18.07.2018
ცნობილმა ექიმმა ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ გაბედა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს ახალი სახატე შესწირა
კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატე ცინცაძისა და ექიმ ნიკოლოზ გაჩეჩილაძის ახლო ურთიერთობის შესახებ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ცნობა მოგვაწოდა მისმა შვილიშვილმა, ბატონმა გოჩა არონიშიძემ.
-ცნობილია, რაოდენ შევიწროებული და დევნილი იყო გასაბჭოებულ და გაკომუნისტებულ საქართველოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. საყოველთაო დევნისა და შიშის გამო, თვით სიონის კათედრალშიც კი, წირვა-ლოცვას ოციოდე კაცი თუ ესწრებოდა. თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დასვენებული წმინდა ნინოს ჯვრის სახატე დაზიანებული იყო; მას კარედი და მინა აღარ ჰქონდა და ტაძარში შემოსული ზოგიერთი ადამიანი ამ ჯვარს წმინდა ნინოსეულ თმებს - წმინდა ნაწილებს - აწყვეტდა და თან მიჰქონდა. ეკლესიისთვის. სწორედ ასეთ დროს, საყოველთაო ათეიზმის ბობოქრობის ჟამს, კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის მეგობარმა, ცნობილმა ექიმმა ნიკოლოზ გაჩეჩილაძემ გაბედა და წმინდა ნინოს ვაზის ჯვარს ახალი სახატე შესწირა. ამ გზით მან ხელყოფისაგან იხსნა მართლმადიდებელი ერის უდიდესი სიწმინდე. კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ კი მადლიერების ნიშნად მხნედ მორწმუნე და მამულისათვის გულანთებულ ექიმს უბოძა სიგელი, რომელიც შემდეგი ტექსტით დაამშვენა:
,,სიგელი
ბოძებული სრულიად საქართველოს კათოლიკოზ პატრიარქის მიერ ნიკოლოზ მაკარის ძის გაჩეჩილაძისადმი. ქრისტეს მიერ სულიერო შვილო ნიკოლოზ! საქართველოს საკათოლიკოზო სინოდს მოხსენდა წმ. ნინოს ჯვარისათვის სახატის გასაკეთებლად თქვენ მიერ გაღებული შესაწირავის შესახებ.
გიცხადებთ რა საკათოლიკოზო სინოდის მადლობას, მოვიწვევთ თქვენ ზედა ღვთის მადლსა და კურთხევას. უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ, მეოხებითა მოციქულთა სწორის ქალწულისა ნინოსათა, აღგავსოსთ სულიერი სიმშვიდით, ჯანმრთელობითა და დღეგრძელობითა, სადიდებლად ყოვლადწმიდისა სახელისა მისისა და სასახელოდ მშობლით ეკლესიისა. 1934 წლის დეკემბრის 31. # 1663.
სრულიად საქართველოს კათოლიკოზ-პატრიარქი კალისტრატე".