ქართველები იერუსალიმში შედიოდნენ მაღლა აღმართული ეროვნული ალმებით
ქართველები იერუსალიმში შედიოდნენ მაღლა აღმართული ეროვნული ალმებით
337 წელს ქართლის მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სრულიად ქართლი ქალაქ მცხეთაში, მტკვრისა და არაგვის შესართავთან, მოინათლა. გახარებულმა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქართველებს მრავალი სიწმინდე უბოძა, მათ შორის - გამორჩეული ადგილი წმინდა მიწაზე, იერუსალიმში...

გადმოცემის მიხედვით, ამ ადგილას აბრაამის ძმისწულ ლოთს სამი ხე დაურგავს - სარო, ფიჭვი და ნაძვი. ეს ნერგები სასწაულებრივად შეერთებულან და ერთ დიდ ხედ ქცეულან. როცა ისრაელის მეფის, დავითის ძეს, სოლომონს, იერუსალიმში ტაძრის აგება განუზრახავს, მშენებლობისთვის ეს ხე მოუჭრიათ, მაგრამ მერე იქვე, ღელის ხიდად გამოუყენებიათ. წმინდა გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ხით გაკეთდა ჯვარი, რომელზეც გააკრეს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე. ჯვრის მონასტერი კი იქ ვახტანგ გორგასალმა ააგო V საუკუნეში.

VI-XI საუკუნეებში მონასტერი არაერთხელ დაარბიეს...

XI საუკუნის შუა წლებში პალესტინაში შეიქმნა სამონასტრო ცხოვრების პირობები. იერუსალიმის ახლოს აშენდა ჯვრის მონასტერი, სადაც თავი მოიყარა ქართველთა დიდმა ჯგუფმა. იგი იქცა იერუსალიმისა და მისი სანახების სავანეებში მოსახლე ქართველთა რელიგიური და კულტურული მოღვაწეობის ცენტრად.

გადმოცემა, რომ იქაური ხისგან გააკეთეს ჯვარი, რომელზეც აცვეს ქრისტე, იერუსალიმელ ქართველთა წრეში ადრევე გავრცელდა. ამას მოწმობს ჯვრის მონასტრის დამაარსებლის მინაწერი (1038 წ.) ერთ ხელნაწერზე: "ღირს ვიქმენ მე, გლახაკი და ფრიად ცოდვილი გიორგი-პროხორე, სახელად ოდენ მღდელი, ხოლო საქმითა არა ღირსი, რომლითა შემძლებელ ვიქმენ უძლურებითა და სიგლახაკითა ჩემითა აღშენებად წმიდისა ამის ცხოველსმყოფელისა ჯუარისა ადგილისა". ჩვენთვის საინტერესო საკითხზე ესაა უძველესი წერილობითი ცნობა ქართულ წყაროებში. დასავლურ წყაროებში იგი ცნობილია XII საუკუნიდან. კარგად იცნობენ მას სლავი მოღვაწენიც. უთუოდ ამ გადმოცემამ შეუწყო ხელი ჯვრის მონასტრის პოპულარობას; იგი პალესტინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდედ ითვლებოდა და მრავლად იზიდავდა პილიგრიმებს, რომელთა ჩანაწერებში უხვად ვხვდებით ცნობებს პალესტინელ ქართველთა ცხოვრება-მოღვაწეობაზე.

ტიმოთე გაბაშვილი თავის "მიმოსვლაში" წერს: "უკეთუ გენებოს ცნობად, თუ ქართველნი ვითარ იპყრობდნენ იერუსალიმს, ესრეთ ვპოვენით მუნ წერილთა შინა. რამეთუ პირველი ქრისტიანე ქმნილი მეფე საქართველოსა მირიან ხოსროიანი ნინოს მიერ წარმოვლენილ არს, მეფე კონსტანტინე უხილავს და იერუსალიმად მისრულ არს და ჯვარისა მონასტრის ადგილი მას უშოვნია. რამეთუ ესე არს ადგილი იგი, რამეთუ ლოთ სამი ხე - სარო, ფიჭვი და ნაძვი - დანერგვა სასწაულად, უკეთუ მიეტეოს ცოდვა იგი, და სამივე ერთ ხე დიდ აღმოხდა. ამისა შემდგომად მოსჭრა იგი სოლომონ შენებასა ტაძრისასა, არამედ უქმად გამოჩნდა სახმარება მისი მუნ, და მდებარე იყო საჯდომად კაცთა გარე. ხოლო ჯვარცმასა უფლისასა, განგებითა ზენათათა, მას ზედა აცვეს უფალი. რამეთუ მონაკვეთი ხისა მის ძირი ქვეშე წმიდისა ტრაპეზისა დღესამომდე ჩანს. ხოლო ამისა შემდგომად სულიერი ვინმე მონაზონი შავთელი, სახელად პროხორე, მოსრულ არს მონასტერსა და ლავრასა წმიდისა საბასსა დაყუდებულა. და მეფესა საქართველოსასა ბაგრატ კურაპალატს საფასე დიდძალი წარმოუცემია ღირსისა პროხორესათვის, რათამცა ჯვარის მონასტერი აღაშენა, და მას აღუშენებია ჯვარის მონასტერი შესაკრებად ქართველთათვის".

თავის დროზე ამ წმინდა ადგილის ქართველთათვის დასამტკიცებლად ფრიად უღვაწია დიდ ქართველ ხელმწიფეს ვახტნაგ გორგასალს.

"წმინდა პროხორეს ცხოვრებით" - ნათესავით ქართველი, შავშელი დიდგვაროვანი პროხორე ადრევე წავიდა კლარჯეთს და წყაროსთავის მონასტერში თავის ძმასთან დამკვიდრდა. "შეიმოსა სახე მონაზონებისაი" და "აკურთხეს ხუცად". მომდევნო ხანაში მას პალესტინაში ვხედავთ, საბას ლავრაში, სადაც გაატარა "წელნი მრავალნი", შემდგომ "მახლობელად იერუსალემს, დასავლით კერძო... აღაშენა და განასრულა და შეამკო ეკლესიაი ყოვლითა სამკაულითა", შემოიკრიბა მოღვაწენი, რომელთაც განუჩინა წესი და კანონი "მსგავსადვე წმიდისა საბაის ლავრისა". მანვე იერუსალიმში ააშენა ქსენადუქი (სასტუმრო). როდესაც "სრულ-ყო ესე ყოველი", დაუძლურდა, სიბერე ეწია. დატოვა "ჯუარისა მონასტერი" - ერთ-ერთი მოწაფე (გიორგი) დაადგინა მამასახლისად, ხოლო თვით ორი მოწაფითურთ წავიდა "უდაბნოსა არნონს", სადაც "შედგომად მცირედისა ჟამისა", 1066 წელს, გარდაიცვალა.

საინტერესოა აღინიშნოს, რომ წმინდა პროხორე მონასტრის დაარსებისთანავე ზრუნავდა არა მხოლოდ ცალკეულ თხზულებათა გადაწერაზე, ახალი ხელნაწერების დამზადებაზე, არამედ პალესტინის გამოჩენილ მოღვაწეთა "ცხოვრებათა" კრებულის შედგენაზე. სწორედ მისი თაოსნობით გაჩნდა "პალესტინის პატერიკის" ქართული ნუსხა, რომელიც ლონდონშია დაცული.

ჯვრის მონასტერში გახშირდა ხელნაწერთა გამრავლება. გადაიწერა პარაკლიტონი, ოთხთავი, ჟამნი.

XI ს-ის 60-იანი წლების მოღვაწე უნდა იყოს "პროხორეს ცხოვრების" ავტორი უცნობი ქართველი მწიგნობარი. ამ ძეგლის მნიშვნელობა პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიისა და იერუსალიმელ ქართველთა კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესასწავლად ძალზე დიდია.

XI ს-ის II ნახევარში, 1066 წლის ახლოს, ჯვრის მონასტერში დამზადდა სვინაქსარი.

სავანეში გაშლილი მწიგნობრულ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად წმინდა პროხორეს მიერ დაარსებული წიგნსაცავი სწრაფად გაიზარდა. საგულისხმოა, რომ იგი მდიდრდებოდა არა მხოლოდ ადგილზე, არამედ სხვა ქართულ კერებში გადაწერილი წიგნებითაც. ჯვრის ხელნაწერთა კოლექცია ამჟამად ძირითადად იერუსალიმშია, ნაწილი კი ინახება სინას მთაზე.

ჯვრის მონასტერი გადაურჩა ლათინებს. ეს განაპირობა საქართველოს პოლიტიკურმა აღმავლობამ და ჩვენი წინაპრების თავგანწირულმა ბრძოლამ მაჰმადიანთა წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა თურქ-სელჩუკთა თუ სხვათა ძალების შესუსტება და საქართველოს ავტორიტეტის ზრდა საერთაშორისო არენაზე.

