02.08.2012
1945 წლის 11 აპრილია. პარიზიდან თბილისისკენ მოფრინავს თვითმფრინავი, რომელსაც საქართველოში სამშობლოს მონატრებული 82 წლის მოხუცი მოჰყავს.
როგორ გრძნობთ თავს, ბატონო ექვთიმეო, - შიგადაშიგ ჩაჰკითხავენ თანამგზავრნი; ეშინიათ - მან ხომ წამოსვლის წინ ფილტვების ანთება გადაიტანა. ექვთიმეს გული სიხარულით და მოლოდინით აქვს სავსე, მაგრამ დროდადრო ორლესული მახვილივით გაჰკრავს ნინოს გახსენება. "ძალზე გულს მიკლავს ის გარემოება, რომ ჩემი საცოდავი მეუღლე, ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული", - დაიჩივლებს.
საოცარი ქალი იყო ნინო პოლტორაცკაია - "ქმრის ერთგული მეგობარი, თანაშემწე მუშაობაში და ტვირთის შემმსუბუქებელი". თუმცა შვილი არ შესძენიათ, მაგრამ მათი სიყვარული ამით არ დაკნინებულა. ერთად ეწეოდნენ უცხოობაში ცხოვრების ჭაპანს. ნინო რომ გარდაიცვალა, ექვთიმე თითქოს მეორედ დაობლდა. მერე... შიმშილი, წყურვილი, სიცივე გახდნენ მისი ცხოვრების თანამგზავრნი. მაინც არ გატეხილა, მაინც არ გაუცია განძი, სამშობლომ რომ ჩააბარა. არათუ უცხოეთის მუზეუმების წარმომადგენლებს, საკუთარ თავსაც არ აძლევდა ნებას, საგანძურიდან ერთი ნივთი მაინც წაეღო გამოსაკვლევად - არ დაიკარგოსო, ეშინოდა. ერთი მონეტა რა არის, იმასაც კი არ შელევია. მეზობლები რომ აჭმევდნენ ხოლმე სამადლოდ, სწორედ იმ პერიოდში გამოუგზავნა თბილისის უნივერსიტეტს უნიკალური ბიბლიოთეკა, და როცა დადგა დრო მისი სამშობლოში დაბრუნებისა, რიგიანი ტანისამოსიც არ აღმოაჩნდა, მგზავრობისას რომ ჩაეცვა...
თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა, ტრაპიდან ჩამოსულმა მაღლა აიხედა, მადლობა შესწირა უფალს, მერე დაიხარა, მიწა აიღო და ეამბორა. "სნეული დავბრუნებულვარ, მკურნალად შემეყარეო", - მოსდგომია ენაზე... ხმამაღლა კი იტყვის: "ახლა შემიძლიან ვთქვა, რომ შევასრულე ჩემი ვალი სამშობლოსა და ხალხის წინაშე და უფლება არ მაქვს, ბედს დავემდუროო".
თავის და ნინოს შვილობილთან, ლიდიასთან დასახლებულა.
დიდი პატივით მიიღო საზოგადოებამ ექვთიმე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღადგინეს პროფესორად, აირჩიეს აკადემიის წევრად. ასაკის გამო ლექციების წაკითხვა აღარ შეეძლო. "იმდენი დამსახურება გაქვთ, ეს საჭირო აღარ არისო", - უნუგეშებიათ. საქმეს მარტო ვეღარ აუდიოდა და დამხმარეც გამოუყვეს. მშობელ მიწაზე დგომამ ენერგია შემატა, თითქოს გაახალგაზრდავდაო. ზედიზედ რამდენიმე ნაშრომი გამოსცა. ომი ახალი დამთავრებული იყო და იმედი გაჩნდა თურქეთის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებისა. ექვთიმემ ამ საკითხს წერილი მიუძღვნა, ლექციებსაც კითხულობდა ამ თემაზე და სამშობლოს სიყვარულს უღრმავებდა ქართველებს. ცდილობდა, დრო არ დაეკარგა; თავდაუზოგავად მუშაობდა, ასწორებდა, გამოსაცემად ამზადებდა ნაშრომებს, მოგონებებს წერდა. ექიმები ურჩევდნენ, ნაკლები ემუშავა და მეტი დაესვენა, ის კი პირიქით იქცეოდა. ხშირად ავადმყოფობდა - ორგანიზმი ვეღარ უძლებდა ასეთ დატვირთვას.
პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს ძალზე ჰყვარებია ექვთიმე. დიდად აფასებდა მის ღვაწლს. იოსებ მეგრელიძისთვის უთქვამს კიდეც: "ექვთიმე წმინდანებში ჩასარიცხი კაციაო". ერთხელ დაბადების დღეს სწვევია. "რამდენი წლის შესრულდიო", - უკითხავს. "ოთხმოცდარვისო", - მიუგია ექვთიმეს. "არაო, - შეჰღიმა თურმე პატრიარქმა, - შენ რვა წლისა ხარ, მე კიდევ ხუთის, მეექვსეში გადავდგი ფეხიო". წიგნიც უჩუქებია "8 წლის" მოხუცისთვის წარწერით: "შემორჩენილ უძველეს მეგობარს ექვთიმეს. კალისტრატე. 1.2.1951წ". რამდენჯერმე ერთად მოილოცეს ტაძრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
სიმშვიდე დიდხანს არ გაგრძელებულა... ექვთიმეს დევნა დაუწყეს. დააპატიმრეს მისი შვილობილი ლიდია, დააშინეს მომვლელი ქალი და მანაც შეწყვიტა მოხუცთან სიარული. ახალი კი ვერა და ვერ იშოვეს - ტერორის შიშით არავინ ეკარებოდა ახლოს. "პედაგოგიური დატვირთვის უქონლობის გამო" უნივერსიტეტიდანაც გაათავისუფლეს, მერე ხმა დაუყარეს, შინაპატიმრობაშიაო და მასთან მისვლა ყველას აუკრძალეს. თანაშემწემაც მიატოვა. პენსიის მიცემაც გაუჭიანურეს - იმიზეზებდნენ, თბილისის უნივერსიტეტში მუშაობის სტაჟი არ ჰყოფნისო. შევიწროებულმა საქართველოს იმდროინდელ ცეკას მდივანს მგელაძეს მისწერა, თავისი უნუგეშო მდგომარეობა აღუწერა და დახმარება სთხოვა. "აღარც წერა შემიძლია, აღარც კითხვა, მაგრამ გონება არ დამკარგვია და შემიძლიან, ვუკარნახო სამუშაოს შინაარსიო", - სწერდა. პასუხი, რა თქმა უნდა, არ მიუღია.
მაინც რას ერჩოდნენ 90 წლის მოხუცს, რომელი პოლიტიკური მოწინააღმდეგე ის იყო, რით გახლდათ საშიში "ძლევამოსილი" საბჭოეთისთვის?!
რით და - მოუდრეკლობით, შემართებით, სამშობლოს სიყვარულით.
1952 წლის 3 თებერვალს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე გარდაიცვალა. ექვთიმემ ძალზე განიცადა უწმიდესის სიკვდილი. ამ ამბავმა საბოლოოდ შეურყია ჯანმრთელობა, ხელის აწევაც კი უჭირდა თურმე, მაგრამ გონება ბოლომდე ნათელი დარჩა. "ჩემი საწყალი მეუღლე მესიზმრება, მისი ხმა მესმისო", - ეჩურჩულებოდა იოსებ მეგრელიძეს...
1953 წლის 21 თებერვალს, 6 საათზე, მისი ამქვეყნიდან გასვლის ჟამიც დადგა. იქ, ზეციურ საქართველოში, განუსვენა უფალმა მის დაღლილ-დაქანცულ, განაწამებ სულს. ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს მალულად. გაზეთებში ნეკროლოგი მხოლოდ დაკრძალვის დღეს დაბეჭდეს. ვინც ექვთიმეს გარდაცვალების ამბავი შეიტყო და პანაშვიდზე მივიდა, დაკრძალვაზე მოსვლით ნუღარ შეწუხდებითო, "თავაზიანად" სთხოვდნენ.
ცრიატი, ცივი დღე იდგა. ორმოცდაათიოდე კაციღა აცილებდა უკანასკნელ გზაზე საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესს. ნაბრძანები იყო, პროცესია უნივერსიტეტთან არ შეეჩერებინათ, მაგრამ კატაფალკის მძღოლს, რომლისთვისაც იოსებ მეგრელიძეს ფული მიეცა, მანქანა სწორედ უნივერსიტეტთან "გაუფუჭდა" ხუთიოდე წუთით...
დაკრძალვიდან ათი წლის შემდეგ გადაწყდა, ექვთიმე თაყაიშვილის ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადაესვენებინათ. გათხარეს სამარე. კუბო კარგად იყო შენახული, ამიტომ აღარ შეუცვლიათ. აკაკი შანიძემ მისი გახსნა მოინდომა - ერის წინაშე პასუხს ვაგებთ, რაიმე გაუგებრობა რომ არ მოხდეს, დანამდვილებით ხომ უნდა ვიცოდეთ, ვისი ნეშტი გადაგვაქვსო. "კუბოს მოწიწებით ავხადეთ თავი, - იხსენებს სერგი დურმიშიძე, - გულის ბაგაბუგი და საფეთქლებში უროს ცემა ერთდროულად ვიგრძენი. ვეღარაფერს ვამჩნევდი... ზოგი რამ ცხადად და გარკვევით დავინახე. პიჯაკის ყველა ღილი შეკრული იყო... ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კარგად შენახულიყო... დიდუბეში ბატონმა აკაკიმ კიდევ ერთხელ ისურვა ნეშტის ხილვა. ისე დაიხარა, თითქოს საიდუმლოდ ებაასებოდა. მომეჩვენა, რომ ექვთიმეს ხორცი შესხმოდა და მადლიერი თვალებით შესცქეროდა აკაკის..."
გამოხდა ხანი, მადლიერმა ერმა ექვთიმეს მთაწმინდაზე, დიდი ილიას გვერდით მიუჩინა ძვალთშესალაგი. მის გვერდით დაკრძალეს პარიზიდან ჩამოსვენებული მისი მეუღლის ნეშტი, ხოლო დედაეკლესიამ აღასრულა ღვთის ნება და 2002 წლის 17 ოქტომბერს, წმინდა ევდემოზ კათოლიკოსის ხსენების დღეს, ქვეყნისთვის მაშვრალი მამულიშვილი წმინდანად შერაცხა. ამიერითგან იგი წმინდა ექვთიმე ღვთისკაცად იხსენიება.
უფლის მეორედ მოსვლისას სოფელს ღვთის კაცნი განიკითხავენ. ნეტავ როგორ წარვდგებით მაშინ დიდი ექვთიმეს წინაშე, საით განგვიჩენს მუდმივ სამყოფელს? როცა მოგვმკიან და ღვთის საცერში განვიცრებით, ვინ ვიქნებით ნეტავ - წმინდა ხორბალი თუ ნამჯა, ცეცხლში დასაწვავი? მანამდე კი თესვის ჟამია... ვთესოთ კეთილი საქმეები - ეგებ ჩვენც გავხდეთ ღირსნი ღვთის კაცად წოდებისა, ეგებ შეგვეწიოს წმინდა ექვთიმე და თავის წიაღში განგვისვენოს. იყავნ, იყავნ!..
დასასრულს გავიხსენოთ წმინდა ექვთიმეს ფრიად საგულისხმო წერილი-მიმართვა ქართული ემიგრაციისადმი: "იყო დრო და ეს არც ისე დიდი ხანია, რაც ჩვენი ინტელიგენცია ერთობ გულგრილად უცქეროდა ქართულ საკულტურო ნაშთებს და თავს არ იწუხებდა მათი შეგროვებისა და გამოცემისათვის. ამ გულგრილობამ დიდძალი პირველხარისხოვანი ძეგლები დაგვიკარგა. რაც მამებს თავიანთ ძველ ოჯახებში დაგროვილი ჰქონდათ, შვილებმა დაკარგეს. ქართული სულიერი, გონებრივი და მატერიალური კულტურა რთულია, მრავალმხრივია და ბევრ რამეში მეტად თავისებურია. იშვიათია პატარა ერი, რომელსაც ასეთი მდიდარი ძველი კულტურა ჰქონდეს. ამ კულტურამ გადაარჩინა ქართველი ერი მოსპობას ჟამთა ვითარების აბობოქრებული ქარტეხილისაგან, მისცა უნარი სიმტკიცისა, გამძლეობისა და ყოველი ჭირის გადატანისა. ვინც ამ კულტურას, ასე თუ ისე, არ იცნობს, ის არასოდეს არ იქნება ნამდვილი ქართველი, ჭეშმარიტად ქართული სულის მატარებელი, მას გადაგვარება მოელის, თუ უკვე გადაგვარებული არ არის.
ამიტომ მოვალე ვართ, ხელი შევუწყოთ ჩვენი კულტურის საფუძვლიანად შესწავლას, რაც უნდა გამოიხატოს საკულტურო მასალების შეკრებაში და უკვე შეკრებილის გამოქვეყნებაში. უამისოდ ჩვენ ვერ აღვადგენთ ჩვენი კულტურის ნამდვილ სახეს და ვერ შევიგნებთ მის ცხოველმყოფელ ძალას, რომელიც იხატებოდა, პირველ ყოვლისა, მდიდარი ქართული ენის განვითარებაში. ქართველთა მიერ ქართული ძეგლების შეკრება იწყება მხოლოდ წერა-კითხვის საზოგადოების დაარსებიდან, ამას ხელი შეუწყო კიდევ საეკლესიო მუზეუმისა და განსაკუთრებით განაცხოველა საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებამ. ეხლა მას აგვირგვინებს ჩვენს დროს დაარსებული ქართული უნივერსიტეტი და ხელს უწყობენ ჩვენი მუზეუმები.
კვეხნაში ნურვინ ჩამომართმევს, თუ ვიტყვით, რომ წილად მხვდა, სხვებთან ერთად, ჩემი სუსტი ღონე და მცირე თავისუფალი დრო, სპეციალური საპედაგოგო მოღვაწეობიდან გადარჩენილი, მთლად შემეწირა ქართული საისტორიო და საკულტურო საგნების და მასალების შეგროვებისათვის, ცნობაში მოყვანისათვის, აღწერისა და გამოცემისათვის. ამ მიზნით ხშირად მიხდებოდა მოგზაურობა და ექსპედიციების მოწყობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. შეგროვილი დიდძალი მასალა დაცულია ჩვენს მუზეუმებში. მცირე ნაწილი გამოცემულია და ვინც ჩვენს ლიტერატურას თვალს ადევნებდა, დაინახავდა, თუ როგორ შეუწყვეს ხელი ამ გამოცემებმა ჩვენი ისტორიის, ლიტერატურის და ხელოვნების შესწავლას. ხოლო ერთი ნაწილი მასალებისა თან მაქვს და გამოუცემელი რჩება, საქმე კი საშურია: დრო მიდის, მე მივიწურე აღსასრულისაკენ "ადამის ტომთა წესითა" და ჩემს შემდეგ ამ მასალას თავს ვერავინ გაართმევს.
თანა მაქვს, სხვათა შორის, შესანიშნავი სახუროთმოძღვრო ძეგლების გეგმები სამუსულმანო საქართველოსი და მრავალი ფოტოგრაფიული სურათი. მათ შორის ისეთი პირველხარისხოვანი ძეგლების სურათებიც, რომელნიც დღეს სამუდამოდ მოსპობილია და მხოლოდ ჩემი აღწერილობა და გადმოღებული სურათებია დარჩენილი. ამათ გამოცემას მპირდებოდნენ ექვს დიდ ალბომად, მაგრამ ეს იმედი ეხლა გაქრა, ვინაიდან ამას, სულ ცოტა, დასჭირდება ნახევარ მილიონ ფრანკზე მეტი. ისიც დიდი საქმე იქნება, თუ აღწერილობათა ტექსტები გამოვეცით. ეს შეადგენს დაახლოებით 2000 გვერდს შუა ფორმატის წიგნისას, რასაკვირველია, ეს რამდენიმე წიგნად უნდა გამოვიდეს. ამიტომ გავკადნიერდები, ვინაიდან ეს საზოგადო ქართული საკულტურო საქმეა და მივმართავ ყველა საზღვარს გარეთ მყოფ ქართველ ორგანიზაციებს და თვითეულ საზღვარს გარეთ მყოფ ქართველს განურჩევლად პარტიისა.
კეთილი ინებონ და ვისაც რა შეუძლია, რამდენიც შეუძლია, დაგვეხმარონ ამ საქმეში. ვისაც ეხერხება, ერთდროული თანხა მოგვაწოდოს; ვისაც ეს არ ეხერხება, თვიურად ერთი წლის განმავლობაში ათ-ათი ფრანკი შემოიტანოს. უფრო ხელმოკლედ შეუძლიათ თვიურად ხუთ-ხუთი ფრანკი გადადვან. ვინც უმუშევარია, მათ ეს მიმართვა არ ეხება. კერძოდ იმ ორგანიზაციებისათვის, რომელნიც გაზეთებს სცემენ, ჩემი წინადადებაა, ერთი-ორი ნომერის გამოცემა შეაჩერონ და მათი ფასი ამ საქმისათვის გადადვან, ამით მგონია, არაფერი დაშავდება.
მე მოწმე ვარ იმ საოცარი ევოლუციისა, რომელიც ჩვენში მოხდა ამ საკითხში. თუ პირველ ხანებში ამ დარგში მუშაობის დროს მე სასაცილოდ მიგდებდნენ, თავს მესხმოდენ, განსაქიქებელ წერილებს მიძღვნიდნენ, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსების შემდეგ მტრული განწყობილება სიმპატიად შეიცვალა. ყველამ დიდი პატივი დამდვა, ძვირად თუ ვისმეს გაუწბილებივარ საყურადღებო ხელნაწერების და ნივთების შემოწირვაში. რაშიაც ფულს ვაძლევდით, იმასაც სულ იაფად დაგვითმობდნენ. ათი წლის განმავლობაში დიდი მუზეუმი შევქმენით და მილიონი მანეთის უძრავი მამულები შევიძინეთ.
ის ანდერძები, რომელნიც დაგვიტოვეს აკაკი წერეთელმა, დავით სარაჯიშვილმა, ნესტორ პეტრიაშვილმა, ღუდუშაურებმა და ბევრმა სხვებმა (ხოლო ჩვენ რევოლუციის და ფულის დაცემის გამო ნაკლებად ვისარგებლეთ), მოწმობენ ძირითად გარდატეხას და მტკიცე შეგნებას ჩვენი ძველი კულტურის შესწავლის აუცილებელ საჭიროებისა - მთელმა საქართველომ პატივი დაგვდვა და ხელი შეგვიწყო. თუ ასეთი სიმპატია გამოყვა ემიგრაციასაც, მაშინ ჩემი წინადადება პატივით იქნება მიღებული. სამწუხაროდ, ჩვენი ემიგრაცია დაქსაქსულია პოლიტიკური მიმართულების თვალსაზრისით. ამ საქმეში მაინც შევერთდეთ. იქნება ამ შეერთებამ სხვა დიდ საქმეშიც შეერთება გამოიწვიოსო. ღმერთმა ქნას!
ახლო ხანში 50 წელი შესრულდება, რაც მე საპედაგოგო დარგში დავიწყე მუშაობა. ჩემმა ყოფილმა შეგირდებმა მომმართეს წინადადებით იუბილეს მოწყობისა. რაზედაც უარი განვაცხადე, პირველად მიტომ, რომ საიუბილეო არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემ ქართულ მოვალეობას ვასრულებდი. მეორედ მიტომ, რომ კიდევაც ღირსი ვიყო იუბილესა, ჩვენს პირობებში, ემიგრაციაში, იუბილე ვის გაუგონია! არ ეგების! იუბილეზედ მეტად ჩავთვლი და უფრო სასარგებლოც იქნება, თუ ამ გამოცემათა საშუალებას მომიხერხებენ.
ნურვინ დამწამებს, თითქო მე ჩვენი ემიგრაციის სიღარიბე არ ვიცოდე. მაგრამ ისიც კარგად ვიცი, ჩვენში საზოგადო საქმე, თუ რამე გაკეთებულია, ისევ ღარიბი ქართველის ჯიბით და მისი ინტელიგენციის წყალობით, მდიდრები ცოტა გვყვანდენ და ვინც გვყავდა, ბევრი საიმისო არაფერი გაუკეთებიათ. თუ გული გულობს და ყველანი შევერთდებით, საერთო წვლილითაც ამ საქმეს ეშველება. ეს არის პირველი და უკანასკნელი ჩემი თხოვნა ქართველი ემიგრაციისადმი. ვინც პატივს დაგვდებს და დაგვეხმარება ამ საქმეში, მათ ვთხოვ წინდაწინვე მიიღონ ჩემი უღრმესი მადლობა. 25 ნოემბერი, 1936, პარიზი".