სოლომონ დოდაშვილი - თერგდალეულთა იდეის მოთავე
სოლომონ დოდაშვილი - თერგდალეულთა იდეის მოთავე
სოლომონ დოდაშვილს ქართველი ერის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ხანმოკლე (31 წელი) სიცოცხლის მანძილზე ერის საკეთილდღეოდ იმდენის გაკეთება შეძლო, რამდენიმე სიცოცხლე კი არა, მთელი თაობაც კი გაინაწილებდა. "მისი ცხოვრების მიზანი ერის უკეთესი მომავლისთვის სამსახური იყო, ამიტომაც საქართველოში ახალი ერის დაწყების მესაძირკვლედ მოგვევლინა" (ვ. ქორიძე).

სოლომონ დოდაშვილს მიზნად ჰქონდა "სამშობლოს სიყვარულის გავრცელება"; კრეფდა "სიბრძნეს მამულისათვის"; მუშაკობდა "არა თავისა თვისისათვის მხოლოდ, გინა ბედნიერებისათვის", არამედ "სიყვარულისათვის მამულისა"; კაცი, რომელმაც უწყოდა, "რომელ სწავლასა შინა დიდის კაცისა და მცირისა ერთი და იგივენი არიან, ესე იგი, ერთად შესარაცხ არიან მასწავლებლისა თანა"; მისი გაგებით, "განათლება არს უუმტკიცესი და უუსაიმედოესი საფუძველი კეთილმდგომარეობისა ყოვლისა საზოგადოებისა... საზოგადოება, შემდგარი კეთილაღზრდილთა წევრთაგან, შეიქმნების განმწმენდელს წყაროდ საეროთა კეთილმოქმედებათა, დიდებისა და შემძლეობისა". მან იცოდა, რომ "წარმატებანი ენისა და სიტყვიერებისანი ჰმოწმობენ აღმატებულებასა ერისასა".

სოლომონ დოდაშვილი დიდი და ჩინებული ადამიანი იყო თავისი დროისა. მისი ფართო ნიჭი და ერუდიცია ვერ თავსდებოდა რომელიმე ერთი სფეროს ფარგლებში. ფილოსოფოსიც იყო და მწერალიც, კრიტიკოსიც და პუბლიცისტიც, ისტორიკოსიც და საზოგადო მოღვაწეც.

სოლომონ დოდაშვილი დაიბადა 1805 წლის 17 მაისს, სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში. 1818 წელს შევიდა სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში, 1820 წელს კი თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1822 წელს დაამთავრა.

1824 წელს, გაჭირვებული ცხოვრების მიუხედავად, სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ-იურიდიულ ფაკულტეტზე. 1824 წელს 18 მანეთით ჯიბეში ჩავიდა პეტერბურგს და საიმპერატორო უნივერსიტეტის პირველი ქართველი სტუდენტი გახდა. შემდეგ მას მიჰყვნენ სწავლა-განათლებას მოწყურებული ქართველი ახალგაზრდობის მთელი თაობები, რომელთაც შეისისხლხორცეს და გადმონერგეს ყოველივე დადებითი და პროგრესული. ამიტომაც გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ დოდაშვილი "თერგდალეულთა" მიმართულების მოთავეა.

დოდაშვილი იყო პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც თავი გამოიჩინა როგორც ნიჭიერმა და მოაზროვნე ახალგაზრდამ. სხვათა შორის, აქ დაწერა თავისი ცნობილი ფილოსოფიური ნაშრომი "ლოგიკა". ამ ნაშრომის შესახებ ნ. პოლევოი წერდა: "აქამდე ჩვენ სრულიად არ გვქონდა კარგად დალაგებული ლოგიკა, წიგნი, რომელიც ესოდენ აუცილებელია აღზრდისათვის... ეს წიგნი ფართო ნაშრომის მხოლოდ დასაწყისია. მას სურს ფილოსოფიის სრული კურსის გამოცემა. ღმერთმა ქნას, რომ ბატონ მაგარსკის (ასე უწოდებდნენ ს. დოდაშვილს) თავის თანამემამულეებსა და მოსწავლეებს შორის მრავალი მიმდევარი ეპოვნოსო". პეტერბურგში ს. დოდაშვილი დაუახლოვდა თეიმურაზ, ბაგრატ და იოანე ბაგრატიონებს.

