ბიბლიაში არაფერია ნათქვამი "დროის წინარე დროს", ანუ იმ დროის შესახებ, რომელიც მითოლოგიურ რელიგიასთან დაკავშირებით შეიძლება ვიგულისხმოთ. წმინდა წერილში აღწერილ ქვეყნის შესაქმეში ბუნებრივი და ისტორიული მოვლენების დრო იმდენად არის გამოყენებული, რამდენადაც შეიძლება მისი მთავარი მიზნის, ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობასთან დაკავშირებული მოვლენების გადმოცემისათვის იყოს გამოსადეგი.
სამყაროს არსებობის დამდეგს, რის შესახებაც წმინდა წერილის პირველ ლექსშია ნათქვამი: "დასაბამად ქმნნა ღმერთმან ცაი და ქუეყანაი" (დაბ. 1:1), დრო მოცემულია, როგორც ღმერთის ქმნილების საწყისი. თავად შემოქმედი ღმერთი მარადიული და დროის მიღმიერია: მის წინაშე "ათასი წელი... ვითარცა გუშინდელი დღე" (ფსალმ. 89:5), მას არ ესაჭიროება და ის არ არის დამოკიდებული დროზე "და იგი სცვალებს წამთა და ჟამთა" (დან. 2:21). დრო, ანუ სამყაროს მომავალი ადამიანისათვის დაფარულია, მაგრამ შემოქმედისათვის სრულიად ნათელია (ნახ.: იობ. 24:1; შეად.: იერ. 29:11). უფალმა დრო, როგორც მსვლელობა და მოვლენების განვითარების პროცესი, დაამკვიდრა. წმინდა წერილში დროის წარმავალობითი თავისებურების ფონზე აშკარად იკვეთება უფლის მარადიულობა. "და დღენი ჩემნი, ვითარცა აჩრდილი, წარხდეს, და მე ვითარცა თივაი, განვხემ. ხოლო შენ, უფალო, უკუნისამდე ჰგიე, და სახსენებელი შენი თესლითი თესლადმდე" (ფსალმ. 101:12-13). დროის მსვლელობის საერთო საზომად უფალმა მეოთხე დღეს ციური სხეულების მოძრაობის რიტმი დააწესა "და თქუა ღმერთმან, იქმენინ მნათობნი სამყაროსა შინა ცისასა მნათობად ქუეყანისა განსაყოფელად შორის დღისა და შორის ღამისა. და იყუნედ სასწაულებად დღეებად და ჟამებად და წელიწადებად" (დაბ. 1:14; შეად.: ფსალმ. 103:19; 135:7-9; 148:3, 5-6). უფალი ბრძანებს: "ვითარცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ" (დაბ. 8:22), დღე და ღამე "ჟამსა შინა მათსა" (იერ. 33:20) მიედინება და ეს მსვლელობა ადამიანს არ დაუდგენია; "შენი არს დღე და შენი არს ღამე, - მიმართავს უფალს მეფსალმუნე, - შენ დაამტკიცე ნათელი და მზე. შენ შეჰქმენ ყოველნი საზღვარნი ქუეყანისანი; შენ დაჰბადე ზაფხული და არე" (ფსალმ. 73:16-17). სამყარო 6 დღეში შეიქმნა (დაბ. 1). მეშვიდე დღე, შაბათი, უფალმა, როგორც დღე ყოველი საქმისაგან დასვენებისა აკურთხა (დაბ. 2:2-3). ამით განსაზღვრა მან შვიდეულის ციკლი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ძველ აღთქმაში დროის გაგება მხოლოდ ბუნებრივ-კოსმოსურ რიტმებს არ უკავშირდება: ბიბლიურ ისტორიაში მიმდინარე მოვლენებში აშკარაა, რომ დრო აღიქმება, როგორც სამყაროსა და ადამიანთან დაკავშირებული ღვთაებრივი განგებულების აღსრულების პროცესი. თავად