ჯვაროსანთა პირველმა ლაშქრობამ გარკვეული გავლენა მოახდინა ქართველთა ცხოვრებაზე როგორც იერუსალიმში, ისე საკუთრივ საქართველოში.

ჯვაროსანთა წარმატებამ ხელი შეუწყო დავით აღმაშენებლის გაძლიერებას, ხოლო, თავის მხრივ, ქართველთა ბრძოლა მაჰმადიანურ სამყაროსთან ჯვაროსნებისათვის მხარდაჭერასა და დახმარებას წარმოადგენდა. საგულისხმოა ფრანგი გოტიეს აღტაცება დიდგორის ომში (1121 წ.) ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვების გამო. მართლაც, დიდგორის ომში ქართველთა გამარჯვება ჯვაროსნებისათვის დახმარების გაწევასაც ნიშნავდა. საქართველოს გამარჯვება განმათავისუფლებელ ომში, რომელსაც თურქ-სელჩუკთა ძალების შესუსტება მოჰყვა, ხელს უმართავდა ჯვაროსნებს ახლო აღმოსავლეთში. ამიტომაც ჯვაროსანთა თავკაცები საქართველოს თავის მოკავშირედ მიიჩნევდნენ და მასთან დაახლოებას ცდილობდნენ. დავით აღმაშენებლის საარაკო ბრძოლა მაჰმადიანთა მპყრობელობისაგან სამშობლოს დაცვისა და გაძლიერებისათვის ლეგენდად იქცა ჯვაროსანთა შორის.

დავით აღმაშენებელი არა მარტო მაჰმადიან მტრებს ებრძოდა, არამედ, საერთოდ, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ახლო აღმოსავლეთს. მას ამოძრავებდა როგორც სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური, ისე კულტურულ-საგანმანათლებლო მიზანი - ქართველთა უფლებების დაცვა-წარმოჩენა წმინდა მიწაზე. მისთვის სავსებით ნათელი იყო, თუ რაოდენ დიდი კულტურულ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთში არსებულ ქართულ საეკლესიო კოლონიებს. მემატიანის ცნობით, დავითმა "ლავრანი და საკრებულონი და მონასტერნი არა თვისთა ოდენ სამეფოთა, არამედ საბერძნეთისნიცა, მთაწმიდისა და ბორღალეთისანი, მერმეცა ასურეთისა და კვიპრისა, შავისა მთისა, პალესტინისანი, აღავსნა კეთილითა, უფროსღა საფლავი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი". ქართველთა სავანეში სამონასტრო ცხოვრება გამოცოცხლდა. ყოველივე ეს იყო ბუნებრივი შედეგი დავით აღმაშენებლის მზრუნველობისა და მშვენიერი დემონსტრაცია საქართველოს პოლიტიკური ძლიერებისა.

XII ს-ის დამდეგიდან მოგვეპოვება ორი არაქართული მოღვაწის ცნობები ჯვრის მონასტერზე. 1102-1103 წლებში ჯვარი ინახულა, ეკლესია, დაზიანებული სენაკები და მინაშენები დაათვალიერა მოგზაურმა ზევულფმა. რუსმა მოღვაწემ დანიელ წინამძღვარმა, რომელიც 1106-1108 წლებში იყო იერუსალიმში, ჯვარი ნახა აღდგენილი, განახლებული და მოხატული.

ეს მოღვაწენი აღფრთოვანებით წერდნენ ჯვარზე, საგანგებოდ წარმოაჩენდნენ მის სიდიადესა და სილამაზეს, ტაძრის დიდებულ მოხატულობას.

საქართველოდან მიღებული შეწირულობებით აღდგენილ-განახლებულ სავანეში მომრავლდნენ მწიგნობრები. გადმოცემით (ტ. გაბაშვილი, თ. ბაგრატიონი), ამ პერიოდში ჯვარში მოღვაწეობდა ცნობილი მწერალი და მოაზროვნე არსენ იყალთოელი, მოძღვარი, აღმზრდელი და მასწავლებელი დავით აღმაშენებლისა. ის "დავით აღმაშენებელმან წარავლინა დიდითა საფასითა და წარსაგებელითა და მრავლითა ძვირფასითა ნივთითა იერუსალიმად შესაწირავად წმიდათა მათ ადგილთა. მიიწია ესე, განაახლა და განამშვენიერნა ჯვარის მონასტერი და სხვანი წმიდანი მონასტერნი ქართველთანი და ყოველთა მათ წმიდათა ადგილთა განმამდიდრებელი, აღმაშენებელი და შემამკობელი მოიქცა საქართველოდვე".