რუსეთსა და საქართველოში დოდაშვილს იცნობდნენ როგორც მრავალმხრივ განათლებულ მოაზროვნეს, ფილოსოფიისა და იურიდიული მეცნიერების მიღწევებს დაუფლებულ კვალიფიციურ სპეციალისტსა და ანგარიშგასაწევ პიროვნებას. 1827 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტი. იმავე წელს დაბრუნდა თბილისში.

სამშობლოში დაბრუნებისთანავე მუშაობა დაიწყო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. დოდაშვილი ფართო და ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა პედაგოგიურ ასპარეზზე. პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო სიღნაღის სასულიერო სასწავლებელში. პეტერბურგიდან დაბრუნებული კი ახალგაზრდობას ზრდიდა კეთილშობილთა სასწავლებელში, რომელიც 1830 წელს გიმნაზიად გადაკეთდა.

ასწავლიდა ლოგიკას, რიტორიკას, ქართულ სიტყვიერებას, გეოგრაფიას, ადგენდა ლექსიკონს, წერდა სახელმძღვანელოებს და საჟურნალო სტატიებს. მის სახლში მისი უშუალო ზრუნვითა და დახმარებით იზრდებოდა მრავალი ახალგაზრდა, განსაკუთრებით - იონა ხელაშვილის ნათესავები. ს. დოდაშვილის გაკვეთილებს თბილისის გიმნაზიაში უთუოდ ღრმა ფილოსოფიური ხასიათი უნდა ჰქონოდა. ის თავის მოსწავლეებს დიდი მამულიშვილური საქმიანობისთვის ამზადებდა. ხოლო მთავარი იარაღი, რომელიც მათ ამ სარბიელზე უნდა გაეტანათ, მისი რწმენით, იყო მოწინავე მეცნიერული, ფილოსოფიური განათლება. სოციალური პროგრესის, განახლების წინაპირობად მას მიაჩნდა ის გარემოება, რომ ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიგნო ეს ჭეშმარიტება: "აწინდელსა განსვენებითსა მდგომარეობასა შინა მამულისა ჩვენისასა ყოველმან კაცმან მიაქცია ყურადღება განათლებასა ზედა; მაშასადამე, ყოველი წოდება, ყოველი მდგომარეობა უნდა მოელოდეს, რომელ მათ ეყოლებათ კაცთმოყვარენი, სარწმუნონი და ერთგულნი თანმეშრომენი, შემწენი და მფარველნი", - წერდა ს. დოდაშვილი.

სოლომონ დოდაშვილი გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილის მასწავლებელი თბილისის კეთილშობილთა გიმნაზიაში და გარკვეული წვლილი მიუძღვის მისი აზროვნების ჩამოყალიბებაში.

მის ხელში გაიარა მომავალმა პოეტმა რაციონალიზმისა და კრიტიციზმის სკოლა და ეზიარა იმ იდეებს, რომლებიც ევროპული განმანათლებლობის ეპოქიდან მომდინარეობდნენ.

სოლომონ დოდაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი ასპარეზი თბილისი იყო. თანამედროვეთა გადმოცემით, არ მოიძებნებოდა რაიმე მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელშიც მას თავისი სიტყვა არ ეთქვას.

