პიროვნების დაკარგვა - ჩვენი დროის ავადმყოფობაა...
18.07.2013
ამჟამად ახალი დრო დგება კაცობრიობისათვის. თუ ადრე ადამიანები საკუთარი ცხოვრების გააზრებას მაინც ცდილობდნენ
და თვით ცინიკოსებსაც კი სურდათ თავიანთ ფილოსოფიურ ნეგაციებში (უფრო ზუსტად, პარადოქსებში, რომელნიც ზნეობასა და კულტურას უპირისპირდებოდნენ) თავიანთი იდეოლოგია და ზნეობა შეექმნათ, თუნდაც, როგორც ემპირიული თავისუფლება, ახლა თავად ფილოსოფია და ზნეობა იქცნენ არქაიზმებად და უსარგებლო ბალასტად, რომელიც ისტორიის ხომალდიდან უნდა მოვისროლოთ, რომ მისი ადგილი გაცილებით ,,სასარგებლო" და ,,გაყიდვადმა" საქონელმა დაიკავოს.
ისეთი დრო გვიდგება, რომელსაც, შესაძლოა, პატიოსნებისაგან განძარცული ერა ვუწოდოთ, რადგან უნამუსობა საყოველთაო მოვლენად იქცა, ოდენ ცალკეული პირნი არიან ორიენტირებულნი სინდისის შინაგან ხმასა და ადამიანურ ღირსებაზე, როგორც ცხოვრების ერთგვარ კომპასზე.
დანარჩენთათვის კი ცოდვის შინაგანი ზღუდეები მორღვეულია და გათელილი, ინერციით ჯერ კიდევ ასრულებენ ადამიანების როლს, თუმცა ადამიანები უკვე აღარ არიან...
მეოცე საუკუნე, შესაძლოა, აპოკალიფსისწინა საუკუნედაც მოვიხსენიოთ. უფრო და უფრო მუქდება ისტორიის სილუეტი, რომელიც ცოცხალ პიროვნებად, ანტიქრისტედ იქცევა.
ღმერთი სიყვარულია, ეს ანტიღმერთი კი სწორედ სიყვარულისა და თანაგრძნობისგან იქნება დაცლილი...
დემონებს შავად ხატავენ, ეს ფერი ნთქავს და არ კი ირეკლავს... იგი სიცარიელის სიმბოლოა... ცარიელი იქნება სული ანტიქრისტესიც... ეს იქნება რეპტილია ადამიანის სხეულში, რომელმაც არც სიბრალული იცის და არც თანალმობა... მისი სული გველის სხეულივით ცივი იქნება...
ღმერთი - უზენაესი სიმართლეა, ჭეშმარიტება კი - მისი ერთ-ერთი მთავარი სახელი... ღმერთი - ნათელია, რომელშიც არ არის ბნელი... ანტიქრისტე კი მატყუარაა, რომელიც ყოველგვარ ზნეობრივ გრძნობასაა მოკლებული, როცა სჭირდება, შეუძლია, ისახიობოს, სამართლიანი კაცის როლიც კარგად მოირგოს და თან გულში ადამიანთა ძველისძველ შეცდომებზე იხარხაროს...
ანტიქრისტეს სძულს კაცთა მოდგმა, ამიტომ ეულია, თუმც კი მრავალი თანამზრახველი და მიმდევარი ჰყავს.
წინასწარმეტყველი ამგვარად ღაღადებს უფლის შესახებ: - ,,სიტყვა შენი ჭეშმარიტებაა", ანტიქრისტეს სიტყვა კი პირიქით, სიცრუეა, რომლის მეოხებითაც აზრებსა და ზრახვებს ფარავს. სიმართლე მისთვის თვითშეზღუდვა, ცრურწმენა და სისუსტეა...
,,ღმერთი არის სული", ღაღადებს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი. ანტიქრისტესი კი სწორედ სულია დამქრალი, ადამიანებს მატერიალური დოვლათისა და ხორციელი განცხრომის სამეფოს დაპირებით აცთუნებს...
ანტიქრისტეს წარმომშობი ნიადაგი უსინდისობა და სიცრუეა, რომელნიც საყოველთაოდ გამეფდებიან... ადამიანის პიროვნება უნდა განადგურდეს, ზნეობრივი პრინციპები კი ისე მოიკვეთოს ადამიანის სულისგან, როგორც მტკივნეული ხორცმეტი...
კაცობრიობამ შინაგანი სოლიდარობის განცდა უნდა დაკარგოს, ნათესაურ-ოჯახური კავშირი უნდა დაირღვეს, მაშინ ადამიანი შეხედავს ძმის სიკვდილს, დედას კი ძუძუ შეენანება საკუთარი შვილისთვის, ცოლქმრული ერთგულება ყუმ ფანატიზმად მოეჩვენებათ ადამიანებს და ამ ფონზე წარმოჩნდება სახე მიწიერი მეუფისა, რომლის სულიც ცარიელია და არაფერს იტევს, გარდა ამპარტავნებისა და ქრისტესადმი სიძულვილისა...
ისტორიისა და კულტურის წინა პერიოდები დავახასიათეთ, როგორც პანთეიზმი, ცეზარიზმი და ჰუმანიზმი. ამჯერად კი ახალი ხანა იწყება, რომელსაც პრაგმატიზმად სახელვდებთ... ადამიანს ერთადერთი ორიენტირი, იმპულსი და მიზანი რჩება - გამორჩენა. ხელოვნება, ადამიანთა ურთიერთობანი, მეგობრობა, მეცნიერება და ასე შემდეგ, გამუდმებულ შინაგან კითხვას უნდა პასუხობდეს: - რამდენად ხელსაყრელია ეს ჩემთვის?!
ადამიანი მზადაა, ილოცოს, თუ ეს რაიმე ხეირს მოუტანს, მაგრამ თუ ლოცვა არ შველის, მზად არის, სული ეშმაკსაც კი მიჰყიდოს... თუ მატერიალიზმი და ათეიზმი უფრო სარფიანად მოეჩვენება, დაუფიქრებლად მოირგებს ამ როლსაც და თუ უგრო მომგებიანი გახდება პატიოსნებასა და კეთილშობილებაზე საუბარი, არც ამ ტერმინებით სარგებლობას მოერიდება...
თუ სულმდაბლობის ჩადენა გახდება საჭირო, მხოლოდ იკითხავს: - ეს რაღა ღირს? იგი გაქრება, როგორც ადამიანი და ამიტომ მისთვის სხვა ადამიანებიც გაქრებიან.
რაღა თქმა უნდა, ეს პროცესი დასრულებული არ გახლავთ, რადგან მაშინ მსოფლიოს აღსასრულიც დადგებოდა, მაგრამ იგი მზარდია და ამის მტკიცებულება ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება: - ადამიანი ერთსა და იმავე დროს მოძალადეც ხდება და ძალადობის მსხვერპლიც, იგი შინაგანადაც დაუცველია და გარეგნულადაც, თითქოს მარტოა ყველას წინააღმდეგ და ყველა მის წინააღმდეგაა...
ამიტომ ჩვენი საზოგადოება არა მხოლოდ ტოტალური უპატიოსნობის საზოგადოებად, სულით ავადმყოფთა ერთობადაც გარდაისახება... კაცობრიობა გენეტიკურ ასპექტშიც კი განიცდის გადაგვარებას... ძველი წინასწარმეტყველი ეზრა იუწყება, - "დედაკაცები გონჯებს შობენო".
დემონმა დაკარგა პიროვნება და ოდენ იმ სახეობის არსებათა ინდივიდი გახდა, რომელთაც დაცემულ ანგელოზებად მოვიხსენიებთ.
პიროვნების დაკარგვა - ჩვენი დროის ავადმყოფობაა, რომელიც თანდათან ეპიდემიაში გადადის... კაცობრიობამ დაკარგა ღმერთი და მის სულში ჯოჯოხეთური სიცარიელე გადაიშალა... უსინდისობა ის სნებაა, რომელი ადამიანსვე აუბედურებს და ვერც ერთ ლაბორატორიაში ვერ დაამზადებ ამ სულიერი ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინას...
ჩვენ იმ დროის შვილები ვართ, როდესაც ბინდი თანდათან მუქდება დედამიწის თავზე...