"უფალმა, - ამბობს წმინდა ეფრემ ასური, - აჩვენა მათ თავისი სამეფო თავის დამდაბლებამდე და თავისი ღირსება თავის უღირსობამდე, რათა როცა იუდეველები ჯვარს აცვამდნენ, სცოდნოდათ, რომ ჯვარს აცვეს არა უძლურების გამო, არამედ ღვთიური დაშვებით, საკუთარი ნებით, ქვეყნის გადასარჩენად". ფერისცვალების დიდებაში გამოიხატებოდა მისი მომავალი აღდგომის დიდებაც და ის დიდებულებაც, რითაც იგი მომავალში უნდა მოვიდეს როგორც ცოცხალთა და გარდაცვლილთა მსაჯული, და ამ დიდებაშია ჩვენი მომავალი ფერისცვალებაც მისი მეორედ მოსვლის ჟამს: ამიტომ, რათა "დანარჩენი მოწაფეები არ დამწუხრებულიყვნენ, როგორც შესაზიზღნი" (წმინდა იოანე ოქროპირი), წარიყუანა იესო პეტრე და იაკობ, და იოანე, ძმა მისი", - ამგვარად, უფალმა გაიყოლა სამი გამორჩეული მოციქული, ვინც ადრევე გახადა ღირსი ყოფილიყო მოწმე იაიროსის ასულის აღდგინების უდიდესი სასწაულისა და ვინც შემდგომშიც გახდება მოწამე უფლის უდიდესი მწუხარებისა გეთსამანიის ბაღში; იახლა ისინი სწორედ იმიტომ, რომ "ისინი გარდაემატებოდნენ დანარჩენებს: პეტრე - იესოს ძლიერი სიყვარულით, იოანე - მისდამი განსაკუთრებული ერთგულებით, ხოლო იაკობი - იმ პასუხის გამო, რომლითაც ძმასთან ერთად მიმართა იესოს: შეგვიძლია, შევსვათო სასმისი" (წმინდა იოანე ოქროპირი). "მან წაიყვანა პეტრე, - ამბობს წმინდა იოანე დამასკელი, - რათა ეჩვენებინა, რომ ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ მისი მოწმობა მამის მოწმობითაც მტკიცდებოდა და რათა დაერწმუნებინა იგი თავისსავე სიტყვებში, რომ ეს მოწმობა თვით ზეციურმა მამამ განუცხადა; წაიყვანა იაკობი, რადგან მას სხვა მოციქულებზე ადრე ჰქონდა სურვილი, მომკვდარიყო ქრისტესთვის; დაბოლოს, წაიყვანა იოანე, ქალწული და ღვთისმეტყველების წმინდა ორღანი, რათა მას ეჭვრიტა ღვთის ძის მარადიული დიდებისათვის და დაექუხა: "პირველითგან იყო სიტყუა, და სიტყუა იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუა იგი". ნეტარი თეოფილაქტე კი დასძენს: "უფალს მხოლოდ იუდა რომ დაეტოვებინა ქვევით, დანარჩენები კი წაეყვანა, ზოგიერთს შეეძლო ეთქვა, ამან შეურაცხყო იუდა და ამიტომაც გასცაო თავისი უფალი. მაგრამ უფალმა დაბლა დატოვა რვა მოწაფე, რათა სამი განედიდებინა ჩვენებით, ხოლო დანარჩენები ნეტარნი გაეხადა გაგონილის რწმენით - აკი თავადვე ამბობს: "ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვრწმენე" (იოანე 20:29).
წმინდა იოანე ოქროპირი ამ დღესასწაულის შესახებ წერს:
"დღეს თაბორი ცათა მობაძავ იქმნების, რამეთუ ხედავს დიდებასა შემოქმედისა თვისისასა, დღეს შეიმკვების ღრუბლითა ნათლისაითა და იხარებს ხმითა მამისაითა".
ახლოვდებოდა იესო ქრისტეს ჯვარცმის დღე. იგი უნდა ვნებულიყო ადამიანთა ცოდვებისთვის. უფალმა იცოდა, რომ ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, ბევრი დაკარგავდა სასოებას და იმედს საუკუნო ცხოვრებისას, ამიტომ ყველაფერს აკეთებდა, რათა ისინი რწმენით განემტკიცებინა.
