მე დღესაც გიღიმი, შვილო...
მე დღესაც გიღიმი, შვილო...
ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლამ უამრავი ადამიანი შეიწირა... დრო ყველაფრის მკურნალიაო... არა. უბრალოდ, ყოველდღიური ცხოვრება თავისი საზრუნავით, საქმით, ფიქრით, პრობლემებით ჩვენგან დამოუკიდებლად მეხსიერების რომელიღაც მყუდრო კუნჭულში სამუდამოდ მიუჩენს ადგილს განცდილ კოშმარს. მშობელი დედისთვის კი არც დროა მკურნალი და მეხსიერებაც მთლიანად შვილზე მოგონებებით არის სავსე, - ასე დაიწყო საუბარი ქალბატონმა ნელი ბეგიაშვილმა, - 2008 წლის აგვისტოში ჩემი შვილი, IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის ექიმი, ზურაბ ბეგიაშვილი ცხინვალში დაიღუპა. ამ ომში დაიღუპნენ სხვა ექიმებიც. ზოგი დაიჭრა, ზოგი დაინვალიდდა, ზოგს განაკაწრიც არა აქვს, მაგრამ სული აქვს დაჭრილი ნანახით და განცდილით.

გვჯეროდეს, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დაღუპული ბიჭები დღეს ერთად არიან. "დაღუპულთა სულები ჩვენ ზეციდან დაგვცქერიან, მათ წინაშე მოვიხადოთ ვალი". ჩვენი ვალია, მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და არ დავავიწყოთ ქვეყანას ჩვენი შვილები, ჩვენი ღიმილის ბიჭები: ვწეროთ წიგნები, ვხატოთ ტილოები, შევქმნათ ფილმები, მათ სახელზე ავაგოთ ეკლესიები, მემორიალური ძეგლები.

მშობელი დედის ნაფიქრალი
მშობლები სახელის შერჩევაზე არც კი ვფიქრობდით, დიდი პაპის - ზურაბის სახელი დავარქვით. პატარაობიდანვე ცელქი და მოუსვენარი იყო. დიდობაში ენერგიული და შრომისმოყვარე გახდა. ყველაფერი აინტერესებდა. ძალიან უყვარდა ბუნება. ისეთ სილამაზეს დაგვანახებდა, გავოცდებოდით ხოლმე. ხან პეპლების კოლექციას აგროვებდა და ლამაზად ათავსებდა კანფეტის ყუთებში; ხან მცენარეთა ჰერბარიუმებს ამზადებდა; უფროს კლასებში ფრინველების ფიტულების გაკეთება დაიწყო. ხატვის წრეზე დადიოდა და მის ნახატებშიც ბუნების სურათები ჭარბობს. უყვარდა მხატვრული ლიტერატურა, განსაკუთრებით სათავგადასავლო და საგმირო შინაარსის. პატარაობისას საათობით შეეძლო ყურადღებით მოესმინა ჩემი ან უფროსი დის წაკითხული. ძალიან უყვარდა ზღაპრები, რომ გავიზრდები, ზღაპრები უნდა დავწეროო. მართლაც, პატარ-პატარა მოთხრობებს წერდა და ოჯახის წევრებს გვაკითხებდა და შემდეგ მალავდა. დაამთავრა მუსიკალური ოთხწლედი, უკრავდა გიტარაზე. სხვადასხვა დროს დადიოდა ცურვაზე, ვარჯიშობდა კარატეში.

1995 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა სამედიცინო კოლეჯი, რომლის დამთავრების შემდეგ სტუდენტები ჩაირიცხებოდნენ სამკურნალო და პედიატრიული ფაკულტეტის მეორე კურსზე. მაშინ ზურა მეათე კლასში იყო. სწავლა იმ კოლეჯში გააგრძელა. დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა სამკურნალო ფაკულტეტის მეორე კურსზე. ამ პერიოდში, რამდენიმე თანაკურსელთან ერთად, სწავლას თავი დაანება და ჯარში წასვლა გადაწყვიტა, მაინცდამაინც კოჯრის სამხედრო ნაწილში უნდოდა. იქ ლაზარეთში მსახურობდა. ექვსი თვის მერე ინსტიტუტს დაუბრუნდა, მაგრამ სწავლა გააგრძელა სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტზე. მოსწონდა სამხედრო საქმე. ისე ლამაზად დაგეგმა თავისი ცხოვრება, ისეთი მიზნები ჰქონდა, რომ მშობლებს გვახალისებდა. მისი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბებაში გავლენა მოახდინა კოჯორში სამსახურმაც, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტმაც, ყველზე მეტად კი IV ბრიგადის ლაზარეთში მუშაობამ.

ინტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო IV ქვეითი ბრიგადის ლაზარეთში. 2007 წელს გაგზავნეს ოფიცერთა კურსებზე სამედიცინო სპეციალობით. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში კანონები ხშირად უსაფუძვლოდ იცვლებოდა და რატომღაც წოდებამინიჭებული ექიმი უსამსახუროდ დატოვეს. ცოტა ხანს უმცროს ექიმად მუშაობდა მარნეულის კლინიკაში. ასე წყნარად მუშაობა არ შემიძლიაო და ბოლნისის საავიაციო ნაწილში გადავიდა. გული მაინც IV ბრიგადისაკენ მიუწევდა. ამასობაში, კანონი კვლავ შეიცვალა და სამხედრო ექიმები ისევ დააბრუნეს სამსახურში, IV ბრიგადაში.

ერთ დღეს გახარებულმა მოიტანა შინ 42-ე ბატალიონის ექიმად დანიშვნის ბრძანება. ზურას თავისი საქმე უყვარდა, მაგრამ ბატალიონში არც სხვა საქმისადმი დარჩებოდა გულგრილი. მისი ამხანაგები ჰყვებიან, - ის წინა ხაზზე არ უნდა ყოფილიყო. როცა ერთხელ გამოიყვანა დაჭრილები, თვითონაც ფეხში დაჭრილი, ისევ შებრუნდა უკან. შემდეგ რაციით ითხოვდა მანქანებს დაჭრილთა ევაკუაციისათვის, მაგრამ ვეღარავინ თუ აღარავინ დაეხმარა...

ზურას ველოდებოდით, ვეძებდით, ვკითხულობდით. ზემდგომ ორგანოებში გვპასუხობდნენ: ტყვედ არის და ვმუშაობთ გამოხსნაზეო. თუ რატომ ვერ დაბრუნდა, ამის ნამდვილი მიზეზი ისევ ზემდგომ ორგანოებში იციან... 2008 წლის 3 დეკემბერს, დნმ-ის ანალიზის დადებითი პასუხის საფუძველზე, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოდან მშობლიურ სოფელ კუმისში გადმოვასვენეთ. ოჯახთან ერთად სოფელმაც დაიტირა და იგლოვა ყველასათვის საყვარელი "ღიმილის ბიჭი". ზურას საფლავი სოფლის ახალგაზრდობამ გააკეთა. ეს არის საფლავი-მემორიალი. ყველას უნდოდა, თუნდაც ერთი საათი ემუშავა, ნიშნად სიყვარულისა და პატივისცემისა.

ასეთია ერთი იმ ასსამოცდაათთაგანი ქართველი გმირის - დიდი მიზნების და გეგმების მქონე, გულისხმიერი, მხიარული, მოხდენილი ჭაბუკის ზურა ბეგიაშვილის მოკლე ბიოგრაფია.

მეგობრების გადმოცემით დედის ნათქვამი
მისი სამხედრო ნაწილი მთაში იყო. მთა ერქვა, თორემ მშვენიერი გაშლილი ვაკე გახლდათ. ცალ მხარეს მაღალი, ტყიანი მთები ახლდა, მეორე მხრიდან კი ფერდობები დაბლა ეშვებოდა და ჭალასთან მთავრდებოდა. ჭალაში სოფელი იყო. იქიდან ტერასებად გაჭრილი გზა სამხედრო ნაწილში ამოდიოდა.

სამხედრო ნაწილს დიდი ტერიტორია ეკავა, თითქმის მთელი ეს ვაკე. ჯარისკაცები ცოტა ჰყავდათ, ოცამდე ბიჭი იქნებოდა. ასეთი პროფილის სამხედრო ნაწილს მეტი ჯარისკაცი არ სჭირდებოდა.

შემოდგომა იყო, აქ რომ მოვიდა. მაშინვე მოეწონა აქაურობა. მალე დაუახლოვდა თანამშრომლებს. ხალისიანად აკეთებდა ყველაფერს. ახალდამთავრებული ჰქონდა ინსტიტუტი და პრაქტიკული გამოცდილება აკლდა.

გიორგობას ნაწილში მორიგე იყო. დილით სამსახურში მოვიდა თუ არა, მეთაურის კაბინეტისკენ გაემართა. ქალაქში წავიდაო, უთხრეს. შტაბის უფროსს გაანდო სურვილი. იმან - არაო, როგორ შეიძლებაო. ერთხანს უხალისოდ იჯდა, მერე უცებ წამოხტა, შეიძლება, ძალიან კარგად შეიძლებაო, სამსახურიდან ხომ არ გამაგდებენო და გარეთ გავარდა. ოფიცრებმა ერთმანეთს შეხედეს და ჩაიცინეს:

- როგორ ეტყობა, რომ ახალია.

- ამას პიონერული რაზმი ხომ არა ჰგონია?!

რამდენიმე წუთში ჯარისკაცების მწკრივი გამშვებ პუნქტთან მიიყვანა. მეთაურის დავალებით მივდივართო, მოახსენა მორიგეს. სანამ თვალს მიეფარებოდნენ, ჩუმად მიუძღვებოდა წინ. მერე შეჩერდა და: ბიჭებო, იცით, სად მივდივართ? მხრები აიჩეჩეს და უხალისოდ შეხედეს. ამ სიცივეში, აბა, რა დავალება გაახარებდათ. დღეს ხომ გიორგობაა და ეკლესიაში ჩავიდეთო. სამანქანო გზას გვერდი აუარეს და ბილიკით დაეშვნენ სოფლისკენ. წირვა უკვე დაწყებული იყო. ტაძარი სავსე იყო ხალხით. შესასვლელთან სანთლები იყიდა და ბიჭებს მიაწოდა. ბიჭებმა ქუდები მოიხადეს. მათ წინ მდგარმა ქალებმა გზა დაუთმეს - მოდით, შვილებოო. გალობა ავსებდა ტაძარს, ტკბილი გალობა. გულში თვითონაც აჰყვა მგალობლებსაც.

წირვის დასრულებას აღარ მოუცადა. მეთაურისთვის უნდოდა მიესწრო. იცოდა, თავზე ხელს არ გადაუსვამდა. ისეთი რიდი და პატივისცემა ჰქონდა ამ კაცისა, ზედმეტად წყენინება აღარ უნდოდა. ნელ-ნელა გავიდნენ ტაძრიდან. ანთებული სანთლები ისევ ხელში ეჭირათ. პირჯვარი გადაიწერა და სანთელი კედელზე მიამაგრა, ბიჭებმაც მიჰბაძეს. მიმავლებს ერთი შუახნის კაცი მიუახლოვდა და ყველა სუფრასთან მიიპატიჟა. იუარეს. ახლა მეორე გადაუდგათ წინ. მადლობა მოახსენეს - არ შეგვიძლიაო. ეკლესიის ეზოდან რომ გამოდიოდნენ, უკან მოიხედეს, იქიდან კაცებმა ხელი დაუქნიეს, ეგონათ, დარჩენა გადაწყვიტესო. ბიჭებმა კი ეკლესიის კედელზე ჩამწკრივებულ მოციმციმე სანთლებს შეავლეს თვალი. ფეხჩქარა მიდიოდნენ. გვერდით ამოუდგა ერთი ჯარისკაცი: - გმადლობთ, ბატონო ექიმო, ამ დღისთვისო. უცებ გამოერკვნენ დანარჩენებიც. ბავშვივით გაწითლდა - რა არის სამადლობელიო. ფერდობს რომ შეუდგნენ, ბიჭმა სიმღერა წამოიწყო. უცებ აჰყვა ყველა. ზოგს ტექსტი ეშლებოდა, ზოგს მუსიკა. მთავარია, რომ ემღერებოდათ და მღეროდნენ.

