უფალი ყველა ადამიანს შეეწევა. ხშირად გვაცილებს თავიდან განსაცდელებს ისე, რომ ვერც კი ვხვდებით, რა ხიფათს გადავურჩით. თუმცა ამის დანახვა ყველას არ შეუძლია. ზოგი მუდმივად უკმაყოფილოა ცხოვრებით, ყველა საგანსა და მოვლენაში უარყოფითს ეძებს, თუ ჩათვალა, რომ სადმე რამეში გაუმართლა, მისთვის ესეც ,,შემთხვევითობის" დამსახურებაა. უმადური თითქოს ივიწყებს და არ სურს იცოდეს, რომ დედამიწაზე სიკეთის ყველა ნიჭი, "ყოველი ნიჭი სრულყოფილი" მამისაგან ნათლისა გარდამოვალს: ჯანმრთელობა და ძალა, სილამაზე, კმაყოფილება, საზრდელი და სამოსელი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ცხოვრებას ამშვენებს და ადამიანის ყოფას დედამიწაზე სასიხარულოს ხდის, უფლისგანაა. უპირველესად, იმისთვის გვმართებს ღმერთისადმი მადლიერება, რაც მოგვანიჭა თავისი განკაცებით, ჯვარცმითა და აღდგომით - ცოდვისაგან გაგვათავისუფლა, მოგვცა შესაძლებლობა, სასუფეველში დავიმკვიდროთ თავი. ხშირად ადამიანები თავს დატეხილი უბედურების დროს ცდილობენ განსაცდელის მიზეზი ახსნან. ისინი თავიანთ მწუხარებასთან, როგორც საბედისწერო მიზეზს, ყოველთვის აკავშირებენ ღმერთს და გარშემომყოფ ადამიანებს, მაგრამ თითქმის არასდროს - საკუთარ თავს. ყველა დამნაშავეა მათ წინაშე, ხოლო თავად ისინი ცამდე მართალები არიან.
უფლის წყალობა ჩვენზე ხშირად ვლინდება ადამიანების მეშვეობით. ჩვენთვისაც აუცილებელია, გამოვავლინოთ მათდამი მადლიერება, ჩვევად უნდა გვქონდეს მოყვასისადმი განუწყვეტელი მადლიერების გრძნობის გამოხატვაც მისი, ჩვენდამი, თუნდაც უმნიშვნელო დახმარებისა და მსახურებისათვის. სიტყვა "გმადლობ", რაც შეიძლება იოლად და ხშირად უნდა გამოდიოდეს ჩვენი ბაგეებიდან. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ გააჩნია მადლიერების შეგრძნება და თუ ხელს გაუწვდი, ჩათვლის, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. "რატომ არის საჭირო, ყველაფრისათვის ვმადლობდეთ ღმერთს და სათნო, კეთილისმყოფელ ადამიანებს?! - ამბობს წმინდა მართალი იოანე კრონშტადტელი, - უმეტესად ჩვენივე სარგებლობისათვის, რათა უფრო ნაზი, ფაქიზი შეიქნას ჩვენი სულის გრძნობები, ჩვენი ყოველივეში ღმერთსა და კეთილ ადამიანებზე დამოკიდებულების გრძნობა, მათდამი მადლობისმიერი სიყვარული და ჩვენი ღვთის წინაშე არარაობის შეგრძნება, ჩვენი უსუსურობის შეგრძნება იმის გამო, რომ არ ძალგვიძს კეთილ ადამიანთა შეწევნის გარეშე ყოფნა". კეთილისმყოფლებს, არა მარტო მადლიერების სიტყვებითა და მათთვის ლოცვებით უნდა გადავუხადოთ ჩვენი ვალი, არამედ როდესაც შესაძლებელია და მოგვეცემა შემთხვევა, საქმითაც და დახმარებითაც მივაგოთ.
ზოგჯერ ჩვეულებრივმა საერო ადამიანმა არ იცის, როგორ გადაუხადოს მადლობა უფალს, რა გააკეთოს მადლიერების გამოსახატავად. მართლმადიდებელი მოძღვრები გვირჩევენ, რომ ბევრი ვილოცოთ და ჩვენი ყოველი ქმედება ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრებას მიემსგავსოს. ეს იქნება მადლიერების გამოხატვაც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მადლიერების გამოხატვა ხდება სიტყვით (ლოცვის სახით) და საქმით. რაც უნდა ვთქვათ ლოცვაში, თუ საქმე არ მოწმობს ღვთისადმი მადლიერებას, მაშინ ყოველი ლოცვა ფუჭია. უფლისადმი მადლიერების გამოხატვა ფარისევლის ლოცვას არ უნდა დაემსგავსოს
აი, როგორ აღწერს უფალი ფარისევლის ლოცვას: "ფარისეველი იგი წარსდგა და ამას ილოცვიდა თვისაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა". ფარისევლის ლოცვაში არ არის ჭეშმარიტი მადლიერება. ის არ ამბობს: ,,გმადლობ უფალო, რომ დამიფარე მტაცებლობის, სიცრუის, მრუშობის ბოროტი სულების თავდასხმისაგან; გმადლობ, რამეთუ მასწავლე მსახურება შენი და მეხმარები შენი მცნებებით ცხოვრებაში; გმადლობ შენ, რამეთუ მწყალობ ცოდვებით შენს განმარისხებელს". არაფერი მსგავსი არ ამოდის ფარისევლის გულიდან. ის ამბობს: ,,გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე". მაგრამ ვინ დააყენა ის სხვების მსაჯულად? ხომ იცის მან, რომ ადამიანი არა კაცობრივი, არამედ ღვთაებრივი სიმართლით განისჯება. ვინ უთხრა, რომ სხვების განკითხვა მადლიერებაა, მაშინ, როცა სჯულის მცოდნე ფარისეველმა იცის, რომ მსაჯული და განმკითხველი მხოლოდ ღმერთია? ,,ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ". მაგრამ ხომ იცის ფარისეველმა, რომ სჯულის სრულად აღსრულება არ შეუძლია ადამიანს და მთავარი: მარხვა და შეწირვა სათნოებების მოპოვების საშუალებაა და არა - სათნოება. მაშ რისთვის მადლობს ფარისეველი ღმერთს? ,,მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი", - ამბობს წმინდა მეფე დავითი. ფარისეველი მის შთამომავლად თვლის თავს, იცის მისი ეს სიტყვები, მაგრამ ამ სწავლებით არ ხელმძღვანელობს ღმერთთან ურთიერთობაში. მეტიც, ის ამადლის ღმერთს: ,,ვიმარხავ", ,,შევწირავ". ღვთისადმი მადლიერებაა, როცა ღვთის წყალობას იყენებ სულიერ კიბეზე, რომ კიდევ ერთი საფეხურით წაიწიო წინ. თუ გვექნება სწორი სულიერი მდგომარეობა, სათანადო სიტყვები თავისთავად იშვებიან გულში. მთავარი კი მაინც ქმედითი მადლიერებაა.
დაბოლოს, თითოეული ჩვენგანი დაეკითხოს საკუთარ სინდისს: საკმარისად მადლიერები ვართ უფლისა და ადამიანების მიმართ? უმადურობის კეთრი ხომ არ შეხებია ჩვენს გულებს? ჩვენც ხომ არ დაგვჩემდა წუწუნი: ღმერთო, რა დაგიშავე?! რატომ ვარ ასეთი უბედური? რატომ არაფერში მიმართლებს?! თუ ასეა, მაშინ ვიჩქაროთ, ისევ უფლისაგან ვითხოვოთ შველა და განკურნება. წმინდა მამები გვასწავლიდნენ: ვინც ჰმადლობს უფალს, მას მეტი სიკეთე ეძლევა; ხოლო, ვინც არ ჰმადლობს, რასაც ფლობს, ისიც წაერთმევა.