უფალმა თავის მოწაფეთაგან ამოირჩია პეტრე, იაკობ და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. მაცხოვარს სურდა, მოციქულთათვის ეჩვენებინა თავისი ღვთაებრივი ნათელი, ეჩვენებინა იმ ზომით, რა ზომითაც მათ შეეძლოთ ამის დატევა, რათა შემდგომში განსაცდელისა არ შეშინებოდათ, თანაც დარწმუნებულიყვნენ იმ სიბრძნეში, რომ ვინც სულიერად არ ამაღლდება, ის ვერც ღვთაებრივი დიდების ხილვის ღირსი გახდება.
სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. როცა გამოფხიზლდნენ, დაინახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა: სახე მისი მზესავით გაბრწყინდა, სამოსი განსპეტაკდა, ვითარცა თოვლი, რომელიც თვალისმომჭრელ ნათელს გამოსცემდა: "და იცვალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი, ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ, ვითარცა ნათელი" (მათე 17:2). ამ დროს უფლის წინაშე ზეციური დიდებით და საღვთო ნათლით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველნი წარდგნენ, რომლებიც მაცხოვარს იმ ვნებებსა და ტანჯვაზე ესაუბრებოდნენ, იერუსალიმში რომ მოელოდა.
ამის მნახველი მოწაფეები ისეთმა ენით აუწერელმა ნეტარებამ მოიცვა, რომ პეტრემ ანგარიშმიუცემლად წამოიძახა: "მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაი, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაისა..." (ლუკა 9:33). შემდგომ ნათელი ღრუბელი დაადგრა მათ, ხოლო ღრუბლიდან მოისმა ღვთის ხმა: "ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ" (მათე 17:5). მოწაფეები შიშისაგან პირქვე დაემხნენ. იესო მათთან მივიდა, ხელი შეახო და უთხრა: "აღდეგით და ნუ გეშინინ!" (მათე 17:7) როცა მოციქულები წამოდგნენ და მიმოიხედეს, მოსე და ელია აღარსად ჩანდნენ.
მთიდან ჩამოსვლისას იესომ გააფრთხილა მოწაფეები, სანამ მკვდრეთით არ აღდგებოდა, ეს ამბავი არავისთვის გაემხილათ.
ამგვარად, თაბორის თავზე გაბრწყინებული მაცხოვრის ხილვის ღირსი გახდა ქრისტეს სამი მოწაფე, რომელთაც უნდა განემტკიცებინათ სხვა მოციქულები იმ დროს, როცა გამოიცდებოდა მათი სასოება უფლისადმი და რწმენა იმისა, რომ ქრისტე ჭეშმარიტად ძე ღმერთია. როცა პეტრემ უთხრა უფალს, რომ კარგი იყო მათი იქ ყოფნა, ამით მან იმაზე მიანიშნა, რომ სურდა, სამუდამოდ გაგრძელებულიყო ფერისცვალება - ის სულიერი მდგომარეობა, რომელიც იმჟამად დაეუფლა მათ. ეს სიხარული ცათა სასუფევლის ნეტარება იყო, რამეთუ მხოლოდ ღვთაებრივი ნათლის სხივებში იძენს ადამიანის გული სიხარულსა და მშვიდობას.
თავისი ფერისცვალებით უფალმა გვიჩვენა, როგორები იქნებიან ადამიანები მომავალ ცხოვრებაში, ცათა სასუფეველში, როგორ გარდაისახება ჩვენი მიწიერი ყოფა სამომავლოდ.
ფერისცვალების სადღესასწაულო ღვთისმსახურებაზე ეკლესია ფსალმუნებითა და განსაკუთრებული ლოცვა-საგალობლებით ადიდებს უფლის ყოვლისშემძლეობას, მის სახიერებასა და კაცთმოყვარეობას, რაც ადამიანთა მოდგმის ხსნაში გაცხადდა.
ფერისცვალების დღისთვის მწიფობაში შედის მრავალნაირი ხილი. მორწმუნეებს, ეკლესიური ჩვეულების მიხედვით, ტაძარში მიაქვთ ახალი ნაყოფი, რომელიც ეკლესიაში იკურთხება. ეს ჩვეულება ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის (იხ. გამ. XXIII, 19. ლევ. XXIII,10, რიცხვ. XVIII, 12, 13). ამგვარი წესი იმაზე მიანიშნებს, რომ დედამიწაზე, ადამიანიდან დაწყებული და მცენარეული საფარით დამთავრებული, ყოველივე უფალს ეკუთვნის, ამიტომაც საჭიროა ყოველგვარ საკვებზე კურთხევის მიღება, რადგან, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "უფლისაი არს ქვეყანაი, და სავსებაი მისი, სოფელი და ყოველნი დამკვიდრებულნი მას შინა" (ფს. 23,1).
ლევან დავითაშვილმა