"საფლავი შენისთანა კაცისა სალოცავია მამულისა"
10.02.2006
ძალზე მხიბლავს XIX საუკუნის საქართველო. ამ ჭრელ და წინააღმდეგობით აღსავსე საუკუნეში უმეფო-უპატრიარქოდ დარჩენილ, თავისუფლებადაკარგულ ჩვენს სამშობლოს მრავალი ჰყავდა უანგაროდ მოღვაწე მამულიშვილი, რომლებიც მოსწმენდდნენ ხოლმე ცრემლს ქვეყანას და გაუმამაცურებდნენ გულს დაბეჩავებულ ქართველს.
მისმა უწმინდესობამ ილია II-მ ერთ-ერთ ქადაგებაში მათ წმინდანები უწოდა. ერთი მათგანი გახლდათ დიმიტრი ბაქრაძე.
მისი წინაპრები წარმოშობით ქართლიდან ყოფილან, სოფელ ოსიაურიდან. პაპამისი ანდრია ლეკებს გაუტაციათ. საბრალო დედამისი დაღესტნის გზას დასდგომია, მუხლებში ჩავარდნია იმამს, გული მოულბია მისთვის და შვილი წამოუყვანია. მაგრამ შინ არ დაბრუნებულა, ანდრია ხაშმის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის წინამძღვრისთვის, მამა ხარიტონისთვის ჩაუბარებია და თვითონაც იქვე დასახლებულა. გაიზარდა ანდრია, სოფლის მღვდელი გახდა. მამის კვალს გაჰყვა მისი ვაჟი ზაქარია, მამა ნეტარხსენებული დიმიტრისა; ისიც ხაშმელთა სულიერ ცხოვრებას წარმართავდა. მამა ზაქარიას და მის მეუღლეს, ნინო ქოქრაშვილს, ხუთი ვაჟი შეეძინათ. დიმიტრის გარდა, ყველა სასულიერო პირნი შეიქმნენ. უმცროსი ძმა, ლეონი, ხაშმის ტაძრის მღვდელი იყო და იქვეა დაკრძალული.
დიმიტრი 1826 წელს, ოქტომბერში დაბადებულა. 26 ოქტომბერს, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის ხსენების დღეს, მოუნათლავთ და წმინდანის პატივად მისი სახელი უწოდებიათ. მამამისს უნდოდა, დიმიტრი მღვდელი გამოსულიყო და ამიტომაც შვილი ნათლისმცემლის მონასტერში იმერეთიდან გადმოსული გერასიმე ბერისთვის მიუბარებია აღსაზრდელად, რომელიც ღვიძლი შვილივით უვლიდა ყმაწვილს. მაშინ მონასტერს მამა თეოდორე წინამძღვრობდა, გალობას კი გამოცდილი მგალობელი ბერი გერვანტი ასწავლიდა. ბიჭს მალე გამოუმჟღავნებია ნიჭიერება, წიგნის კითხვაში უფროსებისთვისაც კი უჯობნია. ეკლესიაში ხშირად აკითხებდნენ ლოცვებს და სკამსაც უდგამდნენ, კათედრას რომ მისწვდომოდა. 9 წლისა სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს. მისი ნიჭის ამბავი ეგზარქოსმა ისიდორემაც შეიტყო და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მასზე. სასულიერო სასწავლებლის შემდეგ სემინარიაც წარმატებით დაამთავრა. თითქმის მოუცლელი დიმიტრი დედის მონახულებას მაინც ახერხებდა, შაბათს თბილისიდან ფეხით დაადგებოდა გზას ხაშმისკენ, მეორე დღესაც უკან ფეხით ბრუნდებოდა. სემინარიის უკანასკნელ კურსზე, როგორც პირველი მოწაფე, გაგზავნეს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1851 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით, რაც პირველი ხარისხის დიპლომის მიღებას ნიშნავდა.
რუსეთშივე გამოჩნდა ახალგაზრდის სულიერი მისწრაფება - შეესწავლა და სხვათათვისაც გაეცნო თავისი სამშობლოს ისტორია. ჟურნალ "სოვრემენნიკში" გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილი. ამას მოჰყვა გაზეთ "კავკაზში" ქართველ მთიელთა ცხოვრების ამსახველი რამდენიმე სტატია. 1851 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ეგზარქოსმა მისი მღვდლად კურთხევა განიზრახა, მაგრამ დიმიტრი ბაქრაძეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, როგორ ემსახურა თავისი ქვეყნისთვის, ამიტომაც უარი განაცხადა ამ პატივზე და 1853 წელს ამოეწერა კიდეც სასულიერო წოდებიდან. ამ უარის გამო სამუშაო კარგა ხანს ვერ იშოვა, ბოლოს, როგორც იქნა, სინოდის კანტორაში დაიწყო მუშაობა შტატგარეშე თანამშრომლად. მალე გორის სამაზრო სკოლაში მიიწვიეს, სადაც ხუთი წელი მასწავლებლობდა. ამ პერიოდში "კავკაზში" ათამდე ისტორიულ-ეთნოლოგიური წერილი გამოაქვეყნა. ბაქრაძის წერილებს დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს აკად. მარი ბროსე. ბროსეს დიმიტრი 1856 წელს დაუკავშირდა, როცა თავისი წერილი, "საქართველოს ისტორიის წყაროების შესახებ", გაუგზავნა. საპასუხო წერილში ბროსე დიდი სიხარულით აღნიშნავდა, რომ საქართველოში გამოჩნდა "თვით ქართველი კაცი, განათლების მოყვარე, რომელსაც სურს გამოძიება და გამოცხადება ძველის ყოფა-ქცევისა საქართველოს ხალხთა". გაამხნევებდა და მადლობასაც კი უხდიდა დიმიტრის: "მეორეთა გმადლობ, ბატონო, ამისთვის, რომ საქართველო გიყვარს და მისი ისტორიისა და სიტყვიერების მეძიებელი ბრძანდებით". დიდი მეცნიერის შექებამ ფრთები შეასხა, მაგრამ ზოგი რამ მაინც აფერხებდა, ჯერ ერთი, უსახსრობის გამო - ქუთაისის გუბერნატორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა და დრო ნაკლები ჰქონდა. მეორეც, სამეცნიერო ცენტრებს მაინც მოწყვეტილი იყო და საკუთარი ძალების ამარაღა რჩებოდა. რამდენიმე წლის მუშაობამ დაარწმუნა, რომ არსებული მასალებით არ შეიძლებოდა ისტორიის ღირსეული სახელმძღვანელოს დაწერა. საჭირო იყო ახალი მასალების შეგროვება და სათანადოდ შესწავლა. 1858 წელს რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ხელისშეწყობით სვანეთი მოიარა, მდიდარი ეპიგრაფიკული მასალა შეაგროვა და მოგზაურობის აღწერილობა წიგნადაც გამოსცა. მაგრამ რად გინდა! ამ საქმიანობისთვის, მოსე ჯანაშვილის თქმით, "ძველისძველი ნაშთების მჩხრეკელს უკიჟინებდნენ და საფლავის მთხრელს უწოდებდნენ".
ქუთაისში მუშაობისას დიმიტრი ინიციატივით გამოვიდა, გამოეცათ იოანე ბატონიშვილის "კალმასობა". წერილით მიმართა ჟურნალ "ცისკრის" რედაქციას და დახმარება სთხოვა: "ეს თხზულება მთელი ენციკლოპედიაა. კალმასობა ისეთი რამ არის, რომ თითოეულს ქართველს ხელში უნდა ჰქონდეს და სკოლებშიაც უნდა იყოს ხელმძღვანელოდ". "კალმასობის" I ტომის გაყიდვით შემოსული ფულით უნდა გამოცემულიყო მისი II ნაწილი, ხოლო შემდეგ - სულხან-საბას "სიტყვის კონა". საქმიან მოწოდებას და თაოსნობას ძვირფასი შედეგი მოჰყვა - საზოგადოების და "ცისკრის" რედაქციის მხარდაჭერით, "კალმასობა" გამოიცა. წიგნს წამძღვარებული ჰქონდა დიმიტრი ბაქრაძის ვრცელი შესავალი, რომელშიც იოანე ბატონიშვილის ცხოვრებას აცნობდა მკითხველს, ხოლო "კალმასობას" კი "წარსული საუკუნის სარკეს" ეძახდა.
