თუკი უარს ვიტყოდით ეროვნული მოძრაობის იდეალებზე, მაშინ უარვყოფდით მთელ ჩვენს წარსულს
29.03.2012
21 წელი გავიდა იმ ტრაგიკული მოვლენიდან, რომელიც ერის მეხსიერებაში დარჩა, როგორც 9 აპრილი.
დიდმარხვის დღეები იყო. იმ საოცარ დილით სიონის ტაძარში წირვის დაწყებას სასიხარულო ზარის რეკვა არ იუწყებოდა, ამიტომაც ნელა ჩამოჰკრეს ზარებს, ხალხი ქვითინებდა, ზოგიერთები კი მხოლოდ მაშინ იგებდნენ მომხდარ ამბავს (მოგეხსენებათ, იმხანად ინფორმაცია ისე სწრაფად არ ვრცელდებოდა). მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჩვენს უახლეს ისტორიას; ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ მივედით 9 აპრილამდე, რამ შეარყია და, საერთოდაც, რა ალტერნატივის წინაშე დადგა საბჭოთა იმპერია; დაინგრეოდა თუ არა იგი 9 აპრილის გარეშე და რა ნაყოფი გამოიღო ქართველი მამულიშვილების დაღვრილმა სისხლმა. ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გურული.
- ქართული ეროვნული მოძრაობა არ შეწყვეტილა მას შემდეგ, რაც საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1921 წლის თებერვალ-მარტი). ეროვნულ მოძრაობას ჰქონდა თავისი ეტაპები. ერთ-ერთი ეტაპი იყო, მაგალითად, 1924 წლის აჯანყება. ამის შემდეგ ეროვნული მოძრაობა თანდათან ჩაცხრა, საბჭოთა ხელისუფლებამ შეძლო მისი ლიდერების ლიკვიდაცია. ზოგი ფიზიკურად გაანადგურეს, ზოგმა ემიგრაციაში მოახერხა წასვლა, ზოგიც ციხეში გამოკეტეს. 30-იანი წლებისთვის მდგომარეობა ისე გამოიყურებოდა, რომ საბჭოთა იმპერიის მესვეურებმა თითქოს უკვე მიაღწიეს ეროვნული მოძრაობის სრულ განადგურებას. მაგრამ ასე არ იყო. ეროვნული მოძრაობა არსებობას განაგრძობდა ემიგრაციაში, სადაც მოღვაწეობდნენ ეროვნული მოძრაობის გამოჩენილი წარმომადგენლები. იქ შეიქმნა რამდენიმე ეროვნულ-პატრიოტული ორგანიზაცია. 1941 წელს შეიქმნა არალეგარული ორგანიზაცია, რომლის მიზანი იყო საქართველოს განთავისუფლება. მასში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი სასტიკად დაისაჯა, მაგრამ რეპრესიები საქმეს ვერ შველოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვლავ შეიქმნა არალეგალური ორგანიზაცია, რომელიც ეროვნული მოძრაობის გამოვლინებას წარმოადგენდა. 1956 წლის 9 მარტის შემდეგ უკვე ნელ-ნელა დაიწყო ეროვნული მოძრაობის ახალი ეტაპის მოსამზადებელი პერიოდი. XX საუკუნის 70-იან წლებში შედეგი უკვე სახეზე იყო. შეიქმნა ჯერ ჰელსინკის ჯგუფი, შემდეგ კი "ჰელსინკის კავშირი", რომლის სათავესთანაც იდგნენ ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ეროვნული მოძრაობის კიდევ რამდენიმე ცნობილი მოღვაწე. ამ დროიდან საბჭოთა ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებს ეროვნული მოძრაობის ალაგმვას. ეროვნული მოძრაობა თანდათან მასობრივი ხდება, ეროვნული მოძრაობის ლიდერების, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას, დამსახურება ის გახლდათ, რომ ისინი ჯერ არალეგალურ გამოცემებში, შემდეგ კი უკვე 80-იანი წლების მიტინგებზე ხაზგასმით ამბობდნენ, რომ ეს იმპერია აუცილებლად დაინგრეოდა, მისი არსებობა შეუძლებელი იყო. საზოგადოების უმრავლესობას ეგონა, რომ ეს იყო მხოლოდ სურვილი ეროვნული მოძრაობის ლიდერებისა. ძალიან განათლებულ, ისტორიის ღრმად მცოდნე ადამიანებსაც კი ვერ წარმოედგინათ, თუ როგორ უნდა დანგრეულიყო საბჭოთა იმპერია.
- ამასთან დაკავშირებით არსებობდა საზოგადოების არაერთგვაროვანი აზრი: ერთნი ამტკიცებდნენ, რომ იმპერია აუცილებლად უნდა დანგრეულიყო, მეორენი კი - დასაშვებად მიიჩნევდნენ მის მოდერნიზებას ისე, რომ საქართველოს არსებობა საბჭოთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ქართველებისთვის არ ყოფილიყო საშიში. რა ალტერნატივის წინაშე იდგა მაშინ საბჭოთა კავშირი და ჩვენთვის რომელი გზა იყო ყველაზე მომგებიანი?
- საბჭოთა იმპერიის მოდერნიზებას ძალიან კარგ პიარს უკეთებდა კრემლი. თვითონ მოსკოვშიც ხვდებოდნენ, რომ იმპერიის შენარჩუნება წინანდელი სახით არ შეიძლებოდა. XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებისთვის საბჭოთა კავშირში დაიწყო საკმაოდ დემაგოგიური, ე.წ. "გარდაქმნის" ("პერესტროიკის") პროცესი. ყველა ჭკვიანი ადამიანი კარგად ხვდებოდა, რომ ამით ფაქტობრივად საბჭოთა კავშირის მაშინდელი პრეზიდენტი, მიხაილ გორბაჩოვი, აპირებდა საბჭოთა კავშირის იმპერიის გაძლიერებას. ქართველებისთვის კი ეს იმპერია ყველა შემთხვევაში საშიში რჩებოდა. მოსკოვი საქართველოში ძალიან პოპულარული, საერთო-ეროვნული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზეც კი არ მიდიოდა. ელემენტარული მაგალითი ავიღოთ: რატომ უნდა მოეხადა ქართველ კაცს სამხედრო სავალდებულო სამსახური ციმბირში? განა არ შეიძლებოდა ემსახურა ამიერკავკასიაში? საქართველოზე ხომ აღარ იყო ლაპარაკი. კრემლი ამაზეც კი არ წავიდა. ან, თუნდაც, დადგა სამხედრო პოლიგონის გაუქმების საკითხი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ახლომდებარე ტერიტორიაზე... მაგრამ მოსკოვი განგებ არ მიდიოდა ამაზე, რადგან იმპერიის მესვეურებს ეშინოდათ, ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას კიდევ უფრო სერიოზული მოთხოვნები არ მოჰყოლოდა. ძალიან ცოტა ხანში გახდა ცნობილი, რომ გორბაჩოვი იყო დემაგოგი და სრულიად გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მართული ადამიანი. მისი პროგრამა საბოლოოდ მხოლოდ სტალინის პერიოდის კრიტიკით შემოიფარგლებოდა, რაც ისედაც ნათელი იყო საზოგადოებისთვის. არსებითად კი მას სურდა მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შენარჩუნება, რომელიც ქართველი ერისათვის ისევე საშიში იქნებოდა.
- 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებმა დიდი სტიმული მისცა ეროვნულ მოძრაობას, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან. რა ცვლილებები ხდებოდა ამ დროს საბჭოთა იმპერიაში?