ჯვაროსანთა ბატონობა იერუსალიმში დიდხანს არ გაგრძელებულა. XII ს-ის 70-იანი წლებიდან ახლო აღმოსავლეთში ეგვიპტის, სირიის ნაწილისა და მესოპოტამიის შეერთების შედეგად შეიქმნა ერთი მძლავრი სახელმწიფო, რომლის ცენტრი ეგვიპტეში იყო. ჯვაროსნებს, ნაცვლად ცალკეული სამთავრო-საამიროებისა, დაუპირისპირდა დიდი სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ალ-აიუბ სალაჰ ად-დინი (სალადინი) ედგა (1171-1193). გაძლიერებულმა სულთანმა დაისახა სირია-პალესტინიდან ჯვაროსნების გაძევება. სალადინის გაძლიერება მძიმე და საშიშ მდგომარეობას უქმნიდა იერუსალიმელ ჯვაროსნებს და აიძულებდა მათ თავდაცვისთვის ეზრუნათ, რაც, თავის მხრივ, იწვევდა გადასახადების ზრდას. იერუსალიმის მეფის ბალდუინ IV-ის (1173-1185) მიერ დაწესებული ყოველწლიური გადასახადები ჯვრის ტაძარსაც მძიმედ დააწვა. ბალდუინმა ჯვარს ზვრების ნაწილიც კი წაართვა.

სალადინმა დიდძალი ჯარით 1187 წელს აიღო იერუსალიმი. ქრისტიანობა კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა...

მაჰმადიანთა გარემოცვაში მოხვედრილ ჯვრის მონასტერს ქართველი მოღვაწენი შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ამ დახმარებამ განსაკუთრებული სახე მიიღო თამარის (1184-1213) მეფობაში. XII ს-ის ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების თვალსაჩინო წარმომადგენელი, ცნობილი მწერალი ნიკოლოზ გულაბერისძე თამარის გამეფების წინა წლებში ყოფილა იერუსალიმში. იგი დაახლოებით 1150-1178 წლებში ქართულ ეკლესიას მეთაურობდა, შემდეგ "სიმდაბლისა ძალით ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან" და წავიდა იერუსალიმს, სადაც დარჩა 1184 წლამდე, ვიდრე თამარმა არ "აღმოუწოდა წმიდით ქალაქით". როგორც ჩანს, 1178-1184 წლები მან იერუსალიმში გაატარა და ჯვრის მონასტრის სასარგებლოდ გარკვეული ნაბიჯები გადადგა: მონასტრისეული ვენახი დაიხსნა - "უკუმოისყიდა" და სხვა დახმარებაც აღმოუჩინა. არ არის გამორიცხული, რომ ნიკოლოზ გულაბერისძე იერუსალიმში მწიგნობრულ-შემოქმედებით საქმიანობასაც ეწეოდა.

XV ს-ში ქართული სამეფო-სამთავროების მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო. ქართველებს ენერგიული ბრძოლის წარმოება უხდებოდათ მოძალებულ მაჰმადიანურ ბრბოებთან, განსაკუთრებით თურქ-ოსმალთა ლაშქართან. მას შემდეგ, რაც გაძლიერდა თურქეთი და 1453 წელს კონსტანტინოპოლიც დაეცა, ქართველთა სამკვიდრო მაჰმადიანთა გარემოცვაში მოექცა. საქართველოში გაჩაღდა ბრძოლა ქართული სამეფო-სამთავროების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის, ამიტომ იერუსალიმისათვის თითქმის ვეღარ იცლიდნენ, დახმარება იქაური ქართული კოლონიისადმი ადრინდელი ძალისა აღარ იყო. გაჭირვებამ, სამშობლოსთან მიმოსვლის გაძნელებამ და გულუხვ მლოცველთა შემცირებამ უცხოეთში არსებული ყველა ქართული მონასტერი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო და არსებობის უმთავრესი წყარო მოუსპო. მაჰმადიანთა ურდოების მოწოლით თავმობეზრებული ქართველობა მაინც ცდილობდა ძველ ნაგებობათა შენარჩუნებას, ქართველთა უფლებების დაცვას და პრეტენზიების საფუძვლების წარმოჩენას. იერუსალიმის ქართულ სიძველეთა დაცვა ქართველთათვის წარმოადგენდა ეროვნული სარწმუნოებისა და ეროვნული ღირსების დაცვას.

საგულისხმოა, რომ ქართველები იერუსალიმში ამ ხანაშიც სარგებლობდნენ პრივილეგიებით, რასაც საგანგებოდ აღნიშნავდა ბევრი მოგზაური. მათი ცნობით, ქართველები იერუსალიმში შედიოდნენ მრავალრიცხოვანი ჯგუფებით, მაღლა აღმართული ეროვნული ალმებით, სარგებლობდნენ გარკვეული უფლებებით. როგორც ჩანს, "დაკნინებისა და დაქვეითების მიუხედავად, საქართველოს საერთაშორისო დამოკიდებულებასა და მეზობლობაში სახელი და მნიშვნელობა, თუმცა შემცირებით, მაგრამ მაინც შენარჩუნებული ჰქონდა და მას ანგარიშს უწევდნენ შორეულ ქვეყნებშიაც კი".

XVI ს-ის დამდეგიდან შეინიშნება იერუსალიმელ ქართველთა გააქტიურება, იწყება ბრძოლა დაკარგული სავანეების დაბრუნებისა და შელახული უფლებების აღდგენისთვის, გახშირდა პილიგრიმობაც.

XVI ს-ის დამდეგს იერუსალიმში მზეჭაბუკ ათაბაგმა წარგზავნა კალიგრაფი და მხატვარი ამბროსი. მან გადაწერა ოთხთავი. მის მიერ შესრულებული მინიატურები, მიუხედავად დაზიანებისა, წარმოაჩენს მხატვრის ოსტატობას. ამბროსიმ წვლილი შეიტანა ჯვრის მონასტრის სამეურნეო ცხოვრებაში. შემონახულია ჯვრის აღაპი, რომელიც გვაცნობს როგორც ამ წვლილს, ისე სამხრეთ საქართველოს გამოჩენილი ფეოდალური სახლის - სამცხის ათაბაგთა ოჯახის ზრუნვას იერუსალიმის ქართულ სავანეებზე.

1512 წელს იერუსალიმში ჩავიდა ბეენა ჩოლოყაშვილი. ადრე იგი მოღვაწეობდა, კახთა მეფის ავ-გიორგის (1511-1513) კარზე. ბეენამ თავგამოდებით დაიწყო ბრძოლა უცხოელთაგან მიტაცებული ქართული სიძველეების დაბრუნებისა და რესტავრაციისათვის. ჯვრის მონასტრის ერთი ხელნაწერის ცნობით, ბეენამ სომხებს დავა გაუმართა იაკობის ტაძრის გამო, კათოლიკეებს გოლგოთა დაატოვებინა და ქართველებს ძველი კუთვნილება დაუბრუნა. ასევე საინტერესოა მინაწერი კრებულზე: "ქრონიკონსა სბ [=202+1312=1514] შეიკაზმა და ამა კუირასა, დღესა სამშაბათსა, მეორესა ჟამსა ღამისასა შევაბი აღდგომისა კარნი ნებითა ღმრთისათა". ყურადღებას იპყრობს არა მხოლოდ აღდგომის ეკლესიისათვის კარის შებმა, არამედ ამ სამუშაოს ღამით შესრულებაც. ჩანს, ისე დიდი იყო სურვილი ძველი ქართული სავანეების დაბრუნებისა თუ ცნობილ ტაძრებზე უფლებების აღდგენისა, რომ ქართველი მოღვაწენი ღამით მუშაობასაც არ ერიდებოდნენ. ბეენა სხვა სავანეებსაც აქცევდა ყურადღებას, მფარველობდა იქაურ ქართველობას, ენერგიულად იღვწოდა შელახული ღირსების დაცვა-აღდგენისათვის.

