ახლა რომც მომკლათ, ფიქრი არა მაქვს: მე ჩემს სამშობლოში მოვკვდები და დავიმარხები
13.01.2006
დეკანოზი დიმიტრი ჯანაშვილი წიგნში "ისტორიული და გეოგრაფიული აღწერა ჰერეთისა" მრავალ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს. ჩვენც რამდენიმეს შემოგთავაზებთ:
* ბელაქნის ბოლოს ერთი ეკლესიაა, რომელსაც ლეკები ეძახიან "ნურ ქილისას" - ეკლესია მადლისა. ის ყოფილა დიდად მშვენიერი და გუმბათიანი. შემოვლებულია ზღუდით. ბელაქანში მოვაჭრე სომხებს მისი დაჩემება ჰსურდათ, მაგრამ ტურა ვაჩნაძის შთამომავლებმა - გალაჯოვებმა ნება არ მისცეს. ლეკები მრავალს სასწაულს მოუთხრობენ ამ ეკლესიის შესახებ. ერთ მათგანს სდომებია მისი დანგრევა და კედლების ქვის გაზიდვა სახლის ასაშენებლად. დაუწყია დაშლა, მაგრამ დახუთულა და რამდენიმე დღის შემდეგ მომკვდარა. მეორე ლეკს სდომებია მუხის მოჭრა, რომელიც მის კედლის ძირში ყოფილა ამოსული და უზარმაზარ დიდ ხედ გაზრდილი, და ზედ ეკლესიის კედელზე მისი წაქცევა და დანგრევა ეკლესიისა, მაგრამ არ აჰსრულებია უკეთურს ბოროტი განზრახვა. თუმცა მუხა წახრილი ყოფილა ეკლესიის კედელზე, მაგრამ უკეთურს რომ მოუჭრია, ის უკუღმა, გვერდზე წაქცეულა და გულგახეთქილი და დიდად განცვიფრებული ლეკი შინ დაბრუნებულა, უამბნია ნათესავებისთვის, გამხდარა ავად და მესამე დღეს გამოსალმებია წუთისოფელს.
* ბელაქნის ზემოთ ყოფილა დიდი ეკლესია... ამის ზეით მთის სერს უწოდებენ ბელაქნის მცხოვრებნი "წერეთელთა თახოს". უეჭველია, ის ეკუთვნით თავად წერეთელთ, რომელნიც, როცა აქაურობაში ქრისტიანობა დაღუპულა, აყრილან და იმერეთში გადასახლებულან... "წერეთელთ ტახტად" წოდებულ სერს რომ ჩამოვჰყვეთ და წამოვიდეთ ხევ-ხევ ძირს, ბელაქნისკენ, წინ შემოგვხვდება, შიგ ხევში, კვერნაკი, რომელსაც ძლიერა სცემს ბელაქნის მდინარე, ძირს უთხრის და ანგრევს. ამ კვერნაკზე მონასტერი ყოფილა, მაგრამ აწ აღარ არის ეკლესია, მხოლოდ ნაშთნი სენაკებისა გვარწმუნებენ, რომ აქ ყოფილა წმინდა მამათა სადგური... ამ კვერნაკის პირისპირ, დასავლეთ მხარეს, მდინარის კიდეზე ყოფილა კიდევ სხვა ეკლესია, მაღალს ადგილას აგებული. ამბობენ, ისიც მონასტერი იყოო. ლეკები ეძახიან "მაკავ ქილისა" (კვერნაკის ეკლესია). პატივი, რომელსაც მას ბელაქნელები უყოფდნენ 1850 წლამდე, ნებას არ გვაძლევს დავამტკიცოთ, რომ ის იყო თავადთა სამარხი ეკლესია. მებატონეთა კარის ეკლესიაზე უმეტესი იყო ალბათ, რომ ინგილოების მოქრისტიანებამდე (1850-1863 წლამდე) ბელაქნის მუსულმანები დიდი პატივისცემით და მოწიწებით ეპყრობოდნენ მას... გალაჯოვები ამბობენ, რომ შიგ (ეკლესიაში) მარხებულან მრავალნი წმინდანნიო. 1862 წელს ჰაჯი-მურთაზამ, მაიორმა რუსიის მილიციისამ, თათარმა შთამომავლობით და მაჰმადიანმა სარწმუნოებით, ამ ეკლესიის კედლები დააქცია და მის საფუძველზე ორსართულიანი ბალკონიანი სახლი აიშენა, ხოლო შიგ მყოფი სამარეები დასთხარა და განსვენებულთა მღვდელმონაზონთა, უწყინართა ღვთისმოსავ მონაზონთა ძვლები ამოყარა აკლდამებიდგან და ხრამში გადაყარა. ამისთვის... არც თვითონ დაეყარა კეთილი. 1863 წელს მან მოახდინა შფოთი და არეულობა, მაგრამ დამარცხდა, მთავრობამ დაიჭირა და ციმბირში უკრა თავი ცოლ-შვილიანად. დარჩა მისი სახლ-კარი ოხრად და გატიალებული. თვით ციმბირში მოკვდა, ხოლო მისი ცოლი უკან დაბრუნდა და აწ მარტო გდია ქმრის სახლში დაფლეთილ-დაძენძილი ტანსაცმლით და ულუკმაპუროდ, ყველასგან მოძულებული... შემოვუარე სახლს (მამა დიმიტრის მოუნახულებია ეს ადგილი, - კ.კ.), გავსინჯე საფუძველი ეკლესიისა და გამოვედი დაფიქრებული და გულამღვრეული, მაგრამ იმ რწმუნებით, რომ აქა ყოფილა ლავრა ბელაქნისა, რომელშიაც მოღვაწეობდა პატიოსანი პიმენ სალოსი, რომელიც მოვიდა აქ გარეჯის მონასტრიდან. მასთან ერთად მოღვაწეობდა "დიდი იგი მოღვაწე ანტონ ნაოხრებელიძე, ნათესავით მესხი".
