ეს სიტყვები წმინდა იოანემ ქართულად წარმოთქვა
07.04.2006
* ნიკო მარი ბრძანებს: "ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება, რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით. აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე რუსეთის ან დასავლეთის ევროპისა, რომ არათუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას, არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას.
ქართული ენა, განსაკუთრებით - ცოცხალი ქართული ენა, მაღალმხატვრულად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს, ისე მდიდრულია ქართული ენა. შეიძლება თქვას, შინაგანი თვისებებით იგი მსოფლიო ენაა".
* პროფესორი რიჩარდ მეკელაინი, ქართველოლოგი: "გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია. ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს".
* წმინდა კირიონ კათოლიკოსი (საძაგლიშვილი) ბრძანებს: "დედაენა არის უფლის კურთხევით ჩვენს წინაპართაგან აღშენებული უწმინდესი ტაძარი, რომელსაც სვეტებად უდგანან სამშობლო ქვეყნის მოღვაწენი. დანგრევა მისი ადვილია, ხოლო აღდგენა - ფრიად ძნელი. მხოლოდ იმ ერს აქვს უფლება ისტორიულ ასპარეზზე ცხოვრებისა და მოქმედებისა, რომელიც მუდამ იცავს თავის ენას, ზნეს და ჩვევას.
...ლოცულობა ქართველისა მთელი პოეზიაა. ქართველი, როგორც თავის ბუნებაში, აგრეთვე თავის გარეშეც ხედავს წმინდა პოეზიას, უსიტყვოთაც შეუძლიან მას გამოხატოს ის, რასაც სხვა ვერ შესძლებს, გამოსთქვას მრავალი ლოცვით და ერთგული მეტანია - პირჯვრის წერით".
* ალბათ ყველას გვახსოვს კინოფილმ "ფესვების" ფინალი, როცა მის მთავარ გმირს, ემიგრანტ ქართველს, შორეულ საფრანგეთში, სიკვდილის წინ ავიწყდება უცხო ენები და მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს. ამ ემიგრანტი ქართველის პროტოტიპი გახლდათ უცხოეთში გადახვეწილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. გრიგოლ რობაქიძე ვარლამზე მოგვითხრობს "გასაშტერებელ ამბავს იმისა, თუ რა ღრმად იყო იგი იმ ძირებში ჩაფესვილი ბავშვობიდანვე": "სამშობლოს გარეთ მყოფს გადავიწყებული ჰქონდა ქართული. იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული. სიკვდილის ჟამს რუსულიც დავიწყებოდა, ინგლისურიც და ფრანგულიც - თურმე ქართულად იწყო ლუღლუღი. აი, ვინ იყო, ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი".
* წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძემ ერთხელ მრევლს ასე მიმართა: "მე, თქვენი აღზრდილი ძე, საკვირველად ნუ მიგაჩნიათ, რომ ვერ ვამფლობელობ თქვენ ბუნების ენითა, ვითარცა რიგია, რადგან ახალ რუსულ სასწავლებელში მომისმენის ყოველნი საგანნი რუსულის ენითა და ფრაზით და არა ქართულით. ქართული ენა დაკნინებულ არს ამ ჩვენს საუკუნეში... მე მხოლოდ იმას ვინატრი, რომ ქართველთა სწავლულთა პირთა ერთმანეთის სიყვარული აჩვენონ და ერთმანეთის შემწეობით განავრცონ და განამტკიცონ ქართული ენა".
* წმინდა ალექსანდრემ დიმიტრი ბაქრაძეს უამბო: "იოანიკე ეგზარქოსი საქართველოში რომ მოვიდა, სიონში ერთმა მღვდელმა პირველი შეხვედრისას სიტყვა უთხრა. ეგზარქოსს მისი ნათქვამი რუსული ენის კილო მოეწონა და ეროვნება ჰკითხა. მღვდელმა მიუგო: - თქვენო მეუფებავ, მე, სამწუხაროდ, ქართველად ვარ დაბადებული, ხორცით ქართველი ვარ, ხოლო სულით - წმინდა რუსიო. იოანიკე ეგზარქოსი ამაზე გაკვირდა და იქვე უთხრა, - შენ მაგისთანა სიტყვის თქმით არ უნდა იყო კარგი კაციო. იმის შემდეგ ეს მღვდელი ეგზარქოსს სულ იმას ეფიცებოდა, რომ ქართველები მძულს, ქართული ენა მეჯავრება, რუსული მიყვარს, რუსულ ენას ვადიდებო. გავიდა ხანი. ამ მღვდელს ცოლი მოუკვდა. დასაფლავებაზე ეგზარქოსი და წმინდა ალექსანდრე მიიწვია. ანდერძის აგების შემდეგ ამ მღვდელმა ცოლი ქართულად დაიტირა. ეგზარქოსმა წასჩურჩულა წმინდა ალექსანდრეს: აკი, ეგ ამბობდა, რომ ქართული ენა არ მიყვარს, ცოლი კი ქართულად დაიტირაო.
* 1903 წელს საქართველოში საუბარი ატყდა იმაზე, მეგრელნი ქართველები არ არიან და მეგრული ენა ქართული ენის ძირი, ფესვი არ არისო. ამას ამბობდა ზოგიერთი განათლებული მეგრელიც. ერთ ასეთ პირს მაშინდელი ეგზარქოსისთვის უამბია სხვადასხვა "ისტორიული ცნობა" და "დაუჯერებია" ამაში. მოხდა შემთხვევა, ეგზარქოსი ფოთში გახლდათ. მის პატივსაცემად გამართულ სუფრაზე ის პირიც ყოფილა, რომელმაც ეგზარქოსი დააჯერა მეგრელების არაქართველობაში. როცა ამ კაცის სადღეგრძელო დალიეს, მაშინ მას წმინდა ალექსანდრემ ვრცელი ისტორიული სიტყვა უთხრა და ასე დააბოლოვა (რუსულად, რა თქმა უნდა): მოწყალეო ხელმწიფევ, გისურვებთ, იყოთ გულწრფელი და არა ორგული, კუდი არ უქიცინოთ და გენერლობისთვის არ გასცეთ მშობლიური ენაო. შემდეგ კი ეგზარქოსს მიმართა, - გატყუებენ, არა მგონია, იყოს ერთი ისეთი მეგრელი, რომელიც იტყვის, რომ ის ქართველი არ არისო.
* წმინდა კირიონ კათოლიკოსს რუსეთის ისტორიაში ქართველების კულტურული როლის დასადასტურებლად მოჰყავს ასეთი მაგალითი: მთავარდიაკონი პავლე ალეპოელი, რომელიც რუსეთში მოგზაურობისას თან ახლდა ანტიოქიის პატრიარქს, მაკარიოსს, XVII საუკუნეში, გვაუწყებს, რომ მოსკოვში, პატრიარქთა და მეფის თანდასწრებით, საღმრთო ლიტურგიაზე სახარება წაიკითხა ქართულად, ქართულადვე წარმოთქვა კათაკმეველთა კვერექსი, რაც უდავოდ გვიმოწმებს, როგორი პატივისცემით იყვნენ გამსჭვალულნი ქართული ენისა და ღვთისმსახურებისადმი როგორც რუსეთში, ისე აღმოსავლეთში. ამ უკანასკნელს ამტიცებს ის გარემოებაც, რომ წარმოშობით არაბმა მთავარდიაკონმა პავლე ალეპოელმა ქართული ენა ანტიოქიაში შეისწავლა, სადაც ქართულ ენას დიდად აფასებდნენ.
* IX საუკუნეში, ოლიმპოს მთაზე, მონასტრის მამასახლისმა ბრძანა, ტაძრიდან გაეძევებინათ მწირი და მომლოცველი წმინდა ილარიონ ქართველი, ვითარცა უცხო და უმეცარი ელინთა ენისა. მამასახლისმა ღამით ძილსა შინა იხილა, რომ ორმა მხედარმა წაათრია და შეიყვანა დიდ ტაძარში, სადაც ტახტრევანზე იჯდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. უფლის დედამ მრისხანედ უთხრა: "რისთვის გაყარე საწყალობელი დიდი მოღვაწე ილარიონი და მისი მხლებელნი და დაივიწყებ ჩემი ძის მცნებას - უცხოთშეწყნარებისას? რად დასცინი მათ მეტყველებას და რატომ ფიქრობ, რომ მხოლოდ ელინთა ენა არის შეწყნარებული ღვთისაგან? მათ ენაზე მეტყველნი მრავალნი დაემკვიდრებიან ამ მთაზე და ცხონდებიან და ვინც მათ არ შეიწყნარებს, ჩემი მტერი არისო". შეშინებულმა მამასახლისმა შენდობა სთხოვა წმინდა ილარიონს და შემდგომ დიდი პატივით ეპყრობოდა.
* მარჯორი უორდროპი: "ქართველებს უყვართ სტუმარი. სტუმრის პატივისცემა მათი ერთ-ერთი პირველი ღირსებათაგანია. გარდა უცხოელებისადმი მათი ბუნებრივი სიყვარულისა, ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ ჩვენით, რადგან ჩვენ ქართული ენა შევისწავლეთ და მათ სანახავად მოვედით. გულითად და აღფრთოვანებულ შეხვედრებს გვიწყობდნენ ყველგან და ეს შეხვედრები გვინაზღაურებდნენ იმ დიდ ცდასა და მძიმე საათებს, რაც მათი ენისა და რთული ქართული ზმნის შესწავლას მოვანდომეთ... ქართული ენა შესანიშნავად ემორჩილება რიტმსა და რითმას. საქართველოში თითქმის ყველა ადამიანი ბუნებით მელექსეა".
* რუსი ენათმეცნიერი პ. კ. უსლარი (1816-1875): "ქართული ანბანი უკლებლივ აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგი არის ყველაზე სრულყოფილი ანბანი ანბანთა შორის. ყოველი ბგერა გამოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იმავე ბგერის გამომხატველია".
* ინგლისელი აღმოსავლეთმცოდნე უილიამ ედუარდ დევიდ ალენი (1901-1973): "ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულიად და ზუსტად გამოხატავს; ყოველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის. ამ თვალსაზრისით ვერც ერთი სხვა ანბანი ქართულ ენას ვერ შეედრება.
* დავით კურაპალატმა თავისი შვილიშვილი, პატარა ექვთიმე, მძევლად გაგზავნა კონსტანტინოპოლს. გარკვეული ხნის შემდეგ ხორციელმა მამამ, წმინდა იოანემ, ათონზე წაიყვანა. წმინდა იოანემ შვილი ქართულადაც განსწავლა და ბერძნული ენაც ასწავლა სრულყოფილად. ერთხელ ყრმა ექვთიმე მძიმე ავად გახდა. საწყალი მამა დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ, ილოცა და უკან დაბრუნდა. სენაკის კარი რომ შეაღო, იქიდან საკვირველი სურნელება გამოიფრქვა, ბიჭი კი საწოლზე წამომჯდარიყო მთელი და უვნებელი. მამა განცვიფრდა, - რა მოხდა შვილოო. ვინმე დიდებული დედოფალი გამომეცხადა და მითხრა ქართულად - რა გტკივა, ექვთიმეო. ვუპასუხე, - ვკვდები, დედოფალო-მეთქი. მომეახლა, ხელი შემახო და დამამშვიდა: აღარაფერი გტკივა. აღდექი, ნუ გეშინია და ქართულად ხსნილად (ანუ თავისუფლად) ილაპარაკეო. მართლაც, თუ ექვთიმეს აქამდე უჭირდა ქართულად საუბარი და ამის გამო დიდად წუხდა მამამისი, დიდებული დედოფლის ხილვის შემდეგ, რომელიც თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იყო, მის ბაგეთაგან წყაროსავით ამოედინებოდა ტკბილქართული და მორწყავდა ქართველთა სულს, გულსა და გონებას. ამ სასწაულის მიზეზი ისიც იყო, რომ იმდროინდელ ქართულ ენაზე ნაკლებად იყო ნათარგმნი საღმრთო წიგნები. ღვთისმშობლის მიერ ნასწავლი ქართულით წმინდა ექვთიმემ ნაწილობრივ აღმოფხვრა ეს ნაკლულოვანება და "დაატკბო ენაი ჩვენი და ეკლესია". როგორც ბრძანებს კათოლიკოსი ლეონიდე ოქროპირიძე, წმინდა ექვთიმემ "გაუღვიძა ქართველს თავისი სამშობლო ენის სიყვარული. ამითი ჩაიდგა საძირკველი მეცნიერებისა... ოჰ, რა ბედნიერი, ზნეობაგანსპეტაკებული, მოქალაქეობრივად აღყვავებული, სახელგანთქმული და პატივცემული იქნებოდა ახლაც ქართველობა, რომ ყველანი ვადგეთ წმინდა ექვთიმეს გზას... ყველას ექვთიმეს გაუქრობელი ლამპარი გვენთოს გულში სამშობლო ენის სიყვარულისა..."
* ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოგზავნა საქართველოში საქადაგებლად წმინდა იოანე ზედაზნელი და მისი თორმეტი მოწაფე. კათოლიკოს ევლავიოსს ეუწყა ღვთისაგან მათი მოსვლა და მცხეთის გარეთ გავიდა მათ შესახვედრად. აი, დაინახა ცამეტი მამა, ფეხშიშველნი, დაბებკილი სამოსლით მოსილნი, შეურაცხად სახილველნი, კუნკულით შემოსილნი ისე, როგორც ასურთა წესია. მიხვდა კათოლიკოსი, რომ სწორედ ის სასურველი მამები იყვნენ და წმინდა იოანეს მიმართა ქართულად: - მშვიდობით მოხველ, მამაო წმინდაო. ღირსი იოანე მუხლებში ჩაუვარდა კათოლიკოსს, კურთხევა აიღო მისგან და უთხრა, - წმინდაო მეუფეო, კურთხეულ არს ღმერთი, რომელმან ღირსმყო შენს თაყვანისცემადო. მოხდა სასწაული: ეს სიტყვები წმინდა იოანემ ქართულად წარმოთქვა. შეიწყალა ღმერთმა ქართველნი და მათი სულიერი განათლებისთვის მისცა ღირს მამას "ენა ქართულად მეტყველი, ყოვლად დაუბრკოლებელი".
* წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე "წმინდა იყავნ სახელი შენის" განმარტებისას ამბობდა: "ადამიანს მოაქვს ამ სოფლად თან სხვა საუნჯენიც, სხვა სიმდიდრენიც და ერთი სიმდიდრე ამ სიმდიდრეთა შორის არის მისი ენა. ქართული ენა - დედაენა! რამდენი დაწერილა ამ თემაზედ და ყველა ამ ნაწერებს, ცოტაოდენი გამონაკლისით, თავი რომ მოვუყაროთ და ამ სასწორზედ დავდვათ და მეორე მხარეზედ - მხოლოდ ერთი სიტყვა ამ ენის - ეს ერთი სიტყვა, თვის სიმძიმით და შინაარსით ბუმბულივით აისვრიდა ცაში ყველა ამ ნაწერებს. ტკბილი, მშვენიერი, საამური, ლამაზი, ფაქიზი, სადა, მარტივი, მდიდარი, მოხდენილი და ღმერთმა იცის, კიდევ სხვა რა სახელწოდებით იხსენიებენ ამ ჩვენს ქართულ ენას. ჩვენი ეკლესია და ჩვენი ერი კი ამ ენას უფრო მაღალი სახელწოდებით იხსენებს. ეკლესიისთვის ეს ენა, ეს სიტყვა არის ღვთიური დასაწყისის: "პირველიდგან იყო სიტყვა და სიტყვა იგი ხორციელ იქმნა". ჩვენი ერისთვის სიტყვა ნიშნავს იმავე დროს აზროვნებას, რომელიც მას განარჩევს პირუტყვისაგან... ჩვენ გვაქვს სიტყვა განცდილი, გამომუშავებული, ჩვენი წინაპრის მიერ ნაფიქრი და ნააზრევი, ერის მიერ შექმნილი და ამიტომაც არის, რომ ქართული სიტყვა, 2000 წლის, დღეს ჩვენთვის ესევე გასაგებია, როგორც იყო გასაგები ამ ორი ათასი წლის წინათ".
* დაბოლოს, დავამთავრებთ გრიგოლ რობაქიძის სიტყვებით: "წვდით ცოცხალ ფესვებს საქართველოისა: მის გენიალურ ენას, მის უნივესალურ მითოსს, მის ჰეროულ თავგადასავალს, მის ხალას სტილს სიცოცხლისა; წვდით ამ ფესვებს და ფესვები არწივის ფრთებად აგესხმით, და ამ გზით მოიპოვებთ თავისუფლებას. თავის-უფალი - გესმით, რა გულისხმიერი სიტყვაა! მარჯი საქართველოს, თავისი თავის უფალს!"