1861 წელს დიმიტრი გადმოდის თბილისში რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრ-თანამშრომლად. ამის გამო ბევრჯერ მოუხდა სამოსახლო ადგილის გამოცვლა. 1865 წელს დიმიტრიმ ცოლად შეირთო იოსებ ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილის ასული. მათ ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი შეეძინათ.
1866 წელს გამოვიდა გაზეთი "დროება", რომლის დაფუძნებაში დიდი როლი ითამაშა დიმიტრიმ და მისი აქტიური თანამშრომელიც იყო. 1869 წელს დიმიტრი ბაქრაძე შეუდგა საქართველოს ისტორიის წერას. განზრახული ჰქონდა "ისტორიის" გამოშვება ხუთ "რვეულად". "პირველი რვეული" გამოქვეყნდა "დროებაში", მერე კი ცალკე წიგნად გამოიცა. წინასიტყვაობაში ავტორი წერდა: "ჩვენ ჩვენს ენაზე ჩვენი ისტორია არა გვაქვს - ისტორია ისე დაწერილი, როგორც ახლანდელი დრო და საზოგადოება მოითხოვს. ჩვენ არ ვიცით ჩვენი წარსული სვე და ამიტომ გულგრილად შევცქერით აწინდელს". წიგნს მოღვაწეთა ერთი ნაწილი (ა. ფურცელაძე) აღფრთოვანებით შეხვდა, მეორე ჯგუფი კი (ნ. ნიკოლაძე) მეცნიერული კრიტიკით. ისინი თვლიდნენ, რომ ისტორიის წერა ჯერ ნაადრევი იყო. ამან ერთგვარი გავლენა მაინც მოახდინა დიმიტრიზე და შემდეგი რვეულები აღარ გამოუცია. 1873 წელს დიმიტრი ბაქრაძე, მისივე თხოვნით, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ მიავლინა გურია-აჭარაში. ამ მოგზაურობის შედეგია "აჭარა-გურიისა და ჭანეთის აღწერილობა". დიმიტრი თანამშრომლობდა კავკასიის საარქეოგრაფიო კომისიასთან, მონაწილეობა მიიღო "აქტების" ხუთივე ტომის გამოცემაში. ამ ხანებში დაასრულა თავისი კიდევ ერთი კაპიტალური ნაშრომი "კავკასია ქრისტიანობის ძველ ძეგლებში". XIX საუკუნის 70-იან წლებში მეფის მთავრობას ქართული პერიოდული პრესისთვის განსაკუთრებული ცენზორის საშტატო ერთეული შემოუღია. დიმიტრის თვითონ გამოუთქვამს სურვილი, უხელფასოდაც კი ეკისრა ქართული გამოცემების ცენზორობა და 1875-1978 წლებში შესაძლებლობის ფარგლებში არბილებდა ცენზურის შეტევებს ქართულ გამოცემებზე.
1877-1878 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. მათ ხელში, ბერლინის ტრაქტატით, გადავიდა ბათუმისა და ყარსის ოლქები ანუ ძველი სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი. ამან შესაძლებლობა მისცა დიმიტრი ბაქრაძეს, 1879 წელს გაეგრძელებინა სამხრეთ საქართველოს არქეოლოგიური შესწავლა. "ჩვენი მეცნიერი დიმიტრი ბაქრაძე მოგზაურობს ამ ახალ ქვეყნებში და ჩხრეკავს ძველ ნაშთებს, - წერს "დროების" კორესპონდენტი, - სასიამოვნო სანახავია, თითქმის მოხუცებული, მაგრამ მარდი, როგორც თხუთმეტი წლის ახალგაზრდა, როგორ დარბის კლდეებზე, უვალ ალაგებზე. ყველაფერში ეტყობა უფალ ბაქრაძეს, რომ თავის საქმის არშიყია".
1874 წელს ბაქრაძის უშუალო მონაწილეობით ჩამოყალიბდა "კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება", რომლის წევრებიც იყვნენ პ. იოსელიანი, გრ. ორბელიანი, რ. ერისთავი. ამ საზოგადოების თაოსნობით 1881 წელს თბილისში ჩატარდა რუსეთის V არქეოლოგიური ყრილობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რუსეთის და ევროპის ცნობილმა მეცნიერებმა. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბაქრაძის მოხსენება: "ქართული პალეოგრაფია". უცხოელი მეცნიერებისთვის ბაქრაძის წინამძღოლობით მოეწყო ექსკურსია მცხეთაში, ქუთაისსა და გელათში.
თანდათანობით იზრდებოდა ბაქრაძის ავტორიტეტი. არქეოლოგთა ყრილობაზე რუსეთის მეცნიერებმა დიდად შეაფასეს დიმიტრის ნაშრომი. ლუკმაპურისთვის მებრძოლს მხოლოდ ღამისთევით შეეძლო სამეცნიერო მუშაობა. ერთხელ მოსე ჯანაშვილს უკითხავს, - ბატონო დიმიტრი, ამდენი შრომა არ გღლითო? მას კი უპასუხია: - რა ვქნა, წარსული კაცს ისე აყვარებს თავს, ისტორიაში იმდენი კეთილშობილი, მამულისა და ქვეყნის ერთგულებაში გამობრძმედილი პირნი არიან, ისეთი მტიცე ხასიათისანი, თავმდაბალნი, უშურველნი და უმწიკვლონი, რომ მათთვის თვალი ვერ მომიშორებია. მათთან ყოფნა, მათთან საუბარი და მათთან გულის ძგერა მავიწყებს ჩემი ხორცის დაღალვა-ტკივილს, მცირე დროის განმავლობაში მაინც მაშორებს ორპირობითა და ცბიერებით აღსავსე აწმყოს. წარსულის შესწავლა თვალწინ გვიყენებს იმ ხორცით დამიწებულ, მაგრამ სულით აღფრთოვანებულ გმირებს, რომელთაც ხალხის ბედ-უბედობა თავისი მხარ-ბეჭით უტარებიათო.
დიდ მეცნიერულ ავტორიტეტთან ერთად მაღალი ადამიანური თვისებები ხელს უწყობდა დიმიტრის, გამხდარიყო ქართველი ხალხის სახელოვანი საზოგადო მოღვაწე. იგი იყო მეტად თავმდაბალი, მისი წყენა არავის უნახავს. ყველასთვის "გამარჯობა" და ხელი მზად ჰქონდა, გინდაც ვინმე ბოგანო ყოფილიყო. იოსებ დავითაშვილი ამბობდა: - ნეტა ეს რა კაცია, საიდან შეითვისა ეს სიმდაბლე და პატივისცემა. ორჯერ-სამჯერ ჩვენმა ზოგიერთმა მწერალმა თავის ოთახში არ შემიშვა - ჩექმები ტალახიანი გაქვსო. ბაქრაძე კი ამაებს სულ არ უმზერდაო. ერთადერთი, რაც სძაგდა, ეს იყო ქართველი თავად-აზნაურობის ლოთობა, ლაზღანდარობა და ყომარბაზობა. გულნაკლული იყო ქართველ საზოგადოებაზეც: - აქ ჯერ არ არის საზოგადო აზრი გაღვიძებული, საზოგადო საქმეების თანაგრძნობის მნიშვნელობა და სიყვარულიო. დიმიტრი იყო უაღრესად