"რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდაც გულს ლახვარი მკრან,
ვთხოვდე, შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან"...
"წიწამურში რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დამთავრდა დიდი", - იტყვის მოგვიანებით გალაკტიონი.
რომელი ეპოქა დამთავრდა და რომელი დაიწყო საქართველოსთვის ამ მართლაც საბედისწერო მკვლელობის შემდეგ და რა გამოძახილი მოჰყვა ამ მოვლენას ქართულ პოლიტიკაში? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ვთხოვეთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრულ პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, მწერალ რამაზ შენგელიას.
ილია ჭავჭავაძის მკვლელობა თანამედროვეთა მიერ არაერთგვაროვნად იქნა აღქმული. მცირე, მაგრამ საუკეთესო ნაწილმა ის ეროვნულ ტრაგედიად, დიდი და სანუკვარი მიზნების საკუთარი ხელით დასამარებად მიიჩნია და არცთუ უსაფუძვლოდ. დანარჩენი ნაწილი ჭრელი იყო: დაწყებული 70 წლის მოხუცის ფიზიკური ანგარიშსწორებით აღშფოთებული ადამიანებით, შედარებით გულგრილი და იქედნურად ჩამღიმილებელი ("ეგეც კარგი ვინმე იყო") ხალხით და მოზეიმე, ვითომდა ძალიან შორს გამხედვარე სოციალისტებით ("ტყე იკაფება - ნაფოტები ცვივა") დამთავრებული. მკვლელობა დიდხანს მზადდებოდა - მორალურად, იდეოლოგიურად, პოლიტიკურად და ეს ყველამ იცოდა. მათ შორის ილიამაც. სამწუხაროდ, არავის უცდია ამის შეჩერება. ილია იმდროინდელი ქართული საზოგადოების მიერ გაიწირა და ეს რამდენიმე ავაზაკს დაბრალდა, რომელთაც ათეული წლების განმავლობაში ისტერიულად ეძებდნენ, რათა მთელ ქართულ საზოგადოებას ერთიანად აეცილებინა პასუხისმგებლობა და სხვისთვის გადაელოცა. მიაღწიეს კიდეც. ამოისუნთქეს.
სინამდვილეში ეს ჩვენი საზოგადოების კიდევ ერთი უმძიმესი მორალურ-ეთიკური კატასტროფა იყო. ჭეშმარიტი პატრიოტების უდიდესი ნაწილი 1921-24 და მომდევნო წლებში სათითაოდ და ჯგუფ-ჯგუფად, მიზანმიმართულად განადგურდა. 37-ში კი უმცირესობაში დარჩენილებს მოუღეს ბოლო და მერკანტილური, ხანდახან პოლიტიკური ამბიციების მქონეთ ერთმანეთის გაჟლეტის უფლება მისცეს. მათ ეს დიდი წარმატებით გამოიყენეს.
ეროვნული სულის აღზევება 50-იან წლებში იწყება. გამოჩნდნენ "ხულიგნები", "ხორცმეტები", "სულით ავადმყოფები" (ბოლშევიკურ-ჩეკისტური ტერმინოლოგიაა), რომელთაც ყველაფერს თავ-თავისი სახელი დაარქვეს. ილიას ფენომენსაც ახალი ფერები შეემატა. კომუნისტებს, ცალმხრივი, სწორხაზოვანი გაგებით და მათეული უგემოვნო პანეგერიკით, ილიას სახელი საშიშ, ხალხისგან მოძულებულ თუ არა, გულსგარეთ დატოვებულ ზონაში შეჰყავდათ. ილიას ლენინის ბედი ელოდა. ეროვნულმა მოძრაობამ ილიას სწორედ ის შეფასება მისცა და ის სიღრმეები დაანახა ქართველებს, რომელსაც კომუნისტური ფერუმარილით ასე გულმოდგინედ ფერავდნენ წარმატებული ინტელიგენტები.
