო ქრისტეს, მარად მყოფი ღმერთის ძის და თავად მარად მყოფი ღმერთის განკაცებისა და ამით ახალი აღთქმის აღსრულების ისტორიას ასახავს. აქ რომ მოვიყვანო ყველა ციტატა ბიბლიიდან, რომელიც იესო ქრისტეს - ღმერთის ადამიანად ქცევის წინასწარმეტყველებას (ძველი აღთქმიდან) და ამ წინასწარმეტყველების აღსრულებას (ახალი აღთქმიდან) შეეხება, ისევ მთელი ბიბლიის გადაწერა დამჭირდება, და ეს არც არის საჭირო, რადგან პარადოქსულია, მაგრამ არც თავად უარყოფენ, რომ იესო ქრისტე ძე ღვთისაა და რომ ის მარადიული არსებაა. ეს პარადოქსულობა იმით აისახება, რომ მათ არ აძლევთ ხელს სამების რთული და ღვთიური არსის აღიარება, არამედ თავის მომხრეებს სთავაზობს უფრო მარტივ, ცენტრალიზებულ ფორმას - ერთჰიპოსტასიანი ღმერთის არსებობას. ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიანთი ორგანიზაციული სტრუქტურა სწორედ ასეთ პრინციპს დააფუძნონ და საჭირო შემთხვევაში პოლიტიკური ძალაუფლება ხელში აიღონ, თავიანთი ქმედება კი "რელიგიური" პოსტულატებით გაამართლონ. ამ განზრახვას კიდევ უფრო აშკარას ხდის მათი მეორე სწავლება იმის შესახებ, რომ ცათა სასუფეველი უბრალოდ დედამიწაზე დამყარდება. ისინი თავიანთ წევრებს იდეურად ამზადებენ შესაძლო პოლიტიკური აქტიურობისთვის, ამიტომ ამ ორგანიზაციის ყოფილი წევრები ყველა ღონით ცდილობენ ახალი წევრების მოზიდვას, მათ არწმუნებენ, რომ ცათა სასუფეველი მაშინ დამყარდება, როცა ყველა ადამიანი (ან უმეტესობა) ამ ორგანიზაციაში გაერთიანდება. მათ უკვე დაავიწყდათ, რომ ეს მხოლოდ უფლის ნებაა და ქმნიან საშიშროებას - ამ ორგანიზაციის მმართველობა, როცა იქნება, ისარგებლებს თავის წევრთა გულუბრყვილობით და რაიმე პოლიტიკურ ავანტიურაში გაეხვევა (ეს ოდესმე უეჭველად მოხდება, რადგან ყველა, ადამიანის მიერ ორგანიზებული სტრუქტურა საბოლოოდ განწირულია შეცდომისათვის, ხოლო "რელიგიურ" ორგანიზაციაში ცალკეულ ლიდერთა თუ იდეოლოგთა თავდაპირველმა უმნიშვნელო შეცდომამ საბოლოოდ საშინელი გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს, რაც ისტორიამ ბევჯერ დაადასტურა). და რომ ცათა სასუფეველი დედამიწაზე არ იქნება, ამას თავად უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოწაფენი მისნი თვალნათლივ ადასტურებენ (მაგ. წაიკითხე 1. კორინთ 15,35-58; 1თესალო 64,17,18) 2 პეტრე 3,7-8).
განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაში ვარდება ქართველი ქრისტიანი, როცა იზიარებს ამ ორგანიზაციის იდეას, არ ცნობს წმინდა მარიამ ღვთისმშობლის სიწმინდეს და უმანკოებას. საქართველო, ღვთის მადლით, ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამ მადლის უარყოფა და იმ ორგანიზაციაში გაერთიანება, რომელიც წმინდა ღვთისმშობელს, როგორც ღვთის დედას და დედათა შორის უწმინდესს არ აღიარებს, უდიდესი დანაშაულია, რადგან ამით ქართველი კაცი საკუთარ მეობას უარყოფს და ღვთის რისხვას იგროვებს თავის თავზე. სულ არ არის შემთხვევითი, რომ საქართველო ვერა და ვერ გამოდის კრიზისიდან, რომ მდგომარეობა უიმედო ჩანს. ეს იმის ბრალია, რომ ძალიან ბევრმა ქართველმა უარყო ჭეშმარიტი, მართლმადიდებლური რწმენა, გამოიჩინა გაუგონარი უმადურობა ჩვენი ქვეყნის მფარველის, მარიამ ღვთისმშობლისადმი და ამ და მსგავს ორგანიზაციებში გაერთიანდა. მე ვურჩევდი ყოველ მათგანს, წაიკითხონ საქართველოს ისტორია და ამის მერე სრულიად ლოგიკურად დაბადებულ კითხვაზე: ნეტა როგორ გადარჩა ეს ერი? მხოლოდ ერთი პასუხით უპასუხონ: წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ლოცვა-მფარველობით! სხვა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს და ვინც ივიწყებს ამ ამაგს წმინდა ქალწულისა, ის ივიწყებს მეობას, წინაპრებს, ქვეყანას და მომავალს ართმევს შვილებს. მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოების ერთგულება და ქართული ეკლესიის გარშემო გაერთიანება, ღრმა მონანიება და ისევ ღვთისმშობლის მადლის მოპოვება მისცემს ჩვენს ქვეყანას ბედნიერი მომავლის შენების უფლებას.
დედა, ეს ყველაფერი იმიტომ მოგწერე, რომ განგამტკიცო შენი გადაწყვეტილების სისწორეში, მათ (სექტანტებს) კი არ ეკამათო, რადგან "ღვთის მონამ არ უნდა იკამათოს, არამედ ყველასთან მეგობრული უნდა იყოს, მომთმენი და უმანკო მასწავლებელი, რომელიც მოუქცეველ მოწინააღმდეგეებსაც სიკეთით უპასუხებს, მათ კი შეიძლება უფალმა აჩუქოს მონანიება და მოქცევა და იქნებ შეიმეცნონ ჭეშმარიტება და განიფხონ საფრხისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისისა" (2 ტომ. 2,24,25,26).
23.06.2002წ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში