დარეჯან დედოფლის სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო, მას სხვაგვარად "თბილისის საჩინო" ერქვა
19.04.2018
ავლაბარი, თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანია. ისტორიული წყაროების მიხედვით მისი ძველი სახელწოდებაა ისანი.
არქეოლოგიური მასლებიდან ჩანს, რომ ეს ადგილი ძვ. წ. I ათწლეულიდან ყოფილა დასახლებული. XI-XII საუკუნეებში ისანში, საქართელოს მეფეთა სასახლეები, ტაძრები, ბაღები და სავანეები იყო მოწყობილი. XIII საუკუნეების დასასრულისთვის ისანს ეწოდა მეტეხი. სახელწოდება ავლაბარი ჩანს მოგვიანებით, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. ძველი ისანი ჩვენს თვალწინ მეტეხის ტაძრით იშლება, მეტეხის გორაზედ, ისნის უძველეს ზღუდეზე აღმართული დარეჯან დედოფლის სასახლე განსაკუთრებულ მხატვრულ არქიტექტურულ და ისტორიულ ღირებულებას ანიჭებს თბილისის ამ ძველ უბანს, საიდანაც ქალაქის ლამაზი ხედი მოჩანს. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ მეფე ერეკლეს მეუღლეს დარეჯან დედოფალს, ავლაბრის ტერიტორიაზე ძველი ციხის ნანგრევებზე სასახლე და მეფისა და დედოფლის მფარველი წმინდანების წმინდა ერეკლესა და წმინდა დარიას სახელზე (1776 წელს) კარის ეკლესია აუგია. დარეჯან დედოფლის თაოსნობით აშენებული ეკლესია და სასახლე, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებთან ერთად არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ქვის გალავნით არის შემოზღუდული. დარეჯან დედოფლის სასახლე სამეფო საზაფხულო რეზიდენცია იყო, მას სხვაგვარად "თბილისის საჩინო" ერქვა. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრებისას სასახლე და ტაძარი ძლიერ დაზიანდა. ამ დიდი უბედურების შემდეგ, სასახლე და ტაძარი თავის მიმდებარე ნაგებობებითურთ, როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, სახელდახელოდ იქნა აღდგენილი. ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ (1798 წ) დარეჯან დედოფალმა სამშობლოში ყოფნის უკანასკნელი წლები აქ გაატარა. რუსეთის იმპერატორის ბრძანებით, დედოფალი 1803 წელს პეტერბურგში გადაასახლეს. 1807 წელს უცხოობაში მიაბარა სული უფალს სამშობლოს მონატრებით დატანჯულმა დედოფალმა. იგი ალექსანდრე ნეველის ლავრის, ხარების ტაძარში დაკრძალეს. აქვე პოვეს სამუდამო განსასვენებლი ჟამთა სიავისგან სამშობლოს მოწყვეტილმა ბატონიშვილებმაც. მოსე ჯანაშვილის ცნობით, დარეჯან დედოფლის პეტერბურგში გადასახლების შემდეგ, სასახლე ეკლესიითურთ შეიძინა ეგზარქოსმა თეოფილაქტემ და იქ სასულიერო სემინარია და სამრევლო სკოლა გამართა. 1824 წელს ეგზარქოსმა იონამ ტაძარი მაცხოვრის ფერისცვალების სახელზე აკურთხა. მოგვიანებით აქ მამათა მოანსტერიც გაიხსნა. მონასტერში დაცული იყო მრავალი სიწმინდე. მღველი მიხეილ ხელაშვილი აგვიწერს მონასტრის ქონებას და მათ შორის ასახელებს ხის პინაკის ნაწილს, "რომელსა ზედა გარდამოცემისამებრ იესო ქრისტემ აღასრულა საიდუმლო სერობა. პინაკი ესე, როგორც იტყვიან, გარდამოტანილ არს იერუსალიმითგან კონსტანტინოპოლში, ხოლო იქითგან გარდამოტანილ არს საქართველოში". დროთა განმავლობაში ეს სიწმინდეები სხვადასხვა მიზეზით მონასტრიდან გაიტანეს.
XX საუკუნის დასაწყისში მონასტრის საძმოს უმძიმეს პირობებში უხდებოდა ცხოვრება. კათალიკოს ლეონიდესთან გაგზავნილ მოხსენებაში წინამძღვარი ისააკი ამასთან დაკავშირებით დიდ გულისტკივილს გამოთქვამს: "შუაგულ ქალაქში, ჩვენს მაცდურ ხანაში, როცა ცხოვრება იქამდე აქვთ, რომ გამოიჩინონ შნო და უნარი და არც პირობები უწყობთ ხელს, არ არის საკმაო მიწა, რომ დაამუშაონ, არა აქვთ ბაღები, რომ თავიანთი ოფლი შიგ ჩაღვარონ და თავიანთის ამაგით გაჭირვებულებსაც დაეხმარონ"... დეკანოზი ისააკი აღწერს მონასტერში შექმნილ მდგომარეობას და ითხოვს, რომ მონასტრის: "ბერებს მიეცეთ სათანადო ადგილი და საშუალება თავიანთი დიდი მოვალეობის აღსრულებისა, სადაც მათთვის გამზადებულია ფრიადი სამკალი".
ამ დროისთვის, როგორც ერთ-ერთ დოკუმენტშია აღნიშნული, მონასტერს აქვს "ქალაქ თბილისში ქვითკირით შემოზღუდული 1162 საჟენი მიწა, რომელზედაც სხვადასხა დროს აშენებულია ექვსი შენობა". გარკვეული დროის მერე, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები საგრძნობლად შემცირდა. მის კუთვნილ მიწებზე დასახლდა სომხური მოსახლეობა. მონასტერს ჩამოართვეს სათიბები და მის მფლობელობაში მყოფი სხვადასხვა ნაგებობა. 1920 წელს კი მონასტერი გადაკეთდა სამრევლო ეკლესიად, ხოლო აქ მოღვაწე ბერები სხვადასხვა მონასტრებში გადავიდნენ. 1922 წელს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის წმინდა ამბროსის ლოცვა-კურთხევით, მონასტრული ცოხვრება კვლავ აღადგინა.
ძალიან მალე, საქართველოს კვლავ დაუდგა მძიმე ჟამი, კომუნისტური რეჟიმის პერიოდში ფერისცვალების მონასტერი დაიხურა. ეკლესიას საწყობადაც იყენებდნენ, იქ მუზეუმიც იყო, შემდგომში "ერთი მსახიობის თეატრი" დაარსდა და 90-იან წლებამდე თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა.
1990 წლიდან ეკლესია საპატრიარქოს გამგებლობაში გადავიდა და უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აქ დედათა მონასტერი დაარსდა.
ფერისცვალების ტაძარი ბაზილიკური სტილისაა. საკურთხეველი ახლიდან მოიხატა ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ იოსებ ვანიძის მიერ. ტაძარი გადახურულია კრამიტით, დასავლეთის მხრიდან მიშენებული აქვს სამრეკლო.
მონასტრის წინამძღვარია იღუმენია მარიამი (მიქელაძე). მონასტერში მოღვაწე დედათა ძირითადი საქმიანობაა: მთარგმნელობითი საქმიანობა, ხელსაქმე, სამონასტრო ბაღების მოვლა-პატრონობა. 2003 წელს, უწმინდესისი ლოცვა-კურთხვეით გაიხსნა მონასტრის დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა ნინოს სახელობის სასნეული სახლი და მოგვიანებით მოწყალების დების სასწავლებელი. მონასტრის ერთ-ერთ ტერასაზე აშენდა წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ტაძარი.