80-იანი წლების ბოლოს და 90-იანის დასაწყისში მოხდა საოცარი რამ: ერთბაშად იფეთქა ქართულმა სულმა და სასწაული ჰქნა - შერყეული (და არა დაქცეული) რუსულ-ბოლშევიკური იმპერიიდან გამოსხლტა. თავიდან ეს იმდენად ნაღდი და უეჭველი იყო, რომ იმპერიის ყველაზე გაქნილი ადეპტებიც დაიბნენ და მდინარებას მიჰყვნენ. საქართველოში სრული ბედნიერება და ურთიერთსიყვარული სუფევდა... რამდენიმე თვეს. მერე ქართველები გონს მოეგნენ და ქვეყანა ახალ გოლგოთას შეუდგა. ზოგი დაკარგულ პრივილეგიას და ფულის წყაროს მისტიროდა, ზოგი დაუმსახურებელ დიდებას, ზოგსაც თბილ ტალახში წოლის სიამოვნების დაკარგვა არ სურდა. მიჩვეული იყო, უბრალოდ.
მთავარი მაინც ის იყო, რომ იმპერია სულაც არ აპირებდა რაღაცის, თუნდაც უმცირესის დათმობას და რევანშს ამზადებდა. დასაყრდენი ქვეყანაში მრავლად ჰყავდა: აგენტურიდან დაწყებული და "შეწუხებულებით" დამთავრებული. მათთვის "ეროვნული თამაშობები" მორჩა და ახლა "ბაღანას შია" იყო მთვარი და გადამწყვეტი. ის, რაც საქართველოში 1991-92 წლების მიჯნაზე მოხდა, ვერანაირად ვერ შეფასდება "სამოქალაქო ომად". ის ჩვეულებრივი რუსული აგრესია იყო რუსი ჯარისკაცებით და რუსული ტანკებით განხორციელებული. ქართველები ამ საცოდაობაში მონაწილეობდნენ და ისევ შესაშური ენთუზიაზმითაც. მათი ძირითადი ნაწილი "კაიფში" იყო პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. დიდმა და პატარამ, თანამდებობის პირებმაც კი, მაშინ გაუსინჯეს გემო ამ ეშმაკის საცდურს. თბილისში ისევ უცხო ძალა შემოდიოდა, წინ ისევ ქართველი კომისარი მოდიოდა, უკვე სხვა გვარით და არც ყაბარდოულ ულაყზე იჯდა, არამედ ყაბარდოელის ნაჩუქარ ტანკზე შემოსკუპებულიყო, გვერდით ისევ სიკვდილი მოჰყვებოდა, არა ჯაგლაგზე ამხედრებული და ცელით ხელში, არამედ იმავე ტანკში გვერდით ეჯდა "კომისარს" და "გაშეტკაზე" ეჭირა ხელი, საბრძოლო მანქანის ვიწრო სარკმლიდან ვიწრო მონღოლოიდური თვალებით გასცქეროდა თბილისის მოწყენილ და დაცარიელებულ ქუჩებს და ამ ვერაგი ქართველების სისხლი სწყუროდა.
"დუმდა სიონი და დუმდა ხალხი..."
უფრო მეტიც, თბილისელები ღვინოს და გოჭებს უზიდავდნენ "ქვეყნის გამათავისუფლებლებს" და თვითონაც ერთი დღე არ ჩაუგდიათ უქეიფებლად. სხვა რას სჩადიოდა, არ ენაღვლებოდათ. თუ დრო დადგებოდა და ვინმე პასუხს მოჰკითხავდა, "მე ვინ რას მეკითხებოდაო" - თავს გაიმართლებდა. თუ არადა, ძლიერის სამსახური არ დაეკარგებოდა. დღეს ეს ხალხი ისევ გაფაციცებული უგდებს ყურს ქვეყნის მაჯისცემას, რომ არაფერი გამოეპაროს: გამარჯვებულს მოეფეროს, შებორძიკებულს წიხლი მიაყოლოს, ოღონდ მნიშვნელობა არა აქვს, იმსახურებს რომელიმე მათგანი ამას თუ არა. მათ ეს თვისება სისხლში აქვთ გამჯდარი და მას სხვანაირად "თვითგადარჩენის ინსტინქტი" ჰქვია. ვითომ ამ ინსტინქტმა მოგვიყვანა აქამდე? შესაძლოა, და ძალიან ცუდიცაა, ამავე დროს.
მოკლედ, ჩვენმა თავის გადარჩენაში და სათავისოდ გამობრძმედილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ჩაიდინა დანაშაული და ახლა ორივე მხარეს გაიშვირა თითი: ორივე მხარე მტყუანიაო. ერთის ასეც და ისეც, და მეორისაცო. უზნეობის კიდევ ერთი შედევრი დაიბადა. აპოთეოზი ამისა ზვიად გამსახურდიას სამეგრელოს ტყეში ნადირივით მოკვლა შეიქნა, რომლის გამოძიება დღეს არავის აძლევს ხელს, იმიტომ, რომ ამას შლეიფივით მოჰყვება ბევრი საქმის ამოწევა და მართალ-მტყუანი მართლა რომ გაირკვეს, სად მიდიხარ მერე? ჯობია ასე გაურკვევლად იყოს ყველაფერი. დამნაშვეებს - პირში აღვირი, ხალხს - სიმართლის თქმის იმედი, ჟურნალისტებს - საკვები განვადებით... ყველა ბედნიერია.
საქართველოში არ არის გამოძიებული და არაა ობიექტურად შეფასებული ბოლო ორასი წლის განმავლობაში მომხდარი არც ერთი მოვლენა და დანაშაული (უფრო შორს შეგნებულად არ მივდივარ). ეს არის:
* საქართველოს რუსეთთან "შეერთების" საკითხი;
* საქართველოს მოსახლეობის აჯანყებები დამპყრობლის წინააღმდეგ (კახეთის, მთიულეთის აჯანყებები, იმერეთის "საეკლესიო ბუნტი", სამეგრელოში უტუ მიქავას მოძრაობა, გურიის ამბოხი, ფირალთა მოძრაობა და მრავალი სხვა);
* XIX საუკუნის ქართული მოსახლეობის მიზანმიმართული დემოგრაფიული გენოციდი;
* ილიას მკვლელობა;
* საქართველოს გასაბჭოება: ქართველთა ფიზიკური გენოციდის პირველი ტალღა (შდრ. ჩვენ ვაღიარეთ ჩერქეზთა გენოციდი - ძალიან კარგია. ვინ აღიარებს ჩვენსას? ეგებ, თვითონვე გვეფიქრა...);
* 20-30-იანი წლები, ქართველთა სულიერი და ფიზიკური გენოციდის მეორე ტალღა;
* ქართველი კომუნისტების (სტალინი, ბერია და სხვანი) საქმიანობა;
* II მსოფლიო ომი, ქართველთა ფიზიკური გენოციდის მესამე ტალღა;
* ომის შემდგომი პერიოდის სსრკ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ;
* 1991-92 წლების მოვლენები. საქართველოს განმეორებითი ოკუპაცია: რუსეთის მთავრობისა და საქართველოს მოქალაქეების დანაშაულის შეფასება;
* მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის და ზვიად გამსახურდიას მკვლელობები;
* 90-იანი წლების საქართველოში მომხდარი დანაშაულობების (მკვლელობები, ხელოვნურად გამოწვეული საკვების დეფიციტი, ენერგეტიკული საბოტაჟი/აგრესია და სხვა) გამოძიება.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო: თუ ზემოხსენებულ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, საქართველოს მომავალი არ აქვს. მხოლოდ დიაგნოსტირებული ავადმყოფობა იკურნება. საქართველომ ეს გზა უნდა გაიაროს...