- მთელ სსრ კავშირში დაიწყო ანტისაბჭოთა პოლიტიკური ორგანიზაციებისა და პარტიების შექმნა. საბჭოთა ხელისუფლება უკვე ვეღარ ახერხებდა ამ პროცესებისთვის წინააღმდეგობის გაწევას. საბჭოთა წყობილება რუსი ინტელიგენციის რაღაც ნაწილსაც არ მოსწონდა და მის შესაცვლელად იბრძოდა მოსკოვსა და პეტერბურგში, მაგრამ ჩვენი სატკივარი, რა თქმა უნდა, სულ სხვა იყო - ჩვენ არ გვინდოდა მოდერნიზებული საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში ცხოვრება. ეროვნული მოძრაობა თანდათანობით ლეგალურ ნიადაგზე დგებოდა. მოსკოვში უკვე იყო მომწიფებული განწყობილება, რომ რაღაც ეტაპზე ზღვარი დაედოთ ეროვნული მოძრაობისთვის. მოსკოვში კიდევ იყვნენ ისეთი ტვინგაყინული პოლიტიკური მოღვაწეები, რომელთაც მართლა ეგონათ, რომ ერთ რესპუბლიკაში მანიფესტაციის დარბევით, ხალხის დახოცვით, ეროვნული მოძრაობის ლიდერების დაპატიმრებითა და დახვრეტით რაღაცას მიაღწევდნენ. ასეთ რესპუბლიკად საქართველო შეირჩა.
- საბჭოთა სპეცსამსახურები ადევნებდნენ თვალყურს ეროვნული მოძრაობის გაძლიერებას საქართველოში. მათ დაიწყეს ძველი ნაღმების ამოქმედება. პირველად, 1988 წლის ნოემბერში, სწორედ აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით დაიწყო მიტინგები რუსთაველის პროსპექტზე...
- ასეთი ნაღმი იყო მოსკოვის მიერ ინსპირირებული სეპარატისტული მოძრაობა სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ქართველები კარგად ხედავდნენ, რომ ოსი და აფხაზი სეპარატისტების უკან იდგა მოსკოვი, რომელიც მართავდა ამ სიტუაციას. მოსკოვს ხელს აძლევდა იმის ჩვენება, ვითომდაც საქართველოში შექმნილი იყო კრიზისული ვითარება, ქართველები ხოცავდნენ ოსებსა და აფხაზებს და სხვა გამოსავალი არ არსებობდა, გარდა იმისა, რომ ჯარი შემოსულიყო აქ და წესრიგი დაემყარებინა. ეს გახლდათ, ზოგადად, მოსკოვის გეგმა და თუ როგორ განხორციელდებოდა იგი კონკრეტულად, ეს დამოკიდებული იყო სიტუაციაზე. 1988 წლის ნოემბერში თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, მთავრობის სახლის წინ მიტინგები და დემონსტრაციები დაიწყო აფხაზი სეპარატისტების თავხედური მოქმედებების გამო. 1989 წლის გაზაფხულზე კი ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ წამოაყენა საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფის ლოზუნგი.
- რა პრეტენზიას უყენებდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მონაწილეები საბჭოთა კავშირის ხელისუფლებას?
- პრეტენზია იყო ასეთი: 1921 წელს საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ანუ ის ქვეყანა, რომელიც ძალზე ცოტა ხნის წინ, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით დე ფაქტო და დე იურე აღიარა და სცნო მისი ტერიტორიული მთლიანობა. მეორე, რაზედაც ჩვენი ეროვნული მოძრაობა ყურადღებას ამახვილებდა, იყო ის, რომ მართალია, საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას არ უცვნია ქვეყნის დაპყრობა, კაპიტულაციის აქტზე ხელი არ მოუწერია. 1921 წლის მარტში იგი წავიდა ემიგრაციაში და იქიდან აგრძელებდა ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად (ეს ბრძოლა, ფაქტობრივად, არც 1989 წელს იყო შეწყვეტილა). ასე რომ, საქართველო იყო უკანონოდ ოკუპირებული. ხელისუფლება, რომელიც იმ დროს საქართველოში არსებობდა, იყო სამართალმემკვიდრე 1921 წლის თებერვალში შექმნილი საქართველოს რევკომისა. აქედან გამომდინარე ისიც უკანონო იყო. ასევე ყურადღება ექცეოდა იმას, რომ საქართველო ქართველი ერის ნების წინააღმდეგ 1922 წლის დეკემბერში გააერთიანეს ამიერკავკასიის ფედერაციაში, შემდეგ საბჭოთა კავშირში. ეს არავის უკითხავს ქართველი ერისთვის. ეს საკითხი გადაწყვიტა სატელიტმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სერგო ორჯონიკიძის წინამძღოლობით. ქართული ეროვნული მოძრაობა მოითხოვდა, რომ მომხდარიყო ქვეყნის დეოკუპაცია და ქართველ ერს მისცემოდა იმის საშუალება, თვითონ აერჩია ისეთი ხელისუფლება, რომელიც თავად უნდოდა. ყველა პოლიტიკური პარტია მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ასე გადაწყდებოდა ქვეყნის მომავალი ბედი.