- იქ რომ მივალთ, გვამღერებენ, როგორც წესია, - ჩაულაპარაკა ერთმა მეორეს.

- ჩვენ რათა, რა ჩვენი ბრალია.

- ჰო, ჩვენ არა, ამას მოხვდება მეთაურისგან.

- რა დააშავა, რო?

"ჰერიო, ბიჭებო, ჰერიო" - ისმოდა ფერდობიდან. შემოდგომის ცივი დღე იყო. მოღრუბლული ცა გადათეთრებას უპირებდა ქვეყანას.

გიორგობა იყო, წმინდა გიორგის, მხედართა მფარველის დღე.


2011 წლის 2 თებერვალი
დედის გულში ვერდატეული სიტყვები
მახსოვს, იტალიური ფილმი "ვაჟიშვილის ოთახი" რომ ვნახეთ. ტელევიზორში უჩვენებდნენ. საღამო იყო. ოთხივენი შინ ვიყავით. მე ჯერ შეუმჩნევლად ვიწმენდდი ცრემლებს, მერე გარეთ გავედი, ცოტა ხნის შემდეგ მამაც გამოვიდა. მერე ორივენი შემოვბრუნდით და უხმოდ დავსხედით. იმ საღამოს ჩუმად ვივახშმეთ. მერეც ხშირად მახსენდებოდა ეს ფილმი. რა ვიცი, იქნებ გული მიგრძნობდა, რომ ჩემი საყვარელი ვაჟიც ასე წავიდოდა ამ ქვეყნიდან. ახლა ჩემთვის ყველაზე მყუდრო ადგილი შენი ოთახია. არაფერი შემიცვლია. მხოლოდ შენი სურათებით გავალამაზე. და კიდევ: ერთი სერტიფიკატი ამოვიღე შენი საქაღალდეებიდან კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე გავლილ ექიმთა კურსებისა, გადაშლილი დავდე შენს საწერ მაგიდაზე. არა, განა სერტიფიკატის გამო, იმ დევიზის გამო, შიგ რომ წერია: "არასდროს მივატოვებ დაცემულ ჯარისკაცს". აკი, არც მიატოვე და შენც რატომღაც მათთან დარჩი.

აქ უშენობა ყველაფერს შეეტყო. ძველებური სითბო, სილამაზე და ფერები აღარაფერს აქვს. სახლიც კი, ჩვენი სახლი, მზიან ამინდშიც პირქუშია, ფანჯრები ნამტირალებ თვალებს მიუგავს. აქ სიჩუმე გამეფდა, შვილო, ავი სიჩუმე. თურმე შენ ალამაზებდი ყველაფერს, შენ ათბობდი, შენ აფერადებდი, შენ ახმაურებდი.

როგორი კეთილი იყავი, შვილო, კეთილი და მგრძნობიარე. დღეს იცი რა გამახსენდა? პატარები რომ იყავით, დაგსვამდით ხოლმე და ხმამაღლა გიკითხავდით. ერთხელ რეზო ინანიშვილის მოთხრობა წაგიკითხეთ, დაობლებულ და-ძმაზე რომ არის. "ქარი რომ უბერავდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა". ჯერ ხომ ტირილით მოისმინე, მერე სულ იმას ამბობდი, ნეტა ის ბავშვები ჩვენი მეზობლები ყოფილიყვნენო, რა კეთილი ქალი ყოფილა კარიაულების ბებერიო.

ახლაც ზამთარია. ახლაც უბერავს ქარი და თან თოვლის ფიფქები მოაქვს, ვზივარ შენგან დაობლებული დედა და ვფიქრობ, ვფიქრობ, რომ შვილის ობლობა როგორ შეედრება შვილით ობლობას. მეც და მამაშენიც ობლობით გატარებულმა ბავშვობამ უფრო კარგად გამოგვაწრთო. შენით დაობლებას კი მამამ ვეღარ გაუძლო და ახლა ორივე ერთად ხართ. ვფიქრობ, შვილო, ხვალ შენი დაბადების დღეა, 3 თებერვალი. ათასი კარიაულების ბებერიც რომ შემოვიდეს, რა ნუგეშია ჩემთვის. 28 წელს ხომ ვერც ერთი დღე ვეღარ მიემატება.

2011 წელი
შენი 28 წელი კინოკადრებივით მიტრიალებს თვალწინ. დაუსრულებლად მოვყვებოდი შენზე. ბოლო დღეებში რომ არ მინახავხარ, შვილო... ამ ბოლო დღეებმა ხომ სულ ჩაიტია მთელი შენი სიცოცხლე. აგვისტოს 3-4 დღე იყო შენი დაბადებაც, სიყმაწვილეც და დავაჟკაცებაც. ჰო, შვილო, ვაჟკაცურად დარჩენილხარ ბრძოლის ველზე. ბავშვივით სათუთი შეგრჩენია გული და სხვებზე გიზრუნია. მერე შენი ნაომარი სხეულიდან გმირად დაბადებულხარ და 170 გმირის ზეცად მიმავალ ლაშქარს გაჰყოლიხარ. ასე მომიყვნენ შენზე ომიდან დაბრუნებულმა შენმა ამხანაგებმა და თანამებრძოლებმა. ამას მიამბობს მწვანეყდიანი თხელი რვეული წარწერით - "ზურა ბეგიაშვილის ხსოვნას", ნანა ცხადაძე, რომელიც უკვე მეორე წელია შენს საწერ მაგიდაზე დევს. ავტორი, ომამდე ჩემთვის უცნობი, დღეს კი უსაყვარლესი ადამიანია და ვლოცავ ღვიძლ დედასავით. გადავშლი, ვკითხულობ და უდიდეს ტკივილთან ერთად გული სიამაყით მევსება.

"ჩუმ სევდას წარსულის ლანდებთან მივყავარ, წამიერად ცოცხლდება გარდასულ დღეთა სილამაზე და ის ბედნიერი ხანა, როდესაც მეგობრები, თანამებრძოლები, ყველანი ერთად ვიყავით. განცდათა სიუხვე ეუფლება სულს და იშლება ხსოვნის ლამაზ ფარად. მაგონდება ჩემი კოლეგა, თანამებრძოლი, უბადლო მეგობარი, ამაღლებული, სამშობლოს საკურთხეველთან ზვარაკად მიტანილი, მისი ერთიანობისა და სიწმინდისათვის ჩაფერფლილი - ზურა ბეგიაშვილი. ძალიან ალალი, მართალი, გულღია და პირდაპირი, დავკარგე საუკეთესო მეგობარი, კოლეგა. არასდროს დამავიწყდება მისი კეთილი სახე, ოცნება, რომელიც შეწყვეტილ სიმღერასავით შეწყდა. მტკივა, მისი აუხდენელი ოცნებები მტკივა, მესმის მისი აბობოქრებული სულის მღელვარება და ის დაუოკებელი სწრაფვა, რასაც სამშობლოს თავისუფლება ჰქვია.

42-ე ბატალიონში ახალი მოსული იყო, მაგრამ იმ სამ თვეში საუკეთესო მეგობრები გავხდით. მახსენდება ზურას გაცნობა: ბატალიონი ექვსთვიანი მივლინების შემდეგ ცხინვალიდან დისლოკაციის ადგილზე დაბრუნდა. ღამის ათი საათი იყო, შტაბში შევედი, უცხო პიროვნებამ მიიქცია ჩემი ყურადღება, მორიდებით იდგა. გაიცანი, ჩვენი ახალი თანამშრომელი, ექიმი ზურა ბეგიაშვილია, - მითხრა ჩვენმა იურისტმა, ახლა უკვე სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების მარადიული სასუფევლის ბინადარმა, უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ნადარეიშვილმა.

ზურა ძალიან ლაღი, უშუალო პიროვნება აღმოჩნდა, მალე გაშინაურდა, ლაზარეთის მოწყობაში დამეხმარა. ერაყში წასასვლელად ვემზადებოდით, სწავლებას გავდიოდით კრწანისისა და ვაზიანის პოლიგონებზე. ყველგან თავს დაგვტრიალებდა, უჩვენოდ ნაბიჯს არ გადადგამდა, გვიფრთხილდებოდა - თქვენ დაღლილები ხართ, ავადმყოფებს მე მივხედავ, მე ვიმორიგევებ, დაისვენეთო. ისე გვექცეოდა, თითქოს მთელი დღე ჩვენთან ერთად არ ყოფილიყო".

გმადლობთ, გმადლობთ, შვილო! სწორედ ასეთი მინდოდა ყოფილიყავი. მარადისობაში გადასულ ადამიანებზე, შენც იცი, ზურა, ძვირსა და აუგს აღარ ამბობენ, მაგრამ რასაც შენზე ჰყვებიან, როგორც შენ გიხსენებენ და გახასიათებენ შენი მეგობრები, თანამშრომლები, თანაკურსელები, თანასოფლელები, ხომ ყველაფერი სიმართლეა, აბა, ვინ აიძულებთ, მოიგონონ ამბები. ამიტომ მიხარია, შვილო, რომ დარჩენილი სიცოცხლის შავი დღეები საამაყო გამიხადე, შენ შემოგევლოს დედა, კიდეც ერთხელ გმადლობთ.

ზური, კიდევ, იცი, რა მახარებს და სულიერად მამშვიდებს? სიზმარში რომ ხშირად გხედავ: ხან პატარა ზურიკოს, ხან დიდ ზურიკოს, ხან მთელი ოჯახი ერთად ვართ. შენ რომ გეძებდით, იმ დღეებში უნახავხარ სიზმარში გიორგი კახელაშვილს (ხომ გახსოვს, შენს მომდევნო კლასში რომ სწავლობდა, მღვდლად აკურთხეს, გურიაში მოღვაწეობს). გავუწყერი - სადა ხარ, ბიჭო, თქვენები გეძებენ და შენ რამ გაგამხიარულაო? მე უფალთან ვარ და ძალიან კარგად ვარ, ჩვენებსაც მალე შევატყობინებო, - მიპასუხაო.

ჰო, შვილო, შენ ახლა უფალთან ხარ, შენც და შენთან ერთად ბრძოლის ველზე დარჩენილი ბიჭებიც. ამქვეყნიურ ურთიერთობას, საქმესა და მეგობრობას სამუდამო სასუფეველში აგრძელებთ.

გახსოვს, რომ გვითხარი, ერაყში უნდა წავიდეო. რა დღე დაგაწიეთ, რა გინდა ერაყშიო. როგორ მამშვიდებდი მაშინ, როგორ ლამაზად ამიხსენი სამედიცინო ნაწილის განლაგება. ნუ გეშინია, მე რა მინდა წინა ხაზზეო. შენ არც ახლა უნდა ყოფილიყავი წინა ხაზზე, მაგრამ ბრძანება მიიღეთ, რომ ერთი ექიმი ცხინვალში ჩასულიყო: "დაიძრა კოლონა ცხინვალისაკენ, სამედიცინო სამსახური ბატალიონს უკან გავყევით. გზაში ოჯახის წევრების სატელეფონო ზარებს ვპასუხობდით და ვამშვიდებდით. ზურას დედამ რამდენჯერმე დაურეკა და ზურაც პასუხობდა, რომ სამსახურში იყო, ვაზიანში. ბოლოს ყველამ გამოვრთეთ ტელეფონები. ამასობაში ავნევში შევედით, ღამე იქ გავათენეთ. გამთენიისას ხეთაგუროვოში შევედით. ზურა მძღოლის უკან იჯდა, იარაღი შემართული გვქონდა და ვფრთხილობდით. უცებ ზურამ მანქანის გაჩერება და ძირს ჩამოსვლა ბრძანა, მიტოვებული სახლიდან ცეცხლი გაგვიხსნეს, ორმხრივი სროლები. ჯარისკაცების ვაჟკაცობა. დაზიანდა მანქანის საბურავი. გზა განვაგრძეთ ცხინვალისკენ. ზურა ჯართან ერთად მანქანის გვერდით ფეხით მოგვყვებოდა და უსაფრთხოებას იცავდა. ტყვიების სეტყვაში შევედით. ზურამ უკან დაბრუნება მიბრძანა, არ დავემორჩილე. გზა განვაგრძეთ. ცდილოდა, სხვები დაეცვა, იქაც სხვებზე ფიქრობდა და თვითონ იგდებდა თავს საფრთხეში.