იერუსალიმში ქართველთა ხშირი ჩასვლა, მათი ზრუნვა ჯვარსა და სხვა სავანეებზე, ძველ უფლებათა აღდგენაზე, ძველ ხელნაწერთა ბედზე საკმაოდ შესამჩნევი იყო. აღნიშნულის შესაბამისად ქართველებს იქ პატივს სცემდნენ, მათ ჯერ კიდევ შენარჩუნებული ჰქონდათ ზოგიერთი პრივილეგია, რითაც განსხვავდებოდნენ სხვა ქრისტიანთაგან. ამაზე საგანგებოდ წერდნენ უცხოელი მოღვაწენი: ქართველები გაშლილ-აფრიალებული ეროვნული დროშებით, საზეიმოდ მორთულ-მოკაზმულ აქლემებსა და ცხენებზე მსხდომნი, თავისუფლად, ბაჟის გადაუხდელად, შედიოდნენ იერუსალიმში. მაგრამ ქართველთა მდგომარეობა მალე გართულდა, ქართულ სავანეთა შენარჩუნება კიდევ უფრო გაძნელდა. მას შემდეგ, რაც პალესტინა თურქ-ოსმალებმა დაიპყრეს (1516 წ.), მათ ხელში აღმოჩნდა იერუსალიმი და მისი სანახები, ქრისტიანული ტაძრები მათი შემოსავლის წყაროდ იქცა. მათი დახმარებით ქართულ სავანეებს თანდათანობით დაეუფლნენ ბერძნები, რომლებიც ავიწროებდნენ ქართველებს. ჩვენს თანამემამულეებს სამშობლოდან დახმარება აკლდათ, დაკისრებული გადასახადის დაფარვა გაუძნელდათ, ვალი დაედოთ. ამის გამო ჩვენი ზოგიერთი ტაძარი კათოლიკეებმა ჩაიგდეს ხელში.

სირია-პალესტინის მმართველი თურქი ფაშები ძალზე უმოწყალოდ ძარცვავდნენ პილიგრიმებს. მათ დიდი გადასახადი შეაწერეს ქრისტიანულ ტაძრებსა და მათ კრებულებს (ეს გადასახადი გვიან ხანამდე იკრიფებოდა). ადრე შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფ ბერძნებსაც გაუჭირდათ; ამის გამო იერუსალიმის მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობლის - პატრიარქის რეზიდენცია (XVII ს-ის დასაწყისში) კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. შექმნილმა ვითარებამ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ჯვრის სავანეც. ამან კი, თავის მხრივ, შეაშფოთა ქართველები.

ჩვენს საისტორიო მწერლობაში, აგრეთვე სამეცნიერო ლიტერატურაში კარგა ხანია ტრიალებს ცნობა XVI ს-ში იერუსალიმში ქართველთა შესვლისა და წმინდა ადგილების ხმლით განთავისუფლების შესახებ. "ახალი ქართლის ცხოვრება" მოგვითხრობს: "წარმოუგზავნა კაცი ხონთქარმან მეფეს გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა ბაგრატს, და მპყრობელსა კახეთისასა ლევანს, ვითარმედ: "საფლავი ქრისტესი და ადგილნი წმიდათანი სჯულისა თქუენისანი დაიპყრეს უსჯულოთა და შეაბილწეს, მოვედით სპითა თქუენითა და განაძეთ ესენი და თქუენდა მიმიცემიაო". ხოლო, რა ესმა მეფესა გიორგის, და მპყრობელსა იმერეთისასა და კახეთისასა, და ყოველთავე მორჩილთა ბრძანებისა მათისასა, განიხარეს და შეიპყრეს სპა და გაემართნენ. და რა მივიდნენ იერუსალიმსა და ესმა მუნა-მყოფთა მისვლა ამათი, წარმოუგზავნა კაცი და ესრეთ შემოუთვალა: "უკეთუ სტუმარი ხართ, მაშ, მტრობა რა არისო, და სტუმრად ბევრნი ხართო, და უკეთუ ბრძოლად მოსრულხართ, მცირენი ხართო". ხოლო ამათ მიუმცნეს ბრძოლად მისვლა. რა ესმა მათ საქმე ესე, გამოვიდნენ და ეწყუნენ ურთიერთას და იქმნა ბრძოლა ძლიერად. და მოსცა ღმერთმან ძლევა ქართველთა და საფლავმან ქრისტესმან და გაემარჯვათ. და მეოტნი შევიდნენ ქალაქსა შინა და გაამაგრეს. ხოლო მიჰყვნენ ქართველნი და აართვეს ციხე და ქალაქი და მოსრნეს მუნა-მყოფნი მრავალნი ყოველნივე და განათავისუფლეს ქრისტეს საფლავი და ყოველნი წმიდანი ადგილნი და მიუმცნეს ხვანთქარსა საქმე ესე და წარმოუგზავნა ხალათი და წყალობა მრავალი: და მოსცა ქრისტეს საფლავი, გოლგოთა, ბეთლემი, ჯუარის მონასტერი და სხუანი მონასტერნი ყოველნივე ხონთქარმან მათ სიგლითა მტკიცითა. ხოლო განიხარა მეფემან გიორგი და ბატონმა ბაგრატ და ლევან და წარმოვიდნენ თვისსა ადგილსა და მოვიდნენ მშვიდობით გამარჯუებულნი და განიხარეს".

XVI ს-ის უკანასკნელ მეოთხედში ქართველებს იერუსალიმელ ქრისტიანთა შორის ჯერ კიდევ საპატიო ადგილი ეჭირათ. ამას ერთხმად ადასტურებენ უცხოელი მოღვაწენი.

გერმანელი მისიონერის ს. შვაიგერის (1551-1622) წიგნში, რომელშიც, სხვათა შორის, პირველად დაიბეჭდა ქართული (ნუსხური) ანბანი, საგანგებოდაა წარმოჩენილი ქართველთა უფლებამოსილება იერუსალიმში; პოლონელმა მოგზაურმა ნ. რაძივილმა (1549-1616) ხაზგასმით აღნიშნა "კათოლიკეთა და ყოველთა აღმოსავლეთის ეკლესიისა ქრისტიანეთა დიდი პატივისცემა" ჯვრის ტაძრისადმი; ქ. ჰარანტის ცნობით, ქართველებს იერუსალიმში მძლავრი კოლონია ჰქონდათ. ჩეხმა მოგზაურმა შენიშნა, რომ ქართველები "დღესასწაულის დღეებში დიდი რაოდენობით პილიგრიმობდნენ ქალაქში".

XVII ს-ში ქართველთა ყურადღება იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი გაიზარდა, დახმარება ჯვრის სავანისადმი უფრო შესამჩნევი გახდა. ქართველები ცდილობდნენ მეტი დახმარება აღმოეჩინათ ჯვრისათვის (ასევე სხვა სავანეებისათვის) საქართველოში ბეგრის აკრეფითა თუ იერუსალიმში შეწირულობის წარგზავნით. ქართველ მოღვაწეთა დასმა კონკრეტულ და უპირველეს მიზნად დაისახა სხვათა ხელში გადასული სავანეების დაბრუნება, ძველ ნაგებობათა აღდგენა, დაგირავებული ნივთების დახსნა, ძველი უფლებების (თუნდაც ნაწილობრივ) აღდგენა და მთელი თავისი საქმიანობა ამ მიზნის მიღწევისაკენ წარმართა. აღსანიშნავია ის დახმარება, რომელიც ქართულმა კოლონიამ მიიღო გურიიდან მამია II გურიელის (1600-1625) ზეობაში, ან ის უხვი შეწირულობა, ჯვარს რომ მიუვიდა ბაადურ და გარსევან ჩოლოყაშვილებისაგან მაკარის წინამძღვრობის ჟამს (XVII ს-ის 30-იან წლებში). მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. საჭირო იყო ენერგიული ხელმძღვანელი. ასეთ მეთაურად იერუსალიმის ქართველობას მოევლინა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი (1585-1659 წ.წ.), ძე ომანისა, ძმა გამოჩენილი სარდლის, "ომანიანის" ავტორის, ქაიხოსროსი. განათლება მიიღო რომში, სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა კახეთში (თეიმურაზ პირველთან), იმერეთში (ალექსანდრე მეფესთან), სამეგრელოში (ლევან დადიანთან) და ა.შ. მოიარა ევროპის ბევრი ქვეყანა. 1614-1626 წლებში ცხოვრობდა იერუსალიმში. 1643-1649 წლებში კვლავ იერუსალიმში იყო, ამჯერად უკვე ჯვრის მამად. სწორედ ამ წოდების ფლობისას გამოიჩინა თავი და სრულად გამოავლინა თავისი ორგანიზატორული ნიჭი, რითაც დიდი სახელი მოიპოვა და რის გამოც პატრიარქმა გარდაცვალების წინ (1645 წ.) თავის მემკვიდრედაც კი დაასახელა.

ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მოღვაწეობის ჟამს ჯვრის მონასტერს ბევრი ქართველი დაეხმარა: იმერთა მეფეები გიორგი (გარდ. 1639 წ.) და ალექსანდრე III (1639-1660), ვახტანგ გურიელი და ქაიხოსრო წულუკიძე, ევდემონ ჯაიანი... განსაკუთრებით დაეხმარა იერუსალიმელ ქართველობას ლევან დადიანი (1611-1657). მისი წვლილი ერთობ დიდი იყო; მისი შეწირულობა შესაფერისად გამოიყენა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა აღმშენებლობით საქმიანობაში.