ამიტომაც იყო, რომ ორბელიანთა უბანში მთელ ღამეს არ ქრებოდა შუქი მის ფანჯრებში - სტამბა და სხვადასხვა ხასიათის მასალების დამუშავება, გაზეთი და ლიტერატურული ჟურნალი, მეცნიერული და ლიტერატურულ-მთარგმნელობითი მოღვაწეობა, სახელმძღვანელოების შექმნა, მოსწავლეთა მიღება და "მამულის ბედნიერებისათვის დამოძღვრა", თანამოაზროვნეებთან ერთად საქართველოს მომავალზე სჯა-ბაასში გატეხილი ღამეები მხოლოდ სამშობლოსა და ხალხის სამსახურისთვის თავგადადადებულ კაცს შეეძლო. აკი აფრთხილებდნენ თურმე ახლობლები და მეგობრები. "ცოტა მორიდებულად მოიქეცი და ილაპარაკე, თორემ ციმბირისაკენ გიკრავენ თავსო". ნიკოლოზ ბარათაშვილის მამაც ხშირად ეჩხუბებოდა თურმე თავის მასწავლებელზე უზომოდ შეყვარებულ შვილს: "თავი გაანებე დოდაშვილს, თორემ გაგთოკავენო". სწორედ დოდაშვილმა გააღვივა 14-15 წლის ჭაბუკი ბარათაშვილის აზროვნებაში მიუწვდომელისა და ამაღლებულის, კაცობრიობის მარადიული პრობლემების წვდომის წყურვილი. ვახტანგ ორბელიანი შენიშნავდა: "ნიკოლოზ ბარათაშვილი გამოიწვრთნა სოლომონ დოდაშვილთანო".

ბევრი საქმის მოთავეობა არგუნა ბედმა ამ დიდ მოღვაწეს. მრავალ საქმეთა შორის უწინარესად აღსანიშნავია ის, რომ სოლომონ დოდაშვილი გახლდათ პირველი ქართული ჟურნალის ("სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი") დამაარსებელი. აქ მას მრავალი დაბრკოლებისა და სიძნელის გადალახვა დასჭირდა, მაგრამ უტეხმა ნებისყოფამ ყოველივეს სძლია და ჟურნალმაც სიცოცხლე დაიწყო. იგი იყო წინამორბედი ყველა იმ ჟურნალ-გაზეთისა, რომელიც კი გამოდიოდა საქართველოში შემდგომ პერიოდში. ძირითადად მასში გაიშალა დოდაშვილის, როგორც ჟურნალისტის, პუბლიცისტის, ისტორიკოსისა და კრიტიკოსის ნიჭი; დოდაშვილი არა მხოლოდ სხვათა შრომებს უწევდა რედაქციას, არამედ თვითონაც ბევრს წერდა და თარგმნიდა. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქართული ენის გრამატიკისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში. ჯერ კიდევ 1830 წელს დაიბეჭდა მისი სასკოლო გრამატიკა სათაურით ,,შემოკლებული ქართული ღრამმატიკა" (1827 წ.). წიგნის მიზანი იყო გამართული წერა-კითხვისა და სწორი მეტყველების სწავლება. იგი შეიცავდა შემდეგ დისციპლინებს: მორფოლოგიას, სინტაქსს, ორთოგრაფიას. ს. დოდაშვილის გრამატიკა გამორჩეულია მასალის მწყობრი და თანმიმდევრული განხილვით, ნათელი მსჯელობით, მკაფიო დებულებებითა და დახვეწილი ტერმინოლოგიით. დახასიათებულია ბრუნვათა სინტაქსური ფუნქციები.

დოდაშვილმა ჟურნალში "სალიტერატურონი ნაწილნი ტფილისის უწყებათანი" გამოაქვეყნა წერილი: "მოკლე განხილვა ქართულისა ლიტერატურისა ანუ სიტყვიერებისა". ეს წერილი მიმართული იყო იმ "თეორეტიკოსების" წინააღმდეგ, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ქართული ენა ნაკლებად განვითარებული, ხოლო ლიტერატურა ღარიბი იყო ძეგლებით. განსაკუთრებით მკაცრად გაამათრახა ისინი, რომლებიც ვარაუდობდნენ, რომ ქართულმა ლექსიკამ და დამწერლობამ სომხურის გავლენა განიცადა. წერილში "შენიშვნა დამარხვის წესსა ზედა უკანასკნელთა მეფეთა საქართველოისათა" დოდაშვილმა ამხილა რუსი ავტორი გორდიევი, რომელიც თავისი სახელით აქვეყნებდა ვახტანგ მეფის ნაშრომიდან ამოკრეფილ მასალებს და თანაც ამახინჯებდა მათ.

თავისი ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე რამდენიმე სახელმძღვანელოს შექმნაც მოასწრო ქართველი ახალგაზრდობისთვის. ამ მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირველ ყოვლისა, საგულისხმოა მისი "ლოგიკა" ქართულ და რუსულ ენაზე ქართველი ახალგაზრდობის დასახმარებლად. მაშინ ავტორი 22 წლის ჭაბუკი იყო. რუსეთის საზოგადოება და პრესაც ამ წიგნის გამოცემას აღტაცებით შეხვდა. მაღალი შეფასება მისცეს დოდაშვილის წიგნს "მოსკოვსკი ტელეგრაფმა", "მოსკოვსკი ვესტნიკმა" და "სევერნაია პჩელამ".

"ლოგიკის" ქართულ ენაზე გამოქვეყნების საკითხი დოდაშვილმა განმეორებით დააყენა 1832 წელს თავისი ძმის, სტეფანეს მეშვეობით, რომელიც იმ დროს პეტერბურგში მსახურობდა. ამჯერად წიგნის გამოცემას მისმა დაპატიმრებამ შეუშალა ხელი და ამგვარად, ეს საკითხი სამუდამოდ მოუგვარებელი დარჩა. "ლოგიკის" ქართული ვარიანტები ჩარჩა სადღაც "პეტერბურგის საცენზურო კომიტეტსა" და "აზიის დეპარტამენტს" შორის. უკეთესი ხვედრი ხვდა წილად მეორე სახელმძღვანელოს "შემოკლებულ ქართულ გრამატიკას", რომელიც დოდაშვილს ისევ და ისევ ქართველი ახალგაზრდობის სახელმძღვანელოდ ჰქონდა გამიზნული. წიგნის ხელნაწერი და თხოვნა მის გამოქვეყნებაზე დოდაშვილმა "პეტერბურგის საცენზურო კომიტეტში" გაგზავნა 1830 წლის 30 იანვარს. ამჯერად რეცენზენტი აღმოჩნდა ვინმე ჯაფარ მირზა ტობჩიბაშევი, რომელმაც მხარი დაუჭირა წიგნის გამოქვეყნებას.

დოდაშვილს დაწერილი ჰქონდა მესამე სახელმძღვანელოც. ეს იყო "რიტორიკა", რომელიც ეხებოდა არა მხოლოდ მჭევრმეტყველების, არამედ საერთოდ ლიტერატურის თეორიის თითქმის ყველა არსებით საკითხს. "რიტორიკის" ტექსტი მიკვლეულ იქნა ხელნაწერთა ინსტიტუტში და გამოქვეყნდა კიდეც ჟურნალ "მნათობის" ფურცლებზე. ს. დოდაშვილის ფილოსოფიური ნაშრომია აგრეთვე ,,ლოგიკის მეთოდოლოგია". მეცნიერის აზრით, ფილოსოფიის ობიექტი არის ადამიანის შინაგანი სამყარო ანუ ,,სამყარო ჩვენში". ლოგიკის ობიექტად კი ,,საერთო აზროვნების წესებს", ანუ ,,გონებისა და აზროვნების საყოველთაო და უცვლელ კანონებს" მიიჩნევს.

ლოგიკის მეთოდოლოგიის ამოცანად ს. დოდაშვილს მიაჩნია შემეცნების სრულყოფა, შემეცნების საზღვრების გაფართოება ანუ ლოგიკის გამოყენება პრაქტიკაში.

,,რიტორიკაში" ს. დოდაშვილი განიხილავს ესთეტიკის ზოგად პრობლემატიკას, ეხება პროზისა და პოეზიის, მჭერმეტყველებისა და, საერთოდ, ხელოვნების თეორიას, ხელოვნებაში მისთვის ძირითადია შინაარსი და არა ფორმა, შინაარსი კი ობიექტური სინამდვილით არის გაპირობებული. შემოქმედისთვის აუცილებელია განათლება, ჭეშმარიტების სიყვარული, ბუნებრივი მონაცემები, დიდი მგრძნობიარობა. ს. დოდაშვილმა დატოვა მდიდარი ეპისტოლური მემკვიდრეობაც (წერილები ი. ხელაშვილისადმი, ფ. კიკნაძისადმი, ანა დედოფლისადმი, ოქროპირ ბატონიშვილისადმი და სხვა). პატიმრობაში მყოფი მწერალი თავის ერთ-ერთ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ მას დაუწერია აგრეთვე "პეიტიკა".