ბატალიონმა საბრძოლო დავალების შესრულება დაიწყო. გავშალეთ სამედიცინო პუნქტი. პირველი დაჭრილი, დაჭრილთა რიცხვი მატულობს. ბრძანება მივიღეთ, ერთი ექიმი სასწრაფოდ ქალაქში ჩამოვიდესო. მეგობრებს გადავხედე, იქნებ იქიდან ვეღარც ამოვიდეთ. ავთოს ექვსი თვის ბავშვი ჰყავს, ნანა მარტოხელა დედაა, ზურა ოჯახის ერთადერთი ძე და გვარის გამგრძელებელია. მე უნდა ჩავიდე! გადაწყვეტილება მივიღე, ჩანთა და იარაღი ავიღე და წასასვლელად მოვემზადე. ფიქრები ერთმანეთს გადაეცემა, მეგობრები ერთმანეთის უსაფრთხოებაზე ვფიქრობდით და ბოლოს ოთხივე ერთად ტანკით ჩავედით ქალაქში. ქალაქში, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა.

გამოვიყვანეთ დაჭრილები. მე და ზურა შენობის ნანგრევებს შევეფარეთ. ზურა, აქედან უნდა გავაღწიოთ, პუნქტში უნდა ავიდეთ-მეთქი. ზურა აფორიაქებული იყო, მხოლოდ თვალები ჰქონდა ძველებურად ანთებული, ოღონდ სევდაშეპარული. "გზა იყო სისხლის და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს". ამოვაღწიე პუნქტამდე. გორი, ჰოსპიტალი, ოპერაციის შემდეგ ვიკითხე: - ბეგიაშვილი სად არის-მეთქი. მტკივნეული პასუხი: "ზურა დაიკარგა".

იმ დღეებში მხოლოდ ის გავიგეთ, რომ გორის ჰოსპიტალში მიყვანილ დაჭრილ ჯარიკაცებს უთქვამთ შენი კურსელებისთვის, - ზურამ შეგვიხვია ჭრილობები, თვითონაც ფეხში იყო მსუბუქად დაჭრილიო. იმის დაჯერება კი არ გვინდოდა, რომ იქით, საითაც ზურა დაჭრილებისკენ გაიქცა, ძლიერი დაბომბვა იყო და არ ვიცით, ვინმე თუ გადარჩებაო.

დიდხანს არ ჩანდი, შვილო. ჯერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოგაცხადეს, მერე გვითხრეს, ტყვედ ჰყოლიათ და ვეძებთო. ოთხი თვის მერე კი დნმ-ის ანალიზის დადებითი პასუხი მივიღეთ...

ხომ შეიძლებოდა, ომი არ ყოფილიყო და ყოველი დილა ძველებურად გამეორებულიყო: ადრიანი დილაა. შენ სამსახურში მიდიხარ, ეზოს კარებთან წელში იხრები, რომ მე მოგწვდე, ორივე ლოყაზე გკოცნი, მანქანაში ჯდები და გზისკენ აბრუნებ. მერე მოკლე სიგნალი, გამომშვიდობების ნიშნად აწეული ხელი და ღიმილი, გადამდები ღიმილი.

მე დღესაც გიღიმი, შვილო...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat