"არავინ იცის, როდის მიიწვევს უფალი ამ ქვეყნიდან, ამიტომ ადამიანმა თავისი სიცოცხლის დრო სიკეთის კეთებას უნდა მოახმაროს.
ეს აქაც დაგეხმარებათ და იმქვეყნადაც. მორწმუნეებმა ჩვენი დრო იმაში უნდა გამოვიყენოთ, რომ უპირველეს ყოვლისა, ვიზრუნოთ სულიერ განწმენდაზე და სიკეთე ვაკეთოთ. სიკეთის გამკეთებლის მადლი გაცილებით მეტია, ვიდრე იმისა, ვისაც სიკეთეს უკეთებენ. უნდა დავეხმაროთ სხვებს სულიერად და მატერიალურად, ვისაც როგორ შეუძლია."
უწმინდესი და უნეტარესი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II
დღევანდელ საზოგადოებაში სიკეთის მკეთებელთა ნაკლებობის გარდა მეორე დიდი პრობლემა დგას - სიკეთის დანახვის უუნარობა და მადლიერების უქონლობა.
ადამიანთა უმრავლესობა დაკავებულნი ვართ სხვათა ცოდვების განქიქებითა და განკითხვით. ჩვენს გვრდით კი დღესაც ცხოვრობენ დიდი ადამიანები, მათი დანახვის უნარი საზოგადოებას აღარ აქვს. რამდენიმე დღის წინ ჩვენს საიტზე გამოქვეყნდა მამუკა სესიაშვილის გამოსათხოვარი და მისი ცხოვრების ისტორია. ერთი ადამიანის კაცურმა საქციელმა და ადამიანურმა გმირობამ ათასები დააფიქრა და გამოაფხიზლა. ბევრი გამოხმაურება მოჰყვა ამ სტატიას. ამიტომ გადავწყვიტეთ ასეთი ისტორიები საზოგადოებაში მოვიძიოთ და თქვენამდე მოვიტანოთ.
თქვენც გთხოვთ, მკითხველო, უფრო ფართოდ გავახილოთ თვალები სიკეთის საძიებლად: თუ თქვენს ირგვლივ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც კეთილი საქმეებით გამოირჩევიან, მოგვწერეთ მათ შესახებ, გააცანით ისინი სხვებსაც.
ახლა კი ერთი ისტორია უნდა მოგითხროთ, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ მოისმენთ:
თბილისის ერთ-ერთი გარეუბნის ერთ ტაძარში ერთი ღვთისნიერი მოძღვარი მსახურობს (მის სახელსა და გვარს გარკვეული მოსაზრებების გამო არ ვასახელებთ). მისი მრევლის წევრ ვაჟსა და გოგონას ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინებაც გადაწყვიტეს, მოძღვრისგანაც მიიღეს კურთხევა, მაგრამ სადედამთილოს გოგონა არ მოსწონებია და შვილიცა და რძალიც სახლიდან გამოუყრია.
ქალ-ვაჟი მაინც დაქორწინდა. დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ, ბინის ქირის გადახდის საშუალებაც არ ჰქონდათ, ხან სად ცხოვრობდნენ და ხან სად. მოძღვარი ძალიან დაამწუხრა ახალგაზრდა ოჯახის ასეთმა გაჭირვებამ. მამა-შვილურმა სიყვარულმა გამოსავალიც მალე აპოვნინა: ავტომობილი "ნივა" ჰყოლია მოძღვარს, ის გაუყიდია, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისთვის მიუცია და მათ სოფელ გლდანში პატარა სახლი უყიდიათ.
მოძღვრის საქციელს გაუთბია მთელი მრევლის გული, ყველა სიკეთითა და სიყვარულით აუვსია. ასეთი სულიერი მამა-შვილობა ხომ დიდი საჩუქარია უფლისა.
ეს მოგონილი ამბავი არ გახლავს, ჩემო მკითხველო, ეს მოძღვარი თქვენს გვერდით ცხოვრობს, თქვენთვის ლოცულობს. უბრალოდ ასეთი ადამიანების დანახვის უნარი ჩვენვე აღარ გვაქვს.
დავინახოთ სიკეთე, ვაკეთოთ სიკეთე, ავივსოთ სიყვარულით და სითბოთი და მაშინ ყველა უკეთ ვიქნებით!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი