უფალი ადამის, ევასა და კაენისაგან სინანულს ელოდა
14.03.2013
როდესაც ცოდვით დაცემის შემდეგ, საღამო ჟამს, სამოთხეში გამოეცხადა უფალი ადამ და ევას, რასაკვირველია, მან კარგად იცოდა მათი შეცოდება და სინანულს ელოდა მათგან.
პირველი ადამიანები ისე არიან დაბნეულები, რომ შესაძლებლად თვლიან, ღმერთს ხეებში დაემალონ. უფალი მოუხმობს ადამს, ის კი ყალბი მობოდიშებით ცდილობს თავის გამართლებას: "შენი ხმა გავიგონე და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე".
ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?" - ამ სიტყვებით უფალი ეხმარება ადამს ცოდვის აღიარებასა და მონანიებაში, მაგრამ ცოდვით დაცემული და მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი უძლური აღმოჩნდა, უეჭველი მონანიებით ეშველა საკუთარი თავისათვის, უფრო მეტიც, ადამი თავის გამართლებას ცდილობს და თავად ღმერთს საყვედურობს იმ წყალობისთვის, რომელსაც ადრე სასურველ სიკეთედ მიიჩნევდა (ადამი ქალის გაჩენამდე სწუხდა, რომ არ ჰყავდა "ღირსეული თანაშემწე"): "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე", იმან მაცდუნაო, - პასუხობს ადამი. ქალიც აღიარებს მცნების დარღვევას, მაგრამ ისიც, ადამის მსგავსად, პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს: "გველმა შემაცდინაო".
მრავალმოწყალე ღმერთს შეიძლება კიდეც ეპატიებინა ადამიანებისთვის შეცოდება, ცოლ-ქმარს რომ მოენანიებინა, მაგრამ ამის მაგიერ, თავის მართლება დაიწყეს და თვით ღმერთსაც კი დასდეს ბრალი; ადამმა პირდაპირ უთხრა ღმერთს: შენმა მოცემულმა ცოლმა შემაცდინაო, ევამ კი გველს დააბრალა. ამიტომ ღმერთმაც არ აპატია ურჩობა.
კაენისგანაც იმავეს, სინანულს ელოდა უფალი. გავიხსენოთ, რა ჩაიდინა კაენმა და რა ცოდვის გამო არ გასჩენია მას სინანულის ნამცეციც კი, რომელსაც მოთმინებით ელოდა მისგან მოწყალე ღმერთი. სამოთხიდან განდევნის შემდეგ "შეიცნო ადამმა დედაკაცი თვისი და შვა კაენი", მოგვიანებით აბელი. კაენი (ნიშნავს შეძენას) მჭიდროდ არის დაკავშირებული მიწასთან. ის მიწათმოქმედია. მიისწრაფვის შეძენის, მატერიალური კეთილდღეობის, მომხვეჭელობისაკენ. მიაჩნია, რომ მიწა კვებავს, მიწის მადლით არის სავსე და არა ღვთის მადლით. მიწა არის მისი კეთილდღეობის საფუძველი, ამიტომაც, მადლიერების გრძნობა მიწისადმი აქვს და არა ღვთისადმი. აბელი (ნიშნავს სულის შთაბერვას, სუნთქვას) მესაქონლეა და თითოეულ ნამატს ღმერთის მადლად მიიჩნევს. იგი, კაენისგან განსხვავებით, ღვთისაკენ არის მიმართული, ღმერთს უმადლის თავის ყოფას. აბელი თითქოს ამბის მეორეხარისხოვანი გმირია. დამჯერი, მორწმუნე, სამაგალითო შვილი და კარგი მეურნეა. მისი ფარა წლიდან წლამდე მოვლილი და ნაპატიებია. როგორც ვხედავთ, უკვე გმირების სახელებში გამოკრთის აბელისა და კაენის პირადული ნიშან-თვისებანი. ერთხელ მოინდომეს მათ მსხვერპლის შეწირვა. კაენმა შესწირა ღმერთს მიწის ნაყოფი, აბელმა პირველშობილი კრავი. უფალმა მიიღო მხოლოდ აბელის შესაწირავი, კაენისა კი უარჰყო იმიტომ, რომ აბელმა წმინდის გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით მიართვა შესაწირი, კაენის გული კი იყო უწმინდური და ღვარძლით სავსე. ამის გამო კაენი შურით აივსო, გაბრაზდა, სახეზე შეიშალა ბოროტებისაგან. გულთამხილავმა ღმერთმა იცოდა, რა ცუდი განზრახვა იბადებოდა კაენის გულში, უნდოდა, გაეფრთხილებინა იგი, მიტომ გამოეცხადა მას და უთხრა: "რადა ხარ, კაენ, გაჯავრებული? და რად შეგშლია და აღგშფოთებია სახე? გაფრთხილდი, თორემ ცოდვა კარებზე მოგადგა, ნუ დაგეუფლება და ეცადე, დასჯაბნო იგი!" ღმერთი აფრთხილებს კაენს ბოროტის მოახლოების გამო, უბიძგებს, გაერკვეს თავისი ზრახვების შინაარსში და იმ შედეგში, რაც მათ მოჰყვება. უფალი კაენის პიროვნულ და არჩევანის თავისუფლებაზე ამახვილებს მის ყურადღებას. მან თავად უნდა დაამარცხოს ბოროტი და გაბატონდეს მასზე ან დამარცხდება და დაემორჩილება ბოროტებას. აი, მაშინ კი დაკარგავს პიროვნულ თავისუფლებას. მაგრამ, საუბედუროდ, კაენს ღრმად ჰქონდა ჩარჩენილი გულში შური, სიძულვილი თავისი ძმისა, მან არა შეისმინა რა ღვთისა, გაიყვანა მოტყუებით მინდორში თავისი ძმა, მივარდა უცებ, დაარტყა თავში კეტი და მოკლა.
ცოდვით დაცემის შემდეგ ღმერთი ეკითხება კაენს: "სად არის შენი ძმა აბელი?". ღმერთი თითქოს კიდევ ერთხელ აძლევს კაენს არჩევანის საშუალებას, თქვას სიმართლე და მოინანიოს ჩადენილი დანაშაული, იზრუნოს სულის გადარჩენაზე, შეიმსუბუქოს ცოდვა ან დაფაროს იგი და კიდევ უფრო დაამძიმოს. კაენის არჩევანი შემზარავია. ის არა მხოლოდ ფარავს დანაშაულს, არამედ ერთგვარი ცინიზმით პასუხობს ღმერთს: "მიუგო: არ ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ. უთხრა ღმერთმა: ეს რა ჩაიდინე? შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს". (დაბ. 4: 9,10,11).
ადამმა, ევამ და კაენმა შესცოდეს, მაგრამ სურდათ რა თავის მართლება, უარყვეს თავიანთი შეცოდება. უფალი მათგან სინანულს ელოდა, პასუხად კი ბრიყვული უპასუხისმგებლო თავის მართლება მიიღო. თითოეულმა ადამიანმა თავისი ცოდვა თავის თავს უნდა დააბრალოს. ბოროტს შეუძლია მხოლოდ შეაგონოს ადამიანი, ძალას კი ვერ დაატანს, ამის უფლება მას არ აქვს ადამიანზე. ევას მხოლოდ ურჩია ეშმაკმა ნაყოფის ჭამა, ძალა კი არ დაუტანებია, გინდა თუ არა ჭამეო. ღმერთმა კაენი წინდაწინვე გააფრთხილა, რომ ძმა არ მოეკლა. კაენს თვითონ უნდა გაეკეთებინა არჩევანი: დაეძლია კარსმომდგარი ცოდვა. ასე გვაფრთხილებს ჩვენც ღმერთი, როცა რომელიმე ცუდ საქმეს დავაპირებთ, სინდისი გვამხელს, გვიშლის. ეს ღმერთი გვაფრთხილებს, ნუ ჩაიდენ ცოდვასო და ჩვენც უნდა დავუჯეროთ. როცა ცუდი სურვილი დაგვებადება, უნდა ვიცოდეთ, რომ ბოროტისგან არის. ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული, დავემორჩილებით თუ არა.