* 1616 წელს შაჰ-აბასმა ორჯერ აღაოხრა ქართლი და კახეთი, აჰყარა კახეთის ხალხი და წარიყვანა სპარსეთს. აი, ამ უბედურების დროს, როგორც ამბობს ხალხის გადმოცემა, შარმაზან ჯანაშვილის ძმებმა კაკელები (კაკი - სოფელია საინგილოში, - კ.კ.) შეხიზნეს ცოლ-შვილიანად ულუბაშის მთაში. აქ დედაკაცებმა გაიკეთეს ალაჩუხები და ჭურჭლის დასაწყობი თაროები, რომელსაც დაარქვეს "შააბაზის კორთე" - თარო და მას აქეთ ამ ალაგს ამ სასაცილო სახელს ეძახიან. მერე მამაკაცები გადაეღობნენ შაჰ-აბასის ჯარს კაკის ბოლოს. რამდენიმე დღე თავგანწირულად ეომნენ მტერს და ისეთი ჭრა-კაფვა, ყალთამი აუყენეს ყიზილბაშთ, რომ მტერი შეძრწუნდა. სოფლის ორღობეებში ისრე უჩეხიათ კაკელებს ყიზილბაშნი, რომ შეშინებული მტერი უკან დაბრუნებულა, სოფლის ბოლოს გასულა და აუკლია და აუოხრებია კაკის არემარენი. კაკელები გამკლავებიან მას სოფლის გარეთაც და რომელი სპარსელისთვისაც კი შემოუკრავთ ხმალი, ჩაუკარაკებიათ, მაგრამ ბოლოს ყიზილბაშთა უმრავლესობას მაინც უძლევია მათთვის... დახოცილა შარმაზანას ექვსი ძმაცა. ამბობენ, ამ ომში ყველა მამაკაცი გასწყდა და დარჩნენ მხოლოდ დედაკაცებიო და სოფელში ფარსაგი კაცი აღარ დარჩა, რომ მამასახლისობა გაეწია. მაშინ გამოსულა დედაკაცი დარეჯანი და კაკელთა მეთავედ გამხდარა. ეს დედაკაცი შეიარაღებული თურმე დადიოდა სოფელში და ამხნევებდა ხალხს. რამდენიმე წელიწადი ის ყოფილა კაკის მამასახლისად და პატრონობა გაუწევია სამშობლოსთვის. იმას კაკელები ეძახიან თათრულად "დარეჯან-ყარა" (შავტუხა დარეჯანი) - კაკის სულთნები თურმე მას ასრე უწოდებდნენ.
* უკანასკნელი ომი გიშის ქართველებს შაჰ-თამაზთან ჰქონიათ. როცა ეს მტერი მოსულა და დაუპყრია ნუხის მაზრის ზოგიერთი ადგილი, მაშინ გიშის თავადები და ბარის ქართველობა გიშში შემოხიზნულან და აქ გამაგრებულან მტრის წინააღმდეგ. მაშინ შაჰ-თამაზიც მოსულა და მოუმწყვდევია ქართველობა გიშის ხეობაში და ძლიერი ომის შემდეგ დაუპყრია გიში... ქართველობას კიდევ უკან დაუწევია კავკასიონის მთებისკენ. ისინი შეხიზნულან გიშის ციხეში, რომელიც სოფელ გიშის ზემოთ, ერთ მთის კალთაზეა აშენებული, ორთა წყალთა შუა. აქ მსხდარან ამ ქვეყნის გამგენი ერისთავნი. დიდხანს ერთმანეთი უჟლეტიათ ქართველთა და სპარსელთა. ქართველების დედაკაცებსაც თავგანწირულად უომიათ ციხიდგან და დიდი ვნება მიუციათ სპარსელთათვის, მაგრამ ბოლოს მტერთა უმრავლესობას უძლევია ქართველნი და უწყალოდ ამოუწყვეტია ყველანი. რადგანაც ამ ბრძოლაში დიდი მხნეობა და მამაცობა გამოუჩენიათ დედაკაცებს, ამისთვის ხსენებულ ციხეს ნუხის თათრები "ყიზ-ყალას" (ქალთ-ციხეს) ეძახიან. ამ ომის შემდეგ თუ სადმე კიდევ დარჩენილან ნუხის მაზრის სოფლებში ქართველები, აყრილან და გადასახლებულან გურჯისტანს (კაკ-ელისენს).
* სოფელ კახს საინგილოში ადრე თორაღა რქმევია. ერთი მოხუცი მღვდელი ხელთ უგდია სულთანს, დიდხანს უწვალებია და მოუთხოვია მისგან, - გვითხარ, სად არის შენახული თქვენი ეკლესიების ნივთეულება და ფული, თორემ მოგკლავთო. მოხუცს წვალებისგან თავი რომ მოჰბეზრებია, უთქვამს, - წამიყვანეთ ჩემს სამშობლოში და იქ გეტყვით, სად არის ეკლესიების განძიო. წამოუყვანიათ... მოსულა თავის მიწა-წყალზე თუ არა, მაგრად შემოხვევია ეზოს ხირხლებს და უთქვამს: ახლა რომც მომკლათ, ფიქრი არა მაქვს: მე ჩემს სამშობლოში მოვკვდები და დავიმარხები. სად არის ეკლესიების სიმდიდრე დამალული, ამას კი არ გეტყვითო. ვერა და ვეღარ მოუშორებიათ იმ ხირხლებისთვის და ამის გამო გაბრაზებულთ და ყელში ბოღმა მომდგარ მაჰმადიანთ ლუკმა-ლუკმა უქცევიათ მოხუცი, ხოლო სოფლისთვის, სასაცილოდ რომ აეგდოთ, სახელი გამოეცვალათ, თორაღასთვის უწოდებიათ კახი, რაც მათ ენაზე ვაშლის ჩირს ნიშნავს: ვითომ ის მოხუცი ისე ავკუწეთ, როგორც ვაშლის ჩირიო.
* ძველად საქართველო ჰერეთში ყოფილა. სულ პირვანდელ ქართველებს იქ უცხოვრიათ. თვრამეტი ძმანი ყოფილან. ეს ადგილი ედემის ბაღივით ლამაზი ყოფილა. ტურფა წალკოტი ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა. რა ნადირი, რა ფრინველი გინდოდა, შიგ არ ყოფილიყო. ანკარა წყაროები მოჩუხჩუხებდა მიწიდან, გინდ ცივი, თუ გინდ თბილი. დუშმანს შეშურებია ქართველი ხალხის კარგი ცხოვრება და ჯარი გამოუგზავნია ჩვენი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად. ჯარს ქვეყანა აუკლია, ხალხი დაუხოცავს. ვინც გადარჩენილა, ცოცხლად დაუმარხავს. წყაროები დაუშრია, ფრინველი და ნადირი გაუწყვეტია, ტყე გაუკაფავს. იმ თვრამეტი ძმიდან ჩვიდმეტი გაქცეულა, წასულა იქ, სადაც ახლა საქართველოა და ახალი ჰერეთი აუშენებია, თავისი ქვეყნისთვის ოთხივე კუთხიდან გალავანი შემოუვლია ისე, რომ შიგ ჩიტი ვერ შეფრინდებოდა. ყველაზე უფროსი ძმა მოხუცი ყოფილა, ვერ უვლია და თავის ქვეყანაში დარჩენილა, ტყეში დამალულა. ომი რომ დამთავრებულა, ტყიდან გამოსულა. მისთვის მტრებს ჰენგალავ (მორჯულებული) შეურქმევიათ და ხელი არ უხლიათ. შემდეგ ის თავისი შვილებით გამრავლებულა და თავისი კუთხისთვის საინგილო უწოდებია. ამ ახალ ჰერეთსა და ძველ ჰერეთს შორის მუდამ კარგი ძმობა-მეგობრობა ყოფილა. იმ ჰერეთის მეფეები ომში წასვლის წინ ამ ჰერეთზე გამოვიდოდნენ, თავის უფროს ძმას ინახულებდნენ და თავს დაალოცვინებდნენ. ეს ჰერეთი და ის ჰერეთი (ახალი) ჭირსა და ლხინში მუდამ ძმები იყვნენ, ერთად იყვნენ, ხომ გაგიგონიათ, ძმა ძმისთვინა და შავ დღისთვინაო, - ასე ამბობენ, ასე სწამთ ინგილოებს.