წერილები დედას
მე აღგიწერ მოკლედ სულის ხსნის გზას, წარმოდგენა რომ, გქონდეს თუ რა მიმართულებით უნდა იარო:
შენი მიზანი უნდა გახდეს ღვთის მადლის მოპოვება, რომ არ განისაჯო ღვთის სამსჯავროზე. როგორ მიიღწევა ეს? პასუხი ერთი შეხდვით მარტივია: "რომელსაც რწმენეს მისი (ისეო ქრისტესი) არა დაისაჯოს". (იოვ. 3. 18) ერთი შეხედვით-მეთქი, იმიტომ დავწერე, რომ მთელი საიდუმლო სიტყვა "რწმენაშია", სწორედ ამაზეა დამოკიდებული ყველაფერი - თუ როგორ გესმის ეს სიტყვა. მე ამაზე წინა წერილში გწერდი. აქ დავამატებ, რომ სწორედ ეს "რწმენა" უნდა გამოსთხოვო ღმერთს, თუ მან არ ისურვა მისი ბოძება, ყველა ღონისძიება ფუჭია. მკითხავ, ალბათ, როგორ გაიგებ, გაჩუქა ღმერთმა წმინდა რწმენა თუ არაო. ამას შენ უეცრად იგრძნობ და პირველი მთავარი სიმპტომი ცოდვის სიძულვილია, შეგეზიზღება საერთოდ ცოდვა, მეორე მნიშვნელოვანი სიმპტომი საკუთარი თავის, როგორც ცოდვილის, სიძულვილია, საკუთარი სიამაყის ნგრევაა, რადგან ცოდვის ფესვი ჩვენი სიამაყე და პატივმოყვარეობაა, ის არის სიკვდილის თესლი. ის აშორებს ადამიანებს ღვთისაგან და აგდებს გაორების სიბნელეში, ამიტომ თუ სიამაყის ჭია ისევ ღრღნის შენს გონებას, თუ პატივმოყვრული მიზნები გაშორებს ადამიანებს თუ სხვის ჯინაზე ფეთქავს გული და იმართება აზრი, ჩათვალე, რომ რწმენის მადლისგან ძალიან შორსა ხარ და ამიტომ ვერ აღასრულებ იესო ქრისტეს მთავარ მოთხოვნას: "შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა... და შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი". (მათ. 22, 37. 39) და თუ ეს ვერ შეასრულე, ვერ გაუგებ უფალს, ვერ გახვალ ხსნის ვიწრო კარებში, ვერ იპოვი ხსნის გზას. იესო ქრისტე, ღმერთი ჩვენი, ამბობს: "მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხოვრებაი, არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ" (იოვ.14,6) და ამ გზას რომ მიაგნო და დაადგე, უნდა ევედრო მამა ღმერთს, რომ გაჩუქოს წმინდა რწმენა, რომ დაინგრეს შენში ცოდვის ყოველი დასაყრდენი და გაცამტვერდეს შენი მე - შენი ამაყი მე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ დაინახავ ამ გზას, ვერ იგრძნობ ღმერთს, რასაც ნატრობ. ეს ისევე ძნელია, როგორც ადვილი, მაგრამ მარტო შენი სურვილიც არ კმარა, ღვთის ნებაც უნდა იყოს. თუმცა, მე ღრმად მჯერა, რომ თუ ადამიანი მოინანიებს და გულმხურვალედ შეევედრება ღმერთს, კაცთმოყვარე ღმერთი მას აჩუქებს რწმენის უნარს, მხოლოდ ადამიანი უნდა იყოს თანმიმდევრული და მონდომებული, ეს ერთ დღეში და არც ერთ თვეში არ მოხდება, უნდა მოთმინება მოიკრიბო და ილოცო, ილოცო... ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, რადგან საქმე ეხება ან სამუდამო სიცოცხლეს, ან სამუდამო ტანჯვას, მესამე გზა არ არსებობს! მეც მთელი გულით ვილოცებ, რომ ღმერთმა გაჩუქოს შენც და ყველა ჩემს ახლობელს, საერთოდ ყველა ადამიანს, რწმენა. შენც ილოცე ჩემთვის და სხვებსაც იგივე უსურვე. ნუ უსურვებ ადამიანს ნურაფერს ამის გარდა, სხვა ყველაფერი დროებითია, მხოლოდ რწმენით მივალთ სულის ხსნამდე და საუკუნო სიცოცხლემდე.
***
დედა, იმთავითვე უნდა გამეკეთებინა და გამომრჩა მე ცოდვილს, მინდოდა ბოდიში მომეხადა შენთვის, რომ მასწავლებლის როლი ავიღე ჩემს თავზე, მაგრამ დამავიწყდა. თავად ჯერ ბევრი რამ არ ვიცი და ბევრი საერთოდ ვერ გამიგებდა, აქ კი ვბედავ, შენ დაგარიგო, სხვა ვინმესთან ამას არც გავბედავდი, რადგან ადამიანური სიტყვა ყოველთვის არაზუსტი და არაგანსაზღვრულია. ის ყოველთვის ორაზროვნად ჟღერს და შეიძლება შეცდომით აღიქვას, ამიტომ ღმერთზე და მის გეგმაზე ვინც აპირებს აზრის გამოთქმას, უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე, ამიტომ ამბობს წმინდა მამა სილუანი: "სრულყოფილი ადამიანი არაფერს ამბობს თავისგან, არამედ სულიწმიდის მეშვეობით". მე კი, ორი დღის მორჩილი, უკვე ვბედავ, შენ რჩევა-დარიგებები მოგცე, მაგრამ ამას მხოლოდ შენი სიყვარულით ვაკეთებ და იმედია, ღმერთი მაპატიებს და შენც გამიგებ. ეს რჩევები მარტო შენთვის და ოჯახის წევრებისთვის არის განკუთვნილი და რაც კი შეკითხვები დაგებადება შენი სულიერი ზრდის გზაზე, მომწერე და შევეცდები, გიპასუხო ჩემი შეზღუდული შესაძლებლობების ფარგლებში.
აქ მინდა გავჩერდე კიდევ ერთ საკითხზე, წერილში ნატრობ, დედის საფლავთან მოსვლის საშუალება მოგცეს ღმერთმაო. დედა, გარწმუნებ, ძალიან ცდები, თუ ფიქრობ, რომ გარდაცვალების შემდეგ (45 წლის მერე) შენ რაიმე კავშირი გექნება შენს საფლავთან, საფლავი ცოცხლებისთვის არის, რომ არ დაავიწყდეთ სიკვდილი, თორემ გარდაცვლილის სული სულ სხვაგან არის. იესო ამბობს სულზე: "სულსა ვიდრეცა უნებრ, წმინდა ხმა იმისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაი მოვალს და ვიდრე ვალს"(იოვ. 3, 8). დიახ, შენ, ჩემი დედა ზოია, პიროვნება ხარ სული, რომელიც დროებით იმ სხეულშია, რომელსაც ხედავ სარკეში. უფრო სხვანაირად შევეცდები აგიხსნა. სამოქალაქო ომის დროს რუსეთში დენიკინის თეთრ გვარდიას ინგლისელებმა აჩუქეს რამდენიმე ტანკი, მანამდე ტანკი არავის ენახა თვალით, როცა წითელარმიელებმა დაინახეს, ცოცხალი არსება - ურჩხული ეგონათ და ვერა კაცი ვერ არწმუნებდა მათ, რომ შიგ ადამიანი ზის და მართავს. ასევეა ჩვენი სული, ის ზის "ტანკში" - სხეულში და ჩვენ ეს არ გვჯერა იმიტომ, რომ ეს კომბინაცია ჩვენ არ გამოგვიგონია. სხეული დროებითია და წარმავალი, სული მარადიული, გარდაცვალების შემდეგ ჩვენი სულები უბრუნდება შემოქმედს და ის განუწესებს მას ადგილს ან სამოთხში, ან ჯოჯოხეთში. ამიტომ შენ, შენი გარდაცვალების შემდეგ შეგიძლია მუდამ ჩემთან იყო, სადაც არ უნდა ვიყო მე - შენს საფლავთან ან არქტიკაში, ეს მე ვიკითხო, რომ ჩემს სიკვდილს უნდა ვუცადო... ასეა ეს.
***
რაც შეეხება სიკვდილს, წინა წერილშიც შევეხე ამ საკითხს აქ დავამატებ, რომ ღმერთი როცა ხედავს, რომ ადამიანი ცდილობს მოქცევას და ცოდვების მონანიებას, აძლევს დამატებით დროს ამისთვის, მაგრამ თუ ხედავს, რომ ხელი აქვს ჩაქნეული და არ ზრუნავს საკუთარი სულის ხსნაზე, უხსნის მას თავის მცველ მადლს და სიკვდილიც პირველ სერიოზულ ავადმყოფობასთან ერთად მოდის. ერთი საინტერესო დაკვირვება ჩაატარეს გერმანელმა სოციოლოგებმა: აღმოჩნდა, რომ 2000 წლის იანვარში მკვეთრად გაიზარდა სიკვდილიანობა 90 წელს და მეტ ხანს მიღწეულ ადამიანთა შორის. როცა გამოიკვლიეს მათი წერილები და ახლობლები გამოკითხეს, გაირკვა საინტერესო ფაქტი, რომ 80% დარწმუნებით და თავდაჯერებით ელოდა 2000 წლის დადგომას. მათ ასეთი მიზანი 20-30 წლის წინ დაისახეს, უნდოდათ, მაინცდამაინც 2000 წელს შეხვედროდნენ და როგორც კი ეს მოხდა, მაშინვე გარდაიცვალნენ. გერმანელი მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია მისცეს სხეულს გარკვეული პროგრამა და სხეულიც თავისი რეზერვების მობილიზაციას ახდენს, მე კი ვთვლი, რომ იმ ადამიანებს ღმერთმა მისცა დამატებითი დრო სულის სახსნელად, რადგან ისინი 2000 წელს იმიტომ ელოდნენ ასე დაჟინებით, რომ ათასწლეულთა გასაყარზე ქრისტეს მეორედ მოსვლის იმედი ჰქონდათ და უნდოდათ, ამ ბრწყინვალე მოვლენის თანადამსწრენი ყოფილიყვნენ, ასე თუ ისე, კარგი და სასარგებლო დაკვირვებაა, თუ ადამიანს მიზანი და იმედი აქვს, ის საჩუქრად მიიღებს ცხოვრების გახანგრძლივებას და რა შეიძლება იყოს უფრო დიდი მიზანი, ვიდრე საკუთარი სულის ხსნა და ვისი იმედი უნდა გქონდეს, ყოვლისშემძლე ღმერთის გარდა.
კიდევ ერთ საკითხს მინდა შევეხო, შენ პირველად მწერდი, რომ შენ ჩემით ამაყობ, რამაც უსაზღვროდ გამახარა, მაგრამ მეორე და მესამე წერილში შევატყვე, რომ შენი სიამაყის საფუძველი ცოტა სხვა რამეა, ვიდრე მე მეგონა. ოქტომბერში თუ ნოემბერში მოგწერე, რომ ჩემი გადაწყვეტილებით იამაყებდი, მაგრამ, ეტყობა, ზუსტად ვერ გამიგე, რას ვგულისხმობდი. მე ვგულისხმობდი არა ამქვეყნიურ წარმატებას და წინსვლას, არამედ იმქვეყნიურ სამსჯავროზე გამართლებას, არასამღვდელოებრივ კარიერას, არამედ სულიერი განწმენდის მიღწევას. ამიტომ, როცა მწერ, "არ გირჩევ, მონად დარჩე, შენს სულიერ ამაღლებაზე უნდა იზრუნოო", მაპატიე, მაგრამ არ ხარ სწორი, სულიერი ამაღლებისკენ (განწმენდა მაქვს მხედველობაში) მიმავალი ერთადერთი გზა იცის ეკლესიამ - ეს არის მონობის (ღვთისადმი) დამორჩილების (მოძღვრისადმი) გზა და მე, ცოდვილთა შორის ცოდვილმა, თუ იმას მივაღწიე, რომ ჯოჯოხეთის მარადიული წამება ავაცდინე ჩემს უბედურ სულს, მაშინ და მხოლოდ მაშინ საამაყოდ გექნება საქმე. სხვა არც ერთი ამქვეყნიური "წარმატება" და "წინსვლა" არ არის სიამაყის საფუძველი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე პასუხისმგებლობას გავექეცი, თუ ამას ღმერთი მოითხოვს ჩემგან, არა! მაგრამ იცოდე ჩემი ერთადერთი მიზანი სულის ცხონებაა, და თუ მეტს მოითხოვს ჩემგან უფალი-ღმერთი, ის საჭირო ძალას და ცოდნასაც არ დამაკლებს, დიდება მის უკვდავ სახელს. მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და ვიქნები მონაზვნის ცხოვრებით, სრულიად ვეთანხმები არქიმანდრიტ სოფრონიუსს, როცა წერს: "სულიერი ცხოვრება, ანუ ცხოვრება მუდმივ ლოცვასა და ასკეტიზმში, რომელიც ღრმა რწმენით არის განათებული, გაცილებით მაღალდაფასებულია, ვიდრე ცხოვრების სხვა ნებისმიერი ფორმა, ამიტომ ვინც ასეთი ცხოვრებით დასაჩუქრდა ყველაფერი უნდა შესწიროს ამ მარგალიტს". ყველაფერში იგულისხმება აგრეთვე კარიერაც, მეცნიერებაც და არ ვიცი, კიდევ სხვა რამ, რაც შენ გულში გაქვს ჩაფიქრებული.
წმინდა ათონი საბერძნეთი
20. 05. 2002წ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში