მიუხედავად თავგანწირული ბრძოლისა, ქართველები დამარცხდნენ. სიკვდილს გადარჩენილმა სამასიოდე ქართველმა მეფის გარშემო სალტე შეკრა და სეიდაბადიდან ბრძოლით უკან დახევა დაიწყო. სათაყვანო გმირსა და საძულველ მტერს შორის გაურღვეველ კლდედ აღიმართნენ უკანასკნელი არაგველნი. მათ "კვლავაც მრავალნი მოსწყვიდნეს სპანი". ერეკლემ თავისი გუნდით მიაღწია ავლაბრის ხიდს და სწორედ იმ ჟამს სამუდამოდ აღესრულა დილით დადებული უწმინდესი ფიცი. არაგველები მათგანვე დაჩეხილ მტრის გვამთა გროვაზე ესვენნენ, შორიდან ნატყორცნი გომურებით მკერდშელეწილნი. საშინლად შეძრული მეფე ძლივს გაიყვანეს ხიდზე და ძალით გაატარეს იმ გზით, საიდანაც მის დასახსნელად ყველაზე დიდი ქართველი გმირები ჩამოსულიყვნენ საარაგვოსკენ. კრწანისის ბრძოლა დამთავრდა. ჯერ კიდევ კვნესოდა კრწანისის ველი, მტერ-მოყვრის გვამებით დახერგილი და დამძიმებული. მათ შორის იყო სამასი არაგველი - წმინდა და ღვთაებრივი გმირები. ასე პატიოსნად წრფელად მოკვდნენ ისინი, რათა სამარადჟამოდ უკვდავნი ყოფილიყვნენ".
ზუსტად 215 წლის შემდეგ ხატმწერმა შოთა ცინცაძემ შექმნა სამასი არაგველის ხატი. მისი დაწერის იდეა ბურდულებს ეკუთვნით. უშუალო იდეატორი გახლავთ "ბურდულების საგვარეულო კავშირის" გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ქეთი ბურდული. ხატის შექმნაში დიდი ღვაწლი მიუძღვით ასევე სხვადასხვა გვარების წარმომადგენლებს, მთიულ-მოხევეების, არაგველების შთამომავლებს: ბუჩუკურებს, ზაქაიძეებს, ქავთარაძეებს, ყველაიძეებს, ბექაურებს, აფციაურებს, წიკლაურებს, გიგაურებს...
ხატმწერ შოთა ცინცაძეს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. მას შექმნილი აქვს არაერთი ქართველი წმინდანის ხატი: ასი ათასი ქართველი მოწამის, ექვსი ათასი გარეჯელი ბერის, ქვათახევის წმინდანების, წმინდა აშოტ კუროპალატის, წმინდა გრიგოლ ხანძთელის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა დიდმოწამე შალვა, ბიძინა და ელიზბარის, წმინდა გობრონ-მიქაელის, წმინდა იოანე თორნიკე-ყოფილის, წმინდა შუშანიკის, წმინდა ქეთევან დედოფლის, წმინდა თამარის, წმინდა ამბროსი ხელაიასი...
- შოთა, სანამ ხატზე მუშაობას დაიწყებდი, მანამდე, როგორც ვიცი, ისტორიული მასალების მოძებნაზე იზრუნე, რაც არც ისე იოლი საქმე აღმოჩნდა... როგორ გაართვი ამას თავი?
- ზოგიერთი მასალა ინტერნეტიდან მოვიძიე, ზოგიც - წიგნებიდან. კრწანისის ბრძოლა შედარებით ახლო წარსულში მოხდა, ამიტომ ხატზე ისეთი, თუნდაც სულ მცირე დეტალის გამოსახვა, რაც არ შეესაბამებოდა იმდროინდელ სინამდვილეს, ვფიქრობ, ძალიან თვალშისაცემი იქნებოდა. ამიტომ ეს მეტისმეტად ფაქიზი და საფრთხილო სამუშაო აღმოჩნდა. თუნდ ჩაცმულობა ავიღოთ. იმდროინდელი ჩაცმულობა და მეომართა აღკაზმულობა დაახლოებით ცნობილია: ჯაჭვის პერანგები, ფარები და ა. შ. მაგალითად, ერთ-ერთი მეცნიერი წერს, რომ ჩვენი მეომრები კრწანისის ომში ძალიან კარგად იყვნენ აღჭურვილნი. მშვილდ-ისრების ნაცვლად უკვე თოფებს იყენებდნენ. ერეკლეს ჰყავდა ძლიერი არტილერია. ჩვენი მეომრები შეიარაღებულნი იყვნენ როგორც ევროპული, ისე რუსული ტიპის ზარბაზნებითა და თოფებით.
ხატზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დავიწყე. მეომართა ჩაცმულობისა და აღკაზმულობის ამსახველი ფოტოები არსებობს. გიორგი გოგოლაძე ძალიან დამეხმარა - ბევრი რამ მომიძებნა.
მეცნიერები დღესაც დავობენ სამასი არაგველის წარმოშობის გამო. ასევე გაურკვეველია, თუ რა სოციალურ ფენას ეკუთვნოდნენ ისინი. საგვარეულო კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა ლექსო ნაზღაიძემ დიდი სამსახური გამიწია მასალების მოძიების საქმეში. ის თვლის და მეც ვეთანხმები, რომ არაგველები უსათუოდ იქნებოდნენ რეგულარული ჯარის წარმომადგენლები, ანუ ისინი საბრძოლო ხელოვნებაში გაწვრთნილგაწაფული მეომრები იყვნენ. ამიტომაც შევიდნენ ფაქტობრივად წაგებულ ომში და თავიც გაწირეს. სამწუხაროდ, მათი გვარები უცნობია. ესეც ჩვენი დაუდევრობისა და უდარდელობის შედეგია. განა ასეთი დიდი დრო გავიდა კრწანისის ტრაგედიიდან?! თავის დროზე ხომ უნდა დაწერილიყო, დაფიქსირებულიყო არაგველების გვარ-სახელები, რათა თაობებისთვის ცნობილი ყოფილიყვნენ ისინი. გმირებს დაფასება უნდა და ეს, უპირველესად, ქმედებით უნდა გამოიხატოს და არა გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით.
- როგორც ცნობილია, თბილისის მერიას წმინდა სინოდმა სთხოვა, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, ეზრუნა კრწანისის ველის, როგორც თავდადების ადგილის, სათანადო მოწყობაზე. ამ ადგილთან დაკავშირებით ერთ დროს უთანხმოებასაც ჰქონდა ადგილი...
- საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ამ ძველ, ისტორიულ ტერიტორიაზე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის გვერდით კერძო პირი აპირებდა თანამედროვე ტიპის სასტუმროს აშენებას. მრევლის პროტესტის მიუხედავად, ვერაფრით აჩერებდნენ ამ მშენებლობას. ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე იტყოდა ხოლმე, რამდენჯერაც ტაძარში შევდივარ, იმდენჯერ თითქოს გულში ხანჯალი მესობაო. შემდეგ ბატონმა იულონ გაგოშიძემ, რომელიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მრევლი გახლავთ, ამ ტერიტორიაზე ძვლებს მიაგნო, რამაც უდიდესი როლი ითამაშა საქმის სასიკეთოდ შემობრუნებაში - სასტუმროს მშენებლობა შეჩერდა. მახსოვს, იმ დროს ქალბატონმა მარიამ ყიფიანმა ხატოვნად თქვა: ყველანაირი ადამიანური ძალა რომ ამოგვეწურა, არაგველებმა ამ დროს თავიანთი ძვლები გააშიშვლეს და თავი ასე დაიცვესო.
- იქნებ ერთხელ კიდევ გადავავლოთ თვალი ჩვენს არცთუ შორეულ ისტორიას. რა მოხდა ამ ადგილზე 215 წლის წინ?
- ორასი წლის წინ სპარსეთის ხელმწიფემ მოსთხოვა მეფე ერეკლეს, ეცნო ის მეფეთა მეფედ და ხარკი ეძლია. მეფე ერეკლემ ცივი უარი შეუთვალა. სპარსეთის ხელმწიფემ შეკრიბა დიდძალი ჯარი და სწრაფად მოადგა თბილისს. მეფე ერეკლემ მხოლოდ მცირეოდენი სპის მოგროვება მოასწრო. სპარსელები რიცხობრივად ბევრად მეტი იყვნენ ქართველებზე. ქართველთა ჯარში იყო ერთი რაზმი, რომელიც შედგებოდა სამასი ფშავ-ხევსურისა და არაგვისპირელი გლეხისაგან.
ომის დაწყების წინ რაზმის მეომრებმა შეჰფიცეს ერთმანეთს: "თუ ბედმა გვიღალატა და ვერ დავძლიეთ მტრის ძალა, შერცხვენილი იყოს, ვინც ჩვენგანი ცოცხალი თავით შინ დაბრუნდესო; ან გამარჯვება მტერზე და ან სიკვდილი ბრძოლის ველზეო". ეს ვაჟკაცური ფიცი მათ ვაჟკაცურადვე შეასრულეს, როცა ურიცხვმა სპარსელმა სძლია ქართულ ჯარს, არც ერთმა რაზმელმა მტერს ზურგი არ უჩვენა, არ შეუშინდა სიკვდილს, ყველანი ებრძოდნენ მტერს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და თავისი გმირული სული ყველამ ბრძოლის ველზე დალია.