ხელგაშლილი, სამართლიანი. მისი კეთილი ხასიათი საზოგადოებაშიც ცნობილი იყო და თუ სადმე მის მცნობ თუ უცნობ ქართველებში სადავო რამე საქმე გაჩნდებოდა და მედიატორთ უნდა გაერჩიათ, იქ ბაქრაძეს უსიკვდილოდ ამოირჩევდნენ, ხშირად აწუხებდნენ. მას რომ არ მიეღო მონაწილეობა, საქმეები ისე აიწეწებოდა, რომ ბოლოს ჟლეტა-წყვეტით გათავდებოდა. ასეთ დღეში ჩავარდა ქართული სტამბის საქმეც. აქაც რომ დიმიტრი არ ჩარეულიყო, საქმე სისხლით დაბოლოვდებოდა. ბაქრაძემ ყოველივე მოთმინებით გაარჩია. ბოლოს მოდავე მხარეები შინ ვახშამზე მიიწვია და უთხრა: "ჩვენდა საუბედუროდ, მე ქართველებს ყოველთვის იმას ვურჩევ, რომ ნურსად და ნურასდროს ნურას საქმეში ერთად ნუ შეერთდებიან. საცა კი ეს მომხდარა, იქ ყოველთვის საქმე დაფუშულა, ერთმანეთი კინაღამ დაუჟლეტიათ... ამიტომ ისევ ჩვენი მამაპაპური ჩვეულება ვირჩიოთ და ცალ-ცალკე ვიმეცადინოთ. ის, რაც ევროპაში შეერთებულის ძალით უნდა გაკეთდეს, ეს ჩვენში განცალკევებულის თვითოეული პირის მოქმედებით ხერხდება. ვწუხვარ ამაზე, მაგრამ რასა იქმს კაციო".
დიმიტრი ძალზე სტუმართმოყვარე იყო. ყველაზე მეტად ახალგაზრდების წვევა ახარებდა. ზოგს რაიმე წიგნი სჭირდებოდა, ზოგს საქართველოს ისტორიის რაიმე საკითხი აინტერესებდა, სხვებს მისი გაცნობა სურდათ. დიმიტრი დაისვამდა მათ, ესაუბრებოდა, აჩვენებდა ძველ ხელნაწერებს, სიწმინდეებს. თვითონ გლეხის შვილს დიდად ეიმედებოდა გლეხკაცის შვილთა წარმატებისა. ამბობდა: - უნდა ვეცადოთ, რომ ყველა სასწავლებელში ესენი გამრავლდნენ. თუ ეს მოვახერხეთ, მაშინ დაგარწმუნებთ, რომ ჩვენ აღარავის შიში აღარ გვექნება და ბევრს განათლებულს ერს ცხოვრების გზაში მხარდამხარ ჩავუდგებით და გავუთანასწორდებითო. მოსამსახურედ სასკოლო ასაკის ბავშვები ჩამოჰყავდა სოფლიდან, ორ-სამ წელს იმსახურებდა, წიგნს ასწავლიდა, აცმევდა, ახურებდა, პატრონს ფულს აძლევდა და როცა ბავშვი მოიზრდებოდა, ხელობას ასწავლიდა. გრიგოლ ყიფშიძეს "დროების" ფურცლებიდან მიუმართავს დიმიტრისთვის: "დღეს ჩვენ ქართველებში თქვენ გვეგულებით და ხართ კიდეც შემმეცნებელი წარსულის ჩვენის ცხოვრებისა... მაგრამ თითქმის ერთს ვერა ვხედავთ, რომ კვალს ადგეს და თქვენს საგანს სწავლობდეს თქვენივე ხელმძღვანელობითო" და "საინტერესო საუბარს" სთხოვდა. თუმცაღა ასეთ საუბრებს არ აკლებდა დიმიტრი ქართველთ როგორც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამკითხველოში, ისე სხვაგან.
წმინდა ილია მართალს (ჭავჭავაძეს) დიმიტრი ადრევე დაუახლოვდა. "ივერიაში" მის წერილებს განსაკუთრებულ ადგილს უთმობდნენ ხოლმე. 1883 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორი პატკანოვი თავის წერილში ხელაღებით უარყოფდა საქართველოს ისტორიისთვის ქართული წერილობითი წყაროების მნიშვნელობას. ის შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ქართველობას არ გააჩნდა უძველესი ისტორია. პატკანოვის სიტყვას იმდრონდელ მეცნიერულ წრეებში დიდი გასავალი ჰქონდა და მისი უპასუხოდ დატოვება არ შეიძლებოდა. ეს ამოცანა დიმიტრიმ ბრწყინვალედ შეასრულა. გაზ. "კავკაზში" გამოქვეყნებულ წერილში დაამტკიცა, რომ პროფესორი პატკანოვი არ იყო "გულწრფელი მაძიებელი ისტორიული სიმართლისა; რომ იგი არათანაბარი ობიექტურობით ეკიდებოდა სომხურ და ქართულ წყაროებს". ამ მოსაზრებას განამტკიცებდა საფუძვლიანი და დასაბუთებული მსჯელობით. წერილის ბოლოს დიმიტრი საზოგადოებას საქართველოს ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდებდა. ვინც მას ადრე "ძველისძველი ნაშთების მთხრელ-მჩხრეკელს და საფლავის მთხრელს" უწოდებდა, დარწმუნდა, რომ ამ "მთხრელ-მჩხრეკელების" გარეშე ერი ფონს ვერ გავიდოდა და სხვა ტომთა დასაცინი გახდებოდა. ის მოუწოდებდა ქართველობას, შეესწავლათ თავისი ქვეყნის წარსული, შეემუშავებინათ საქართველოს ისტორიის შედგენისთვის მეცნიერული პროგრამა. დ. ბაქრაძის ეს წერილი გამოიყენა წმინდა ილია მართალმა თავის "ქვათა ღაღადში".
დიდი ძალისხმევით მოახერხა დიმიტრიმ და აიძულა საქართველოს ეკლესიის ეგზარქოსი, ეკლესია-მონასტრებში გაფანტული სიძველეების დაცვაზე ეზრუნა. 1888 წელს დიმიტრის თაოსნობით გაიხსნა საეკლესიო მუზეუმი ქართული ისტორიული ძეგლებისა და ხელნაწერების დასაცავად. მ. დუმბაძე სამართლიანად აღნიშნავს: "დიმიტრი ბაქრაძეს სხვა რომ არა გაეკეთებინა რა, დამსახურებული მოღვაწის სახელს მარტო მუზეუმის დაფუძნება მოუტანდა, რომელმაც ათასობით ხელნაწერი და ხელოვნების უიშვიათესი ძეგლი გადაარჩინა. შემდგომი თაობა ყოველთვის პატივისცემითა და მადლიერების გრძნობით წარმოთქვამს მის სახელს".
1888 წელს ივერიაში დიმიტრიმ გამოაქვეყნა საქართველოს ისტორიის პირველი წიგნის პროგრამა. წმინდა ილია მართალი აღფრთოვანებით გამოეხმაურა პროგრამას და აღნიშნა ღვაწლიც მისი ავტორისა, "რომელსაც მადლობელი ერი და დავალებული ქვეყანა თავის დღეში არ დაივიწყებს თვისთა ხელოვანთა კაცთა შორისო". 1889 წელს არქიტექტურული ძეგლების შესასწავლად საქართველოში ჩამოვიდა პროფესორი კონდაკოვი. დიმიტრის მასთან ერთად კვლავ მოუხდა დასავლეთ საქართველოში მოგზაურობა და ეკლესია-მონასტრების სიძველეთა აღწერა. მის მიერ შეგროვილი მდიდარი მასალა საფუძვლად დაედო კონდაკოვთან ერთად შედგენილ წიგნს, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ გამოვიდა. 1890 წელს გამოიცა ბაქრაძის "საქართველოს ისტორიის" პირველი წიგნი, მაგრამ, სამწუხაროდ, მეტი აღარ დასცალდა - ძველი სტილით 1890 წლის 10 თებერვალს ფილტვების ანთებით ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა: "ისტორიის მეორე წიგნი დაწყობილი ჰქონდა და მისი ჯავრი თან გაჰყვა საწყალს, - წერს ზ. ჭიჭინაძე, - და სიკვდილის დროს ისეთ მდგომარეობაში ჩავარდნილა, რომ ერთთავად სულ ლუღლუღებდა და სხვადასხვა ისტორიულ ცნობებს ახსენებდაო".
მთელ საქართველოს მოედო სამწუხარო ცნობა, ყველგან პანაშვიდს იხდიდნენ, ბაქრაძეს ჭირისუფლობა ქართველმა საზოგადოებამ გაუწია და თავისი ხარჯით დაასაფლავა. "მშვიდობით, ჩვენო წყნარო, ჩვენო უწყინარო, ჩვენო თავმდაბალო მოღვაწევ! შენი ცუდი არავის ახსოვს იმიტომ, რომ არა გქონია, შენი კარგი კი ყველას თვალწინ უდგას იმიტომ, რომ კარგის მეტი არა მიგიძღვის რა წინ და არა გრჩება რა უკან", - ემშვიდობებოდა "ივერია" დიდ მამულიშვილს. "დიმიტრი თითქმის მარტოდმარტო შეეჭიდა ამ ორმოცის წლის წინ დიდსა და ძნელ საქმეს ჩვენი წარსულის გამორკვევისა და გამოძიებისა და მარტომ ჰზიდა ეს ტვირთი", - წერდა წმინდა ილია მართალი. 13 თებერვალს მის დაკრძალვაზე უამრავი ხალხი მოაწყდა თბილისს. დელეგაციები ჩამოვიდნენ საქართველოს თითქმის ყველა სამაზრო ცენტიდან. აღნიაშვილისა და სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდებმა "წმინდაო ღმერთოს" გალობით მიასვენეს დიდუბის ტაძარში. დაიწყო წირვა მისი სულის საოხად. მწირველი გახლდათ გორის ეპისკოპოსი წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძე. წირვის შემდეგ ეგზარქოსმა პალადიმ განსვენებულს ანდერძი აუგო, რომლის დასრულებისას სიტყვა წარმოთქვა არქიმანდრიტმა ლეონიდე ოქროპირიძემ: "წარემართე მშვიდობით, პატიოსანო მოღვაწევ და ჭეშმარიტო მამულიშვილო, უკანასკნელსა გზასა შენსა, შეუერთდი მრავალთა შენგვართა საქართველოს შვილთა და აუწყე მათ, რომ ქართველებმა შეიგნეს შენის ნაწერების წყალობით სვე-ბედი თავიანთი სამშობლოსი და ადგიან წარმატების გზას".
ვაჟა-ფშაველა დიმიტრის დაკრძალვას ვერ დასწრებია. "ივერიაში" გამოქვეყნებული წერილით იოხებდა გულს: "მიბოძეთ მეც ნება, უკანასკნელი სალამი მივცე პატიოსან მოხუცს, გულწრფელს ქართველს, დაუღალავ მუშაკს, რომელმაც მკერდ-ხავსიანს საქართველოს წარსულს მოჰფინა ნათელი, რომელმან აღზარდა ჩვენში ეროვნული თავის ცნობა, თავის ვინაობის შეგნება, გაგვიღვიძა იმედი მომავლისა და ჩვენს ფრთებშეკვეცილს ეროვნულ გრძნობას ფრთები შეასხა, განამტკიცა ჩვენს გულებში იმედი. საუკუნოდ იყოს ხსენება შენი, პატიოსანო, დაუღალავის, მადლიანის მარჯვენის პატრონო ქართველო, დიმიტრი".
დაკრძალვაზე დიმიტრისადმი მიძღვნილი ლექსი წარმოთქვა აკაკიმ და მასაც, როგორც დიმიტრი ყიფიანს, "დიმიტრი თავდადებული" უწოდა. უამრავ გვირგვინს შორის გამოირჩეოდა წმინდა ილია მართლის მიერ მიძღვნილი გვირგვინი წარწერით: "საფლავი შენისთანა კაცისა სალოცავია მამულისა". ჭეშმარიტად!