სიკვდილის წინ დაავიწყდა ევროპული ენები და თავანკარა ქართულით ალაპარაკდა, რაც მანამდე თითქმის არ ეხერხებოდა.
26.05.2018
ვარლამ ჩერქეზიშვილი ცნობილი იყო არა მარტო ჩვენში, არამედ ევროპაში, როგორც მეტად განათლებული მოღვაწე და ანარქისტული მსოფლმხედველობის ერთ-ერთი იდეოლოგი.
ვარლამი დაიბადა 1846 წელს გარე კახეთში, სოფელ თოხლიაურში. ათი წლისა მშობლებმა მოსკოვის სამხედრო გიმნაზიაში მიაბარეს. მას შემდეგ საქართველოში თითქმის არ უცხოვრია. რამდენჯერმე დაატუსაღეს რევოლუციონერობის გამო. ბოლოს გადასახლებიდან, ტომსკიდან ევროპაში გაიქცა და ხელი მოჰკიდა მეცნიერულ და სალიტერატურო მუშაობას.
მისი ანარქისტული წერილები ევროპის ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. ვარლამი თავგამოდებული დამცველი და მომხრე იყო საქართველოს ავტონომიისა, ამას კი იცავდა არა "საერთო სამართლიანობის მიხედვით", არამედ ქართველი ერის ისტორიული უფლებებით. კამათში ყოველთვის მოიხმობდა ჩვენი მეფეების და რუსეთის თვითმპყრობელთა ხელშეკრულებებს. დაიწყო პროპაგანდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციისთვის საქართველოს ავტონომიის შესახებ ჩვენი ერის მოთხოვნის წარსადგენად.
როცა 1905-6 წლებში საქართველოში რუსის დამსჯელი რაზმები დათარეშობდნენ, სამშობლოში ახალდაბრუნებულ ვარლამს ამ ამბების ამსახველი სტატიები გაუგზავნია ამერიკასა და ინგლისში. ამას გარდა დაუწერია დასაბუთებული მემორანდუმი ჰააგის კონფერენციისთვის. ამ ტექსტის ქართულ ვარიანტს მოსდევდა ვარლამის მიერ შეგროვებული 2000 ხელმოწერა. ამ პეტიციას მოჰყვა ეპისკოპოს კირიონის განთავისუფლების მოთხოვნა. რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა სამხედრო პოლიგონის გახსნა გორის მაზრაში და ამიტომ რამდენიმე სოფლის აყრა. ვარლამ ჩერქეზიშვილმა ამის თაობაზეც პეტიცია გაგზავნა ჰააგაში.
მას ცოლად ჰოლანდიელი ქალი ჰყავდა. სამშობლოში 1918 წელს დაბრუნდა, მაგრამ მალევე მოუხდა მისი დატოვება. ის გარდაიცვალა 1925 წელს ლონდონში, 79 წლისა. სიკვდილის წინ დაავიწყდა ევროპული ენები და თავანკარა ქართულით ალაპარაკდა, რაც მანამდე თითქმის არ ეხერხებოდა.