ღმერთმა ადამიანის ცოდვით დაცემის შემდეგ ერთი მხრივ გველს, ხოლო მეორე მხრივ, ადამის მოდგმას აღუთქვა: "მტერობაი დავდვა შორის შენსა და შორის დედაკაცისა. და შორის თესლისა შენისა და შორის თესლისა მისისა. იგი შენსა უმზირდეს თავსა და შენ უმზირდე მისსა ბრჭალსა", ანუ მოვლენები აქ დროში განიხილება, უფალი ბრძანებს, - მოვა დრო, როდესაც ქვეყნას გამომხსნელი მოევლინება. აქედან ნათლად ჩანს, რომ ღვთის მიერ დადებული აღთქმა და შესაბამისად კაცობრიობის ისტორია ქაოსურად კი არა, ღმერთის ნებით, მიზანმიმართულად და სწორხაზოვნად განვითარდება. დროის შინაარსი ისრაელის ისტორიულ გამოცდილებაშია ასახული და ეს იყო ხალხის რწმენაში გამოცდა. აქ ღმერთის ტრანსცენდენტურობასთან ერთად გამორჩეულად გამოიკვეთა უშუალოდ მისი მოქმედება კაცობრიობის ისტორიაში. ღმერთი წინ მიუძღვის მორწმუნე ერს: "ღმერთო, ყურთა ჩუენთა გუესმა ჩუენ და მამათა ჩუენთა გვითხრეს ჩუენ საქმე იგი, რომელ ჰქმენ დღეთა მათთა, დღეთა მათ შინა პირველთა" (ფსალმ. 43:2). ამიტომ უდავოა, რომ ძველ აღთქმაში თავად დროა ისტორიული ხასიათისა. და აი როგორ: წარსული შეიძლება გავიხსენოთ, მასზე ვიფიქროთ და დღეს საკუთარი თავი განვლილი მოვლენების თანამოზიარედ შევიგრძნოთ (ფსალმ. 142:5), მაგრამ ხვალინდელი დღე ადამიანისგან დაფარულია, თუმცა წინასწარმეტყველური დანაპირები და მათი შეგონებები, "ვისაც ყური აქვს", მათთვის ნათლს ჰფენს მომავალს. ისრაელის წარსული და მომავლისაკენ მიმართული მოვლენები, რასაც ისტორია მაცხოვრის მობრძანებისკენ მიჰყავს, უნიკალური, განუმეორებელი, დროისათვის წინასწარ არის განსაზღვრული, გამიზნული და ამ თვალსაზრისით წმინდაა: პატრიარქების გვარტომობას თან სდევს ზუსტი ქრონოლოგიური აღწერილობა, გამორჩეულ დროს ხდება მსოფლიო წარღვნა, ნოეს გადარჩენა, აღთქმა იდება აბრაამთან, ეგვიპტიდან დროულად ხდება ხალხის გამოყვანა და სინას მთაზე ისრაელისათვის კანონი მოსეს დროულად ეძლევა.
უფლის დღესთან, როგორც დროის გარკვეულ მონაკვეთთანაა დაკავშირებული ძველი აღთქმის ესქატოლოგია (ეს. 2:12; ამ. 5:18). წინასწარმეტყველები იხსენიებენ უფლის დღეს, როგორც უკანასკნელ დღეს (ეს. 2:2; დან. 11:40; 12:4), ამ დღეს ბოლო განკითხვა ხორციელდება (დან. 12:1; იოვ. 3:1-6), რომლის შემდეგაც ადამიანსა და ღმერთს შორის ახალი ურთიერთობები ყალიბდება (ეს. 11:1-9; ოს. 2:18-23; იოვ. 3:17-21). ამდენად, ღმერთი კოსმოსურ დროს და ადამიანების ისტორიას (ისტორიულ დროს) ერთი მიზნისკენ მიმართავს. უფლის დღის ხაგრძლივობის შესახებ კი ნათქვამია ათასი წელი. "რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარხდა და, ვითარცა სახუმილავი ერთი, ღამესა შინა" (ფსალმ. 89:4), ეს გახდა იუდეურ-ქრისტიანული ქილიაზმის საფუძველი.
"დრო მიზანმიმართული და ადამიანის გამოხსნაში ღვთაებრივი განგებულების განუყოფელი ნაწილია. მარადიული და ტრანსცენდენტური ღმერთი მიუწვდომელია, მაგრამ ის რეალურად შემოდის ადამიანის ისტორიაში. განკაცებული ღმერთი აშკარად და სრულად მონაწილეობს ადამიანის ცხოვრებაში: იესო ქრისტე დაიბადა "დღეთა ჰეროდე მეფისათა" (მათ. 2:1), "ესე აღწერაი პირველი იყო მთავრობასა ასურეთს კვირინესსა" (ლუკ. 2:2), ქრისტეშობას თან სდევს მისი დაწვრილებითი გენეალოგია (მათ. 1:1-17; ლუკ. 3:23-38), ქრისტე ჯვარს აცვეს იუდეის პროკურატორის, პილატეს დროს (მათ. 27:2, 11-26, 57-58; მარ. 15:1-15, 43-45 და სხვა). ქრისტეს ხორცშესხმა, დაბადება, ჯვარცმა, აღდგომა, ერთხელ და ამავე დროს სამარადჟამოდ მოხდა, ეს ყოველი მოვლენა უნიკალურია: იმისათვის, რათა ადამიანები ღმერთამდე მიეყვანა "ქრისტემანცა ერთ გზის ცოდვათა ჩუენთათვის ივნო" (1 პეტ. 3:18).
ქრისტეს დაბადებითა და მოღვაწეობით აღსრულდა ძველი აღთქმა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაზე უნდა მოსულიყო მაცხოვარი. ამ მოვლენის ჭეშმარიტად აღსრულების შესახებ თავად ქრისტე ბრძანებს: "აღსრულებულ არს ჟამი და მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაი; შეინანეთ და გრწმენინ სახარებისაი" (მარკ. 1:15). მოციქულები გვამცნობენ, რომ ღმერთის ხორცშესხმა განხორციელდა "უკუანაისკნელთა ამათ ჟამთა" (1 პეტ. 1:20), "ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაი" (გალ. 4:4), ანუ ღვთის ხორცშესხმით თავად დრომ მიაღწია თავის აზრობრივ სისრულეს.
მაგრამ საქმე ის არის, რომ ამის შემდეგაც უმნიშვნელოვანესი მოვლენები ხდება, უფალი ბრძანებს: "შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი" (მათ. 3:2). ქრისტეს მეორედ მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად, სინანულში განმზადებაა საჭირო "ეგრეცა ქრისტე ერთ გზის შეიწირა მრავალთათვის ახოცად ცოდვათა, ხოლო მეორედ თვინიერ ცოდვათა გამოეცხადოს, რომელნი-იგი მოელიან მას მაცხოვრად" (ებრ. 9:28). შესაბამისად, ადამიანის წინაშე ახალ დროსთან დაკავშირებული ახალი ამოცანა დგება, ამჟამად კი კვლავაც გრძელდება ისტორიული დრო, ეს დრო არის "ჟამი იგი შეწყნარებისაი, აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხორებისაი" (2 კორ. 6:2), ეს ჟამი ხორციელდება, სადაც სულიწმიდა სუფევს, ანუ ეკლესიაში (იოან. 16:5-15; რომ. 8:14-17).
წმინდა ბასილი დიდი შესაქმის პირველი წიგნის კომენტირებისას ბრძანებს, რომ გამოთქმა "დასაბამად" ნიშნავს, დროში მოქმედ ქმნილ საწყისს და არა თავად შემოქმედის დაუსაბამო დაუსაბამობას. როგორც ჩანს, ღირსი მამა ითვალისწინებს ფილონ ალექსანდრიელის სიტყვებს და ბრძანებს, რომ ეს საწყისი თავისთავად მყისიერი ღვთაებრივი შემოქმედებითი აქტია, რომელიც დროს არ ემორჩილება, რადგან დრო რაღაც გარკვეულ ხანგრძლივობას გულისხმობს და მოქმედი ცვალებადობით ხასიათდება. სიტყვა "დასაბამად" ჯერ კიდევ დროის განუყოფლობას ნიშნავს, რადგან დასაბამს არ შეიძლება ახალი დასაბამი, საშუალი და დასასრული დასაბამი გამოეყოს; "ეს ჯერ დროის უმცირესი ნაწილიც კი არ არის". ჩვენ ვერ ვიტყვით, რა დროს განხორციელდა დროის მიღმიერი შემოქმედებითი აქტი, მაგრამ მიზანშეწონილია მივიჩნიოთ, რომ სამყარო მეყსეულად ერთ მომენტშია შექმნილი, ნათქვამია: ღმერთმა ერთ "მოკლე და შეუმჩნეველ მეყში" ჯერ კიდევ დრომდე (ანტე ტემპუს) შექმნა სამყარო, ისე რომ არც სურვილი უძღოდა მის მოქმედებას და არც მოქმედება უძღოდა მის სურვილს. "დასაბამი" - ეს არის ზღვარი მარადისობასა და დროს შორის, ეს არის შეხების წერტილი ღვთაებრივ ნებელობასა და მას შორის რაც სინამდვილეში წარმოიქმნება და განაგრძობს არსებობას (ვ. ლოსკი). შესაქმის მომენტალურობა, არყოფნის მყოფობაში გადასვლა, ნათლად მოჩანს პირველი ადამიანის - ადამის შექმნის ისტორიაში, რომელსაც არც გვარტომობა გააჩნია, არც ბიოლოგიურად ჩამოყალიბების პროცესი ესაჭიროება და არც არასოდეს ბავშვი არ ყოფილა (დაბ. 1. 26-28; 2. 7-8); ასეთსავე მომენტალურობას ვხედავთ დროებითი მიწიერი მდგომარეობიდან მარადიულობაში გადასვლის ილია წინასწარმეტყველის ისტორიაში, რომელიც არ მომკვდარა და ისე "აღიტაცა ელია ძრვით ზეცად" (4 მეფ. 2:11). ამ ადამიანების ცხოვრებაში დროში წყვეტა ხდება, რაც თავისთავად სამყაროს დასაწყისისა და დასასრულის საიდუმლო მტკიცებულებაა, მტკიცებულებაა იმ საიდუმლოსი, როდესაც დრო აღარ არის წარსულად და მომავლად დაყოფილი და აღარც წარსული და აღარც მომავალი აღარ არსებობს, საუბარია იმ საიდუმლოს შესახებ, რომ დროის შემოქმედი და განმკარგველი თავად უფალია.
ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით: დროს არ გააჩნია სუბსტანციური მყოფობა და მისი არსებობა უქმნელი სამყაროს გარეშე შეუძლებელია: "არანაირი დრო არ იარსებებდა თუ არ იქნებოდა ქმნილება... ღმერთი... შემომქმედი და დროის გამმართველი".
ვინაიდან "დასაბამამდე" დრო არ იყო, გაუგებრობა იქნებოდა ისეთი კითხვის დასმა, როგორიც არის: რა იყო სანამ დასაბამი იქნებოდა, რადგან დასაბამამდე "მანამდეც" არ არსებობდა. "დასაბამამდე" არაფერი იყო, რისი გააზრებაც იქნებოდა შესაძლებელი, ამიტომ შესაქმის პირველი დღე წმინდა წერილში იხსენიება, არა როგორც "პირველი", არამედ, როგორც "დღე ერთი" (დაბ. 1:5), რომელსაც წინ სხვა დღეები არ უძღვის. სიმბოლურად ის სრულად იტევს ქმნილებას და ის არის უსრულო და გაუთავებელი "მერვე დღის", ანუ მარადისობის პირველსახე (შეად. ლევ. 23:36). "მას დღეს დაარქმევ თუ საუკუნეს, ორივე ერთი და იგივე შინაარსის გამომხატველი იქნება". წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაქმის დღეებში მთელი მომავალია წარმოდგენილი: "მეექვსე დღეს... ბოლომდე მიჰყავს არსებათა რიგი... მეშვიდე აფერხებს დროისათვის დამახასიათებელ მოძრაობას; მერვე - იმ წეს-წყობას პოულობს რაც უფრო მეტია ვიდრე დრო და ბუნება". პირველ და "მერვე დღეს" დრო მარადიულობის ნაწილი ხდება. ასევე, ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ქმნილება ხდება მარადიულობის მოზიარე. მაგრამ უკვე ქმნილების შექმნაში იგულისხმება უსასრულო, დროისმიღმიერი სრულყოფილების პროცესი და ღმერთთან მიახლოვება; აქვე იგრძნობა, როგორც სამყაროსა და დროის, ისე გონიერ არსებათა მარადიულობა და თანაქმნადობა (Iბიდ. I 48). ასე მაგალითად, ადამიანის ნათლობა თავისთავად ახალ, ერთადერთ და განუმეორებელ ისეთი ცხოვრების დასაწყისს მოასწავებს, რომელიც დროის "ისრებს" მიწიერების მიღმა ცათა სასუფევლისკენ მიმართავს; მარადისობასთან ურთიერთობის გამოცდილებას ემსახურება საეკლესიო საიდუმლოებები და ლოცვა. ღმერთი ადამიანს უკვე მიწიერ ცხოვრებაში აძლევს მარადისობაში გადასვლის საშუალებას. სამყაროს შექმნის დღეები "ქრონოლოგიურზე მეტად იერარქიული ხასიათისაა", "ისინი განსაზღვრავენ ყოფიერების მაკონცენტრირებელ წრეებს, რომელთა ცენტრებშიც ადამიანია მოქცეული" (ვ. ლოსკი).