ნიკოლოზ (ნიკიფორე) ჩოლოყაშვილის თაოსნობით ჩატარებულ აღმშენებლობით საქმიანობას ჯვრის ტაძრის არაერთი წარწერა ადასტურებს, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერთი სვინაქსარის მინაწერი: "დავახატვინეთ ჯვარის გუმბათი და კედლები, და სახლები, და გალავანი დაქცეული გავაკეთეთ და საკურთხეველი მოვფიქლეთ, ოდეს მისჭირებოდა მონასტერსა. სამცხე თურქთ დაიჭირეს და გაათათრეს, კახეთი და ქართლი სპარსთა დაიჭირის. მას ჟამსა მომხვდა მე ცოდვილსა ჯვარის მამობა, და მიიცვალა ამიერ სოფლით სანატრელი დედოფალი ნესტან-დარეჯანი, თანამეცხედრე ხელმწიფისა დადიანისა ლეონისა, რომელმაც წარაგო მისთვის ყოველივე... და მე ჯერჩინებითა მას ხელმწიფისათა ესრეთ შევამკევ რომელ სრულიად საბერძნეთი და არაბისტანი გაკვირდა".

XVII ს-ის II ნახევარში ქართველთა სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ძნელბედობის გამო პილიგრიმობა იერუსალიმში შემცირდა, მაგრამ არ აღკვეთილა. ამ პერიოდში არაერთი ქართველი ეწვია იერუსალიმს. ცნობილი მოღვაწენი მატერიალურად ეხმარებოდნენ ჯვრის მონასტერს. სავანეს განსაკუთრებული დახმარება გაუწია ქართლის მეფემ, გიორგი XI-მ (1678-1688, 1703-1709) - ვალისგან იხსნა ჯვრის ტაძარი.

იერუსალიმის საპატრიარქო ჯვრის, უფლის საფლავისა თუ სხვა სავანეთა შემწეობით საქართველოდან რიგიან შემოსავალს იღებდა. იგი ყმა-მამულს ფლობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იერუსალიმის ჯვრის მეტოქს წარმოადგენდა თბილისში ჯვარისმამა, რადგან იქ იჯდა მამა, რომელსაც ქართველთაგან ნიშნავდნენ ქართველი მეფე-კათოლიკოსები. ის იღებდა, აგროვებდა შეწირულებას და უგზავნიდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერს.

რადგან პოლიტიკური ვითარების გართულების გამო დახმარება-შეწირულობამ იკლო, ჯვრის წინამძღვრები საკალმასოდ ჩამოდიოდნენ გურიაში, იმერეთში და ა.შ. ამითვე აიხსნება ის ფაქტი, რომ XVII ს-ში იერუსალიმის ოთხი პატრიარქიდან სამი ეწვია საქართველოს. ერთი მათგანი, დოსითეოსი (1669-1709), თავგამოდებით ებრძოდა კეთოლიკეებს, აკავშირებდა მართლმადიდებლებს, მოგზაურობდა და აგროვებდა შეწირულობას, ისტუმრებდა ვალებს და ა.შ. იგი ცნობილია მწიგნობრობითაც. საყურადღებოა მისი "იერუსალიმის პატრიარქთა ისტორია", რომელშიც გამოყენებულია ბაგრატ მესამის "აფხაზთა ისტორია".

XVIII ს-ში ქართველთა გავლენამ იერუსალიმში საგრძნობლად იკლო; ქართველ მეფე-დიდებულთა დახმარება იერუსალიმის ქართული კოლონიისადმი ძველებურად ეფექტიანიი აღარ იყო, ქართულ ტაძრებს უცხოელები ფლობდნენ, პილიგრიმთა რიცხვი კიდევ უფრო შემცირდა.

იერუსალიმის ქართული კოლონიის დაკნინებამ შეაშფოთა ქართველობა. შორსმჭვრეტელი მამულიშვილებისათვის იერუსალიმის ქართული სავანეების დაკარგვა, იქაურ ქართულ სიძველეებზე ხელის აღება მამაპაპეული სარწმუნოების შებღალვას ნიშნავდა და ეროვნული კატასტროფის მოახლოებას მოასწავებდა.

XVII ს-ის დასასრულს ჯვრის მონასტერი სხვა ქართულ სავანეებთან ერთად ბერძენთა ხელში გადავიდა და იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 წელს აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა (მოქმედებდა 1908-მდე). ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ფრესკები საგანგებოდ შეათეთრეს. 1948-1958 წლებში მონასტრის ტერიტორიაზე ისრაელის ჯარის ნაწილი იდგა. 1960 წელს ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპედიცია (ი. აბაშიძე, ა. შანიძე, გ. წერეთელი).
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat