ათონის მთაზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწე ქართველი ბერის, მამა ერმოლაოსის (ჭეჟია) მადლმოსილებით სავსე საუბრები "კარიბჭის" მკითხველს კარგად ახსოვს. ახსოვთ ისიც, თუ როგორი სიყვარულით და სითბოთი გაჯერებული სიტყვებით ანუგეშებდა ოჯახის თითოეულ წევრს. თითქოს ისე აღმოჩნდა, რომ წმინდა მთიდან მამაოს გამოგზავნილი წერილების წამკითხველნიც მისი ოჯახის წევრები გავხდით და ბერის გულიდან გამოსული სიტყვები ჩვენს გულს და სულს მაკურნებელ მალამოდ დაედო. ღვთის შეწევნით და მამა ერმოლაოსის კეთილი ნების თანახმად, ერთგული მკითხველი კვლავ მიიღებს სულისათვის სასარგებლო საკვებს.
ადამიანთა უმრავლესობა ამბობს, რომ ღმერთი სწამს, მაგრამ რწმენის მარტო პირით აღიარება და თუნდაც ფორმალური ეკლესიური ცხოვრება არ არის რწმენა. ჭეშმარიტი რწმენა აქვს იმ ადამიანს, რომელსაც ღამე ძილი უტყდება ღმერთზე ფიქრით, რომელსაც ცრემლები ადგება იესოს ტანჯვა-წამების გახსენებისას, რომელსაც სინდისის ბოღმა ყელში ეჩხირება, როცა თავისი ცოდვები გაახსენდება. სხვა შემთხვევაში, რწმენა არ არსებობს და ასეთი "რწმენა" ურწმუნობაზე უარესია. საქმე ძალიან სერიოზულია, ჩვენ ხომ ღმერთზე ვლაპარაკობთ, ის არის ყველაფერი, ყველაფრის დასაწყისი და ბოლო, ყველაფრის აზრი და შინაარსი, გაგება და ვისაც ეს ასე არ წარმოუდგენია, ის უბრალოდ ცხოველური ინსტინქტებით ცხოვრობს და შორსაა ქრისტესმიერი სიყვარულისაგან. ჭეშმარიტი რწმენა პირველ რიგში ნდობაა, სრული ნდობა უფლისადმი, ამიტომაც გვასწავლის უფალი განუწყვეტლივ ვიმეოროთ "დე იყოს ნება შენი", სულიერი ცხოვრების აზრი არის არა იმაში, რომ ადამიანმა თავისი ოცნებები აისრულოს, არამედ ისწავლოს მშვიდად მიიღოს მასზე გადმოსული ღვთის ნება, თუნდაც ის უბედურების სახით მოევლინოს მას. ათონელი ბერები, როცა მათ ავადმყოფობა შეეყრებათ ამბობენ: "დიდება უფალს, ღმერთი გვესტუმრაო".
ადამიანი რომ იბადება, ღმერთი მას მფარველ ანგელოზს მიუჩენს და იფარავს. მონათვლის დროს კი სულიწმინდას გადმოაფრქვევს და ამით იცავს სატანის ხრიკებისაგან, მაგრამ ადამიანი შემდეგ იმდენ ცოდვას სჩადის, რომ კარგავს სულიწმინდის მადლს, თუ ადამიანი არ მოვიდა გონზე და როდესმე სიცოცხლეში არ მოინანია თავისი ცოდვები, ის ჯოჯოხეთში მოხვდება, თუ მისი ცოდვები ძალიან მძიმე იყო, დაისჯება არა მარტო ის, არამედ მის შვილებსაც გადაეცემათ ღვთის რისხვა და ასე შეიძლება თაობათა განმავლობაში დაგროვდეს წყევლა. ამას შეაჩერებს მხოლოდ მსხვერპლი, მსხვერპლი რომელსაც ღმერთი მიიღებს, ასეთი მსხვერპლი გაიღო ჩვენთვის, ცოდვილთათვის იესო ქრისტემ, მან თავისი წმინდა სიცოცხლე შესწირა ჩვენი შეცოდებისათვის და ვინც მას აღიარებს და მისი სწამს, მას მიეტევება ყველა ცოდვა. ეს ჭეშმარიტია და აბსოლუტურად ზუსტი, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი დეტალი: პიროვნებას აღსარების შემდეგ და მონანიების შემდეგ მიეტევება (ანუ ეპატიება) ცოდვები, მაგრამ მადლი ღვთისა მას უბრუნდება ხანგრძლივი მონანიებისა და თვითშეწირვის შემდეგ. რისი თქმა მინდა ყველაფერი ზემოთ თქმულით: მე ჩემი ცხოვრების მანძილზე, პირველესად ურწმუნოებით იმდენი ცოდვა ჩავიდინე, რომ ცოდვა მეტასტაზებივით გამიჯდა სხეულში და სულში, სატანა დაეუფლა ჩემი არსებობის ყოველ კუნჭულს და სრულად დამიბნელა გონება, საერთოდ არ შემეძლო საღად აზროვნება და რომ არა უფლის დამხმარე ხელი დასაღუპავად ვიყავი გადადებული და მჯერა არა მარტო მე, არამედ ჩემი შვილებიც ამასთან. მაპატიონ ჩემმა წინაპრებმა და საყვედურად არ მიიღონ, მე ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სატანას თავიდანვე ხელფეხი გახსნილი ჰქონდა ჩემში, რადგან არც ერთი ცოდვა წინასწარ არ დამიგეგმია, მე თავად არ მომიფიქრებია, თითქოს ვიღაცა აკეთებდა ჩემი ხელით ყველაფერს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ოჯახს მადლი მოხსნილი ჰქონდა. გაიხსენე თუნდაც, რა გაჭირვებით, დაძალდატანებით ვაგვარებდით საქმეებს მე და შენ, სულ "წყალში დგომა" და "ჩაწყობა" სჭირდებოდა ჩემს საქმეებს. ერთი სიტყვით, ღვთის თანადგომა და მადლი შორს იყო ჩვენგან. საბედნიეროდ, ღმერთმა საბოლოოდ არ გამწირა და ათასი მანქანებით თავად მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მისი მადლის დასაბრუნებლად საჭირო იყო ჩემი პირადი მსხვერპლი, საჭირო იყო, რომ მე უარი მეთქვა ჩემს თავისუფლებაზე და ყოველგვარ ნებაზე, რომ მისი მადლი ჩემზე, ჩემს ახლობლებზე და ჩემს შვილებზე ისევ დაბრუნებულიყო, მან თავად მოინდომა ეს და თავად მოაწყო ყველაფერი ისე, რომ მე მონასტერში მოვხვედრილიყავი და ისევ და ისევ თავისი კაცთმოყვარე ბუნებიდან გამომდინარე, ჩემთვის ეს ამოცანა იოლი გადასაწყვეტი გახდა, რადგან თავად მაჩუქა სუფთა რწმენა და უსაზღვრო სიყვარულის უნარი.
(გაგრძელება იქნება)