წმინდა ბასილი დიდი საუბრობს სამყაროს ყოფიერებამდე არსებული მდგომარეობის, "ზედროინდელი, მარადიული, მუდმივმოქმედი დროის" შესახებ, რომელშიც ანგელოზები შეიქმნა. ის ამ ანგელოზების საუკუნეს (ეონებს, დროის პერიოდს, სამყაროს ან ისტორიის ხანას) ღვთაებრივი მარადიულობისაგან განასხვავებს, რადგან უფალია, "რომელიც არსებობს მარადიულობამდე და დრომდე". ღვთაებრივი მარადმყოფობა დროს მარადიულობასთან აკავშირებს: ღმერთი "ყოველგვარი მოძრაობის პროცესში უცვალებელი და უძვრელია, მარადმოძრავი თვითდაუნჯებული - ის არის მიზეზი მარადიულობისაც, დროისაც და დღეებისაც" (I ბიდ. X 2). ცხოვრების წრეზე ეონის სრულად ასახვამ, შეიძლება კონკრეტული დროის მსვლელობის შეფასების საშუალება მოგვცეს. მაგალითად, ანტონი დიდის მიწიერი ცხოვრების ხანგრძლივობა ორჯერ მეტი იყო ვიდრე ბასილი დიდისა, მიუხედავად ამისა, ორივე მოღვაწემ სრულად მოიღვაწა და თავისი წუთისოფელი ორივემ სრულად მოილია.
წმინდა ბასილი დიდის თვალსაზრისი დროის შესახებ ახლოს დგას არისტოტელეს სწავლებასთან. არიანელ ღვთისმეტყველ ევმონთან პოლემიკისას, რომელიც მიიჩნევდა, რომ დრო არის მხოლოდ ვარსკვლავების მოძრაობის ხარისხის ერთგვარი გამოხატულება, ღირსი მამა ამტკიცებს, რომ დრო მოძრაობის ასახვა კი არა, გარკვეული თავისთავადი რაოდენობრივი ერთეულია. დროთი იზომება ყოველგვარი მოძრაობა: ვარსკვლავების, ცხოველების ან ნებისმიერისა, რაც კი მოძრაობს. ამასთან, დღეები, საათები, თვეები და წელიწადები თავად არის დროის საზომები და არა მხოლოდ ცალკეული ნაწილები. მნათობების მოძრაობა არ არის დრო, ეს მხოლოდ დროის საზომის გარკვეული კოორდინატია. ამ მოსაზრების დასამოწმებლად ბასილი დიდს და ნეტარ ავგუსტინეს წმინდა წერილიდან მაგალითები მოჰყავთ. მნათობები შეიქმნა მეოთხე დღეს (დაბ 1. 14-19), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დრო მანამდე არ არსებობდა; სხვა მაგალითიც საინტერესოა: ამორეველთა და ისრაელელთა შორის დაპირისპირების დროს, იმისათვის, რომ ისრაელს ბრძოლა წარმატებით დაესრულებინა, ისუ ნავეს ლოცვით მზისა და მთვარის მოძრაობა შეჩერდა (იესო 10. 12-13) მზე იდგა, მაგრამ ბრძოლა გრძელდებოდა, შესაბამისად, ამ მომენტში დრო არ გაჩერებულა.
თავად დროის არსებობის შეგრძნება არამყარი და საეჭვოა.
"წარსულმა ჩაიარა, მომავალი ჯერ კიდევ არ დამდგარა, აწმყოს კი, სანამ შეიგრძნობ, მანამდე ქრება", - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი; მყოფობის დროის თავისებურება ისაა, რომ ის მუდმივად არყოფნისაკენ მიილტვის. მიუხედავად ამისა, ადამიანი მიმდინარე და თვალის დახამხამებაში გაქრობად დროს, მაინც ქმნილ სამყაროსთან შესაბამისობაში მოქმედ, გარკვეულ ხანგრძლივობად აღიქვამს.
დროის ბუნებაზე წმინდა მამათა გაგების თავისებურება ისაა, რომ, რადგან ადამიანია დროის აღმქმელი და სწორედ ის არის დროის მთავარი საზომი, მათთვის დრო ადამიანის პიროვნულ სულზე დამოკიდებულად მოიაზრება. "სწორედ შენში ვზომავ, სულო ჩემო, დროს", - ბრძანებს ნეტარი ავგუსტინე. ვინაიდან არც წარსული, არც მომავალი არ არსებობს, უფრო სწორად, როგორც ჰიპონიის ეპისკოპოსი ბრძანებს, არის მხოლოდ "აწმყო წარსულისა, აწმყო აწმყოსი და აწმყო მომავლისა", რომლებიც მხოლოდ ადამიანის სამშვინველშია დაუნჯებული: წარსულის აწმყო - მეხსიერებაა დროის შესახებ, აწმყოს აწმყო - უშუალო ჭვრეტაა დროისა, აწმყოს მომავალი კი დროის მოლოდინია. ამდენად, ონტოლოგიური რეალობა არა მხოლოდ გონებაშია (როგორც ანტიკური ფილოსიფოსები ფიქრობდნენ), არამედ ადამიანის პიროვნულ სულშიც, ანუ სამშვინველშიც, რაც, თავის მხრივ, უშუალოდ სხეულთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, დრო უნდა განვიხილოთ, როგორც სულის მყოფობის ფორმა, როგორც ერთადერთი გახსენება, ერთადერთი ახსნა და ერთადერთი მოლოდინი. ამ სუბიექტური კონცეფციის გვერდით ნეტარ ავგუსტინეს დრო ესმის, როგორც საგნებს შორის ურთიერთცვალებადობაში არსებული მიმართება.
დრო, როგორც ქმნილების ნაწილი სამყაროს აღსრულების ჟამს გაუქმდება, "ან, უფრო სწორად... ის - ქმნილი, მარადიულად განახლებად ეპიკტაზად გარდაიქმნება" (ვ. ლოსკი). სამყაროს სისრულე და სრულყოფილება ეკლესიაში ხორციელდება, ამ პროცესის სურათი მოციქული ერმის ხილვებში კოშკის სახითაა წარმოდგენილი: "როდესაც კოშკი დასრულდება და აიგება, დასასრულიც მაშინ იქნება". წმინდა გრიგოლ ნოსელის მიხედვით, დროის სასრულობა და მიმართება უფლის ჩანაფიქრით განისაზღვრება, მან წინასწარ "გაითვალისწინა და ადამიანებთან მიმართებაში დრო ისე თანაზომიერად მოაწყო, რომ ადამიანთა განსაზღვრული რიცხვი და დროის ხანგრძლივობა ერთმანეთს შეუსაბამა"; დრო მაშინ დასრულდება, როდესაც მოქმედი წესით ადამიანთა რიცხვის ზრდა შეწყდება, რადგან წესი, რომლითაც დღეს მრავლდება ადამიანი, მისთვის სრულიად შეუფერებელია. "მომდევნო საუკუნეში" დრო, რომელიც დღეს მზის საშუალებით იზომება, აღარ იარსებებს და იქნება "დროის აღრიცხვის მოქმედ წესზე უპირატესი" მარადიულობა.