- ვინ მიიღო კონკრეტულად 1989 წლის აპრილში მშვიდობიანი მანიფესტაციის დარბევის გადაწყვეტილება?
- გადაწყვეტილება მიღებულ იქნა საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ყველაფერი შეთანხმებული იყო საბჭოთა კავშირის პრეზიდენტთან, გორბაჩოვთან. გადაწყვეტილების უშუალო შესრულება დაევალა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს (მინისტრი - იაზოვი) და საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს (თავმჯდომარე - კრიუჩკოვი). რა თქმა უნდა, დავალების შესასრულებლად მზად იყო საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროც. თბილისში ჩამოვიდა სპეციალური დანიშნულების რაზმი. საყურადღებოა, რომ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ამ დარბევისა გახლდათ შემდგომში ვითომდაც ცნობილი რუსი დემოკრატი გენერალი ალექსანდრ ლებედი, რომელსაც შემდეგ პრეზიდენტობაზეც კი ჰქონდა პრეტენზია. იმ პერიოდში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი იყო გენერალი იგორ როდიონოვი, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრ იაზოვს. ჯერ ერთი, მანიფესტაციის დარბევა არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდა, რადგანაც არავითარ ექსცესებს არ უჩენია თავი, წესრიგის დარღვევის ფაქტსაც კი არ ჰქონია ადგილი. შაბათს, 8 აპრილს, დღისით სამხედროების მოქმედება ქალაქში გამომწვევი გახდა. მომიტინგეთა რიცხვმა მთავრობის სახლთან საგრძნობლად იმატა. ხალხი აღაშფოთა იმან, რომ მზადდებოდა დარბევა. მოსკოვს ვერაგული გეგმის განხორციელება ჰქონდა ჩაფიქრებული: მას უნდოდა, რომ მიტინგის დარბევის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებას გამოეტანა, რათა შემდეგ მისთვის გადაებრალებინა დანაშაული. მაგრამ იმ დღეს ყველაფერს აქ, ადგილზე წყვეტდა საქართველოს კპ ცკ მეორე მდივანი ნიკოლსკი (იგი იღებდა მითითებებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობისაგან, გორბაჩოვისა და სხვებისაგან) და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალი როდიონოვი (იგი იღებდა მითითებებს საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრ იაზოვისაგან). მთავრობის სახლის წინამდებარე ტერიტორიის გაწმენდა-განთავისუფლება სპეცრაზმს, რა თქმა უნდა, უმტკივნეულოდაც შეეძლო (მაგალითად, წყლის ჭავლით და ა.შ.), მაგრამ სპეციალური მითითება არსებობდა: მიტინგი უნდა დარბეულიყო მთელი სისასტიკით. გამოყენებული უნდა ყოფილიყო ცივი იარაღი - ორლესული მესანგრის ნიჩაბი და ქიმიური გაზი, რომლის შემადგენლობა დიდი ხნის მანძილზე უცნობი იყო. სხვათა შორის, მოსკოვმა მაშინ იმდენი მოახერხა, რომ საერთაშორისო ექსპერტებზეც კი მოახდინა გავლენა. ამ დროს დიდად საძრახისი როლი ითამაშა რუსული დემოკრატიის მამად მიჩნეულმა მეცნიერმაAანდრეი სახაროვმა. მისი გავლენით ექსპერტებმა არ თქვეს, რომ ამ გაზის გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
- რა შედეგები მოჰყვა ამ მოვლენას საბჭოთა იმპერიისთვის და ჩვენთვის, ქართველი ერისათვის?
- რუსეთი საქართველოში 1801 წლიდან უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. მეცხრამეტე საუკუნეში სისხლში ჩაახშეს 1804, 1812, 1819-1820... წლების აჯანყებები. რუსები ვერ ხვდებოდნენ, რომ დაღვრილი სისხლი ყოველთვის ისევ დამპყრობლის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და როგორც ქვიტკირი, ისე ადუღაბებდა ქართველ ხალხს. იმპერიამ იგივე შეცდომა გაიმეორა 1989 წლის 9 აპრილს. საბჭოთა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამით, რა თქმა უნდა, წააგო. ამ დღემ ის ხალხი, რომელიც ჯერ კიდევ მერყეობდა, დამდგარიყო თუ არა ეროვნული მოძრაობის მხარეზე, საბოლოოდ გადაისროლა ეროვნული მოძრაობის ბანაკში. შეიძლება ყველამ ვერ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ გულში კი ყველა მიხვდა, რომ ეს წყობილება უკვე განწირული იყო.
- საზოგადოების ნაწილი დღესაც სვამს კითხვას: რა საჭირო იყო ეს სისხლისღვრა, საბჭოთა კავშირი ხომ ისედაც დაინგრეოდა, რადგან მის დანგრევას ხელს უწყობდა დასავლური სამყარო და ამერიკის შეერთებული შტატები; რატომ ყველა ერი არ შეასკდა შიშველი ხელებით რუსების ტანკებს. ხომ არ გავუსწარით მოვლენებს წინ? რა მოგვიტანა 9 აპრილმა?
- ჯერ ერთი, სისხლისღვრა ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერებს არ დაუგეგმავთ. ვიცით, რომ ეს მოსკოვმა დაგეგმა. თუკი უარს ვიტყოდით ეროვნული მოძრაობის იდეალებზე, მაშინ უარვყოფდით მთელ ჩვენს წარსულს. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევისთვის იბრძოდა დასავლური სამყარო და აშშ პრეზიდენტ რეიგანის წინამძღოლობით, მაგრამ საკითხავი ეს არის: საიდან გაჩნდა დასავლურ სამყაროსა და ამერიკაში აზრი, რომ სსრ კავშირის დანგრევა შეიძლებოდა? რატომ არ გაჩნდა ეს აზრი XX საუკუნის 50-იან ან თუნდაც 70-იან წლებში? ეს იმიტომ, რომ დასავლურმა სამყარომ კარგად დაინახა, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება აღარ უნდოდათ სხვა რესპუბლიკებს. ანუ ქვეყნის შიგნით რომ არ დაწყებულიყო დამანგრეველი პროცესები, დასავლური სამყარო ვერ აიღებდა თავის თავზე საბჭოთა კავშირის დანგრევის საქმეს. თუკი ყველა ერი გულზე ხელს დაიკრეფდა და დაელოდებოდა საბჭოთა კავშირის გარედან დანგრევას, მაშინ იმპერიას შეიძლება კიდევ დიდხანს ეარსება. ასე რომ, დასავლური სამყაროს მხარდაჭერა პირდაპირპროპორციული იყო ეროვნული მოძრაობის სიძლიერისა. 1989 წლის 9 აპრილით ჩვენ მივიღეთ ის, რომ სულ მალე მოვიპოვეთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რა თქმა უნდა, არ შეიძლება იმისი მტკიცება, რომ საბჭოთა კავშირი 9 აპრილმა დაანგრია. იგი დაანგრია მრავალმა შინაგანმა და გარეგანმა ფაქტორმა, რომელთა შორის ერთ-ერთი მძლავრი - სწორედ ეროვნული მოძრაობა იყო. ამ ეროვნული მოძრაობის ავანგარდში მივდიოდით ქართველები. ასე რომ, 9 აპრილი არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს უახლეს ისტორიაში. იმ ადამიანების უმანკო სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ თავისი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირის დანგრევაში.