შორეულ ფერეიდანში.
27.05.2020
შაჰ-აბასის მიერ სპარსეთში გადასახლებული ქართველები ასუპასში უნახავს 1627 წელს უცხოელ მოგზაურს, თომას ჰერბერტს. მარტო ასუპასში 40 ათასი კაცი ყოფილა. ამ ხალხს მფარველად ჰყავს წმინდა გიორგი, რომელსაც მოწიწებით თაყვანს სცემენო,
- ამბობს ჰერბერტი. წმინდა მთავარმოწამეც მრავალგზის შეეწეოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველებს.
ერთხელ ირანს ავღანელები შემოესივნენ და ფერეიდნის დაპყრობის სურვილიც გაუჩნდათ. იქაური ქართველები (მათ სათავეში იოსებ გუგუნაშვილი ედგათ) საბრძოლველად მოემზადნენ. ბრძოლა სამ დღეს გაგრძელდა. თუმცა ბევრი კი ჟლიტეს მტერი, მაგრამ ავღანელებს მაშველი ჯარები ემატებოდნენ. ქართველებმა უკან დაიხიეს და სოფლის დასაწყისს მიადგნენ. საგონებელში ჩაცვივდნენ, რადგან რამდენ ავღანელსაც მოკლავდნენ, ორი იმდენი ემატებოდათ. ბოლოს, დაღლილ-დაქანცულნი, ჩამოსხდნენ და ფიქრს მიეცნენ. გაახსენდათ თავიანთი სამშობლო, გადასახლების სისხლიანი წლები, ცოლ-შვილი, დედ-მამა, ახლობლები, მიხვდნენ, რომ მეტი ძალა აღარ შესწევდათ, ტყვია-წამალიც გამოლეოდათ და უნდა დანებებულიყვნენ. ამ დროს ფერეიდნის ჩრდილოეთით, ამაღლების მთებთან, "თამზიანის გორაზე", ქართველებს გამოეცხადათ თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შეუძახა მეომრებს და სულიერად განამტკიცა. მათაც ერთი თავზე ხელაღებული შეტევით მთლიანად განდევნეს ავღანელები. მტერი გაიქცა და აღარ დაბრუნებულა. იმ ადგილს ქართველები "ამაღლების მთას" ეძახიან. გადმოცემით, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ნათლით იყო მოსილი. სინათლე იმდენად ძლიერი იყო, რომ ქვა, სადაც წმინდანი იდგა, მისმა ძალამ გახეთქა. ეს ქვა ახლაც იქვეა, თითქოს მაკრატლითაა გაჭრილი, კუთხეები კი სამკუთხედად აქვს ჩამოპობილი. ხელი რომ დაადო, ცხელია. ამ ადგილს სპარსელებიც გაურბიან. 50 მეტრის რადიუსზე ვერავინ ეკარება, რადგან ყველას წმინდა ალაგად მიაჩნია, - ბრძანებს ფერეიდნელი ქართველი ბატონი ვახტანგ ონიკაშვილი.