ისტორიკოს თემურ პეტრიაშვილს აქვს საგულისხმო ისტორიული მასალა იმასთან დაკავშირებით, თუ რა საბრძოლო სტრატეგიული გეგმები არსებობდა კრწანისის ბრძოლაში. თურმე ერთ-ერთი გეგმა ითვალისწინებდა აღა-მაჰმად-ხანის ქალაქის გარეთ დახვედრას და ბრძოლის იქ გამართვას. ბევრი ფაქტორმა განაპირობა მარცხი. ჯერ ერთი, რიცხობრივად ძალიან მცირენი ვიყავით, მერე ეპიდემიამაც დარია ჯარს ხელი; ამას დაემატა არაორგანიზებულობა, დისციპლინის უქონლობა; რაც ყველაზე საშინელია - ღალატი და ტყუილი. რა თქმა უნდა, მომხდარის მერე ადვილია ლაპარაკი. ერეკლეს ფაქტობრივად ხალხი აღარ დარჩა, ხოლო ვინც დარჩა, ყველამ ბოლომდე შეაკლა მტერს თავი. ერეკლე ამ ხატზე შარავანდით არ გამომიხატავს, რადგან, როგორც ვიცით, იგი წმინდანად შერაცხული ჯერ არ არის, მაგრამ განუზომელია მისი ღვაწლი საქართველოს წინაშე. ხატზე არაგველები მტკიცე ზღუდედ წინ უდგანან მეფეს.
- თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ, რა არის გამოსახული ამ ხატზე?
- შევეცადე, გეოგრაფიულადაც ზუსტად ყოფილიყო ხატზე ყველაფერი გამოსახული. მარცხნივ, ზემოთ ჩანს ნარიყალა თავისი ზღუდით, გალავნით. იქ მეზარბაზნეები დგანან, რომლებიც სულ ბოლოს ჩაერთნენ ბრძოლაში და თავი დადეს. ერთ-ერთის სახელიც კია ცნობილი - აღანუა, თუმცა გაურკვეველია მისი ეროვნება. მარჯვენა მხარეს მოჩანს მეტეხის ხიდი. მაშინ უკვე არსებობდა ხის ხიდი. ამ ხიდზე აწამეს როგორც ქართველი, ასევე სომეხი მღვდლები და მათთან ერთად საერო პირებიც. ყველას ხელ-ფეხი შეუკრეს და მტკვარში დაახრჩვეს. იმ დროს სპარსელებმა ქვათახევიდან ჩამოაბრძანეს წმინდა ევსტათის წმინდა ნაწილები და ხალხს უბრძანეს, ფეხით გაეთელათ ისინი. დაახლოებით იგივე განმეორდა, რაც ჯალალ-ედინის დროს, როდესაც ასი ათასმა მოწამემ არ იკადრა ხატების შეურაცხყოფა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებთან ერთად სომხებმაც არ იკადრეს ამ უმსგავსო საქმის გაკეთება და სპარსელებმა ისინიც სასიკვდილოდ გაიმეტეს. სხვათა შორის, როდესაც აღა-მაჰმად-ხანის რაზმი თბილისში შემოვიდა, 200-მა აზერბაიჯანელმა თავი დადო ჩვენი ქვეყნისთვის. ისინი ერეკლეს მხარეზე იბრძოდნენ. მათზე უფრო სასტიკად ნადირობდნენ სპარსელები და მოღალატეებს წამების უკიდურესი ფორმით უსწორდებოდნენ. ეს დამსახურება ჩვენი ქვეყნის წინაშე არ უნდა დავუკარგოთ მათ. ცნობილია, რომ მოხუცი ერეკლე ძლივს გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან. გამძაფრებული ბრძოლის დროს ჩვენი ჯარისკაცები შეიჭრნენ შუაგულ მტრის ბანაკში და შიშველი ხელებით დროშები გადაუმტვრიეს მათ. ხატზე ჩანს კიდევაც დახეული და გადატეხილი დროშები. აღა-მაჰმად-ხანი განცვიფრებული იყო ქართველთა თავგანწირვით. იგი არ მოელოდა ამხელა წინააღმდეგობის გაწევას ამ ერთი მუჭა, მცირერიცხოვანი ხალხისგან. ამბობდნენ, უკან გაბრუნებასაც აპირებდაო, მაგრამ ღალატით მოახსენეს ქართველთა ჯარის სიმცირის შესახებ და ბრძოლის ბედიც ამიტომ შემოტრიალდა ჩვენდა სავალალოდ. სხვათა შორის, დროშას იმხელა სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს დროშა რომ მოგეპარა, დივიზია უქმდებოდა. აქედან ცხადია, თუ რა ზიანი მიაყენეს ქართველებმა მტერს დროშების დახევით კრწანისის ომში. ხატზე გამოსახულნი არიან მეტეხის ხიდზე წამებული წმინდანები, როგორც სამღვდელო, ისე საერო პირები. გალავანს იქეთ ძველი თბილისის მონაკვეთიც ჩანს, რომელსაც ჩვენი ჯარი იცავდა. აქვე ჩანს თაბორის ქედი ანუ ფერდი, სადაც ჩვენი არტილერია იყო განლაგებული. აქ არიან გამოსახულნი გაბრიელ მაიორი და გურამ გურამიშვილი,
რომელთაც თავი დადეს ამ ბრძოლაში. გურამიშვილმა მარტომ, მცირე რაზმით გადაწყვიტა ეომა: "მამულისათვის და კარგი მეფისათვის სახელოვანი სიკვდილი სჯობს უნამუსო სირცხვილს, სამი თითით ყველამ მიწა ავიღოთ და შევჭამოთ. ეს იყოს წმინდა საიდუმლოს მაგიერ. საიქიოს სახელოვნად წარვდგეთ, როდესაც აუცილებელი სიკვდილი მოსულა ჩვენზედაო". გურამიშვილი ზარბაზანს გადაეფარა ამ სიტყვებით: "ღმერთო, ოღონდ მეფე ერეკლე მშვიდობით გაიყვანე ამ საშინელებისგან და მე მამულის ჭირის სანაცვლოდ ვიყოო", ასე გავიდა ამ ქვეყნიდან "სიკვდილს შეუშინებელი, მამულის მოყვარული, მეფის ერთგული, თავისი ვალის აღმასრულებელი, რიგის დამცველი, სრული პატიოსანი და სულით დიდი კეთილშობილი". აქ არიან გამოსახულნი ჩვენი გმირები, მეზარბაზნეები. ამ ადამიანთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. ცენტრში დგას სამასი არაგველი. მარჯვენა მხარეს, ქვემოთ ჩამოდის მტკვარი. ქვემოთ არის გამოსახული აღა-მაჰმად-ხანი, ფეხით დათრგუნული. სხვათა შორის, შემორჩენილია მისი პორტრეტი, რომლის მიხედვითაც დავხატე მისი სახე. ზემოთ არის გამოსახული მაჩაბელა, ზუსტად არავინ იცის ამ ადამიანის სახელი და გვარი. ეს ის კაცია, რომელზეც ლადო ასათიანი წერს: "ფიცხელ ომში რომ მღეროდა მაჩაბელი". იგი თურმე თეატრის მსახიობი ყოფილა, ქართველ მსახიობებთან ერთად გაგანია ბრძოლის ველზე "შადიანს" მღეროდა დაირით ხელში. ეს გახლდათ სადღესასწაულო სიმღერა და ამ შემართული სიმღერით ამხნევებდა ჩვენს ჯარს მაჩაბელა. ბოლომდე იდგა ბრძოლის ველზე და თავი შესწირა სამშობლოს სიყვარულს. ზუსტად ამ სახით, დაირით ხელში არის გამოსახული ხატზე. მინდა ვთქვა, რომ ეს ომი მაინც ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. ამიტომაც ხატზე აღა-მაჰმად-ხანი დათრგუნულია გამოსახული. ზნეობრივად მან ომი წააგო. ისედაც, ხომ ვიცით, რომ დიდხანს არ გაჩერებულა ჩვენს ქვეყანაში. აღასრულა თავისი საშინელი საქმე და გაბრუნდა უკან. ისევ აპირებდა მობრუნებას და საქართველოს მოოხრებას, მაგრამ გზაში გამოესალმა სიცოცხლეს.
- შენ ყოველთვის უფრო მეტად ქართველი წმინდანების ხატების დაწერას ეშურები... თანაც მასშტაბური ხატებისას. ამჯერად რომელი ხატის დაწერა გაქვს გადაწყვეტილი და რაზე მუშაობ?
- როდესაც მოდიან ხატის შესაკვეთად და ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი, რომელი წმინდანის ხატი შესწირონ ეკლესიას, ვცდილობ, ქართველი წმინდანების ხატის დაწერა ვურჩიო. სულ პირველად 6000 წამებული გარეჯელი ბერის ხატი დავწერე, რომელიც გარეჯაში არის დაბრძანებული. მერე ამას მოჰყვა 100000 ქართველი მოწამის ხატი (დღეს მეტეხშია დაბრძანებული), მერე იყო ქვათახევში წამებულ წმინდანთა ხატი (ქვათახევის მონასტერშია დაბრძანებული). იცით, რა აქვთ ამ ხატებს საერთო? არც ერთი მდიდარი კაცის შეკვეთით არ არის დაწერილი. მოგეხსენებათ, ძალიან ძვირი ჯდება ასეთი მასშტაბური ხატების დაწერა. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ეს ყველაფერი სულ უბრალო ხალხის სახსრებით არის შექმნილი და ამიტომაც ძალიან ფასეულია სახარებისეული ქვრივი დედაკაცის ორი წვლილივით. მაგალითად, როდესაც ასი ათასი მოწამის ხატის დასაწერად ღვთისნიერი ქალბატონი ლალი გიორგაძე შესაწირავი ყუთით თანხას აგროვებდა, მიამბო: თურმე ორი ქალბატონი ერთმანეთში საუბრობდა, მოდი, ამ ყუთში ხურდები ჩავყაროთ და შინ ფეხით წავიდეთო. წარმოიდგინეთ, მათ მხოლოდ შინ დასაბრუნებელი ფული ჰქონდათ და ისიც ყუთში ჩააგდეს.
- 24 სექტემბერს, 300 არაგველის ხსენების დღეს, ხატი თბილისში ჩამოაბრძანეთ. სად ბრძანდება ხატი ახლა?
- ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სამასი არაგველის ხატი დაიწერა მათსავე სამშობლოში. იქ, მთაში, მაქვს სოფელი, ბულაჩაურის თავზე, ქერიაანთკარი ჰქვია. მასალები უკვე შეგროვილი მქონდა, დიდი ფიცარი წავიღე და შევუდექი მუშაობას. თავიდან ბოლომდე იქ დაიწერა ეს ხატი. მიმაჩნია, რომ ეს სიმბოლურიც არის. ხატი სვეტიცხოველშიც იყო დაბრძანებული. ხოლო 24 სექტემბერს, მათი ხსენების წინა დღეს, წმინდა ნიკოლოზის ტაძარში დავაბრძანეთ, კრწანისის ველთან. უწმინდესმა დიდი პარაკლისი გადაიხადა. უამრავი ხალხი ჩამობრძანდა მთიანეთიდან. გვარები, სადროშოები იყვნენ შეკრებილნი. ჩემთვის უდიდესი პატივი გახლდათ ის, რომ თავად პატრიარქმა აკურთხა ეს ხატი. შემდეგ იგი გადააბრძანეს სამების ტაძარში. დღესდღეობით ხატი საკურთხეველშია, მალე შუშის ჩარჩოში ჩაისმება და გადმობრძანდება დარბაზში.
ამჟამად დავითგარეჯში გაბრწყინებული მამების ხატს ვწერ. ეს ხატი დაბრძანდება წმინდა დავით გარეჯელის საფლავთან და ერქმევა დავითგარეჯში მოღვაწე წმინდა მამების ხატი. ხატის დაწერის ინიციატორი გახლავთ დავითგარეჯის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილარიონ ჭიღლაძე. ხატი დიდი ზომის უნდა იყოს. მასალები უკვე მოვაგროვე და მალე შევუდგები მუშაობას.
- ყველაზე მეტად რომელი ხატის დაწერას ისურვებდი?
- დიდი სურვილი მაქვს, დავწერო აჭარელი წმინდანების ხატი. მინდა, ჩემს დაწერილ ხატებს შორის ეს ყველაზე დიდი ზომისა იყოს. მინდა, ამ ხატზე აისახოს ისტორიული ეპიზოდები. ბევრი ფაქტი ცოცხლად არის შემონახული, რადგანაც იგი შედარებით გვიანდელ პერიოდს უკავშირდება. ღმერთი ყოველთვის შემეწეოდა, როდესაც რომელიმე წმინდანის ხატის დაწერას მოვისურვებდი - ყოველთვის გამოჩნდებოდა ხოლმე ვინმე ღვთისნიერი. ხატის დაწერა - ეს არის წმინდანისადმი პატივის მიგება. უნდა ვიცოდეთ, ვინ იყვნენ ჩვენი მამა-პაპანი, რა ღვაწლი გასწიეს და შეგვეძლოს მათი დაფასება. ამ ხატის შექმნა ჯერჯერობით ჩემი სურვილია და ვიმედოვნებ, ღვთის წყალობით, გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამ სურვილს ხორცს შეასხამს.