სამეცნიერო მასალებში, რომელნიც ბ. ცაგარელს შეუკრებია, არის სურათი ჩვენის უკვდავის პოეტის შოთა რუსთაველისა, გადმოღებული იერუსალიმის ქართველთ ჯვარის მონასტრის კედლიდგან, სადაც რუსთაველი არის გამოსახული გრძელი წვერით და მდიდრული წითელ ხავერდის, ბეწვის სარჩულიანი ტანისამოსითა, მუხლ-მოდრეკილი და ხელთ დაპყრობით შავედრებული.
ამ თვეში მე შემხვდა ერთი მთაწმინდელი ბერი იონა.Aამასთან, ბევრი რამ ვილაპარაკე ზოგი იქაურ (მთაწმინდელ) ბერების ცხოვრებაზედ და ზოგი იერუსალიმის ბერების ცხოვრებაზე.
მერე, სხვათა შორის ვკითხე ბ. იონას: ამბობენ, მამაო, მთაწმინდაში ერთი სახლი ხელნაწერი წიგნი დაიწვა-მეთქი, ნეტავი თუ მაშინ რამე წიგნი გადარჩა-მეთქი. მან კი სულ ჩემი კითხვის გარეშე მიპასუხა აი რა: სადღა არიან, შვილო, ამჟამად ან ძველი ივერიის გმირნი და ძველი ივერიის სიმდიდრე. წახდა, შვილო, ხალხი. თუ არ დაიჯერებ, მიდი მთაწმინდაში, იერუსალიმში, სინას მთაზე, გოლგოთას მთაზე და ათას სხვა ადგილს და ნახავ ძველი ივერიელის ნაღვაწს...
ახლა ეს მონასტერი არის თავის ადგილ-მამულით ბერძნის ბერების ხელში, რომლებიც ჩვენ გულის გასახეთქად, თითქმის არც კი გვიკარებენ.
შენ მკითხე წიგნებზე, მაგრამ უკაცრავად რომ აქნობამდის ვერ გითხარი. წიგნები არავის არ დაუწვავს, ივერიის მონასტრის გვერდით არის ერთი დიდი გამოქვაბული კლდე, რომელიც კანცელარიათ ქონიათ უწინდელ ჩვენ მამებს და რომელშიაც ქონიათ შენახული წიგნები. ეს გამოქვაბული ისეთ ნაირად არის გაკეთებული, რომ მთელი ქვეყანა დაიწვას, ამას არაუშავსრა. აქ ახლაც არის ურიცხვი ქართული ხელნაწერი წიგნები, რომელნიც თვალით გვინახავს, მაგრამ არ წაგვიკითხავს, ან კი რა ფრათ წავიკითხავდით, მაშინ როდესაც ხელს არავინ გვაკიდებინებს. კარგი იქნება, ვინმე აქედან ერთი ნასწავლთაგანი წავიდოდეს, ამ წიგნებს განიხილავდეს და თუ რამ სასარგებლოს ნახავს, გადმოსწეროს და ისევ ჩვენი ჩვენ დაგვიბრუნდეს... ამას გარდა, სხვაც ბევრი რამ ილაპარაკა, მაგრამ ის დრომდის იყოს.
ანთიმოზი.