უფლის წინაშე ლოცვა შესაძლებელია, თუ ჩვენი შინაგანი სამყარო მტკიცეა და ღვთის პირისპირ შინაგანი თანხმობით ვდგავართ. ეს გაგვათავისუფლებს დროის შეგრძნებისაგან, ოღონდ არა ობიექტური დროისა, რომელსაც მივდევთ, არამედ იმ სუბიექტური შეგრძნებისაგან, რომ დრო მიდის და ჩვენ დრო არ გვრჩება.
უპირველესად მინდოდა თქვენი ყურადღება მიმეპყრო მისთვის, რაც ყველამ ვიცით და რაზეც გამუდმებით ვსაუბრობთ: არავითარი საჭიროება არ არსებობს იმისა, რომ ცდილობდე დროს დაეწიო. ის ჩვენგან არ გარბის. ის ჩვენკენ მოედინება. მოუთმენლად ელოდებით მომავალ წუთებს, თუ საერთოდ არ აცნობიერებთ მათ - ისინი მაინც მოდიან. მომავალი - როგორც არ უნდა იქცეოდე შენ, უეჭველად აწმყოდ იქცევა და სულაც არ არის აუცილებელი, რომ აწმყოდან მომავალში გადახტე. შეგიძლია, მის დადგომას უბრალოდ ელოდო. აი, ამ გზით შეგიძლია, იყო აბსოლუტურად მდგრადი და ამავდროულად დროს მიჰყვებოდე, იმიტომ, რომ დრო თავისით მიდის. თქვენ იცით, თუ რა ხდება, როდესაც ავტომობილში ან მატარებელში ზიხართ: ზიხარ და ფანჯარაში იყურები, შეიძლება ფიქრობდე, შეიძლება კითხულობდე, შეიძლება - უბრალოდ ისვენებდე. მატარებელი კი მიდის და რაღაც მომენტში ის, რაც მომავალი იყო - შემდეგი სადგური თუ შენი ბოლო გაჩერება აწმყო გახდება. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, შეცდომა, რომელსაც ხშირად ვუშვებთ ჩვენს შინაგან ცხოვრებაში: ჩვენ წარმოგვიდგენია, რომ თუ ვიჩქარებთ, მომავალში უფრო სწრაფად მოვხვდებით, იმ ადამიანივით, რომელიც ბოლო ვაგონიდან პირველში იმის იმედით მირბის, რომ ლონდონიდან ედინბურგში უფრო ჩქარა ჩავა. ამ მაგალითის მიხედვით ვხედავთ, რამდენაც აბსურდულია ეს ყოველივე, მაგრამ როდესაც გამუდმებით იმის მცდელობაში ვართ, როგორ გავუსწროთ საკუთარ თავს - თუნდაც ერთი გოჯით, ამ აბსურდულობას ვერ ვამჩნევთ. ამასთან, სწორედ ეს არ გვაძლევს საშუალებას სრულად განვიცადოთ ახლანდელი წამი, აწმყო, სადაც, როგორც უკვე ვთქვი, სინამდვილეშიც ვიმყოფებით. იმიტომ რომ, როგორც არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ საკუთარი თავისა და დროის გასწრება შეგვიძლია, ეს ასე მაინც არ იქნება. ერთადერთი, რაც აქედან გამოდის არის ის, რომ ჩვენ ვჩქარობთ, მაგრამ წინ უფრო სწრაფად ვერ მივიწევთ.
თქვენ ალბათ არაერთგზის გინახავთ: ადამიანი, როემლსაც ორი მძიმე ჩემოდანი უჭირავს, ცდილობს ავტობუსს დაეწიოს. იგი მირბის, რამდენადაც ახერხებს, რამდენადაც ამის შესაძლებლობას ჩემოდნები აძლევს და მთელი თავისი არსებით ის იქ არ არის, სადაც არის. თქვენ ასევე იცით, როგორ ხდება, როდესაც დასვენების დროს სეირნობთ: მიდიხარ სწრაფი ნაბიჯით, მხნედ და მხიარულად მიაბიჯებ, თუ ასაკი და ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, მირბიხარ კიდეც, მაგრამ არანაირად არ ჩქარობ, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია სირბილი და არა - რაღაც ადგილამდე მირბენა. ეს უნდა ისწავლო ლოცვასთან დაკავშირებითაც: გაჩერდი მოცემულ წუთში. ჩვეულებრივ, ჩვენ ვფიქრობთ და ვიქცევით ისე, თითქოს აწმყო ესაა წარმოსახვითი, მოუხელთებელი ზღვარი წარსულსა და მომავალს შორის და ჩვენ გამუდმებით წარსულიდან მომავალში გადავდივართ ამ საზღვრის გადალახვით.
ყველას არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვოს, ამიტომ მსურს, პირადად ჩემი გამოცდილების შესახებ გიამბოთ, რომელიც ძალიან გამომადგა. საფრანგეთში, გერმანული ოკუპაციის დროს, ვმონაწილეობდი წინააღმდეგობის მოძრაობაში. ერთხელ მეტროში ჩავდიოდი, პოლიციამ შემიპყრო. ესაა ჩემი ერთ-ერთი საინტერესო გამოცდილება. რომანტიკულ წვრილმანებს გვერდზე გადავდებ, რა მოხდა, როგორ მოხდა და ჩემს ამ გამოცდილებას უფრო ფილოსოფიურ ჭრილში გადავიყვან დროსთან მიმართებით: იმ წუთებში მქონდა წარსული და მქონდა მომავალი. მე ერთიდან მეორეში გადავდიოდი და მეტროს კიბეზე მხნედ მივაბიჯებდი; უეცრად ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო - "შეჩერდით, მაჩვენეთ თქვენი საბუთები!" და აქ რამდენიმე რამ მოხდა: ჯერ დავიწყე ფიქრი ძალიან სწრაფად, შეგრძნებები გახდა ძალიან ინტენსიური, ხოლო სიტუაციის გაცნობიერება იმდენად რელიეფური და მკვეთრი, როგორიც არასოდეს განმეცადა მეტრო ეტუალის სადგურის უკანასკნელ საფეხურებზე. მეორე: უცებ გავაცნობიერე, რომ არ მაქვს წარსული, რეალური წარსული ხომ ისეთი იყო, რის გამოც მე დახვრეტა მელოდა. ასე რომ, ეს წარსული მეტად აღარ არსებობდა. ცრუ წარსული, რომლის შესახებაც უნდა მეამბნა, მათთვის ასევე არასოდეს არსებობდა. ასე რომ, ვგავდი იმ ხვლიკს, რომელიც დაიჭირეს, მაგრამ გაიქცა და ხელში კუდი შეატოვა. ასე რომ, იქ, სადაც იყო კუდი, ხვლიკი უკვე აღარ იყო. შემდეგ თანდათანობით ვხვდებოდი ერთ საინტერესო რამეს (თუმცა, იმ წუთებში დროის ფილოსოფიის კუთხიდან ამ საკითხისთვის არ შემიხედავს): მომავალი იმდენად არსებობს, რამდენადაც შეგიძლია, განსაზღვრო, თუ რა იქნება შემდეგ, რამდენიმე წუთით ადრე, ვიდრე ის მოხდებოდეს ან ერთი გოჯით წინ, ვიდრე მას მიაღწევდე და არაფერი არ ხდება, იმიტომ, რომ შენ წარმოდგენა არა გაქვს, რა შეიძლება მოხდეს, შენ იმ ადამიანს გავხარ, რომელიც უცნობ ოთახში წყვდიადში დგას. დგახარ და ირგვლივ მხოლოდ სიბნელეა, რომელიც თვალებზე გეფარება: შეიძლება, შენ წინაშე არაფერია, შეიძლება, მთელი უსასრულობაა - სულ ერთია. შენ ზუსტად იქ მთავრდები, სადაც სიბნელე იწყება. ამგვარად, აღმოვაჩინე, რომ არც მომავალი მქონდა!.. აი, სწორედ მაშინ გახდა ჩემთვის აშკარა, რომ ცხოვრება - თუნდ წარსულში და თუნდ მომავალში - არარეალურია. აღმოჩნდა, რომ მე სწორედ აწმყოს წამში ვარ ჩაკეტილი და ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, ამ წამთანაა დაკავშირებული, რომელიც ინტენსიურობით და სიმკვეთრით არსებობს. და ამან, საბოლოოდ, თავისუფლება შემანარჩუნებინა. რაც შეეხება დროს... წვრილმანებს აღარ გამოვეკიდები და გეტყვით: არსებობს ცხოვრებაში წუთები, როდესაც გრძნობ, რომ აწმყო აქ არის, წარსული უკანმოუბრუნებლად წავიდა და მხოლოდ იმდენად აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც აწმყოზე მოქმედებს. მომავალს კი საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ ის შეიძლება დადგეს ან - არ დადგეს. ეს მაშინ ხდება, მაგალითად, როდესაც ავარიაში მოხვდებით, ან ისეთ წუთებში, როცა მეყსეული მოქმედებაა საჭირო, ასეთ დროს წარსულიდან აწმყოში სასეირნოდ აღარ გცალიათ, მოგეთხოვებათ, იყოთ იმდენად აწმყოში, რომ მთელი ენერგია, მთელი არსება შეიკრიბოს სიტყვაში "ახლა". და მაშინ ძალიან საინტერესო ხდება იმის აღმოჩენა, რომ შენ ერთიანად ამ "ახლაში" ხარ მოქცეული. თქვენ იცით, რომ არსებობს თხელი სიბრტყე, რომლის შესახებ გეომეტრია გვასწავლის, რომ მას სისქე არა აქვს. ეს აბსოლუტურად სისქის უქონელი გეომეტრიული სიბრტყე, რომელსაც "აწმყო" წარმოადგენს, დროის საზღვარზე მერყეობს, უფრო სწორად, დრო გადარბის მასზე და "ახლა" მოაქვს თქვენთვის ყველაფერი ის, რაც მომავალში გჭირდებათ. ეს მდგომარეობა ჩვენ უნდა შევისწავლოთ და უნდა შევისწავლოთ უფრო მშვიდობიან ვითარებაში. ვფიქრობ, უნდა ვივარჯიშოთ იმაში, რომ დროის გაჩერება შევძლოთ იმ "ახლაში", რომელიც არის ჩემი ჭეშმარიტი აწმყო და ამავე დროს - მარადიულობის და დროის გადაკვეთის წამი.
რა შეიძლება გავაკეთოთ ამისთვის? აი, პირველი, თუ როგორ შეგიძლიათ ვარჯიში, როდესაც გასაკეთებელი სრულიად არაფერი გაქვთ. როდესაც არც უკან გექაჩებათ რაიმე და არც წინ გიბიძგებთ. როდესაც შეგიძლიათ სამი ან ხუთი წუთი, ან სულაც ნახევარი საათი დაუთმოთ მოცალეობას, უქმად ყოფნას. დაჯექით და საკუთარ თავს უთხარით: "მე ვზივარ, მე არაფერს ვაკეთებ, უახლოესი თხუთმეტი წუთის განმავლობაში არც ვაპირებ, რაიმე გავაკეთო". თანაც გააცნობიერეთ: - "მე აქ ვარ, ღვთის პირისპირ, საკუთარი თავის პირისპირ - წყნარად და უშფოთველად, არსად ვჩქარობ". და კიდევ ერთი: თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რომ იმ ორი თუ ხუთი წუთის განმავლობაში, რომელიც საკუთარი თავისთვის გამოვყავით, რომ მდგომარეობიდან ვერ გამოგიყვანთ ვერც ტელეფონის ზარი, არც კაკუნი კარზე, არც ენერგიის მოზღვავება, იმაზე ფიქრი, რომ დაუყოვნებლივ გააკეთოთ რაღაც საქმე, რომლის დაწყებას ბოლო ათი წელია ასე აყოვნებთ. უბრალოდ იჯექით და თქვით: - "ეს მე ვარ" და თქვენ ხართ!.. თუ თქვენ ამ სავარჯიშოს მოცლილობისას შეასრულებთ, მაშინ, როცა ისწავლით, რომ შინაგანად კი არ შფოთავდეთ, არამედ სრულ სიმშვიდესა და აუღელვებლობას ინარჩუნებდეთ, იყოთ წყნარი და მტკიცე, ეს ყველაფერი რამდენიმე წუთით გააგრძელეთ, შემდეგ კვლავ დაუმატეთ დრო. რა თქმა უნდა, დადგება წუთი, როდესაც რაღაცით თავის დაცვა დაგჭირდებათ, იმიტომ რომ, შეიძლება მაშინ, როცა ტელეფონი რეკავს, ან ვიღაც აკაკუნებს, იქნებ ორი წუთით მშვიდადაც შევხვდეთ ამას, მაგრამ თუ ეს ყველაფერი მეტისმეტად დიდხანს გაგრძელდა - თხუთმეტი წუთი ან ნახევარი საათი, უკვე გადაჭარბებული აღმოჩნდება როგორც ტელეფონისთვის, ისე მისთვის, ვინც კართან დგას. მაშინ უთხარით საკუთარ თავს: სახლში რომ არ ყოფილიყავით, კარს ხომ ვერ გააღებდით და ვერც ტელეფონს უპასუხებდით?!. ან თუ მეტად გამბედავი ხართ, ან - მეტად დარწმუნებული იმაში, რასაც აკეთებთ, შეგიძლიათ ისე მოიქცეთ, როგორც მამაჩემი აკეთებდა ამას. კარზე მას პატარა ბარათი ჰქონდა, რომელიც იუწყებოდა: "ნუ გაირჯებით და ნუ დააკაკუნებთ. სახლში ვარ, მაგრამ კარს არ გაგიღებთ". ეს გაცილებით ეფექტურია, იმიტომ, რომ ადამიანები მაშინვე იგებენ ყველაფერს. მაგრამ თუ მათ ეტყვით: "თუ შეიძლება ხუთი წუთით დამიცადეთ...", მათი თავაზიანობა ორ წუთში ამოიწურება. მას შემდეგ, რაც ასე მდგრადობას და უშფოთველობას შეისწავლით, დროის გაჩერება უნდა ისწავლოთ. არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ის გაწელილია, ანდა თავისთავად შეჩერებულია, არამედ მაშინაც, როდესაც გაუჩერებლად მიჰქრის და თქვენს წინაშე მოთხოვნებს აყენებს. ეს ასე ხდება: თქვენ რაღაცა სასარგებლოს აკეთებთ. ისეთი გრძნობა გაქვთ, რომ ამას თუ არ გააკეთებთ, მთელი სამყარო უფსკრულში გადაიჩეხება. თუ ასეთ შემთხვევაში რომელიღაცა წუთში იტყვით: "მე ვჩერდები!" რამდენიმე რამეს აღმოაჩენთ. ჯერ ერთი აღმოჩნდება, რომ სამყარო უფსკრულში არ ვარდება და თქვენ წარმოიდგინეთ: მთელ ქვეყნიერებასაც შეეძლება ხუთი წუთით დაცდა, მანამდე - ვიდრე თქვენ მას დაუბრუნდებოდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია! იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვატყუებთ ხოლმე, როდესაც ვამბობთ: - "ეს მე აუცილებლად უნდა გავაკეთო, ეს კეთილი საქმეა, ეს მოვალეობაა. მე არ შემიძლია, შუა გზაზე მივატოვო". ამავდროულად, მხოლოდ და მხოლოდ სიზარმაცის გამო, გასაკეთებელს ტოვებთ ამ საქმეს გაცილებით ხშირად, ვიდრე ის ხუთი წუთია - საკუთარ თავს რომ დაუნიშნეთ ახლა. ასე რომ, პირველ რიგში, გააკეთეთ ის, რომ თქვით: - "რაც არ უნდა მოხდეს, ახლა მე შევჩერდები". ყველაზე უბრალო საქმეა, გააკეთო ეს მაღვიძარას საშუალებით. მომართე მაღვიძარა და თქვი: "ვიმუშავებ, ვიდრე არ დარეკავს". ეს ძალიან მნიშვნელოვანია; ერთ-ერთი რამ, რაზეც აუცილებლად უნდა ვთქვათ უარი, ესაა გამუდმებული ცქერა საათზე. რამდენადაც ვიდრე მაჯის საათს დაჰყურებთ, ვერ შეძლებთ, იაროთ ისე სწრაფად, როგორც მაშინ ივლიდით, სულ წინ რომ იყურებოდეთ თუ გეცოდინებოდათ, რომ დააგვიანეთ შვიდი წუთით, ან ხუთით ან სამით - ამას მნიშნველობა არა აქვს. ყველა შემთხვევაში დაგვიანებული ხართ. ასე რომ, სჯობს ადრე გახვიდეთ, რათა ადგილზე დანიშნული დროისთვის იყოთ. ხოლო თუ მაინც გაგვიანდებათ, იარეთ რაც შეიძლება სწრაფად. საათზე მაშინ დაიხედეთ, როდესაც უკვე კართან იქნებით, რათა იცოდეთ, თუ რა ხარისხის სინანული უნდა გქონდეთ სახეზე აღბეჭდილი, როდესაც მას გაგიღებენ. ამგვარად, როდესაც მაღვიძარა დარეკს, თქვენ იცით, რომ მომდევნო ხუთი წუთის განმავლობაში სამყარო არ არსებობს და ადგილიდან ნუ დაიძვრებით. ეს პირადად ღმერთის დროა და ამ დროის განმავლობაში სიმშვიდე, უშფოთველობა და სიწყნარე შეინარჩუნეთ. ნახავთ, როგორ გაგიჭირდებათ ეს. თავიდან თქვენ მოგეჩვენებათ, რომ აუცილებელია, მაგალითად, დაამთავროთ წერილის წერა ან ბოლომდე წაიკითხოთ ეს აბზაცი წიგნში. სინამდვილეში ძალიან ჩქარა აღმოაჩენთ, რომ მშვენივრად შეიძლება გადადოთ ეს სამი, ხუთი და ათი წუთითაც კი და ამის გამო არაფერი მოხდება, ხოლო თუ თქვენ აკეთებთ რაღაცას, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, მაშინ ნახავთ, რამდენად კარგად გამოგივათ ის სამი, ხუთი ან ათი წუთის შემდეგ.
ჭეშმარიტი უშფოთველობა არის უსაზღვროდ ინტენსიური, ის ფლობს სისქეს, სიმჭიდროვეს, რეალურია, ნამდვილად ცოცხალია. მახსენდება ეპიზოდი მეუდაბნოე მამათა ცხოვრებიდან. ერთ ძმას სთხოვეს, ეთქვა სამოძღვრო სიტყვა იმ ეპისკოპოსის პატივსაცემად, რომელსაც სტუმრად ელოდნენ. ბერმა მიუგო: "მე არაფერს ვიტყვი. თუ მას არაფერს ეუბნება ჩემი მდუმარება, არც სიტყვები ეტყვის რაიმეს". უნდა შევეცადოთ, ბევრი რამ შევიტყოთ ასეთი სახის მდუმარებისაგან და მისი სწავლა დავიწყოთ. ეს როგორ ხდება?! შევეცდები, იგავის საშუალებით ანდა ჩიტებზე დაკვირვებით გაჩვენოთ.
თუ გვსურს დავაკვირდეთ ტყეში ან მინდვრად როგორ იღვიძებენ და გამოცოცხლდებიან ჩიტები, მათზე ადრე უნდა ავდგეთ; უნდა დავუდარაჯდეთ, ყურადღება გამოვაცოცხლოთ, სრულიად გავიფრთხოთ ძილი, ვიდრე პირველი ჩიტი გაიღვიძებდეს, კიდევ უფრო ადრე, ვიდრე ჩიტი შეიტყობდეს, რომ გათენდა. შემდეგ ტყეში ან მინდვრად უნდა წავიდეთ და იქ სრულიად შეუმჩნევლად მოვთავსდეთ. ამასთან - დაძაბულობის გარეშე, რომ არანაირმა ჩქამმა არ გამოაღვიძოს ირგვლივ ფხიზლად მძინარე არსებები. სხვაგვარად ისინი გაიქცევიან, ან ისეთ ადგილზე გადაფრინდებიან, სადაც მათ დანახვასა და მოსმენას ვერ შევძლებთ. ჩიტებზე დაკვირვება მოითხოვს, ერთი მხრივ, უძრაობას, სიჩუმესა და სიმშვიდეს და ამასთან, უსაზღვრო სიფხიზლეს, იმიტომ, რომ თუ მინდვრად ზიხარ და დაუსრულებელ ძილს აგრძელებ, ყველა ჩიტი მანამდე გაფრინდება, ვიდრე იმას მიხვდები, რომ მზემ უკვე ზურგი აგიწვა.
რაღაც დონეზე სიჩუმე უნდა შეგეძლოს. დაიწყე სიტყვიერი მდუმარებით, ემოციების დამშვიდებით, უშფოთველი აზრებით და ხორციელი სიმყუდროვით. მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, თუ წარმოვიდგენთ, რომ ძალა შეგვწევს, დავიწყოთ უმაღლესი წერტილიდან - გონებისა და გულის უშფოთველობიდან.
ენის გაჩუმებით უნდა დაიწყოთ, სხეულის უშფოთველობიდან - უნდა ისწავლოთ, რომ იყოთ უძრავად, დაუძაბავად, ოცნებასა და უძლურებაში არ ჩავარდეთ, არამედ ერთი წმიდანის სიტყვით რომ ვთქვათ, გამუდმებით ვიოლინოს სიმებივით იყოთ ისე აწყობილი, რომ სწორი ხმა გამოსცეთ: არც იმდენად დაჭიმული, რომ უეცრად გაწყდეთ და არც ისეთი მოშვებული, რომ მხოლოდ ზუზუნს გამოსცემდეთ.
და როდესაც ამით დაიწყებთ, თქვენ უნდა უსმენდეთ სიჩუმეს, სრულ სიმშვიდეში იმყოფებოდეთ; და შეიძლება, ვიდრე წარმოგიდგენიათ, იმაზე გაცილებით ადრე ახდეს გამოცხადების წიგნის სიტყვები: "აი, მე ვდგავარ კართან და ვაკაკუნებ"...