ეს იყო ღვთისმშობლის პირველი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში წამოიღო
13.10.2011
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა კენჭი ყარეს საქადაგებლად. ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად
, მაგრამ რადგან მისი მიძინების ჟამი დგებოდა, მაცხოვარმა უთხრა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა იხმო ანდრია და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი აიღო, პირი დაიბანა და ფიცარი სახეზე მიიდო. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს იყო ღვთისმშობლის პირველი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში წამოიღო. მოციქული, საბერძნეთისა და მცირე აზიის გავლით, "შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების".
გადმოცემის თანახმად, სოფელ დიდაჭარაში დღემდე არსებობს ტაძრის ნანგრევები, რომელიც თავად წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუგია. მაშინ მრავალი ადამიანი მოექცა. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. "დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა". წმინდა მოციქულმა გადაიარა ფერსათის მთა, იქ ჯვარი აღმართა და სოფელ აწყურში მივიდა, აქ მან სასწაული მოახდინა და ამ მხარის გამგებელს ერთადერთი შვილი მკვდრეთით აღუდგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად. ღვთისმშობლის ხატის ძალით მოციქულმა კერპები დაამხო, აწყურში დააარსა ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა. წმინდა ანდრია იქ არ დარGენილა, გაემგზავრა კლარჯეთში, არტაან-კოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.
იერუსალიმიდან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და "დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე", იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ და იქ იქადაგეს ქრისტიანობა. შემდეგ მოციქული ჯიქეთში გაემგზავრა, სადაც არათუ მოუსმინეს მის ქადაგებას, არამედ მისი მოკვლაც კი განიზრახეს. წმინდა ანდრიამ დატოვა იქაურობა და სკვითთა ქვეყანას (დღევანდელი რუსეთის ტერიტორია) მიაშურა.