ეს დიდი მოღვაწე ქადაგებდა განათლების ფართოდ დანერგვას. მისი განმანათლებლური იდეები პატრიოტიზმით იყო ნაკარნახევი. ს. დოდაშვილის იდეებმა, როგორც აღვნიშნეთ, საფუძველი ჩაუყარა და ხელი შეუწყო თერგდალეულთა მოღვაწეობას.

დოდაშვილის ფართო და მრავალმხრივი მოღვაწეობა შეწყდა 1832 წლის შეთქმულების აღმოჩენასთან დაკავშირებით. 1832 წლის დეკემბერში იგი დააპატიმრეს რუსეთის თვითმპყრობელობის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის, ხოლო 1834 წელს გადაასახლეს ვიატკაში.

შეთქმულების გამომჟღავნების შემდეგ რუსული ცარისტული რეჟიმის მიერ გატარებული მკაცრი რეპრესიების გამო დოდაშვილი სასწრაფოდ მოითხოვდა რუსეთისაგან საქართველოს ჩამოშორებას ("სიტყვა-მოწოდება", ლექსი "მაისი"). იგი უარყოფდა მონარქიის აღდგენას და რესპუბლიკის პრინციპებზე აგებული წყობილების მომხრე იყო.

სოლომონ დოდაშვილის მიერ შეთქმულთა მეთაურების - ალექსანდრე ორბელიანისა და ელიზბარ ერისთავის თხოვნით დაწერილ "სიტყვა მოწოდებაში" ვკითხულობთ:

"ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თვისნი სჯულნი, თვისი სარწმუნოება, თვისი ენა და თვისი ჩვეულება.…

ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთანი?

ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესოდენი, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?!

მაშ, რაისათვის ვცოცხალვართ?!"

სოლომონ დოდაშვილის ლექსი "მაისი", რომელიც პოეტურ ფორმაში გამოხატულ ასეთსავე მხურვალე მოწოდებას წარმოადგენს, განმსჭვალულია მტკივნეული ეჭვით, შეშფოთებით - შეძლებენ თუ არა სახელოვან მამა-პაპათა შვილნი ძველი სიმტკიცით მტერზედ "მახვილის ხელთა აღპყრობას?". მაგრამ საგულისხმოა, რომ აქაც პატრიოტული მოწოდების ავტორი აპელაციას, უწინარესად, მამულიშვილთა გონებისადმი ახდენს: "ქართველნო, ხართ სადმე თუ არა? არავინ არ იცის! მოიგეთ გონება!" სოლომონ დოდაშვილს ღრმად სწამდა, რომ "ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი".

წერილში, "პასუხი ტფილისიდან" დოდაშვილი თავისებურად აანალიზებს შეთქმულების წინა პერიოდის საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებას.

ჩვენი ქვეყნის სოციალური სინამდვილის ფხიზელი ანალიზი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიული გამოცდილების თვალსაჩინო გაკვეთილები, ქართველთა ცნობიერების მომწიფება გონიერი მოქმედებისთვის, ცოდნის, განათლების, კეთილისმყოფელი გავლენა საზოგადოებრივ შეგნებაზე, ყოველივე ეს რეალურ პერსპექტივებს უხსნიდა ს. დოდაშვილის მიზანსწრაფვას, იმედს უნერგავდა, რომ გადამწყვეტ მომენტში "გონს მოგებული" ქართველი ხალხი მხარს დაუჭერდა აჯანყების იდეას. აჯანყება 1832 წლის დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. მაგრამ, როგორც ვიცით, აჯანყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეთქმულების ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა იასე ფალავანდიშვილმა, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, შეთქმულება გასცა. შეთქმულნი დააპატიმრეს, ყაზარმებში გამოამწყვდიეს და მათი "ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის" გამოსაკვლევად საგანგებო კომისია დანიშნეს, რომელმაც 145 "დამნაშავე" გამოამჟღავნა. რუსეთის მაშინდელმა იმპერატორმა ნიკოლოზ პირველმა შეთქმულებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ისინი რუსეთის შორეულ მხარეებში გადაასახლა. სოლომონ დოდაშვილიც 1834 წლის 24 ივლისს თავის მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაუყენეს შორეული ვიატკის გზას.

ნიკოლოზი თავისი იმპერიული ზრახვების დასაყრდენს ისევ საქართველოში ხედავდა აქაური თავადაზნაურობის სახით. ამიტომ სურდა, არა დასჯილ, არამედ "შეწყალებულ" საზოგადოებასთან ჰქონოდა საქმე.

სასამართლო პროცესიდან რამდენიმე წლის შემდეგ ყველა შეთქმული სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მათ შორის არ იყო სოლომონ დოდაშვილი, რომელმაც ვიატკაში დაასრულა თავისი ხანმოკლე სიცოცხლე. წლინახევრის პატიმრობამ შეურყია ჯანმრთელობა და 31 წლის ახალგაზრდა ფილოსოფოსი ჭლექით გარდაიცვალა 1836 წლის 20 აგვისტოს.

ასე დაესვა წერტილი ქართველი მამულიშვილების თავგანწირულ მცდელობას, შეიარაღებული აჯანყების გზით თავი დაეღწიათ რუსეთის იმპერიის ბატონობისაგან და შელახული ეროვნული ღირსება აღედგინათ.

გულმხურვალე მამულიშვილის უკანასკნელი მცირედი სურვილი - დაეკრძალათ სამშობლოში თუ არა, სადმე მის მახლობლად მაინც, განუხორციელებელი დარჩა.

სამაგიეროდ, უნაყოფოდ არ დარჩა ის ნერგი, რომელიც დოდაშვილმა დარგო. მადლიერი შთამომავლობა არასოდეს დაივიწყებს მის სახელს...
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.06.2024
ამ ვრცელი წერილის დაწერა ჩემი სოფლის და საქართველოს მთის სიყვარულმა გამაბედინა, სადაც უზრუნველი ბალღობის წლები გავატარე.
02.06.2023
ლაშა-გიორგის დროინდელი ერთი უცნობი ქართველი მემატიანის სიტყვით, დავით აღმაშენებელმა "სიცოცხლის შინა დასუა მეფედ დემეტრე
24.05.2022

324 წელს რომის იმპერატორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა გადაწყვიტა, იმპერიის დედაქალაქი აღმოსავლეთის პროვინციების სიახლოვეს გადაეტანა, რომელიც იმავე დროს დასავლეთთან კავშირს არ დაკარგავდა.

20.05.2022
საქართველოს სამეფოს იმ აშლილობის დროს, რომელიც დამკვიდრდა უსინათლო თეოდოსის მეფობაში, მმართველ მოწინავე წრეში საბედნიეროდ მაინც აღმოჩნდა შეგნებული ჯგუფი,
08.02.2022

მეფე დავით აღმაშენებელი - (1125 წ. 24 იანვარი)


თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ, რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.

25.01.2022
გვსურს გავიხსენოთ ერთი ლამაზი წერილი, რომელიც 24 წლის დიაკვანმა მიხა ხელაშვილმა მისწერა თავისი ძმადნაფიცის, ხევსური გიგიას დას პარასკოს.
07.01.2022
შესავალი
ეკლესიის ისტორიია ამოსავალ პუნქტს წარმოადგენს ჩვენი მაცხოვრის იესო ქრისტესა და მისი მოციქულების საქმე და ცხოვრება, მაგრამ როგორც ცნობილია, ქრისტიანული მოძღვრების საყოველთაო გავრცელებას წინ უძღოდა კაცობრიობის მომზადება მაცხოვრის მისაღებად
13.12.2021
370 წლის ახლოს კლარჯეთი განუდგა ქართლის მეფე ვარაზ-ბაქარს და "მიერთნეს ბერძენთა".
29.11.2021
ყველისციხე, ყუელისციხე — ციხესიმაგრე შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში, ჯაყისწყლის სათავეში, არსიანის ქედის ყველის მთაზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია).
02.10.2021
მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat